პრეზენტაციები
პრეზენტაცია „საქართველოს კიბერბარომეტრი – ანგარიში“
2015 წლის 4 ნოემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა ფონდის თანამშრომლის, საქართველოს უსაფრთხოების ანალიზის ცენტრის კიბერსაკითხების სპეციალისტ ხათუნა მშვიდობაძის ნაშრომის „საქართველოს კიბერბარომეტრი - ანგარიში“ პრეზენტაცია. კვლევა ჩატარდა და გამოიცა საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოსა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბრიტანეთის ეროვნულ სააგენტოს მხარდაჭერით. პრეზენტაციას ესწრებოდნენ კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები.
ღონისძიება გახსნა ფონდის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ეკატერინე მეტრეველმა. მან ილაპარაკა ნაშრომის მნიშვნელობაზე, რომელიც წარმოადგენს ქვეყნის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელი სფეროს - კიბერუსაფრთხოების ვრცელ მიმოხილვას, სადაც ასევე მოცემულია კონკრეტული რეკომენდაციები, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით. პრეზენტაციაზე მისასალმებელი სიტყვა აგრეთვე თქვა დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, ქ-მა ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა და აღნიშნა, რომ კიბერდანაშაულის კვლევას დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის. მან ასევე ხაზი გაუსვა ამ სფეროში საქართველო-დიდი ბრიტანეთის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას.
პრეზენტაციას უძღვებოდა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და საქართველოს უსაფრთხოების ანალიზის ცენტრის დირექტორი დევიდ სმითი.
ნაშრომის ავტორმა ხათუნა მშვიდობაძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო თავისი ანგარიშის მთავარი ასპექტები. მან აღნიშნა, რომ 2008 წლიდან მოყოლებული საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა კიბერდანაშაულთან საბრძოლველად, თუმცა ჯერ კიდევ დასახვეწია კიბერუსაფრთხოების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რათა უფრო მიესადაგოს კიბერდანაშულის ევროპულ კონვენციას. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს მონაცემებით, ქვეყანაში 2014 წელს რეგისტრირებულია 200-მდე კიბერდანაშაული. მართალია, სტატისტიკა არც ძალიან საგანგაშოა და არც დანაშაულთა ტიპოლოგიაა მძიმე (სამთავრობო კომპიუტერებისა და სწრაფი გადახდის აპარატების ჰაკერული გატეხვა, კიბერხულიგნობა, საკრედიტო ბარათების კლონირება, ბავშვთა პორნოგრაფია), მაგრამ რადგან ქვეყანაში იზრდება მობილური ბანკინგისა (2014 წლის ოქტომბრის მონაცემებით - 1.88 მილიონი მომხმარებელი) და სოციალური მედიის მოხმარების დონე, იზრდება კიბერდანაშაულის მატების საფრთხეც. ანგარიშის მიხედვით უმნიშვნელოვანესია, რომ კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის გატარება გახდეს სახელმწიფო პრიორიტეტი. კვლევის თანახმად, კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით ქვეყნის მთავარი გამოწვევაა საზოგადოებისა და მთავრობის ნაკლები ინფორმირებულობა და დარგის სპეციალისტების სიმცირე, რაც განაპირობებს სტატისტიკური მეთოდოლოგიის უზუსტობასა და დანაშაულთა არაეფექტიან აღრიცხვას.
„საქართველოს კიბერბარომეტრის ანგარიშში“ მოცემულია შემდეგი რეკომენდაციები: კიბერუსაფრთხოების ერთიანი სამთავრობო სახელმძღვანელოს შემუშავება, კანონმდებლობის დახვეწა, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა დარგობრივი სახელმწიფო ინსტიტუტების შესაძლებლობების გაძლიერება, საჯარო მოხელეთა ტრენინგები, კერძო სექტორში კიბერუსაფრთხოების მთავარი კომპონენტების შეფასება, საინფორმაციო კამპანიის წარმოება, რათა საზოგადოებამ მეტი გაიგოს კიბერდანაშაულის, მისი პრევენციისა და აღრიცხვის პროცედურებზე. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დასავლელი პარტნიორების საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა. ქ-ნი ალექსანდრა ჰოლ ჰოლის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოს მთავრობას წარუდგენს კიბერბარომეტრის ანგარიშს და დაეხმარება მას კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავებაში.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ გაიმართა საინტერესო დისკუსია.