X

უსაფრთხოების მიმოხილვა

სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე და მისი შედეგები

ავტორი: ალექსანდრე კვახაძე

2017 წლის 22 დეკემბერს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მყოფი მცირე შეიარაღებული ჯგუფის ასაყვანად სპეცოპერაცია ჩატარდა. რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შედეგად ქართულმა სპეცდანიშნულების რაზმმა მოკლა ამ შეიარაღებული ჯგუფის ლიდერი - ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი საველე მეთაური აჰმედ ჩატაევი და მისი ორი თანამზრახველი - იბრაჰიმ ადაშევი და ასლანბეგ სოლტაჰმადოვი, ხოლო სპეცოპერაციის  დაწყებამდე  დააკავეს  ჯგუფის  მეოთხე  წევრი  -  შოაიპ  ბორზიევი1. ამავე წლის 26 დეკემბერს კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა პანკისის ხეობაშიც ჩაატარა ოპერაცია, რომლის შედეგადაც დააკავეს ოთხი პირი, გამოძიების მიხედვით - ჩატაევის ჯგუფის ხელშემწყობი პირები, ხოლო მეხუთე, რომლის   წინააღმდეგაც სამართალდამცავებმა ძალა გამოიყენეს,  მძიმე ჭრილობებით რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა საავადმყოფოში2. ამ ჯგუფთან კავშირის გამო     მოგვიანებით საქართველოში დააკავეს კიდევ ორი პირი3, ხოლო თურქეთის რესპუბლიკაში - ერთი პირი4.

2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, როგორც აღინიშნა, მძიმედ დაიჭრა ერთი ადამიანი - რეგიონის მკვიდრი თემირლან მაჩალიკაშვილი, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა. გამოძიების ვერსიით, მაჩალიკაშვილი თანამშრომლობდა ჩატაევის ჯგუფთან და დაკავებისას მას ხელში ხელყუმბარა ეჭირა, რაც მის წინააღმდეგ ცეცხლის გამოყენების მიზეზი გახდა. თემირლან  მაჩალიკაშვილის  ოჯახის  წევრები,  ადვოკატი  და  არასამთავრობო სექტორის ნაწილი ეჭვქვეშ აყენებენ ამ ოფიციალურ ვერსიას5. ძალის გადამეტების შესაძლო   საკითხს   სვამს   აგრეთვე   სახალხო   დამცველიც6.   თ.   მაჩალიკაშვილის
სიკვდილმა პანკისის ხეობაში  დიდი უკმაყოფილება და პროტესტი გამოიწვია.

ჩატაევის რაზმთან დაკავშირებულმა ინციდენტმა და შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა საქართველოს უსაფრთხოებაში არსებული რამდენიმე პრობლემატური საკითხი წარმოაჩინა, კერძოდ:

1.  საზღვრის დაცვის პრობლემა
აჰმედ ჩატაევის ჯგუფთან მომხდარმა შეტაკებამ ნათლად აჩვენა საზღვრის დაცვის სფეროში     არსებული     სერიოზული     ხარვეზები.     სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, ჩატაევის თანამზრახველებმა ჯერ მისი დროებითი საცხოვრებლიდან   საქართველოს   საზღვრამდე   ტრანსპორტირება   უზრუნველყვეს, შემდეგ კი იგი საქართველო-თურქეთის საზღვრის კირნათი-მარადიდის მონაკვეთის მწვანე ზოლიდან საქართველოს ტერიტორიაზე მართლსაწინააღმდეგოდ შემოიყვანეს7. ოფიციალური   ვერსია   ცხადყოფს,   რომ   საქართველოს   საზღვრის   მთაგორიანი   და ტყიანი ნაწილები არასათანადოდ კონტროლდება. საზღვრის დაცვაში არსებული შავიხვრელები ნოყიერ ნიადაგს ქმნის სხვადასხვა არალეგალური საქმიანობისთვის; ამ შავი ხვრელებით, პარამილიტარისტული დაჯგუფებების გარდა, შესაძლოა ისარგებლონ კონტრაბანდისტებმა, ადამიანებით მოვაჭრეებმა, ნარკოკარტელებმა და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა. ამასთან, მაშინ, როდესაც საქართველო-თურქეთის საზღვრის ინფრასტრუქტურა ყველაზე უკეთ მოწყობილად მიიჩნევა, ადვილი წარმოსადგენია, რა მდგომარეობა შეიძლება იყოს საქართველოს საზღვრებზე სხვა მეზობლებთან, მით უმეტეს, რომ დანარჩენ მეზობლებთან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის საკითხი კვლავაც პრობლემატურია8.

 

2.  ხელმისაწვდომი ცეცხლსასროლი იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერებები
ბერი სალოსის ქუჩაზე მომხდარმა ინციდენტმა აჩვენა, რომ ჩატაევის ჯგუფი   იმ რაოდენობის საბრძოლო მასალას ფლობდა, რაც საკმარისი აღმოჩნდა სპეცდანიშნულების რაზმისათვის ხანგრძლივი წინააღმდეგობის გასაწევად. მედიაში მოხვედრილი ოპერატიული ფოტომასალიდან კარგად ჩანს სპეცოპერაციის შემდეგ ამოღებული  ათასამდე  ვაზნა  და  რამდენიმე  ათეული  ოპტიკური  სამიზნე.  გარდა ამისა, თბილისთან ახლოს მდებარე სამალავში იპოვეს რაციები, ზურგჩანთები, დურბინდები, ვაზნები9. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სპეცოპერაციის  მსვლელობისას  აჰმედ  ჩატაევმა  თავი  აიფეთქა,  რაც  იმაზე მეტყველებს, რომ მათ   ასაფეთქებელი ნივთიერებაც ჰქონდათ10. ყოველივე ეს კი მიუთითებს, რომ საქართველოში არალეგალურად შემოსულმა პირებმა შეძლეს მოეგროვებინათ დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა. ქართულ სპეცსამსახურებს არაფერი უთქვამთ იმაზე, თუ როგორ მოიპოვა ამ ჯგუფმა შეიარაღება. თეორიულად, ეს შეიარაღება შეიძლება მიეღოთ როგორც ქვეყნის გარედან, ისე ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ამრიგად, საქართველოს ტერიტორიაზე ხელმისაწვდომი იარაღი შეიძლება   არა   მხოლოდ   ექსტრემისტული   ჯგუფების,   არამედ   ორგანიზებული
კრიმინალური დაჯგუფებების ხელშიც კი მოხვდეს.

3.  ოპერატიული ჩავარდნა
თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისა და ოფიციალური სტრუქტურების განცხადებების მიხედვით, აჰმედ ჩატაევის ჯგუფის წევრები საქართველოს ტერიტორიაზე დიდი ხნის შემოსულები უნდა ყოფილიყვნენ. მიუხედევად იმისა, რომ მათი   წევრი   შოაიფ   ბორზიევი   ინტერპოლის   მიერ   ძებნილთა   სიაში   იყო,   ეს ადამიანები  თავისუფლად  გადაადგილდებოდნენ  ქალაქ  თბილისში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებშიც კი. მეტიც, ჯგუფის ზოგი წევრი პანკისის ხეობშიც ჩასულა და არაერთ ადგილობრივ მკვიდრთან ჰქონია უთიერთობა. აჰმედ ჩატაევი საქართველოს ტერიტორიაზე გადმოყვანის შემდეგ, რამდენიმე თვე ცხოვრობდა კონსპირაციულ ბინაში, სადაც ადრეც ჩატარებულა კონტრტერორისტული ღონისძიება, რის გამოც ბინაც და მისი მეპატრონეც საქართველოს სპეცსამსახურებს განსაკუთრებული ყურადღების ობიექტები უნდა ყოფილიყვნენ. მომხდარი მოვლენები კი იმას ადასტურებს, რომ საქართველოს სპეცსამსახურებმა დროულად ვერ მოახერხეს ვერც ჯგუფის გამოვლენა და ვერც ინციდენტის პრევენცია. აღსანიშნავია, რომ ისლამური სახელმწიფოს მებრძოლთა საქართველოში ინფილტრაცია  მაშინ მოხდა, როცა ჩრდილო კავკასიისა თუ პანკისის ხეობის მაცხოვრებლები საქართველოს საზღვრის კვეთისას, ხშირ შემთხვევაში, დამატებით ოპერატიულ პროცედურებს გადიან. ასევე აშკარა პრობლემაა ისიც, რომ ქართულმა სპეცსამსახურებმა მაშინვე ვერ მოახერხეს ჩატაევის დაკავებული თანამზრახველის - შოაიპ ბორზიევის იდენტიფიცირება.

4.  სპეცოპერაციის მიმდინარეობა
ინფორმაციის სიმწირის გამო რთულია სპეცდანიშნულების რაზმის ძლიერ და სუსტ მხარეებზე საუბარი. ოფიციალური მონაცემებით, სპეცოპერაცია   თითქმის 20 საათს გრძელდებოდა და წინ ხანგრძლივი მოლაპარაკებები უძღოდა. შეტაკებისას დაიღუპა  ერთი  სამართალდამცველი.  გამოქვეყნებული  ვიდეომასალის  მიხედვით, სპეცოპერაციაში     სპეცდანიშნულების     რაზმთან     ერთდ     მონაწილეობდა     მძიმე ტექნიკაც. სპეცოპერაციის დადებით მხარედ შეიძლება მივიჩნიოთ ის, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ ყოფილა და არც მძევლები აუყვანიათ, აგრეთვე, რომ მოხერხდა ჯგუფის ერთ-ერთი წევრის ცოცხლად აყვანა. თუმცა სპეცოპერაციამ ბევრი კითხვა გააჩინა, კერძოდ: რამდენად ეფექტური იყო აჯანყებულებთან მოლაპარაკების პროცესი? შეიძლებოდა თუ არა ქართველ სამართალდამცავებში მსხვერპლი არ ყოფილიყო? ჰქონდა თუ არა ჯგუფს მცდელობა ესარგებლა „ცოცხალი ფარით“ და მძევლად აეყვანა ადგილობრივი მოსახლეობა? შეძლო თუ არა   ჩატაევის ჯგუფის რომელიმე წევრმა სპეცოპერაციის ადგილიდან გაქცევა, რაზედაც გავრცელდა ინფორმაცია მედიაში? სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ინფორმაცია დახურულია და შეუძლებელია ამ შეკითხვებზე საჯარო პასუხის გაცემა.

5.  საზოგადოებასთან ურთიერთობა
სპეცოპერაციის მსვლელობისას პრობლემური იყო საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხი. სპეცოპერაციის დროს არ არსებობდა მასმედიასთან ურთიერთობის ჩამოყალიბებული ფორმა; გაუმართავად მუშაობდნენ სამართალდამცავი ორგანოების პრესსამსახურები; უმაღლესი თანამდებობის პირებმა არაერთხელ დასდეს ბრალი მედიას პირდაპირ ეთერში სპეცოპერაციის გაშუქებისას სპეცოპერაციის დეტალების გამჟღავნებაში. ხელისუფლება დიდხანს უარყოფდა შეიარაღებულ ჯგუფში აჰმედ ჩატაევის არსებობას, თუმცა ამ ინფორმაციამ სპეცოპერაციიდან რამდენიმე საათში მედიიდან გაჟონა. ასეთ ვითარებაში არასწორ საინფორმაციო პოლიტიკას შეუძლია მოსახლეობაში პანიკის გამოწვევა და საკითხის უფრო მეტად დრამატიზება.

6.  მებრძოლთა ტრანზიტი სირიიდან ჩრდილო კავკასიაში
აჰმედ ჩატაევის ჯგუფთან დაკავშირებულმა მოვლენებმა გვიჩვენა, რომ აქტუალური გახდა სირიიდან ჩრდილო კავკასიაში მებრძოლთა ტრანზიტის საკითხი. მას შემდეგ, რაც ისლამურმა სახელმწიფომ დაკარგა კონტროლი დიდ ტერიტორიებზე, მოსალოდნელია სირიასა და ერაყში მყოფ უცხოელ მებრძოლთა  საკუთარ ქვეყნებში დაბრუნება.  ოფიციალური  მონაცემებით,  სირიასა  და  ერაყში  იბრძოდა    ჩრდილო კავკასიის 2700 მკვიდრი, რომელთა ნაწილიც     სამშობლოში დაბრუნებას საქართველოს გავლით შეეცდება, როგორც ლეგალური, ისე არალეგალური გზებით. მებრძოლთა ტრანზიტული მოძრაობა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტეს და ამასთანავე, ხელს შეუწყობს რუსეთის ფედერაციას უფრო აგრესიულად ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში.

რეკომენდაციები
● სასაზღვრო        ინფრასტრუქტურის        მოდერნიზაცია        და        მოსაზღვრე სახელმწიფოების სასაზღვრო უწყებებთან უფრო ინტენსიური თანამშრომლობა.
● ქვეყანაში  საბრძოლო  მასალისა  და  იარაღის  უკანონო  ბრუნვისა  და  ყველა შესაძლო არხის გაძლიერებული კონტროლი.
● ინტენსიური            თანამშრომლობა            პარტნიორი სახელმწიფოების სპეცსამსახურებთან და ინფორმაციის გაცვლა.
● ჩრდილო კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების უფრო დეტალური ანალიზი და საკითხის სიღრმისეული შესწავლა.
● სპეცდანიშნულების   რაზმების   უფრო   ინტენსიური   მომზადება   მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში ბრძოლისა და მძევლების შესაძლო აყვანისთვის.
● საზოგადოებაში     პანიკის     თავიდან     აცილების     მიზნით     საინფორმაციო პოლიტიკისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავება, სხვა ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით.
● ეჭვმიტანილი    პირების     დაკავებისას     ძალის     გამოყენება    მხოლოდ     იმ შემთხვევაში, როდესაც ამის გარდაუვალი აუცილებლობა არსებობს. ჩრდილო კავკასიასა და უზბეკეთში არსებული კონტრტერორისტული პრაქტიკა ადასტურებს, რომ მხოლოდ ძალის გამოყენებაზე ორიენტირებული კონტრტერორისტული პოლიტიკა გრძელვადიან პერსპექტივაში კონტრპროდუქტიულია   და   მოსახლეობის   კიდევ   უფრო   რადიკალიზაციას
უწყობს ხელს.
 

საავტორო უფლებები დაცულია და ეკუთვნის საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდს. წერილობითი ნებართვის გარეშე პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება დაიბეჭდოს არანაირი, მათ შორის ელექტრონული ან მექნიკური, ფორმით. გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები და დასკვნები ეკუთვნის ავტორს/ებს და შეიძლება არ ასახავდეს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის თვალსაზრისს.  

 

 

 

 

 
დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.