X

უსაფრთხოების მიმოხილვა

ულტრამემარჯვენე ჯგუფები საქართველოში

ავტორი: ალექსანდრე კვახაძე

უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოში შესამჩნევი იყო სხვადასხვა სახის ულტრამემარჯვენე ჯგუფების აქტიურობა. ასეთი ჯგუფები დაფიქსირდნენ როგორც ღამის კლუბ „ბასიანისა“ და „გალერის“ დარბევის საპროტესტო მიტინგების წინააღმდეგ გამართული კონტრაქციებისას, ისე 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ  მასობრივ მსვლელობებში. 

ამ  ჯგუფებს  შორის  გამოირჩევა „ქართული მარში“, „საქართველოს ეროვნული ერთობა“, „ქართული ძალა“, „ედელვაისი“ და   „ბერგმანი“.    

აღსანიშნავია,   რომ   „საქართველოს   ეროვნული   ერთობის“   ლიდერმა გიორგი ჭელიძემ ღიად გააკეთა ფაშისტური განცხადებები და ისიც თქვა, რომ ქმნის თანამოაზრეთა რაზმებს3.

ბოლო ტენდენციები ცხადყოფს, რომ საქართველოში ულტრამემარჯვენე ჯგუფების მომრავლების მზარდი ტენდენციაა.

 

ულტრამემარჯვენე და ნეონაცისტური ჯგუფები მსოფლიოში

ულტრამემარჯვენე ჯგუფები მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია გავრცელებული. მაგალითად,  დიდ  ბრიტანეთში  ასეთია  English  Defence  League,  ბელგიაში  -  Nederlanse Volks-Unie, რუსეთში - სლავთა კავშირი, აშშ-ში - White Arian Resistance და სხვა მრავალი. ყველა ეს ჯგუფი წარმოადგენს ერთგვარ სუბკულტურას, რომელსაც დამახასიათებელი ატრიბუტიკა  აქვს.  არსებობენ  როგორც  ძალადობრივი,  ისე არაძალადობრივი  ჯგუფები. მათმა ნაწილმა მოახერხა პოლიტიკური პარტიის შექმნა (მაგალითად, ფინური პარტია - ფინეთში, დიდი ბრიტანეთის დამოუკიდებლობის პარტია - გაერთიანებული სამეფოში, ახალი ძალა - იტალიაში, ავსტრიის თავისუფლების პარტია - ავსტრიაში და სხვა). ზოგიერთმა მათგანმა საპარლამენტო მანდატებიც კი მოიპოვა. სხვადასხვა ქვეყანაში ულტრამემარჯვენე ჯგუფებს სხვადასხვა სოციალური ბაზა აქვს. თუმცა ერთი, რაც ამგვარ ჯგუფებს აერთიანებს, არის უკმაყოფილება რომელიმე კონკრეტული ჯგუფის მიმართ. სპეციალურ ლიტერატურაში ასეთ ორგანიზაციებს „სიძულვილის ჯგუფებს““ (ინგლ. hate groups) უწოდებენ, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც წესი, ისინი ვინმეს ზიზღს კატეგორიულად უარყოფენ. მაგალითად, აშშ-ში გავრცელებული რასისტული ჯგუფები ხშირად იმეორებენ: „ჩვენ არავინ გვძულს. ჩვენ უბრალოდ გვიყვარს თეთრკანიანი ადამიანები“.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ამგვარ ჯგუფებს შორის არ არის მხოლოდ მემარჯვენე, არამედ ასევე არის სტალინისტური და, ზოგადად, იდეოლოგიურად ამორფული ჯგუფები, ჩვენ მათ განვაზოგადებთ ერთიანი ტერმინით - ულტრამემარჯვენე ჯგუფები. დასავლურ ლიტერატურაში მიღებული ტერმინი „სიძულვილის ჯგუფი“ (ინგ.Hate groups) ქართულ რეალობაში ახალია და მისმა გამოყენებამ შესაძლოა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვიოს, ამიტომ მისი გამოყენებისგან თავს შევიკავებთ.

 

ულტრამემარჯვენე ჯგუფების სამიზნეები

სხვადასხვა ქვეყანაში ულტრამემარჯვენე ჯგუფების უკმაყოფილება მიმართულია სხვადასხვა ჯგუფისა თუ მოვლენის მიმართ. ასეთი ჯგუფები შეიძლება იყვნენ იმიგრანტები,   LGBT   საზოგადოება,   შავკანიანები,   ებრაელები,   მუსლიმები   და   სხვა. მათთვის დამახასიათებელია ისეთი ფენომენი, როგორიცაა რასობრივი სეპარატიზმი (საკუთარი რასის გამოყოფა და იზოლირება სხვა რასებისგან). მათი რიტორიკა, როგორც წესი, შეიცავს  კონსპირაციის  თეორიებსა და მცდარ  ან ნახევრად  მცდარ  ინფორმაციას5. განვიხილოთ, თუ რის და ვის წინააღმდეგ არიან მიმართული ქართული ულტრამემარჯვენე ჯგუფები:

იმიგრანტები -   მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში იმიგრანტთა რაოდენობა დიდი არ არის, ქართული ულტრამემარჯვენე ჯგუფების ერთ-ერთი საკვანძო ელემენტი ანტიიმიგრაციული რიტორიკაა6. ძირითადი აგრესია მიმართულია საქართველოში მცხოვრები ახლო აღმოსავლელების (თურქები, არაბები და ირანელები), აზიელების (ინდოელები, ჩინელები) და აფრიკელებისაკენ. იმიგრაციის წინააღმდეგ ქალაქ თბილისში არაერთი დემონსტრაცია ჩატარდა. ძირითადი გამაღიზიანებელი ფაქტორებია: საქართველოში ამ რეგიონებიდან ვიზიტორების სიმრავლე; ახლო აღმოსავლელი ტურისტებისა და სავაჭრო-გასართობი ობიექტების სიმრავლე თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე7, და ბათუმში, ქუთაისის ქუჩაზე8; ახლო აღმოსავლეთიდან ინვესტორთა სიმრავლე9; ჩინური კომპანიების მიერ ტყეების პრივატიზაცია; აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწების შესყიდვა და სხვა მრავალი. ასევე, პერიოდულად ხდება იმიგრანტების, განსაკუთრებით, არაბებისა და თურქების დაკავშირება არასრულწლოვანთა პროსტიტუციასთან. განსაკუთრებულ გაღიზიანებას იწვევს სასოფლო-სამეურნეო მიწების პრივატიზაციის საკითხი. მაგალითად, სიღნაღის მუნიციპალიტეტში პენჯაბელი ინდოელი ფერმერებისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტში არაბი  ინვესტორების  მიერ  დიდი  რაოდენობით  მიწების  შესყიდვამ  ულტრამემარჯვენე ჯგუფების უკმაყოფილება გამოიწვია სოციალურ ქსელებში. უნდა აღინიშნოს, რომ განსაკუთრებით მუსლიმი მიგრანტების მიმართ ულტრამემარჯვენე ჯგუფები საქართველოს ისტორიას იშველიებენ და ისტორიულ მტრობაზე აპელირებენ.  მათი ხშირი არგუმენტია აგრეთვე აჭარაში შესაძლო თურქული ექსპანსია და თანამედროვე თურქეთის ნეოოსმალური პოლიტიკა. ყოველივე ეს გაჯერებულია სხვადასხვა კონსპირაციული დებულებებით.   მაგალითად:   „„ჰუალინგის“   ახალაშენებულ   კორპუსებში   100   ათასი ჩინელის ჩასახლება იგეგმება“, „მალე ქართველები საქართველოში უმცირესობად ვიქცევით“, „ბათუმში უკვე 25 ათასი თურქეთის მოქალაქე სახლობს“, „აღმაშენებლის გამზირზე არაბთა, თურქთა და ერაყელთა პარპაში უნდა შეწყდეს. ძალიან გათავხედებულები არიან, ახალგაზრდებს რყვნიან“  და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში პრაქტიკულად არ არის შრომითი იმიგრაცია ახლო აღმოსავლეთისა და  აფრიკის  ქვეყნებიდან,  ულტრამემარჯვენე  ჯგუფები  მუდამ  აპელირებენ არალეგალური მიგრაციის პრობლემაზე.

LGBT ორიენტაციის პირები - იმიგრაციის შემდეგ ჰომოფობია არის ულტრამემარჯვენე ჯგუფებისთვის რიგით მეორე რიტორიკული საყრდენი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს ჯგუფები განსაკუთრებით აქტიურდებიან 17 მაისს20. ულტრამემარჯვენე ჯგუფები აგრეთვე აქტიურად მოითხოვდნენ საქართველოს კონსტიტუციაში იმ აზრის დაფიქსირებას, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ერთობა, რითაც, მათი აზრით, საქართველო დაზღვეული იქნებოდა ერთსქესიანთა ქორწინებისგან. უნდა აღინიშნოს, რომ ულტრამემარჯვენე ჯგუფები ღიად არ აპროტესტებენ LGBT პირთა არსებობას, თუმცა აპროტესტებენ ამ პირთა პროპაგანდას. პროპაგანდაში იგულისხმება LGBT პირთა საჯაროდ  გამოჩენა მედიაში და აგრეთვე მათი ორიენტაციის საჯარო მანიფესტაცია. საფრთხე, რომელსაც ულტრამემარჯვენე ორგანიზაციები LGBT პირებში ხედავენ, არის „ერის გადაგვარება“ და „თაობის გარყვნა“. შეთქმულების თეორია, რომელიც ახლავს ანტიLGBT პროპაგანდას არის ის, რომ თითქოს დასავლეთი   არასამთავრობო   ორგანიზაციების   მეშვეობით   ცდილობს საქართველოში გეიკულტურის პროპაგანდირებას და მის ნორმად ქცევას, რაც, საბოლოო ჯამში, ქართული ტრადიციულ ყოფას უთხრის ძირს.

 

დასავლეთი - LGBT პირთა წინააღმდეგ რიტორიკა პირდაპირ დაკავშირებულია ულტრამემარჯვენე ჯგუფთა ანტიდასავლურ პოზიციებთან. დასავლეთი მიჩნეულია საქართველოში გარყვნილების მთავარ წყაროდ. ხშირად გამოიყენება ისეთი ეპითეტები, როგორიცაა „გეიროპა“ და „ლიბერასტი“. ულტრამემარჯვენე ჯგუფების რიტორიკაში სჭარბობს ჯორჯ სოროსის სახელი. შეთქმულების თეორიის მიხედვით, ჯორჯ სოროსი შეგნებულად   აფინანსებს   LGBT   მოძრაობასა   და   ფემინისტურ   ორგანიზაციებს,   რათა „გადააგვაროს ქართველი ერი“. აღსანიშნავია, რომ ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა ჯორჯ სოროსთან დაკავშირებულ ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ოფისთან საპროტესტო აქცია გამართეს და ამ ფონდის დახურვა მოითხოვეს. მეტიც, ულტრამემარჯვენე ჯგუფები აპროტესტებენ საქართველოში პროდასავლური პარტიების არსებობასაც და არაერთხელ მოუთხოვიათ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ აკრძალვა გარდა ოპოზიციური პარტიისა, ულტრამემარჯვენეები სახელისუფლებო გუნდის დეკლარირებულად პროდასავლელი წევრებისა (ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი, არჩილ თალაკვაძე და სახელისუფლებო კოალიციაში ყოფნისას - რესპუბლიკური პარტიის წევრები) და სახალხო დამცველის წინააღმდეგაც გამოსულან განცხადებებით.

 

რელიგიური გრძნობების დაცვა - საქართველოში არსებული ულტრამემარჯვენე ჯგუფები   აქტიურად   გამოდიან   რელიგიური   გრძნობების   დასაცავად.   მაგალითად, „ქართულმა მარშმა“ მოაწყო დემონსტრაცია ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე და აპროტესტებდა ამ არხის ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას, მიერ პირდაპირ ეთერში იესო ქრისტეზე ნათქვამ ხუმრობას. აქციის დროს მათ გიორგი გაბუნიაზე თავდასხმაც კი სცადეს.28 გარდა ამისა, ულტრამემარჯვენე ჯგუფები აპროტესტებდნენ საქართველოში წარმოებულ პრეზერვატივ „აიისას“ შეფუთვაზე დატანილ საქართველოს მეფეებისა და მღვდელმსახურებისას გადაჯვარედინებული თითების  გამოსახულებას. როგორც  ზემოთ  აღვნიშნეთ,  ეს ჯგუფები  აქტიურად  არიან ჩართული  ყოველ  წელს 17  მაისს გამართულ  ოჯახის  სიწმინდის  დღისადმი  მიძღვნილ მსვლელობებში.

 

ულტრამემარჯვენე ჯგუფები და რუსეთი

მართალია, ულტრამემარჯვენე ჯგუფების რიტორიკაში არ იკვეთება ღია პრორუსული გზავნილები, თუმცა რიგი გარემოებებისა მიუთითებს მათ მოკავშირეობას რუსეთთან. პირველ რიგში, სახელწოდება „ქართული მარში“ ფაქტობრივად იმეორებს რუსეთში არსებულ პერმანენტულ ნეონაცისტურ აქციებს, რომელთაც „რუსული მარში“ ეწოდება. აღსანიშნავია, რომ არც ერთ ულტრამემარჯვენე ჯგუფს არასდროს გაუპროტესტებია რუსეთის რომელიმე ქმედება, მათ შორის, მცოცავი ოკუპაცია და არჩილ ტატუნაშვილისა თუ გიგა ოთხოზორიას მკვლელობა. ულტრამემარჯვენე ჯგუფები აქტიურად იყენებენ რუსეთში აპრობირებული საინფორმაციო ომის ტაქტიკას, რომელიც მოიაზრებს სოციალურ ქსელებში ყალბი ინფორმაციის გავრცელებას. კერძოდ, ულტრამემარჯვენე ჯგუფების კუთვნილ ფეისბუკგვერდებზე არაერთხელ გავრცელებულა ყალბი  ინფორმაცია,  რომელიც  აღვივებდა  აგრესიას  სხვადასხვა  ეთნიკური  თუ სოციალური  ჯგუფის  წინააღმდეგ.  ცნობილია,  რომ  რუსეთის  ხელისუფლება, ევროკავშირის ქვეყნებში გავლენის გაზრდის მიზნით, აქტიურად აფინანსებს ულტრამემარჯვენე  და  ნეონაცისტურ  ჯგუფებსა  თუ  პარტიებს30.  მაგალითად, საფრანგეთში რუსეთის ერთ-ერთი დასაყრდენი პარტიაა მარი ლე-პენის „ნაციონალური ფრონტი“. ჯერჯერობით ქართული ულტრამემარჯვენე ჯგუფების არც დაფინანსების წყაროებზე და არც რუსეთთან მათ კავშირებზე ცნობილი არაფერია. რამდენადაც საქართველოში არსებული ულტრამემარჯვენე ჯგუფების რიტორიკა მკვეთრად ანტიდასავლურია, ისინი საქართველოში რუსეთის დასაყდენად შეიძლება მოვიაზროთ.

 

საფრთხეები და რისკები

ულტრამემარჯვენე ჯგუფების გააქტიურება შეიცავს საფრთხეებს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ამ რისკებს შორისაა:

ეთნიკური და რელიგიური შუღლის გაღვივება - მართალია, ქართული რადიკალური ორგანიზაციები ჯერჯერობით თავს იკავებენ საქართველოს მკვიდრ ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებზე თავდასხმისგან, თუმცა მომავალში მოსალოდნელია მათი ამ მიმართულებით გააქტიურებაც. უმცირესობების მიმართ ქსენოფობიურმა ქმედებებმა შესაძლოა ხელი შეუწყოს ეთნოსებს შორის შუღლის გაღვივებასა და ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის პროცესის შეფერხებას.

ინვესტორთა და ტურისტთა რაოდენობის შემცირება - საქართველოში ახლო აღმოსავლეთიდან და ჩინეთიდან ინვესტიციებისა და ტურისტების წილი საკმაოდ დიდია. დღეისათვის    ტურიზმი    და    უცხოური    ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან სეგმენტს წარმოადგენს და ამ სეგმენტის დაკარგვა ცუდად აისახება საქართველოს ეკონომიკაზე. გარდა ამისა, აფრიკელი და აზიელი სტუდენტები ადგილობრივი კერძო თუ სახელმწიფო უნივერსიტეტების შემოსავლის წყაროა. თუკი საქართველოში აფრიკელთა და აზიელთა მიმართ აგრესია გაიზრდება, შეიძლება გამოიწვიოს ტურისტთა, ინვესტორთა და სტუდენტთა ნაკადის შემცირება, რითაც ქვეყანა დიდ შემოსავალს დაკარგავს.

ანტიდასავლური გრძნობების გაღვივება - როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ულტრამემარჯვენე ჯგუფები მკვეთრად ანტიდასავლურ იდეოლოგიურ პლატფორმაზე დგანან. აღსანიშნავია, რომ ამგვარი ჯგუფის აქტივობები სათავისოდ შეუძლიათ გამოიყენონ ანტიდასავლურმა პარტიებმა და მედიარესურსებმა.

 

რეკომენდაციები

იმისათვის, რომ საქართველოში ულტრამემარჯვენე ჯგუფების მხრიდან მომავალი საფრთხეები შემცირდეს, ქართულმა სახელმწიფომ უნდა იმუშაოს შემდეგი მიმართულებებით:

  • ულტრამემარჯვენე ჯგუფების სოციალური ბაზისა და იდეოლოგიის სიღრმისეული შესწავლა და ანალიზი.
  • აქტიური კონტრდაზვერვითი მუშაობა, რათა გამოვლინდეს აღნიშნული ჯგუფების შესაძლო კავშირი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან.
  • აქტიური საინფორმაციო კამპანია, რომელიც საქართველოს მოსახლეობას ამცნობს  საქართველოში  მცხოვრებ  უცხოელთა  შესახებ  რეალურ  სტატისტიკას, რათა ულტრამემარჯვენე ჯგუფებს აღარ ჰქონდეთ სტატისტიკითა და ყალბი ინფორმაციით მანიპულირების საშუალება.

 

საავტორო უფლებები დაცულია და ეკუთვნის საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდს. წერილობითი ნებართვის გარეშე პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება დაიბეჭდოს არანაირი, მათ შორის ელექტრონული ან მექნიკური, ფორმით. გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები და დასკვნები ეკუთვნის ავტორს/ებს და შეიძლება არ ასახავდეს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის თვალსაზრისს.  

 

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.