X

პუბლიკაციები

სათაური ენა სფერო წელი

რა შეიძლება მოჰყვეს ლიბანის კრიზისს?

  • ავტორი: ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი
  • გამომცემელი: საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი
  • ტიპი: პუბლიკაცია
ქართული საერთაშორისო ურთიერთობები 2021

ლიბანისთვის ყოველთვის დამახასიათებელი იყო სექტარიანული დაპირისპირება, რაც არაერთხელ გადაზრდილა დიდ კრიზისში (მაგალითად, აღსანიშნავია სამოქალაქო ომი, რომელიც ქვეყანამ გადაიტანა 1975-1990 წლებში და რასაც დაახლოებით 120 000 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა). თუმცა, ის, რაც ბოლო პერიოდის ლიბანის ეკონომიკაში ხდება, ბევრისთვის გახდა განგაშის საბაბი.

ლიბანის ეთნოკონფესიული მდგომარეობის ამსახველი რუკა

საქმე ისაა, რომ ქვეყნის GDP (მთლიანი შიდა პროდუქტი) კატასტროფულად შემცირდა. თუ ლიბანის GDP 2018 წელს 55 მლრდ აშშ დოლარი იყო, 2020 წელს იგი 33 მლრდ აშშ დოლარზე ჩამოვიდა. პარალელურად, 40%-ით შემცირდა GDP ერთ სულ მოსახლეზე. ამასთან, პანდემიის გამო გასულ წელს 28%-დან 40%-მდე გაიზარდა უმუშევრობა. მაღალია ინფლაციის დონე. სწრაფ დევალვაციას განიცდის ლიბანური ლირაც.

ლიბანის სუსტი ხელისუფლება ვერ უმკლავდება ეკონომიკურ კრიზისს. მას არ შესწევს უნარი განახორციელოს ძირეული რეფორმები. ამას ემატება ქვეყანაში მცხოვრები სირიელი და პალესტინელი ლტოლვილების (დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი) პრობლემა, რაც დამატებით ტვირთად აწვება ამ ქვეყნის ეკონომიკას.

საერთო ჯამში, ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი სიღარიბის ზღვარს ქვევით აღმოჩნდა და, რაც ყველაზე საშიშია, შეიქმნა საკვების პრობლემა.

ასეთი მდგომარეობა კი ეთნოკონფესიულად და პოლიტიკურად საკმაოდ დაყოფილ ქვეყანაში ფეთქებადსაშიშ სიტუაციას ქმნის.

2020-2021 წლებში საპროტესტო გამოსვლების ტალღებმაც გადაუარა ქვეყანას. ლიბანელები აპროტესტებენ გაუარესებულ სოციალურ მდგომარეობას, უმუშევრობას, მაღალ ინფლაციას, კორუფციას და ა.შ.

საპროტესტო აქცია დედაქალაქ ბეირუთში

სიტუაციას ამძიმებს ის გარემოებაც, რომ გარე ძალები აქტიურად ერევიან ქვეყნის შიდა საქმეებში და ე.წ. “Proxy”-ების (ადგილზე საკუთარი მომხრეები) საშუალებით ცდილობენ საკუთარი გავლენის გაზრდას.

ამ მხრივ მთავარი დაპირისპირებული ძალები, ტრადიციულად, ირანი და საუდის არაბეთი არიან. თეირანი ადგილობრივი შიიტების (ძირითადად, „ჰეზბოლა“, რომელიც აქტიურადაა ჩართული მეზობელი სირიის სამოქალაქო ომში), რიადი კი სუნიტურ ძალებს ეყრდნობა. თუმცა, ამ მიმართულებით ბოლო დროს ანკარაც გააქტიურდა.

მთავარი საფრთხე კი იმაში მდგომარეობს, რომ შემცირებული ეკონომიკის ფონზე სამხედრო და პოლიტიკურმა ძალებმა შესაძლოა დაიწყონ ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლა (მათ შორის, შეიარაღებულიც) რაც შეიძლება მეტი რესურსის მოპოვების მიზნით, რისი ნიშნებიც ბოლო პერიოდში შესამჩნევი გახდა.

ასეთი პერსპექტივა შეშფოთებას იწვევს ევროპულ ქვეყნებში, რომლებსაც კარგად ახსოვთ, რამხელა მიგრაციული ტალღები მოჰყვა ლიბანის მეზობელ სირიაში დაწყებულ სამოქალაქო ომს.

განსაკუთრებით საგულისხმოა საფრანგეთის მდგომარეობა, სადაც ბევრი ლიბანელი ცხოვრობს. თავად ლიბანშიც ბევრია ფრანგულის მცოდნეთა რაოდენობა. პარიზში შიშობენ, რომ აქ კონფლიქტის დაწყების შემთხვევაში, ლტოლვილთა ნაკადებმა შესაძლოა სწორედ საფრანგეთს მიაშურონ. ამრიგად, პარიზი აქტიურად ცდილობს ლიბანში რეფორმების განხორციელებას და სასურსათო დახმარებას, თუმცა საფრანგეთის ხელისუფლების ეს მცდელობები ვერ ცვლის ზოგად მძიმე სურათს, რომელიც დღითი დღე უფრო უარესდება.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.