X

პუბლიკაციები

სათაური ენა სფერო წელი

ავღანეთის ეთნოკონფესიური სურათის პოლიტიკური კონტექსტი

  • ავტორი: ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი
  • გამომცემელი: საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი
  • ტიპი: პუბლიკაცია
ქართული საერთაშორისო ურთიერთობები 2021

40-მილიონიანი ავღანეთი მრავალეთნიკური ქვეყანაა. მის კონსტიტუციასა და ჰიმნში მოხსენიებულია ქვეყანაში მცხოვრები 14 მთავარი ეთნიკური ჯგუფი. თუმცა, ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 90%-ს ოთხი დიდი ეთნიკური ჯგუფი შეადგენს.

ავღანეთის ეთნიკური ჯგუფები

 

პუშტუნები

სუნიტი პუშტუნები ავღანეთის ყველაზე მრავალრიცხოვანი ეთნიკური ჯგუფია. ისინი მთელი ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 42%-ს შეადგენენ. პუშტუნები, ძირითადად, ქვეყნის სამხრეთ და დასავლეთ რეგიონებში ცხოვრობენ.  უმეტეს შემთხვევაში სწორედ ამ ჯგუფის წარმომადგენლები იკავებენ ხოლმე ყველაზე მაღალ თანამდებობას ქვეყანაში.

„თალიბანიც“ ძირითადად პუშტუნებითაა დაკომპლექტებული.
 

ტაჯიკები

სიდიდით მეორე ჯგუფი სპარსულენოვანი სუნიტი ტაჯიკები არიან. ისინი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებში ცხოვრობენ. ტაჯიკები მთელი ავღანეთის მოსახლეობის დაახლოებით 27%-ს შეადგენენ. საინტერესოა, რომ რაოდენობით ავღანეთში უფრო მეტი ტაჯიკი ცხოვრობს, ვიდრე თავად ტაჯიკეთში.

მათ, როგორც წესი, მეორე პირის (ვიცე-პრეზიდენტის) თანამდებობა ეკავათ ხოლმე ქვეყანაში.
 

ხაზარები

სიდიდით მესამე ჯგუფი სპარსულენოვანი შიიტი ხაზარები არიან. ისინი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში ცხოვრობენ და ავღანეთის მოსახლეობის დაახლოებით 9%-ს შეადგენენ. რელიგიურ ნიადაგზე ხშირი შევიწროების გამო ისინი ყველაზე დაჩაგრულად გრძნობენ თავს ამ ქვეყანაში.
 

უზბეკები

სუნიტი უზბეკები ქვეყნის ჩრდილოეთში ცხოვრობენ და მთელი ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 9%-ს შეადგენენ.
 

„თალიბანის“ პირველი მმართველობის დროს ტაჯიკებმა, ხაზარებმა და უზბეკებმა შექმნეს ე.წ. „ჩრდილოეთის ალიანსი“ და შეიარაღებული ბრძოლა აწარმოვეს პუშტუნებით დაკომპლექტებული „თალიბანის“ წინააღმდეგ. „ჩრდილოეთის ალიანსს“ საგრძნობ დახმარებას უწევდნენ ირანი, რუსეთი და ინდოეთი, ხოლო „თალიბანის“ უკან პაკისტანი იდგა.

„თალიბანის“ პირველი მმართველობის დროს რელიგიურ ნიადაგზე განსაკუთრებით შიიტი ხაზარები იჩაგრებოდნენ.

2021 წლის 7 სექტემბერს „თალიბანმა“ გამოაცხადა ახალი ხელისუფლების დაკომპლექტების შესახებ, რომელშიც 33 ახალი მმართველიდან 30 პუშტუნია. მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომ უმცირესობები დაიჩაგრებიან.

მანამდე „თალიბანმა“ შეძლო და დაიკავა წინააღმდეგობის ბოლო წერტილი - ფანჯშირის ხეობა, სადაც სწორედ დაუმორჩილებელი ტაჯიკები ცხოვრობდნენ. თუმცა, ამით ყველაფერი არ დასრულებულა. ხეობის დამცველები მთებში გავიდნენ და პარტიზანული ბრძოლა დაიწყეს ლეგენდარული ტაჯიკი ლიდერის ახმად შახ მასუდის შვილის უმცროსი ახმად მასუდის ხელმძღვანელობით.

უმცროსი ახმად მასუდი

სიტუაცია იმგვარად ვითარდება თავად ავღანეთსა და მის გარშემო, რომ  გამორიცხული არაა კონფლიქტის ახალი ტალღის დაწყება ამ ქვეყანაში, რომელსაც აუცილებლად ექნება თავისი ეთნოკონფესიური შემადგენელი ნაწილი.  

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.