X

პუბლიკაციები

სათაური ენა სფერო წელი

ჩრდილოეთ კავკასიის მაუწყებელი (გამოცემა 7, ნოემბერი 15-30, 2021)

  • ავტორი: ბადრი ბელქანია, რონდელის ფონდის მკვლევარი
  • გამომცემელი:
  • ტიპი: პუბლიკაცია
ქართული საერთაშორისო ურთიერთობები 2021

„ჩრდილოეთ კავკასიის მაუწყებელი“ არის ორკვირეული დაიჯესტი, რომელიც რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ მოვლენებს აღწერს. რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკების მთავარი სიახლეების მონიტორინგის მიზანია რეგიონში არსებულ ძირითად პოლიტიკურ და სოციალურ ტენდენციებზე დაკვირვება და მკითხველის შესაბამისი ცნობებით ინფორმირება. დაიჯესტი ეყრდნობა როგორც ადგილობრივ და რეგიონალურ წყაროებს, ისე სხვადასხვა ინტერნეტპორტალსა და სოციალურ ქსელში გავრცელებულ სანდო და გადამოწმებულ ინფორმაციას. თითოეული ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკის ადგილობრივი სიახლეების მიღმა, დაიჯესტში ასევე ცალკე თავებადაა გამოყოფილი რეგიონის ურთიერთობა მოსკოვთან, როგორც ფედერაციულ ცენტრთან, და ჩრდ. კავკასიური რესპუბლიკების კავშირები საქართველოსთან, მათ შორის, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან.

 

ჩრდილოეთი კავკასია და ცენტრი

რუსეთის მასშტაბით ყველაზე დაბალი პენსიები ჩრდილოეთ კავკასიაში გაიცემა


ფოტო: kavkazr.com

რუსეთის სახელმწიფო სტატისტიკის ფედერალური სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის 1 ოქტომბრისთვის, საშუალოდ, ყველაზე დაბალი პენსია დაღესტანსა და ყაბარდო-ბალყარეთში გაიცემა.

საშუალო პენსია მთელი რუსეთის მასშტაბით 15 580 რუბლია (650 ლარი), თუმცა ის რეგიონების მიხედვით საგრძნობლად განსხვავდება. ყველაზე მაღალ თვიურ დახმარებას პენსიონერები ჩუკოტკაზე იღებენ - 26 ათასი რუბლის ოდენობით (1080 ლარი).

ამ მხრივ მძიმე მდგომარეობაა ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში. დაღესტანში პენსია ყველაზე დაბალია - 11 967 რუბლი (495 ლარი), შემდეგ ადგილზეა ყაბარდო-ბალყარეთი - 12 231 რუბლი (510 ლარი). ყარაჩაი-ჩერქეზეთში, ჩრდილოეთ ოსეთში, ინგუშეთსა და ჩეჩნეთში კი საშუალო პენსია 14 ათას რუბლს (580 ლარი) არ აღემატება.

 

„მემორიალის“ შესაძლო დახურვა ჩრდილოეთ კავკასიაში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესების რისკებს ზრდის

ფოტო: rferl.org

რუსეთში გრძელდება სამართლებრივი საქმე ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის „მემორიალის“ წინააღმდეგ, რომლის ლიკვიდაციის თხოვნით პროკურატურამ სასამართლოს ოფიციალურად 8 ნოემბერს მიმართა.  პროკურატურის სარჩელის მიხედვით, „მემორიალი“, რომელსაც რუსეთში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი საქმე წარუმართავს, ექსტრემიზმს და ტერორიზმს „ამართლებს“.

„მემორიალის“ მხარდამჭერები და დამცველები მიიჩნევენ, რომ საქმე პოლიტიზებულია და რუსეთის ხელისუფლება ორგანიზაციას მისი საქმიანობის გამო ერჩის. ორგანიზაციის მხარდასაჭერი აქციები რუსეთის სხვადასხვა ქალაქში გაიმართა.

უფლებადამცველების განცხადებით, „მემორიალის“ შესაძლო დახურვა განსაკუთრებით მძიმე დარტყმა იქნება ჩრდილოეთ კავკასიისთვის, სადაც ორგანიზაცია თავისი 32-წლიანი უფლებადამცველობითი და ანალიტიკური საქმიანობის ძირითად ნაწილს ასრულებდა.

„მემორიალის“ იურისტები არაერთ საქმეს აწარმოებენ სტრასბურგის სასამართლოში ჩრდილოეთ კავკასიაში დაფიქსირებულ დარღვევებზე ადამიანის უფლებების მიმართულებით. მათ ეკუთვნით ასევე მრავალი საქმის გახმაურება, პოლიტიკური და რელიგიური ნიშნით შევიწროებულების დაცვა და ადამიანის უფლებების გაძლიერებისკენ მიმართული საგანმანათლებლო და მხარდასაჭერი პროგრამების ამუშავება.

 

რუსეთის მასშტაბით ხელფასების ოდენობით ჩრდილოეთკავკასიური რესპუბლიკები აუტსაიდერებს შორისაა

ფოტო: tellimer.com

2021 წლის მონაცემებით, რუსეთის ფედერაციის სუბიექტებს შორის ხელფასების რეიტინგით აუტსაიდერთა ათეულში ჩრდილოეთკავკასიური რესპუბლიკები ყარაჩაი-ჩერქეზეთი, ყაბარდო-ბალყარეთი, ჩეჩნეთი, დაღესტანი და ინგუშეთი მოხვდნენ.

ყარაჩაი-ჩერქეზეთში 100 ათას რუბლზე (4,230 ლარი) მეტ თვიურ ხელფასს მოსახლეობის მხოლოდ 1.5% იღებს, 25.6% კი - 15 ათას რუბლზე (635 ლარი) ნაკლებს.

ყაბარდო-ბალყარეთმა რეიტინგში 78-ე ადგილი დაიკავა - რესპუბლიკაში 100 ათას რუბლზე მეტს მხოლოდ 1.4% იღებს, 15 ათას რუბლზე ნაკლებს კი - 26.6%.

მძიმე მდგომარეობაა ჩეჩნეთშიც, რომელიც რეიტინგის მე-80 ადგილზეა. რესპუბლიკაში 100 ათას რუბლზე მეტი ანაზღაურება დასაქმებული მოსახლეობის მხოლოდ 1.3% აქვს, 27.5% კი 15 ათას რუბლზე ნაკლებს იღებს.

გვერდიგვერდ მოექცნენ რეიტინგში ინგუშეთი და დაღესტანი და 82-ე და 83-ე ადგილებს იკავებენ. ორივე რესპუბლიკაში 100 ათას რუბლზე მეტს ყოველთვიურ ხელფასს მხოლოდ 1.3% იღებს, 15 ათას რუბლზე ნაკლები ინგუშეთში - 22.2%-ს, დაღესტანში კი 27.5%-ს აქვს.

ზემოხსენებულ აუტსაიდერ ჩრდილოეთკავკასიურ რესპუბლიკებში ყველაზე გავრცელებული სახელფასო დიაპაზონი 14-დან 30 ათას რუბლს შორის მერყეობს. აღსანიშნავია ისიც, რომ წლევანდელი მონაცემებით, ჩრდილოეთკავკასიური რესპუბლიკები ბოლო ადგილებს იკავებენ ბიზნესის რენტაბელურობის რეიტინგებში. 

 

ხუთი ჩრდილოეთკავკასიური რეგიონი ტერორისტული დანაშაულების ზრდის ტემპით ლიდერებს შორის მოხვდა
         

ფოტო: kavkazr.com

რუსეთის გენერალური პროკურატურის 2021 წლის იანვარი-ოქტომბრის მონაცემებით, ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოკრუგის ხუთი რეგიონი, ტერორისტული დანაშაულების ზრდის ტემპით, ლიდერებს შორის მოხვდა.

პირველ ადგილზე დაღესტანია, სადაც ტერორისტული ხასიათის 432 დანაშაული აღირიცხა, მას 115 დანაშაულით ჩეჩნეთი მოჰყვება. 99 დანაშაულით მეოთხე ადგილზე ინგუშეთი მოხვდა, მეექვსეზე კი - ყაბარდო-ბალყარეთი, აღრიცხული 59 შემთხვევით.


ჩრდილოეთი კავკასია და საქართველო

ანატოლი ბიბილოვმა ცხინვალში დაღესტნელ ექიმებს უმასპინძლა

ფოტო: cominf.org

27 ნოემბერს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მეთაურმა ანატოლი ბიბილოვმა დაღესტნის რესპუბლიკის კლინიკური საავადმყოფოს ტრავმატოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელს რატმირ აბდუსალამოვს უმასპინძლა.

დაღესტნიდან ცხინვალის რეგიონში ტრავმატოლოგები სამედიცინო დანიშნულებით ჩავიდნენ და ბარძაყის სახსრის ჩანაცვლების ოპერაციები ჩაატარეს. დაღესტნელმა ექიმებმა ცხინვალელ კოლეგებს საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარეს.

ანატოლი ბიბილოვმა ექიმთა ბრიგადას სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მიღებული გამოცდილების შემდეგ ექიმებს სამხრეთ ოსეთიდან უკვე თავადაც შეეძლებათ მსგავსი ოპერაციის ჩატარება.  

 

ადიღეს რესპუბლიკა

მაიკოპში 18 მასწავლებელი კოვიდის აცრაზე უარის თქმის გამო გაათავისუფლეს    


ფოტო: reuters.com

ადიღეს რესპუბლიკაში შემოღებული ნაწილობრივ სავალდებულო ვაქცინაციის ფარგლებში, მაიკოპის სხვადასხვა სკოლიდან 18 პედაგოგი აცრაზე უარის თქმის გამო გაათავისუფლეს.

გათავისუფლებულმა მასწავლებლებმა აცრაზე უარის თქმის მიზეზად დაასახელეს რუსული ვაქცინის მიმართ უნდობლობა და რომ ვაქცინასთან შეუთავსებელი ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში, შეუძლებელია სამედიცინო ცნობის აღება.

ადიღეში შემოტანილი რეგულაციების მიხედვით, ის სკოლები ან სასწავლო დაწესებულებები, სადაც აუცრელ მასწავლებლებს გაკვეთილების ჩატარების საშუალება მიეცემათ, დაჯარიმდებიან. 

 

სააპელაციო ინსტანციამ მაიკოპის ყოფილი მერის ანდრეი გეტმანოვის გამამტყუნებელი განაჩენი გააუქმა      
                  

ანდრეი გეტმანოვი. ფოტო: ug.tsargrad.tv

ადიღეს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ანდრეი გეტმანოვის გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც პატიმრობას ითვალისწინებდა, გაუქმდა და საქმე სასამართლოს ხელახლა განსახილველად გადაეცა.

მაიკოპის ყოფილ მერს ანდრეი გეტმანოვს ბრალი თაღლითობის მცდელობაში, უკანონო გარიგებაში ჩართვის იძულებასა და ტყვია-წამლის უკანონო შენახვაში ედება. მაიკოპის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი ვერდიქტი როგორც დაცვის, ისე ბრალმდებლის მხარემ გაასაჩივრა.

 

ყარაჩაი-ჩერქეზეთი

ყარაჩაი-ჩერქეზეთში ანტიტერორისტულ სპეცოპერაციას ორი მებრძოლი ემსხვერპლა


ფოტო: kavkaz-uzel.eu

ყარაჩაი-ჩერქეზეთში უკანასკნელ 6 წელიწადში პირველი ანტიტერორისტული სპეცოპერაცია ჩატარდა, რომელიც, ოფიციალური უწყებების ცნობით, ორი ტერორისტის ლიკვიდაციით დასრულდა. 2015 წლის შემდეგ რესპუბლიკაში ეს პირველი ოფიციალური ანტიტერორისტული სპეცოპერაციაა.

ფსბ-ის 26 ნოემბრის განცხადებით, მებრძოლები ყარაჩაი-ჩერქეზეთის ერთ-ერთ რაიონში ტერაქტის მოწყობას გეგმავდნენ, სპეცოპერაცია კი პრევენციულ ხასიათს ატარებდა. 

 

 ყაბარდო-ბალყარეთი

ყაბარდო-ბალყარელი რეჟისორის ფილმმა ევროპული კინოაკადემიის ჯილდო მიიღო


ნალჩიკელი კინორეჟისორი კირა კოვალენკო. ფოტო: kavkazr.com

ყაბარდო-ბალყარელი რეჟისორის კირა კოვალენკოს ფილმმა "Разжимая кулаки" (მუშტების გახსნით) საუკეთესო მონტაჟისთვის „ევროპული კინოაკადემიის“ ჯილდო დაიმსახურა.

ფილმი, რომელიც რუსეთის მხრიდან „ოსკარზეა“ წარდგენილი, ოსურ ენაზეა გადაღებული და მასში მოვლენები ჩრდილოეთ ოსეთის პატარა სოფელ მიზურში ვითარდება.

„კანის კინოფესტივალზე“ ფილმმა „განსაკუთრებული ხედვის“ პროგრამის ფარგლებში მეორე ხარისხის გრან-პრი მიიღო.

 

ჩრდილოეთი ოსეთი

ჩრდილოეთ ოსეთში პირველი დეკემბრიდან უნივერსიტეტები სწავლების ცოცხალ რეჟიმს უბრუნდება


ფოტო: sputnik-ossetia.ru

ჩრდილოეთ ოსეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტები პირველი დეკემბრიდან სწავლების ცოცხალ რეჟიმს უბრუნდება. ოფიციალური განცხადების მიხედვით, რომელსაც ხელი რესპუბლიკის მეთაურმა სერგეი მენიაილომ მოაწერა, სწავლება სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური წესების სრული დაცვით განხორციელდება.

რესპუბლიკაში ასევე პირველი დეკემბრიდან დაშვებულია საბანკეტო დარბაზების მუშაობა და საზეიმო ღონისძიებების ჩატარება, ხალხის რაოდენობის შესაბამისი შეზღუდვების დაცვით.

გადაწყვეტილებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტმა ასევე  მიიღო კანონი გასართობ და კვების ობიექტებში QR კოდით შესვლასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ კანონი ჩავარდა პირველი მოსმენით, რასაც, საბოლოოდ, მმართველი „ერთიანი რუსეთის“ პარტიის ფრაქციის ხელმძღვანელის ტიმურ ორტაბაევის გადადგომა მოჰყვა.

 

ინგუშეთი

ინგუშეთში ქალის წინადაცვეთის საქმე სტრასბურგის სასამართლომდე მივიდა

ფოტო: kavkazr.com

„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ“ წარმოებაში მიიღო საჩივარი 12 წლის ინგუში გოგონას უფლებების დარღვევის შესახებ, რომელსაც ნათესავებმა ე.წ. „წინადაცვეთა“ ჩაუტარეს.

2019 წელს გოგონა თავის ძმასთან ერთად, რომლებიც მშობლების გაყრის შემდეგ დედასთან ერთად ჩეჩნეთში ცხოვრობენ, მამას ინგუშეთში ესტუმრა. იქ მამის მეორე ცოლმა გოგონა და ასევე თავისი მეორე რვა წლის ბიოლოგიური ქალიშვილი კლინიკაში წაიყვანა და ექიმს „წინადაცვეთის“ ოპერაცია ჩაატარებინა.

იმავე ღამეს გოგონას ძმამ დედას დაურეკა და აცნობა, რომ თავისი და სადღაც წაიყვანეს და „სრულიად სისხლში მოთხვრილი“ დააბრუნეს. უკვე [RM1] ჩეჩნეთში გოგონა ცუდად გახდა, სიცხემ აუწია და ჰოსპიტალური დახმარება დასჭირდა.

„სტრასბურგის სასამართლოში“ გოგონას ინტერესებს იცავს იურისტი პროექტ „სამართლებრივი ინიციატივიდან“, ორგანიზაციიდან, რომელიც ასევე მოხვედრილია რუსეთში „უცხოეთის აგენტების“ სიაში.

 

ჩეჩნეთი

კადიროვი ინგუშეთს სოფლების წართმევით ემუქრება: ჩეჩნურ-ინგუშური დაპირისპირება გრძელდება

         

რამზან კადიროვი. ფოტო: ria.ru

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი ინგუშეთს იმ რვა სოფლის წართმევით ემუქრება, რომლებიც, მისი თქმით, არაღიარებული იჩქერიის პერიოდში გადაეცათ.

კადიროვის 25 ნოემბრის განცხადებით, თუ ინგუში აქტივისტები, რომლებიც არ ეთანხმებიან 2018 წელს ჩეჩნეთსა და ინგუშეთს შორის საზღვრების დემარკაციის შედეგებს, გამოსვლებს არ შეწყვეტენ, ის რუსეთის ხელისუფლებას ოფიციალურად მიმართავს, გააუქმონ არაღიარებული იჩქერიის დროს მიღებული გადაწყვეტილება ინგუშეთისთვის რვა დასახლებული პუნქტის გადაცემის შესახებ.

კადიროვის განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე ინგუშების მიმართ კრიტიკული განწყობა დააფიქსირა ჩეჩნეთის პარლამენტის სპიკერმა მაგომედ დაუდოვმაც, რომელიც „ინგუშურ ტაიპთა საბჭოს“ მოწოდებას პრობლემის შარიათის წესით გადაწყვეტასთან დაკავშირებით მუქარით გამოეხმაურა.

დაუდოვის სიტყვებით, „ტაიპთა საბჭოს“ განცხადება პროვოკაციულია, მათ კი, ვინც მდინარე ფორტანგას გადმოლახავს და ჩეჩნეთის ტერიტორიებს ინგუშეთის ტერიტორიებად მოიხსენიებს, „შარვლებს გახდიან“ და მათგან დროშებს გააკეთებენ.

გამწვავებული ვითარების ფონზე, ჩეჩნეთის მხარემ კიდევ ერთი გამომწვევი ნაბიჯი გადადგა და ინგუშეთის მოსაზღვრე რეგიონში სამხედრო წვრთნები ჩაატარა. ადგილობრივი პოლიტოლოგების აზრით, ეს წვრთნები დემონსტრაციული ხასიათისაა და დაპირისპირების სამხედრო კონფლიქტში გადაზრდის საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს.

გამწვავებულ დაპირისპირებას 30 ნოემბერს გამოეხმაურა ინგუშეთის პარლამენტის სპიკერი მაგომეტ ტუმგოევი, რომლის განცხადებით, ინგუშებსა და ჩეჩნებს შორის სოციალურ ქსელებში გაჩაღებული პოლემიკა, შესაძლოა, „სერიოზულ კონფლიქტში გადაიზარდოს“. ტუმგოევმა მხარეებს საკითხის მშვიდობიანად გადაჭრისკენ მოუწოდა. 

როგორც ჩვენი მაუწყებელი წინა გამოცემაში წერდა, ტერიტორიული დავა ჩეჩნებსა და ინგუშებს შორის კვლავ მას შემდეგ გამწვავდა, რაც ჩეჩნურმა მხარემ საზღვრის გამყოფ მდინარე ფორტანგაზე სამშენებლო სამუშაოები წამოიწყო და მდინარის კალაპოტი თავის სასარგებლოდ შეცვალა.

 

ჩეჩნური სკოლების სასწავლო პროგრამას აჰმატ კადიროვზე წიგნი დაემატა   


ფოტო: kavkazr.com

ჩეჩნეთის სასკოლო პროგრამაში აჰმატ [RM2] [MOU3] კადიროვზე წიგნი “Путь, озаренный светом“ („გზა, სინათლით გაბრწყინებული“) შემოიტანეს, რომლის გავლაც უფროსი კლასებისთვის სავალდებულო იქნება. წიგნის ავტორი შსს-ის თანამშრომელია, რომელიც მანამდე საცალო ვაჭრობით იყო დაკავებული.

ჩეჩნეთის სახელმწიფო ტელეარხის ცნობით, წიგნში აჰმატ კადიროვის პოლიტიკური და სულიერი მემკვიდრეობა არის წარმოდგენილი. „ბავშვები გატაცებით უსმენენ მასწავლებლებს, პასუხობენ კითხვებს,“ - აცხადებს პროსახელისუფლებო ტელეარხის წამყვანი სიუჟეტში.

ჩეჩენი აქტივისტების მნიშვნელოვანი ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება რესპუბლიკაში „კადიროვების კულტის“ ზრდის მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
 

დაღესტანი

გასულ ორ კვირაში სხვადასხვა დამოუკიდებელ საქმეზე ტერორიზმის ბრალდებით სასამართლომ ხუთი დაღესტნელი ცნო დამნაშავედ

ფოტო: dglobe.com

გასული ორი კვირა დატვირთული აღმოჩნდა დაღესტანში ასევე ტერორიზმის ბრალდებით გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების მიხედვით, სადაც გენერალური პროკურატურის მონაცემებით, ტერორიზმთან დაკავშირებული დანაშაულების ყველაზე მზარდი ტემპი ფიქსირდება.

სხვადასხვა ისლამისტურ ორგანიზაციასთან, მათ შორის, რამდენიმე შემთხვევაში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ თანამშრომლობის გამო სხვადასხვა ვადით პატიმრობა დაღესტნის ხუთ მკვიდრს მიესაჯა. საქმეების ნაწილი რამდენიმე წლის წინ სირიაში მიმდინარე პროცესებში ჩართულობას უკავშირდება.

თითოეულ საქმეზე დეტალური ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულებს:    

ბმული 1

ბმული 2

ბმული 3

ბმული 4

ბმული 5

 

პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების ფარგლებში, დაღესტანში  QR კოდების სისტემა შემოვიდა    

საზოგადოებრივი დაწესებულებებით სარგებლობისთვის QR კოდების სისტემის შემოტანას დაღესტანში პარლამენტმა მხარი 25 ნოემბრის სესიაზე დაუჭირა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 62-მა დეპუტატმა, 4-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. რეგულაციის მთავარი მიზანი კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სტიმულირებაა.

კანონპროექტის მიღებას საზოგადოების ნაწილი პროტესტით შეხვდა. გადაწყვეტილების მოწინააღმდეგეების თქმით, ის ადამიანის ზოგად უფლებებსა და რესპუბლიკის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.    

 
დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.