X

პუბლიკაციები

სათაური ენა სფერო წელი

შეძლებს თუ ვერა ირანის ხელისუფლება ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სიტუაციის გამოსწორებას?

  • ავტორი: ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი
  • გამომცემელი: საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი
  • ტიპი: პუბლიკაცია
ქართული საერთაშორისო ურთიერთობები 2021

ბოლო წლებში, თეირანის მიმართ არსებული სანქციების გამკაცრების ფონზე, საგრძნობლად გაუარესდა ეკონომიკური მდგომარეობა ირანში - გაუფასურდა ეროვნული ვალუტა, გაიზარდა ინფლაცია, უმუშევრობა და ა.შ.

შეძლებს თუ ვერა ირანის ახალი ხელისუფლება ეკონომიკური სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლას?


ირანის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ეჰსან ხანდუზიმ ნოემბრის ბოლოს წარმოადგინა „ეკონომიკური საგზაო რუკის“ დეტალები, რომლის მიზანია ირანში არსებული ეკონომიკური სიტუაციის გამოსწორება.

აღნიშნული გეგმა 7 თავს მოიცავს და მიზნად ისახავს მთლიანი შიდა პროდუქტის (GDP) გაზრდას, ექსპორტის ხელშეწყობას, ოჯახებისთვის ხარჯების შემცირებას, მოქალაქეთა შემოსავლების ზრდას, სახელმწიფო ბიუჯეტისა და ფინანსური სექტორის რეფორმირებას, საგადასახადო სისტემის შეცვლასა და გამჭვირვალობის ზრდას.

ირანის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ეჰსან ხანდუზი

ამ გეგმის მიხედვით, ირანში:

  • მომავალ 15 თვეში უნდა შეიქმნას 1 850 000 ახალი სამუშაო ადგილი;
  • მომავალ 4 წელიწადში უნდა აშენდეს საცხოვრებელი 4 მილიონი ოჯახისთვის;
  • მომავალ 4 წელიწადში უნდა გაორმაგდეს არასანავთობო ექსპორტის მოცულობა.

მიზნები საკმაოდ ამბიციურია და ირანს მათი დიდი ნაწილის შესრულების პოტენციალიც აქვს, რომ არა ის მკაცრი სანქციები, რომლებიც ამ ქვეყანასთან მიმართებით არსებობს.

მაგალითად, გათვლილია, რომ 1 ახალი სამუშაო ადგილის შესაქმნელად 5 000 აშშ დოლარზე მეტის ინვესტიციის განხორციელებაა საჭირო. შესაბამისად, 1,85 მილიონი ახალი სამუშაო ადგილის შესაქმნელად დაახლოებით 10 მლრდ აშშ დოლარის მობილიზებაა აუცილებელი. ირანის ბიუჯეტი კი სანქციების გამო ყოველთვის დეფიციტურია და ძნელი იქნება ასეთი თანხების მოძიება.

იგივე ითქმის მილიონობით ადამიანის საცხოვრებლით დაკმაყოფილების პროგრამაზეც. ამგვარი სამშენებლო პროგრამები ჰქონდა ირანის წინ მთავრობებსაც, მაგრამ მათაც მსგავსი ფინანსური პრობლემების გამო ვერ შეძლეს დაგეგმილი სამუშაოების განხორციელება.

რაც შეეხება არასანავთობო ექსპორტის მოცულობის (35 მლრდ აშშ დოლარი) გაორმაგებას, აქაც მთავარი პრობლემა არსებული სანქციებია, რომელიც არ იძლევა სტაბილური და მზარდი ექსპორტის განხორციელების საშუალებას (მაგალითად, დღემდე შეუძლებელია უცხოეთიდან ირანში და ირანიდან უცხოეთში თანხების გადარიცხა ბანკების საშუალებით).

ეს სანქციები აქამდეც ხელს უშლიდა ირანის ეკონომიკურ წინსვლას და მომავალშიც ხელს შეუშლის. შესაბამისად, ირანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათი გაუქმება, რასაც, როგორც წესი, ყოველთვის მოითხოვს თეირანი დასავლეთისგან.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე ამ მიმართულებით პროგრესი არ შეიმჩნევა, რაც იმის წინაპირობაა, რომ ეკონომიკური პრობლემები ირანში, დიდი ალბათობით, მომავალშიც გაგრძელდება.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.