X

პუბლიკაციები

სათაური ენა სფერო წელი

ჩრდილოეთ კავკასიის მაუწყებელი (გამოცემა 9, დეკემბერი 16-31, 2021)

  • ავტორი: ბადრი ბელქანია, რონდელის ფონდის მკვლევარი
  • გამომცემელი:
  • ტიპი: პუბლიკაცია
ქართული საერთაშორისო ურთიერთობები 2022

„ჩრდილოეთ კავკასიის მაუწყებელი“ არის ორკვირეული დაიჯესტი, რომელიც რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ მოვლენებს აღწერს. რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკების მთავარი სიახლეების მონიტორინგის მიზანია რეგიონში არსებულ ძირითად პოლიტიკურ და სოციალურ ტენდენციებზე დაკვირვება და მკითხველის შესაბამისი ცნობებით ინფორმირება. დაიჯესტი ეყრდნობა როგორც ადგილობრივ და რეგიონალურ წყაროებს, ისე სხვადასხვა ინტერნეტპორტალსა და სოციალურ ქსელში გავრცელებულ სანდო და გადამოწმებულ ინფორმაციას. თითოეული ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკის ადგილობრივი სიახლეების მიღმა, დაიჯესტში ასევე ცალკე თავებადაა გამოყოფილი რეგიონის ურთიერთობა მოსკოვთან, როგორც ფედერაციულ ცენტრთან, და ჩრდ. კავკასიური რესპუბლიკების კავშირები საქართველოსთან, მათ შორის, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან.

 

ჩრდილოეთი კავკასია და ცენტრი

სასამართლოს გადაწყვეტილებით „მემორიალი“ ლიკვიდირებულია

ფოტო: svoboda.org

რუსეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, უფლებადამცველი ორგანიზაცია „მემორიალი“ ლიკვიდირებულია. გენერალური პროკურატურა ორგანიზაციას „უცხო ქვეყნის აგენტებზე “ კანონის მრავალჯერ დარღვევას ედავებოდა. უფლებადამცველების და სამოქალაქო აქტივისტების მოსაზრებით, სახელმწიფო „მემორიალს“ მისი საქმიანობის გამო ებრძვის.

„მემორიალის“ გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა „ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ“, რომელმაც რუსეთის ხელისუფლებას გადაწყვეტილების ძალაში შეყვანის გადადება იმ დრომდე მოსთხოვა, სანამ „სტრასბურგის სასამართლო“ „უცხო ქვეყნის აგენტების“ კანონთან დაკავშირებით შეტანილ სარჩელზე საბოლოო ვერდიქტს არ გამოაცხადებს. 

ლიკვიდაციამდე რამდენიმე დღით ადრე ორგანიზაციამ ჩრდილოეთკავკასიურ რესპუბლიკებში შემოდგომის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების შეჯამება გამოაქვეყნა.

„მემორიალმა“ ყურადღება, ძირითადად, „ინგუშების საქმეზე“ სასამართლოს მკაცრ განაჩენსა და ჩეჩნეთში ოპოზიციასა და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ხალხის უკანონო დევნაზე გაამახვილა.

„მემორიალის“ ანგარიში ასევე შეეხო სექტემბერში გამართულ „სახელმწიფო დუმას“ არჩევნებს. ანგარიშის ავტორების განცხადებით, არჩევნებში გაგრძელდა ე.წ. „ელექტორალური სასულთნოს“ ტრადიცია, რომელიც ტოტალიტარულ რეჟიმებს ახასიათებთ და მმართველი პარტიისა და მისი კანდიდატების 100-თან მიახლოებული პროცენტებით გამარჯვებას გულისხმობს.  

 

ჩრდილოეთკავკასიური რესპუბლიკები ფედერაციის მასშტაბით აუტსაიდერებს შორის რამდენიმე სოციალურ-ეკონომიკური ნიშნით მოხვდნენ

2021 წელი მძიმე გამოდგა ჩრდილოეთკავკასიური რესპუბლიკებისთვის, რომლებიც სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლის მიხედვით შედგენილ რეიტინგებში, ძირითადად, აუტსაიდერებში არიან.

ჩრდილოეთ კავკასიის ხუთი რესპუბლიკა (დაღესტანი, ჩრდილოეთი ოსეთი, ყარაჩაი ჩერქეზეთი, ინგუშეთი და ყაბარდო-ბალყარეთი) რუსეთის მასშტაბით აუტსაიდერებს შორის მოხვდა იმ ადამიანების საშუალო წილით, რომლებიც დადგენილ საარსებო მინიმუმზე ნაკლებ ხელფასს იღებენ.

ჩრდილოეთკავკასიურ რესპუბლიკებს ასევე დაბალი მაჩვენებელი აქვთ „რია ნოვოსტის“ რეიტინგში, პენსიონერებისთვის სამუშაო ბაზრის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. ამ მხრივ ყველაზე ცუდი შედეგი ჩეჩნეთმა აჩვენა, რომელზე უარესი მდგომარეობა ფედერაციის მასშტაბით მხოლოდ ალთაის რესპუბლიკაშია.

 

ჩრდილოეთი კავკასია და საქართველო

უამინდობის გამო „საქართველოს სამხედრო გზა“ შეფერხებებით მუშაობს

ფოტო: oc-media.org

დიდთოვლობის გამო დეკემბრის მეორე ნახევარში ჩრდილოეთ ოსეთიდან საქართველოსკენ მომავალი ე.წ. „საქართველოს სამხედრო გზა“ რამდენჯერმე გადაიკეტა. შეზღუდვა ყველა სახის ტრანსპორტზე გავრცელდა.

ჩრდილოეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, გზაზე ავტომობილების გადაადგილებისთვის უსაფრთხოების ზომების დაცვას უამინდობა ართულებს.

 

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

ზელიმხან ხანგოშვილი. ფოტო: bbc.com

გერმანიის სასამართლომ 15 დეკემბერს რუსეთის მოქალაქე ვადიმ კრასიკოვს საქართველოს მოქალაქის, პანკისელი ჩეჩნის - ზელიმხან ხანგოშვილის განზრახ მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა - სასჯელი 27 დეკემბრიდან ამოქმედდა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ  რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი ასევე გამოაცხადა ქვეყნისთვის არასასურველ პირებად. გამოძიების ინფორმაციით, ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთის ოფიციალური მმართველი პირების  დაკვეთილი იყო.

შეგახსენებთ, რომ ჩეჩნეთის ომის მონაწილე ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის აგვისტოში ბერლინში მოკლეს. მომხდარმა ამბავმა გერმანიისა და რუსეთის ურთიერთობა საგრძნობლად გააუარესა.

 

ადიღეს რესპუბლიკა

სასამართლომ ადიღეს მკვიდრი სოციალურ ქსელში სამართალდამცავ ორგანოთა კრიტიკის გამო დააჯარიმა

27 დეკემბერს მაიკოპის საქალაქო სასამართლომ ადგილობრივი მაცხოვრებელი როგორც ეროვნული ნიშნით, ასევე სამართალდამცავ ორგანოთა მიმართ ზიზღის გაღვივების საქმეში დამნაშავედ ცნო და 10 ათასი რუბლით დააჯარიმა.

ოფიციალური ვერსიით, ადიღეს მკვიდრმა სოციალურ ქსელ „ვკონტაქტე“-ში კომენტარი გამოაქვეყნა, რომელიც „მიზნად ისახავდა ცალკეული ეროვნებისა და ასევე, სამართალდამცავი ორგანოების დისკრედიტაციას.“

 

ყარაჩაი-ჩერქეზეთი

ყარაჩაი-ჩერქეზეთის დეპუტატის უკანონო გარიგებამ რესპუბლიკა 6 მილიონი რუბლით აზარალა

ყარაჩაი-ჩერქეზეთში საქმე აღიძრა უძრავი ქონებისა და მიწების ყოფილ მინისტრსა და ამჟამად რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატზე, რომელსაც ბრალად ედება 2012 წელს კომერციული სტრუქტურისთვის სახელმწიფო უძრავი ქონების 6 მილიონი რუბლით ნაკლებ ფასად გასხვისება.

პროკურატურამ საქმე  სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით სასამართლოს გადასცა. საქმეს ჩერსკესკის საქალაქო სასამართლო განიხილავს.

 

ყაბარდო-ბალყარეთი

ადგილობრივმა აქტივისტებმა ყაბარდო-ბალყარეთში მცხოვრები სირიელი რეპატრიანტებისთვის დასახმარებელი აქცია გამართეს    

ფოტო: kavkaz-uzel.eu

ყაბარდო-ბალყარეთში ადგილობრივი აქტივისტების მიერ გამოშვებულ „2022 წლის ჩერქეზული კალენდრის“ გაყიდვით შემოსული თანხები სირიიდან ჩამოსული რეპატრიანტების დახმარებაში დაიხარჯება.

ასევე მეორე საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, აქტივისტებმა მოგროვებული ფულით სირიიდან გადმოსახლებული ჩერქეზული ოჯახისთვის სახლი იყიდეს. საქველმოქმედო აქცია 2015 წლიდან პერიოდულად იმართება. სირიაში მძიმე პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ყაბარდო-ბალყარეთში სირიელი ჩერქეზების რეპატრიაციის პროცესი გააქტიურებულია.

 

 ჩრდილოეთი ოსეთი

ჩრდილოეთ ოსეთში აცხადებენ, რომ რესპუბლიკის მეთაურისთვის კითხვების დასმის საშუალება არ მიეცათ

„კავკაზ რეალიის“ ინფორმაციით, ჩრდილოეთ ოსეთში ხალხის ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ პირდაპირ ეთერში პრესკონფერენციის დროს   რეგიონის მეთაურის სერგეი მენიაილოსთვის კითხვების დასმის საშუალება არ მიეცათ.

მათი სიტყვებით, მენიაილოსთან დაკავშირების საშუალება სპეციალურად იბლოკებოდა, რათა უკმაყოფილო საზოგადოებას მძიმე სოციალურ საკითხებზე კითხვები არ დაესვა, როგორიცაა საკვებ პროდუქტებსა და წამლებზე ფასების სწრაფი ზრდა, უმუშევრობა და დაბალი ხელფასები.

 

უკანონო დევნის გამო ჩრდილოეთ ოსეთის პროკურატურამ საჯარო მოხელეს ოფიციალურად მოუბოდიშა

ჩრდილოეთ ოსეთის პროკურატურამ ოფიციალურად მოუბოდიშა მოსახლეობის დასაქმების რესპუბლიკური კომიტეტის ყოფილ უფროსს ირინა ძგოევას, რომელსაც უფლებამოსილებით ბოროტად სარგებლობას, სამსახურებრივ თაღლითობასა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციას ედავებოდა.

აღნიშნულ საქმეებზე ირინა ძგოევა სასამართლომ ერთი წლის წინ გაამართლა, თუმცა პროკურატურამ ოფიციალური ბოდიშის წერილი მხოლოდ ახლა გამოაქვეყნა. თავად ირინა ძგოევამ, რომელსაც უფლება აქვს მორალური ზიანისთვის სასამართლოში სარჩელი შეიტანოს, ამ ფაქტზე კომენტარისგან თავი შეიკავა და მხოლოდ აღნიშნა, რომ „მორალურ კმაყოფილებას“ გრძნობს.

 

ინგუშეთი

მაგასის აეროპორტმა საერთაშორისო სტატუსი მიიღო

         

ფოტო: rbc.ru

სულამბეკ ოსკანოვის სახელობის მაგასის აეროპორტი ინგუშეთში საერთაშორისო სტატუსის მატარებელი გახდა. მაგასის აეროპორტმა საერთაშორისო ავიარეისების შესრულების უფლება 17 დეკემბერს მიიღო.

„ჩვენ ამ დღეს 20 წელი ველოდით“, - განაცხადა მაგასის აეროპორტის პრეს-სამსახურმა. მათი ცნობით, ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუ როდის შესრულდება პირველი საერთაშორისო რეისი, თუმცა წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია.

 

„ინგუშების საქმის“ ვერდიქტმა საზოგადოებისა და უფლებადამცველების აღშფოთება გამოიწვია


ფოტო: livejournal.com

ინგუში აქტივისტების საქმეზე სასამართლოს 15 დეკემბრის მკაცრმა გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვით, აქტივისტებს 7.5-დან 9-წლამდე პატიმრობა მიესაჯათ, საზოგადოების სხვადასხვა ნაწილის აღშფოთება გამოიწვია.

აქტივისტების მხარდამჭერებმა განაცხადეს, რომ მათ ზუსტად იცოდნენ, რომ საბოლოო ვერდიქტი პოლიტიკურად მოტივირებული იქნებოდა, თუმცა ასეთ მკაცრ განაჩენს არ მოელოდნენ.

ცნობილმა რუსმა ჟურნალისტმა მაქსიმ შევჩენკომ საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება „განსაცვიფრებელია თავისი სისასტიკით“. გადაწყვეტილება გააკრიტიკეს სხვა საზოგადო მოღვაწეებმაც, მათ შორის, ადგილობრივმაც.

18 დეკემბერს რესპუბლიკის სხვადასხვა წერტილში ინგუში აქტივისტების მხარდამჭერებმა ერთკაციანი პიკეტები მოაწყვეს, რომლებიც ძალოვანი სტრუქტურების ჩარევით შეწყდა.

 

ინგუშეთისა და ჩეჩნეთის მაცხოვრებლებს შორის საგზაო კონფლიქტი სროლაში გადაიზარდა

ინგუშეთის რესპუბლიკის ნაზრანოვსკის რაიონში ფედერალურ საავტომობილო გზაზე ინგუშეთისა და ჩეჩნეთის მაცხოვრებლებს შორის საგზაო შემთხვევის გარშემო დაწყებული შელაპარაკება ხელჩართულ ჩხუბსა და პნევმატური იარაღიდან სროლაში გადაიზარდა.

წყაროს ინფორმაციით, ჩხუბი სამართალდამცავებმა გააჩერეს, მონაწილე პირები კი დააკავეს. დაზარალებულთა შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ამ ეტაპზე არ მოიპოვება, თუმცა გავრცელებული ცნობებით, ერთ-ერთი მათგანი ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერის ვაჰიდ უსმაევის შვილია. მიუხედავად დაპირისპირებისა, მხარეებმა პოლიციაში განცხადების შეტანაზე უარი თქვეს.

 

ჩეჩნეთი

უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების რაოდენობით ჩრდილოეთ კავკასიაში ჩეჩნეთი ლიდერობს

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების რაოდენობით ჩეჩნეთი ჩრდილოეთ კავკასიაში პირველ, ხოლო მთელი რუსეთის მასშტაბით მესამე ადგილს იკავებს.

უფლებადამცველები და სამოქალაქო აქტივისტები ამ ტენდენციას ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების მიმართ ხელისუფლების დევნას უკავშირებენ.

 

გასულ ორ კვირაში რამზან კადიროვმა რამდენიმე რეზონანსული განცხადება გააკეთა

რამზან კადიროვი. ფოტო: ipi.media

26 დეკემბერს პირდაპირ ეთერში პრესკონფერენციისას ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა განაცხადა: ჩემი პირადი აზრით, „უკრაინელები ჩვენი ხალხია, ჩვენი ტერიტორიაა“.

„ჩემთვის რომ დაევალებინათ, დიდი ხნის წინ გადავწყვეტდი ამ საკითხს: ან შემოვუერთებდი ჩეჩნეთის რესპუბლიკას უკრაინას, ან დიდი ხნის წინ წავიღებდი - საკითხს გადავწყვეტდი“, - განაცხადა კადიროვმა პრესკონფერენციაზე.

ჩეჩნეთის მეთაურმა ასევე განაცხადა: ჩემი „ღრმა რწმენით, თუ ბატონი ზელენსკი და მისი გუნდი ასე მოქცევას გააგრძელებს, უკრაინა ჩვენს ქვეყანას უნდა შემოვუერთოთ.“ კადიროვმა ისიც თქვა, რომ ყირიმის დაბრუნების დროს კიევის აღების საჭიროებაზეც საუბრობდა.

ჩეჩნეთის მეთაურის განცხადებას რუსეთსა და მის ფარგლებს გარეთ დიდი რეზონანსი მოჰყვა. კრიტიკოსების დიდმა ნაწილმა ჩათვალა, რომ კადიროვმა ეს განცხადება ვლადიმერ პუტინის მაამებლად გააკეთა. მოგვიანებით განმარტების გაკეთება თავად კადიროვსაც მოუწია, რომლის სიტყვებით, განცხადება ფედერაციულ ცენტრთან არ შეუთანხმებია და თავისი პირადი მოსაზრება იყო.

პრესკონფერენციამდე რამდენიმე დღით ადრე კადიროვი ასევე მწვავედ გამოეხმაურა თურქეთში, ქალაქ ქიორფეზში, იჩქერიის პირველი პრეზიდენტის ჯოხარ დუდაევის სახელობის პარკისა და მონუმენტის გახსნას.

კადიროვმა ღია წერილით მიმართა თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს და აღნიშნა, რომ სანამ თურქეთი „ბანდიტების“ თავშესაფარია და ტერორისტებს პარკებს უხსნის, ჩეჩნეთი იტოვებს საპასუხო მოქმედების უფლებას.

„ან თქვენ იღებთ სტატუსს სახელმწიფოსი, რომელიც საჯაროდ უჭერს მხარს ტერორისტებს, ან რუსეთთან ღია და სამართლიან ურთიერთობებს დაუჭერთ მხარს“, - დასძინა კადიროვმა და ერთ-ერთ შესაძლო საპასუხო ქმედებად თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეულ „ქურდისტანის მშრომელთა პარტიის“ პატიმრობაში მყოფი ლიდერის აბდულა ოჯალანის მონუმენტის გროზნოში გახსნა დაასახელა.

 

ჩეჩნეთში კადიროვის ხელისუფლების კრიტიკოსი ბლოგერების ოჯახის წევრები გაუჩინარდნენ

რამზან კადიროვის პრესკონფერენციამდე რამდენიმე დღით ადრე დევნილობაში მყოფმა რამდენიმე ჩეჩენმა ოპოზიციონერმა ბლოგერმა ჩეჩნეთში მცხოვრები საკუთარი ოჯახის წევრების გაუჩინარების შესახებ ერთდროულად  განაცხადა.

მათ შორის არიან თურქეთში მცხოვრები ჰასან ხალიტოვი, შვედეთში მცხოვრები ტუმსო აბდურაჰმანოვი, გერმანიაში მცხოვრები მინკაელ მალიზაევი და ჩეჩნური უფლებადამცველი ორგანიზაციის „ვაიფონდის“ ლიდერი მანსურ სადულაევი.

ბლოგერების განცხადებით, მათი ოჯახის წევრები დაუდგენელი მიმართულებით ჩეჩენმა ძალოვნებმა გაიტაცეს და მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. შესაბამის უწყებებს ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება არ გაუვრცელებია, თუმცა პრესკონფერენციაზე ამ თემას რამზან კადიროვი შეეხო.

ჩეჩნეთის მეთაურმა არ უარყო გავრცელებული ცნობები ბლოგერების ოჯახის წევრების გაუჩინარებასთან დაკავშირებით, თუმცა დასძინა, რომ ბლოგერების ოჯახის წევრებისა და ნათესავების გაუჩინარებაში დამნაშავე, სავარაუდოდ, „ის ადამიანები არიან, რომელთაც მათ (ბლოგერებმა) შეურაცხყოფა მიაყენეს.“

 

სოკუროვმა პუტინთან შეკამათების გამო მოიბოდიშა და ჩეჩნებისგან მუქარის შესახებ განაცხადა          

ცნობილმა რუსმა რეჟისორმა და რუსეთის პრეზიდენტთან არსებული ადამიანის უფლებების საბჭოს წევრმა ალექსანდრ სოკუროვმა წერილით მიმართა საბჭოს სხვა წევრებს, სადაც ვლადიმერ პუტინთან საჯარო შეხვედრის დროს თავისი გამოსვლის გამო ბოდიში მოიხადა.

„ვხედავ, როგორი აღშფოთება გამოიწვია ჩემმა ქცევამ ეროვნულ პრესასა და ადმინისტრაციულ-ძალოვან წრეებში. დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მრავალ უსიამოვნებას შეეჩეხეთ. გულწრფელად ვწუხვარ ამის გამო,“ - განაცხადა სოკუროვმა მიმართვაში.

მან ასევე აღნიშნა, რომ მეგობრები ატყობინებენ იმ შეურაცხმყოფელი გამოხმაურებების შესახებ, რომლებიც „ჩეჩნური სექტორიდან“ მოედინება. „ვიცი, რომ ქვეყანაში არავინ დაიცავს პრეზიდენტის საბჭოს წევრის ღირსებასა და პატივს. ჩემი მეგობრები მატყობინებენ, რომ ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ჩემი სიცოცხლის ერთადერთი გარანტია პრეზიდენტის მხრიდან ესოდენ რადიკალური განვითარებისთვის ხელის შეშლა შეიძლება იყოს“, - განაცხადა სოკუროვმა.

აჟიოტაჟი სოკუროვის გარშემო მას შემდეგ ატყდა, რაც ცნობილმა რეჟისორმა პუტინს პირდაპირ ეთერში სხვა საკითხებთან ერთად ისიც განუცხადა, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში უამრავი პოლიტიკური, კულტურული, ემოციური და ეკონომიკური პრობლემაა. მან პრეზიდენტს შესთავაზა, რომ რუსეთმა „გაუშვას“ ის ტერიტორიები, რომელთაც რუსებთან თანაცხოვრება არ სურთ.

სოკუროვის გამოსვლას პუტინის მკაცრი პასუხი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტმა რეჟისორს მოუწოდა მგრძნობიარე საკითხებს მეტი სიფრთხილით შეეხოს. მოგვიანებით პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ სოკუროვი „ძალიან არაპროფესიონალურად და საგნის ცოდნის გარეშე შეეხო ძალიან მნიშვნელოვან და დელიკატურ თემებს“.

სოკუროვის გამოსვლას გამოეხმაურა ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვიც, რომელმაც შესაბამის ორგანოებს რეჟისორის გამოსვლის სამართლებრივი შეფასებისკენ მოუწოდა. ჩეჩნეთის პარლამენტმა სოკუროვის გამოსვლასთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურას ოფიციალური მიმართვაც გაუგზავნა.

 

ჩეჩნეთში დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი ორჯერ შემცირდა

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 2021 წელს ყველაზე მეტად ჩეჩნეთში გაუარესდა, სადაც ის 58.8%-ით შემცირდა.

დანაშაულის გახსნის მაჩვენებელმა ჩრდილოეთ კავკასიის ყველა დანარჩენ რესპუბლიკაშიც იკლო. 

 

დაღესტანი

პუტინმა დაღესტნის მიმართ „განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე“ ისაუბრა

ვლადიმერ პუტინი. ფოტო: kavkazr.com

ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ვლადიმერ პუტინმა დაღესტანზე კითხვას უპასუხა, სადაც აღნიშნა, რომ ამ რესპუბლიკის მიმართ „განსაკუთრებული დამოკიდებულება“ აქვს.

პრეზიდენტს კითხვა „რია დაღესტნის“ ჟურნალისტმა მაგომედ მაგომედოვმა დაუსვა, სადაც აღნიშნა, რომ რესპუბლიკაში ელექტროენერგიითა და წყლით მომარაგების მუდმივი წყვეტაა, რამდენიმე მთაგორიან მუნიციპალიტეტს კი გაზი საერთოდ არ მიეწოდება.

პუტინმა ჟურნალისტს სთხოვა დაღესტნელებისთვის დამდეგი ახალი წელი მიელოცა და ჩამოთვლილი პრობლემების მოგვარება აღუთქვა.

 

დაღესტნის ექვსი მკვიდრი ტერორიზმის ბრალდებით გაასამართლეს

დონის როსტოვის სამხედრო სასამართლომ 20 დეკემბერს დაღესტნის ექვს მკვიდრს ტერორიზმის ბრალდებით 6.5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა 2019 წლის იანვარში ტერორისტული კავშირი შექმნეს და მასში სხვა პირების ჩართვაც მოახერხეს.

გასულ ორ კვირაში ტერორიზმის ბრალდებით დაღესტანში სხვა მოქალაქეებიც გაასამართლეს. მათგან ორს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 6 და 11 წლით პატიმრობა მიესაჯა.

 

2021 წელს დაღესტანმა ნაციონალური პროექტებისთვის განკუთვნილი 8 მილიარდი რუბლი ვერ აითვისა

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, დაღესტანმა 2021 წლისთვის დასახული პროექტების რეალიზაცია მხოლოდ 66%-ით მოახერხა, რაც 15.8 მილიარდ რუბლს შეადგენს. აუთვისებელი დარჩა დაახლოებით 8 მილიარდი რუბლი. აღსანიშნავია, რომ რესპუბლიკამ პროექტებისთვის გამოყოფილი ფინანსების ათვისება ვერც გასულ წლებში მოახერხა.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.