X

პუბლიკაციები

სათაური ენა სფერო წელი

რატომ დაიძაბა თურქეთ-ერაყის ურთიერთობები?

  • ავტორი: ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი
  • გამომცემელი:
  • ტიპი: პუბლიკაცია
ქართული საერთაშორისო ურთიერთობები 2022

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების მიმოხილვა

No 45

 

ივლისის მეორე ნახევარში კიდევ ერთხელ დაიძაბა თურქეთ-ერაყის ურთიერთობები.

რატომ დაიძაბა მათ შორის ურთიერთობები და რა შეიძლება მოჰყვეს ამას?

 ქ. ზახო ზედ ერაყ-თურქეთის საზღვარზე მდებარეობს

 

20 ივლისს ჩრდილოეთ ერაყში დაიბომბა დასასვენებელი პარკი ტურისტულ ქ. ზახოში, რის შედეგადაც ერაყის 9 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და  23 დაიჭრა.

ერაყმა ამ ინციდენტში თურქეთი დაადანაშაულა. ოფიციალური ანკარის განცხადებით კი, ამ ინციდენტზე პასუხისმგებლობა ამ რეგიონში მოქმედ PKK-ს („ქურთისტანის მუშათა პარტია“) ეკისრება.

ერაყმა თურქეთისადმი პროტესტის ნიშნად ანკარიდან კონსულტაციებზე გაიწვია საკუთარი საქმეთა დროებითი რწმუნებული ამ ქვეყანაში და საგარეო საქმეთა სამინისტროში დამატებითი ახსნა-განმარტებებისთვის დაიბარა თურქეთის ელჩი ბაღდადში.

პარალელურად დაიწყო ერაყელთა საპროტესტო გამოსვლები ერაყის იმ ქალაქებში, სადაც არსებობს თურქეთის დიპლომატიური წარმომადგენლობები.

კიდევ უფრო რადიკალურად ანტითურქული (და, შესაბამისად, ანტისუნიტური) შეფასებები გაკეთდა ერაყის შიიტი სასულიერო ლიდერების მხრიდან, რასაც შიიტურ-სუნიტური სექტარიანული დაპირისპირების გაღრმავების საფრთხე ახლავს.

ასევე გაისმა მოწოდებები შეწყდეს მჭიდრო ერაყულ-თურქული სავაჭრო ურთიერთობები, ჩაიკეტოს საზღვრები, შეჩერდეს საჰაერო მიმოსვლა და ა.შ. ეს კი ყველაზე მეტად ირანს აწყობს, რომელსაც შეეძლება უფრო მეტი თურქული საქონელი ჩაანაცვლოს ერაყის ბაზარზე.

მეორე მხრივ, სექტარიანული დაპირისპირების პერსპექტივა აშფოთებს ერაყის სუნიტურ თემს, სადაც თვლიან, რომ მათი უფლებები ისედაც შეზღუდულია შიიტური უმრავლესობის მხრიდან და თურქეთთან მათი სექტარიანული კავშირების გამო ეს სიტუაცია შესაძლოა კიდევ უფრო გაუარესდეს.

ერაყმა ზახოს დაბომბვის საკითხის გაეროში განხილვის მოთხოვნაც დააყენა და ამ საქმეში მას პანარაბული სოლიდარობის მოლოდინიც აქვს. თუმცა, მეორე მხრივ, თურქეთსაც არაერთი ბერკეტის ამოქმედება შეუძლია ერაყზე შესაძლო ზემოქმედებისთვის.

ერთ-ერთი ასეთი ბერკეტი ერაყის უმთავრესი წყლის რესურსის – მდინარეების ტიგროსისა და ევფრატის საკითხია. საქმე ისაა, რომ თურქეთს საკუთარ ტერიტორიაზე ამ მდინარეებზე აშენებული აქვს წყალსაცავებისა და ჰიდროელექტროსადგურების მთელი ჯაჭვი, რაც მას საშუალებას აძლევს საკუთარი შეხედულებებისამებრ გამოიყენოს ერაყის სოფლის მეურნეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ეს რესურსი (ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ანკარა არ არის მიერთებული წყლის რესურსებთან დაკავშირებით შემუშავებულ გლობალურ ხელშეკრულებებს, რაც შეზღუდავდა ამ რესურსის ცალმხრივად გამოყენების შესაძლებლობას).

 

სხვადასხვა ზომის თურქული სამხედრო ბაზები ჩრდილოეთ ერაყის ტერიტორიაზე

 

ასევე გასათვალისწინებელია ჩრდილოეთ ერაყში მდებარე თურქული სამხედრო ბაზების საკითხიც. ეს განსაკუთრებით ქ. მოსულის სიახლოვეს მდებარე ბაშიქას ბაზას ეხება, რომლის გაყვანას ოფიციალური ბაღდადი დიდი ხანია ითხოვს, რადგან მას განიხილავენ, როგორც თურქულ სამხედრო პლაცდარმს ერაყის ტერიტორიაზე. თურქეთი კი, ბუნებრივია, მის გაყვანას არ ჩქარობს.

ამგვარად, ცხადი ხდება, რომ თუ მხარეებმა ვერ შეძლეს მოლაპარაკება და შეთანხმების მიღწევა, შესაძლოა კიდევ ერთი სერიოზული დაპირისპირების წყარო გაჩნდეს ახლო აღმოსავლეთში.    

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.