X

პუბლიკაციები

სათაური ენა სფერო წელი

რა ხდება ირანში?

  • ავტორი: ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი
  • გამომცემელი:
  • ტიპი: პუბლიკაცია
ქართული საერთაშორისო ურთიერთობები 2022

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების მიმოხილვა

No 47

 

 უკვე ერთ კვირაზე მეტია ირანში შეუჩერებლად მიმდინარეობს საპროტესტო გამოსვლები, რაც 22 წლის ქალის - მაჰსა ამინის სიკვდილმა გამოიწვია. მას მორალის პოლიცია ჰიჯაბის არასწორად ტარებას ედავებოდა და იგი, ახლობლების მტკიცებით, ცემით მოკლეს პოლიციის განყოფილებაში.

 რა ხდება ირანში და რას შეიძლება ველოდოთ იქ?

 საპროტესტოდ გამოსული ირანელები მაჰსა ამინის პორტრეტებით

 

ქურთული წარმოშობის ირანის მოქალაქის მაჰსა ამინის სიკვდილის შემდეგ საპროტესტო გამოსვლები მთელ ირანს მოედო და ახლაც გრძელდება. იუწყებიან, რომ საერთო ჯამში ირანის 145 ქალაქში გამოვიდნენ მოქალაქეები საპროტესტოდ. აქციების მონაწილე ქალები, რომლებიც იქცნენ პროტესტის მოთავეებად, საჯაროდ წვავენ ჰიჯაბებს და მოითხოვენ ცვლილებებს (მათ შორის, ისმის რეჟიმის შეცვლის მოთხოვნებიც) ქვეყანაში.

საპროტესტო გამოსვლებს სამართალდამცავებთან შეტაკებებიც (მათ შორის, ხშირად ისმის სროლების ხმა) მოჰყვა, რასაც, სულ მცირე, 30 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. კიდევ უფრო მეტია დაშავებული.

საპროტესტო გამოსვლები მთელ ირანს მოედო

 

 მართალია, ამ საპროტესტო ტალღის საბაბი ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებაა, მაგრამ რეალური მიზეზი წლების განმავლობაში ქვეყანაში დაგროვილი პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემებია.

პოლიტიკურიდან გამოირჩევა ქალთა უფლებების მოთხოვნა. ასევე საგრძნობია ეკონომიკური პრობლემებიც: ცხოვრების დონე და ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში, წინა წლებთან შედარებით, საგრძნობლადაა გაუარესებული. Social Security Organization Research Institute-ის მონაცემებით, 2021 წლის ივნისში მინიმუმ 25 მილიონი ირანელი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობდა და ეს რიცხვი წელს, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაზრდილია.

მსგავსი მიზეზების გამო ირანს წინა წლებშიც (2009, 2017 და 2019 წლების გამოსვლები) ახსოვს საპროტესტო ტალღები, მაგრამ ისინი უშედეგოდ დასრულდა. დღეს კი ბევრი ფიქრობს, რომ ამჯერად სიტუაცია განსხვავებულია, რადგან ამ გამოსვლებში, წინა გამოსვლებისგან განსხვავებით, ჩართული არიან როგორც საშუალო, ისე შედარებით დაბალი კლასის წარმომადგენლები. 

აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად თითქმის უწყვეტი პროტესტისა, გამოსულებს ტრადიციული პრობლემებიც აწუხებს - პროტესტი არის სპონტანური, ერთიანი ლიდერისა და სამოქმედო გეგმის გარეშე. გაუმართავია მისი იდეოლოგიური მხარეც. საპროტესტო გამოსვლებს არც ერთიანი მოთხოვნები და არც იდეოლოგია არ გააჩნია. ასეთი მდგომარეობა, ერთი მხრივ, იწვევს ხელისუფლების ყურადღების გაფანტვას სხვადასხვა ჯგუფებზე. მაგრამ, მეორე მხრივ, ბუნებრივად ამცირებს საპროტესტოდ გამოსული მასების წარმატების შანსებსაც.

ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია, თუ ზუსტად რა შეიძლება მოჰყვეს ამ საპროტესტო ტალღას. თუმცა, ერთი რამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას - საპროტესტო გამოსვლები მომავალშიც გაგრძელდება, რადგან მისი გამომწვევი პრობლემები არ მოგვარებულა და არც უახლოეს ხანში არსებობს მათი მოგვარების პერსპექტივა. ამრიგად, მოსალოდნელია, რომ ეს საკითხები მომავალშიც ხშირად შეგვახსენებს თავს.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.