X

პუბლიკაციები

სათაური ენა სფერო წელი

რას ნიშნავს თურქულმა ბანკებმა რომ უარი თქვეს რუსული საბანკო გადახდების სისტემა MIR-ის ოპერირებაზე?

  • ავტორი: ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი
  • გამომცემელი:
  • ტიპი: პუბლიკაცია
ქართული საერთაშორისო ურთიერთობები 2022

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების მიმოხილვა

No 48

 

2022 წლის 27 სექტემბერს თურქულმა ბანკებმა განაცხადეს, რომ თურქეთის ტერიტორიაზე აჩერებენ რუსული საბანკო გადახდების სისტემა MIR-ის მოქმედებას.

რას ნიშნავს თურქეთის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მას?

თურქეთი, ძირითადად ეკონომიკური პრობლემების გამო, დღემდე არ არის მიერთებული რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების უმეტესობას და ბოლო დრომდე 5 თურქული ბანკი ჩართული იყო რუსულ საბანკო გადახდების სისტემა MIR-ში.

დიდი ხნის განმავლობაში თურქეთის სახელმწიფო ცდილობდა მდიდარი რუსეთის მოქალაქეებისა და რუსული კაპიტალის მიზიდვას თურქეთში, რითაც გარკვეულწილად ამცირებდა ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემების ასახვას თურქული ლირის კურსზე. ამ მხრივ მნიშვნელოვანი იყო, რომ 5 თურქული ბანკი იძლეოდა MIR-ის სისტემის გამოყენების საშუალებას როგორც ინდივიდუალური, ისე იურიდიული პირებისთვის (კომპანიებისთვის).

ამასობაში, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ აგვისტოში გააფრთხილა თურქული კომპანიები, რომ თავი შეეკავებინათ დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლისთვის. იქვე მიანიშნეს კიდეც, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში დაწესდებოდა მეორადი სანქციები. ეს კი, მკვეთრად უარყოფითად აისახებოდა როგორც ამ კომპანიებზე, ისე მთლიანად თურქეთის ეკონომიკაზე.

ამრიგად, სექტემბრის დასაწყისში ჯერ ორმა კერძო თურქულმა ბანკმა (İşbank და Denizbank) განაცხადა, რომ გადის ამ სისტემიდან, სექტემბრის ბოლოს კი უკვე დანარჩენმა სამმა სახელმწიფო ბანკმაც (Vakıfbank, Ziraat Bankası და Halkbank) შეაჩერა MIR-ის მომსახურება.

Vakıfbank, Ziraat Bankası და Halkbank იყვნენ ბოლო თურქული სახელმწიფო ბანკები, რომლებიც MIR-ის საბანკო სისტემით სარგებლობის საშუალებას  იძლეოდნენ

გამომცემლობა Bloomberg-ი იმ ფაქტზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ სახელმწიფო ბანკებმა თავიანთი გადაწყვეტილება თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ნიუ-იორკში სტუმრობის შემდეგ გამოაცხადეს, სადაც, სავარაუდოდ, ამერიკულ მხარესთან ამ თემაზეც იყო საუბარი.

მართალია, თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ იგი  MIR-ის ჩანაცვლებას რაიმე სხვა ალტერნატივით ცდილობს, მაგრამ ამ ეტაპზე ბუნდოვანია, რა შეიძლება იყოს მისი ჩამნაცვლებელი, მით უმეტეს, რომ შეერთებული შტატები მკაცრად აკვირდება რუსი ოლიგარქებისა და რუსული კაპიტალის ყველანაირ მოქმედებას მთელ მსოფლიოში.  

ამრიგად, რუსეთის მოქალაქეები, რომელთა რაოდენობაც თურქეთში განსაკუთრებით პუტინის მიერ მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ გაიზარდა და თავს იქ საკმაოდ კომფორტულადაც გრძნობდნენ, სავარაუდოდ, სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდებიან.      

 

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.