X

პუბლიკაციები

სათაური ენა სფერო წელი

ჩრდილოეთ კავკასიის მაუწყებელი (გამოცემა 23, ნოემბერი 15-30, 2022)

  • ავტორი: ბადრი ბელქანია, რონდელის ფონდის მკვლევარი
  • გამომცემელი:
  • ტიპი: პუბლიკაცია
ქართული საერთაშორისო ურთიერთობები 2022

„ჩრდილოეთ კავკასიის მაუწყებელი“ არის ორკვირეული დაიჯესტი, რომელიც რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ მოვლენებს აღწერს. რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკების მთავარი სიახლეების მონიტორინგის მიზანია რეგიონში არსებულ ძირითად პოლიტიკურ და სოციალურ ტენდენციებზე დაკვირვება და მკითხველის შესაბამისი ცნობებით ინფორმირება. დაიჯესტი ეყრდნობა როგორც ადგილობრივ და რეგიონალურ წყაროებს, ისე სხვადასხვა ინტერნეტპორტალსა და სოციალურ ქსელში გავრცელებულ სანდო და გადამოწმებულ ინფორმაციას. თითოეული ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკის ადგილობრივი სიახლეების მიღმა, დაიჯესტში ასევე ცალკე თავებადაა გამოყოფილი რეგიონის ურთიერთობა მოსკოვთან, როგორც ფედერაციულ ცენტრთან, და ჩრდ. კავკასიური რესპუბლიკების კავშირები საქართველოსთან, მათ შორის, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან.

 

ჩრდილოეთი კავკასია და ცენტრი

ФСБ-მ ჩრდილოეთ კავკასიაში იარაღის იატაკქვეშეთში დამზადების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა

ფოტო: kavkaz-uzel.eu

 

რუსეთის სამხრეთ რეგიონებში, მათ შორის, ინგუშეთსა და ჩრდილოეთ ოსეთში, იარაღის იატაკქვეშეთში დამზადების, მოდერნიზაციისა და უკანონოდ გაყიდვის ბრალდებით ეჭვმიტანილები დააკავეს.

სპეცსამსახურების ცნობით, სამხრეთის რეგიონებიდან 304 უცხოური და რუსული წარმოების ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. მათ დამზადებაში ეჭვმიტანილია 68 ადამიანი, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართული იარაღის წარმოებაში.

 

ჩრდილოეთი კავკასია და საქართველო

Эхо Кавказа: ეთნიკურ ოსებს საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ეუბნებიან

გამოცემა Эхо Кавказа სტატიას აქვეყნებს, რომლის მიხედვით, ეთნიკურად ოსების ნაწილს, რომელთაც საქართველო 90-იან წლებში დატოვეს, სახელმწიფო მოქალაქეობის აღდგენაზე უარს ეუბნება.

გამოცემამ გამოკითხა კონკრეტული პირები, რომელთაც საქართველოსგან მოქალაქეობის მიღებაზე უარი რამდენჯერმე მიიღეს. ერთ-ერთი გამოკითხულის თქმით, ის საქართველოში დაიბადა და გაიზარდა, რუსეთში კი 1990-იან წლებში საქართველოს პასპორტით გადავიდა.

„2007 წელს მე რუსეთის მოქალაქეობა მომცეს. საქართველოში 2017 წელს დავბრუნდი და მას შემდეგ აქ ვცხოვრობ“ – ჰყვება რესპონდენტი. მიუხედავად ამისა, მას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე უარი უთხრეს. „მე აქ დავიბადე, აქ გავიზარდე, აქ ცხოვრობენ ჩემი მშობლები, აქ მაქვს სახლი, სხვაგან არსად, მაგრამ ისინი მაინც უარს მეუბნებიან“, - ამბობს რესპონდენტი.

ომბუდსმენის მონაცემებზე დაყრდნობით, 1989-1992 წლების კონფლიქტის დროს საქართველო 70 ათასმა ეთნიკურად ოსმა დატოვა. მათი უმეტესობა რუსეთის ფედერაციაში გადავიდა. Эхо Кавказа-ს ცნობით, მათ ნაწილს საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნება სურს, თუმცა სახელმწიფო ბევრ მათგანს უარს ეუბნება.

 

ჩეჩნეთში საქართველოსკენ გზის მშენებლობის საკითხი კვლავ წამოიჭრა

იტუმ-ყალე. ფოტო: tripadvisor

 

ჩეჩნეთის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად გამოცემაში Грозный Информ იტუმ-ყალეს რაიონის გავლით საქართველოსკენ პირდაპირი საავტომობილო გზის გახსნის საჭიროებაზეა ლაპარაკი. სტატიის მიხედვით, გზის მშენებლობა „სხვადასხვა რეგიონსა და ქვეყანას შორის მეგობრულ და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბებას შეუწყობდა ხელს“.

სტატიაში ასევე ეხებიან პოტენციური გზის ეკონომიკურ და ლოგისტიკურ სარგებელს. ავტორის და იმ ექსპერტების აზრით, რომლებსაც სტატიის ფარგლებში გაესაუბრნენ, გზა ტვირთების გადატანას გაამარტივებდა და შეამცირებდა მრავალკილომეტრიან საცობებს ლარსის სასაზღვრო პუნქტთან. „მაგისტრალი გაზრდის ტვირთბრუნვას საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის, რაც, შესაბამისად, საშუალებას მოგვცემს ჩეჩნეთის რესპუბლიკის ექსპორტი გავზარდოთ“, - წერია სტატიაში.

ჩეჩნეთიდან საქართველოსკენ გზის მშენებლობაზე საუბრები დიდი ხანია მიმდინარეობს. ამაზე კომენტარი 2019 წელს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმაც გააკეთა და მაგისტრალის გაყვანას „კარგი იდეა“ უწოდა. საკითხთან დაკავშირებით ქართულმა მხარემ უარყოფითი პოზიცია რამდენჯერმე დააფიქსირა. 2022 წლის საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროში განაცხადეს, რომ ეს საკითხი არ განხილულა და ეს განხილვა არც იგეგმება.

 

ადიღეს რესპუბლიკა

ადიღეში, სავარაუდოდ, უკრაინაში მოკლული მებრძოლების საფლავები აღმოაჩინეს

ფოტოკოლაჟი: kavkazr.com

 

ადიღესა და კრასნოდარის მხარეში, სავარაუდოდ, უკრაინაში დაღუპული რუსი სამხედროების ახალი საფლავები აღმოაჩინეს. ამაზე მიუთითებს  სამხედრო ფორმაში გამოწყობილების ფოტოები, ყვავილები, გარდაცვალების თარიღი და საფლავების მდებარეობა „გმირების ველზე“.

აღსანიშნავია, რომ ამ სამხედროების სიკვდილის შესახებ ოფიციალური ცნობები არ გავრცელებულა, მათი საფლავები კი „ტელეგრამის“ მომხმარებელმა ვიტალი ვოტანოვსკიმ აღმოაჩინა, რომელსაც პლატფორმაზე თავისი პირადი არხი აქვს.

უკრაინაში, რუსეთის სრულფასოვანი სამხედრო აგრესიის ფონზე, ხშირად ვრცელდება ცნობები დაღუპულ რუს სამხედროებზე, რომელთა შესახებ ინფორმაციაც ოფიციალურად არ საჯაროვდება.

 

ყარაჩაი-ჩერქეზეთი

Кавказский Узел: უკრაინაში ჩერქეზული ბატალიონის ჩამოყალიბება ამ ეტაპზე მიუღწეველი მიზანია

გამოცემა Кавказский Узел-ი წერს, რომ იბრაჰიმ იაგანოვის განცხადებამ უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ჩერქეზული ბატალიონის ჩამოყალიბების შესახებ საზოგადოების ინტერესი გამოიწვია, თუმცა ბატალიონში ჩაწერის მსურველები ნაკლებად იქნებიან. გამოცემაში გამოთქმული მოსაზრება, რომ იდეის ფართოდ განხორციელებას პერსპექტივა არ აქვს, ჩერქეზ აქტივისტებთან გასაუბრებას ეფუძნება.

20 ნოემბერს ჩერქეზმა ვეტერანმა მებრძოლმა იბრაჰიმ იაგანოვმა ჩერქეზული ბატალიონის შექმნა დააანონსა, თუმცა სხვა ჩერქეზი აქტივისტების აზრით, ამ იდეას საზოგადოება დიდი ენთუზიაზმით არ შეხვედრია.

მათი განცხადებით, ამ თემაზე ფართო საზოგადოებრივი დისკუსია არ მიმდინარეობს და მხოლოდ ცალკეული პირები საუბრობენ. აქტივისტების თქმით, არსებობს ხალხი, ვინც ამ იდეას მხარს უჭერს პოლიტიკურ დონეზე, მაგრამ ასევე დიდია იმ ხალხის რაოდენობა, რომელიც იდეას ეწინააღმდეგება. ეს არ ნიშნავს, რომ ჩერქეზები უკრაინაში რუსეთის ქმედებებს უჭერენ მხარს, მაგრამ მათ ჩერქეზი ხალხის ომში ჩართვა არ სურთ, – ფიქრობენ აქტივისტები.

პატიმრობაში მყოფი სამხედრო პირი ყარაჩაი-ჩერქეზეთიდან „ფსბ“-ში წამების ფაქტებზე საუბრობს

სამხედრო პირი ყარაჩაი-ჩერქეზეთიდან, რომელმაც მონაწილეობა უკრაინაში მიმდინარე ომშიც მიიღო, ჰყვება თუ როგორ აწამეს „ფსბ“-ს თანამშრომლებმა, რათა მისთვის აღიარებითი ჩვენების მიცემა ეიძულებინათ.

სამხედრო პირის თქმით, 29 სექტემბერს დაპატიმრების შემდეგ ის ვლადიკავკაზში გადაიყვანეს, სადაც სასტიკად აწამეს - „ფსბ“-ს თანამშრომლები მას აიძულებდნენ უცხო ქვეყანასთან თანამშრომლობა ეღიარებინა.

„წამების სააწინააღმდეგო გუნდის“ ცნობით, სამხედრო პირს ასევე ემუქრებოდნენ, რომ გაუპატიურების საქმეს მოუგონებდნენ. უფლებადამცველები აპირებენ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით შესაბამის უწყებებს აცნობონ. თავად სამხედრო პირის განცხადებით, „ფსბ“ მისი საქმის ფაბრიკაციას ცდილობს. 

 

ყაბარდო-ბალყარეთი

ყაბარდო-ბალყარეთში „ანტიტერორისტული სწავლების“ გამო სკოლა პროკურატურამ შეამოწმა

ყაბარდო-ბალყარეთში სკოლაში პროკურატურამ მოკვლევა ჩაატარა მას შემდეგ, რაც მოსწავლეებმა „ანტიტერორისტული სწავლება“ გაითამაშეს. დადგმაში უფროსკლასელებმა „მძევლების შეიარაღებული აყვანა“ განასახიერეს, რაც შემდეგ სოციალურ ქსელებში გავრცელდა და საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია.

„სწავლებაში“ მონაწილეობა ერთმა მეცხრეკლასელმა მიიღო. დადგმაში მონაწილეობდნენ სკოლის დაცვის წევრი და ერთ-ერთი მასწავლებელიც. ისინი კლასში შეცვივდნენ, მოსწავლეები ფანჯარასთან დააყენეს და იატაკზე პირქვე დაწოლა აიძულეს.

სკოლის განცხადებით, სწავლების ჩატარების ნებართვა მათ მშობლებისგან აიღეს. თუმცა, სკოლის წარმომადგენლებმა ისიც აღიარეს, რომ „არსებული ვითარების ფონზე“, ალბათ, ამ ყველაფრის ჩატარება „სხვაგვარად ღირდა“. გამოძიების შედეგები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

 

ჩრდილოეთი ოსეთი

ვლადიკავკაზელ მებრძოლს ომში მონაწილეობაზე უარის გამო პატიმრობა მიესაჯა

ვლადიკავკაზის სამხედრო სასამართლომ სამხედრო კონტრაქტით დაქირავებულ ნიკიტა ჩერეშნევს უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო ერთი წლით პატიმრობა მიუსაჯა.

როგორც ჩერეშნევის საჯარისო ნაწილის ხელმძღვანელმა განუცხადა სასამართლოს, მან მაისში თქვა უარი „საომარი დავალებების“ შესრულებაზე და სამხედრო პოლიგონი თავისი ნებით დატოვა.

ჩერეშნევმა თავისი ბრალი უკვე აღიარა. მას სასჯელის მოხდა ე.წ. „ღია ციხეში“ მოუწევს, რომელიც რუსეთის ციხეებს შორის ერთ-ერთ ყველაზე მსუბუქ ციხედ ითვლება.

 

ინგუშეთი

უკრაინიდან რვა ინგუში სამხედრო ტყვე დაბრუნდა

ფოტო: fortanga.org

 

26 ნოემბერს ჩატარებული რუსულ-უკრაინული ტყვეთა გაცვლის შედეგად, რუსეთში უკრაინიდან რვა ინგუში სამხედრო მოსამსახურე  დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას ინგუშური გამოცემა „ფორტანგა“ ავრცელებს.

„ამ ბიჭების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს დღეს შეუძლიათ შვებით ამოისუნთქონ, რადგან იციან, რომ მათი შვილები, ძმები და ქმრები მათთან ცოცხლები და საღ-სალამათები დაბრუნდებიან“ - გამოეხმაურა გაცვლას ინგუშეთის მეთაური მაჰმუდ-ალი კალიმატოვი.

უკრაინიდან დაბრუნებული ჯარისკაცები ინგუშეთში ჯერ არ გაემგზავრებიან. რეგიონში დაბრუნებამდე ისინი ჯერ მკურნალობისა და რეაბილიტაციის კურსს  გაივლიან მოსკოვში.

 

ჩეჩნეთი

რომის პაპის განცხადებას ჩეჩნების შესახებ ანზორ მასხადოვი გამოეხმაურა

რომის პაპ ფრანცისკეს განცხადებას, რომ რუსული არმიიდან უკრაინაში ყველაზე სასტიკი ჩეჩნები და ბურიატები არიან, იჩქერიის ყოფილი პრეზიდენტის შვილი, აქტივისტი და პოლიტიკოსი ანზორ მასხადოვი გამოეხმაურა. მან თქვა, რომ ჩეჩენი ხალხის ომში მონაწილეობა რუსული დიქტატურის ბრალია.

მასხადოვმა რომის პაპს ასევე შეახსენა, რომ „ჩეჩნები რუსეთთან 400 წელია იბრძვიან, მათ საკუთარი ქვეყნიდან აძევებდნენ, ხოცავდნენ და აწამებდნენ“. მასხადოვმა რომის პაპისადმი მიმართვაში ასევე განაცხადა, რომ იჩქერიის მოსახლეობის მესამედს მოუწია ქვეყნის დატოვება პუტინის რეჟიმის გამო და სწორედ პუტინისა და „მის მარიონეტ“ რამზან კადიროვის პასუხისმგებლობაა, რომ ჩეჩნები უკრაინელების წინააღმდეგ იბრძვიან.

მასხადოვი ცალკე გამოეხმაურა ჩეჩენი მებრძოლების „სისასტიკის“ საკითხს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობებზე დაყრდნობით, მასხადოვმა რომის პაპს მიაწოდა ინფორმაცია, რომ კიევის მიმდებარედ მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვაში ეჭვმიტანილთაგან მხოლოდ ორია ჩეჩენი.

რომის პაპის განცხადებას ჩეჩნებთან და ბურიატებთან დაკავშირებით დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამ განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ „ჭეშმარიტების უკიდურესი დამახინჯება“ უწოდა, რამზან კადიროვმა კი, რომის პაპს – „დასავლური მედიის პროპაგანდის მსხვერპლი“.

 

ჩეჩნურმა დიასპორამ ევროპაში ორი ურთიერთსაპირისპირო კრება ჩაატარა

ჩეჩნური დიასპორის შეხვედრა საფრანგეთში. ფოტო: kavkazr.com

 

ევროპაში ჩეჩნურმა დიასპორამ, რომელიც ბოლო პერიოდში ერთმანეთთან უთანხმოების ავლენს, იჩქერიის დამოუკიდებლობის მხარდასაჭერი ორი დამოუკიდებელი კრება ჩაატარა. პირველი შეხვედრა 25-26 ნოემბერს საფრანგეთში ჯამბულატ სულეიმანოვის „ტოლამის“ ორგანიზებით ჩატარდა, მეორე შეხვედრა კი – ბელგიაში იჩქერიის არაღიარებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აჰმედ ზაკაევის მეთაურობით.

Кавказ Реалии-ს მიხედვით, ეს შეხვედრები დიასპორის ლიდერების „დუელის“ ერთ-ერთ მაჩვენებლად გამოდგა. ღონისძიებების ზოგიერთმა მონაწილემ პირდაპირ ილაპარაკა დიასპორის შიგნით ჩეჩნების ბანაკებად დაყოფაზე. მხარეებმა ერთმანეთს „საერთო საქმის“ წინააღმდეგ მოქმედებებშიც დასდეს ბრალი.

როგორც ჩვენი მაუწყებელი წერდა, ჩეჩნური დიასპორის აქტიურ წარმომადგენლებს შორის უთანხმოება გარკვეული პერიოდია გრძელდება. ერთი მხარის ლიდერი, არაღიარებული იჩქერიის პრეზიდენტის ასლან მასხადოვის შვილი ანზორ მასხადოვი მიიჩნევს, რომ იჩქერიის პრემიერ-მინისტრი აჰმედ ზაკაევი თავისი საქმიანობით „ჩეჩნების დაყოფას“ ცდილობს.

ზაკაევის წინააღმდეგ ბრალდებას გამოეხმაურა ჩეჩენი უფლებადამცველი და ზაკაევის „დამხმარე“ მაირბეკ ტამაროვი, რომელმაც თავად დააბრალა მეორე მხარეს „ფსბ“-სთან კავშირი და უკრაინის სპეცსამსახურებს გამოძიების ჩატარება სთხოვა.

ჩეჩენი ისტორიკოსის მაირბეკ ვაჩაგაევის ცნობით, ევროპაში დაახლოებით 200 ათასამდე ჩეჩენი ცხოვრობს. მათ შორის კი ყველაზე მასშტაბური დიასპორა საფრანგეთსა და გერმანიაშია. დიასპორის წარმომადგენლებს შორის არიან იჩქერიელი პოლიტიკოსებიც, რომელთაც ჩეჩნეთის ომის შემდეგ მოუწიათ ევროპაში თავშესაფრის ძიება. უკრაინაში დაწყებული ფართომასშტაბიანი ომის შემდეგ, სადაც ორივე მხრიდან არიან ჩართული ჩეჩენი მებრძოლებიც, კიდევ უფრო მეტად გააქტიურდა ანტირუსული დიასპორა.

 

დაღესტანი

მაჰაჩყალის მერი გადადგა

მაჰაჩყალის ყოფილი მერი სალმან დადაევი. ფოტო: rbc.ru

 

მაჰაჩყალის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მაჰაჩყალის მერი სალმან დადაევი, რომელსაც თანამდებობა 2019 წლიდან ეკავა, გადადგა. განცხადების მიხედვით, დადაევი ახალ თანამდებობაზე გადადის მოსკოვში, განცხადებაში კონკრეტულად არ არის მითითებული სად, თუმცა, სავარაუდოდ, მოსკოვის ერთ-ერთ პრეფექტურას უნდა უკავშირდებოდეს.

დადაევის შესაძლო შემცვლელად დაღესტნის ყოფილი ვიცე-პრემიერი რიზვან გაზიმაჰომედოვი სახელდება, რომელმაც თავისი თანამდებობაც ნოემბერში დატოვა. გადადგომამდე რამდენიმე დღით ადრე დადაევს დაღესტნის მეთაურმა სერგეი მელიქოვმა „დაღესტნის დამსახურებული იურისტის“ წოდება მიანიჭა იმ „წარმატებული შრომისთვის“, რაც დადაევმა „ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი საფუძვლების“ გაძლიერებისთვის გასწია.

დაღესტნურმა გაზეთმა „ჩერნოვიკმა“ ტიპოგრაფიკაზე უარის გამო ახალი ნომერი ვერ გამოუშვა

დამოუკიდებელი დაღესტნური გაზეთი „ჩერნოვიკი“, რომელიც თავისი კრიტიკული სტატიებით გამოირჩევა, სახელმწიფოს მიერ წნეხის კიდევ ერთი გამოვლინების მსხვერპლი გახდა. დაღესტნურ გამოცემას დონის როსტოვში ტიპოგრაფიკაზე უარი უთხრეს, რის გამოც მან ახალი ნომერი ვერ დაბეჭდა.

„ჩერნოვიკის“ რედაქციამ აღნიშნულ ფაქტზე სპეციალური პრეს-კონფერენცია გამართა, სადაც ხელისუფლების მიერ მომავალ წნეხზე ისაუბრა. მათი განცხადებით, გამოცემასთან ბრძოლის ეს მეთოდი ახალია, რომლისთვისაც მანამდე სახელმწიფოს არ მიუმართავს.

რედაქცია განმარტავს, რომ მიუხედავად შეზღუდვებისა, ისინი მუშაობას მაინც გააგრძელებენ. ისინი აღნიშნულ ზეწოლასა და ხელის შეშლაში, პირველ რიგში, რესპუბლიკის მეთაურს სერგეი მელიქოვს ადანაშაულებენ. 


 

 

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.