X

პუბლიკაციები

სათაური ენა სფერო წელი

რა ხდება ავღანეთში ამერიკელების გასვლიდან ერთი წლის თავზე?

  • ავტორი: ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი
  • გამომცემელი:
  • ტიპი: პუბლიკაცია
ქართული საერთაშორისო ურთიერთობები 2022

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების მიმოხილვა No 56

 

ერთ წელიწადზე მეტი დრო გავიდა, რაც „თალიბანმა“ ავღანეთში ძალაუფლება ჩაიგდო ხელში.

რა ხდება ამ ქვეყანაში და რას შეიძლება ველოდოთ მომავალში?

„თალიბანის“ მებრძოლები აკონტროლებენ ავღანეთის ქალაქებს

 

ხელისუფლებაში ყოფნის ერთი წლის თავზე „თალიბანმა“ მოახდინა მთელი ძალაუფლების კონსოლიდაცია და მონოპოლიზაცია. „თალიბანი“ ერთადერთია, ვინც ბოლო 40 წლის განმავლობაში შეძლო სრული კონტროლის დამყარება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.

ამ ხნის განმავლობაში მათ დასაჯეს (ნაწილი ციხეში გაუშვეს, ნაწილი კი გაროზგეს) ყველა ის ჟურნალისტი, უფლებადამცველი, აქტივისტი და ინტელექტუალი, ვინც აპროტესტებდა „თალიბანის“ მიერ ქალთა და მედიის მიმართ დაწესებულ შეზღუდვებს (მაგალითად, ქალებს აეკრძალათ სწავლა სკოლებსა და უნივერსიტეტებში).

მცირერიცხოვანი შეიარაღებული წინააღმდეგობა მარგინალიზებულია. ყველაზე ძლიერი შეიარაღებული ოპოზიცია  ფანჯშირის ხეობაში მოქმედებდა და მას ახმად მასუდის „ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტი“ ხელმძღვანელობდა, მაგრამ ხელისუფლების მკაცრი საპასუხო ზომების (აჯანყებულთა წინააღმდეგ გალაშქრება, მათი მომხრეების განადგურება, დასჯა და ა.შ.) გამო მათ ვერ შეძლეს წინააღმდეგობის მასშტაბების გაზრდა.

ავღანელ ქალებს მკაცრ შეზღუდვებში უწევთ ცხოვრება

 

ამასთან, „თალიბანი“ აგრძელებს ბრძოლას კიდევ უფრო რადიკალური ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო - ხორასნის“ წინააღმდეგ, რასაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე ეწირება. ეს ორგანიზაცია ბრძოლისას იყენებს ტერორის კლასიკურ მეთოდებს - დიდ ქალაქებში აფეთქებს დანაღმულ ავტომანქანებს.

„თალიბანის“ მთავრობას კვლავ არ აღიარებენ საერთაშორისო არენაზე. არაღიარების პოლიტიკა კი ართულებს ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე მდგარი ავღანეთისთვის უცხოეთიდან დახმარების გაწევის შესაძლებლობას.

დღითიდღე უარესდება ეკონომიკური სიტუაციაც. ავღანელთა 98% აცხადებს, რომ ქვეყანაში ცხოვრების გაუსაძლისი პირობებია. გაეროს მონაცემებით,  ქვეყნის სათავეში „თალიბანის“ მოსვლის შემდეგ მოსახლეობის 90%-ის ეკონომიკური მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. ამიტომ ავღანეთიდან კვლავაც უამრავი ადამიანი გარბის უცხოეთში და იქ  ეძებენ ცხოვრების უკეთეს პირობებს. მარშრუტი, ტრადიციულად, ორია: პაკისტანი და ირანი (და იქიდან, თუ შეძლეს – თურქეთი - ევროპა).

მართალია, ამ მომენტისთვის „თალიბანი“ ერთიანობას ინარჩუნებს, მაგრამ მომავალში შესაძლოა გაჩნდეს გამყოფი ხაზები როგორც იდეოლოგიურ ნიადაგზე ე.წ. „პრაგმატისტებსა“ და „რადიკალებს“ შორის, ისე ეთნიკური თვალსაზრისით - ქვეყანაში უამრავი ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს, რომლებსაც განსხვავებული პრიორიტეტები და ორიენტაცია აქვთ. მაგალითად, პუშტუნების (რომლებიც დომინანტი ეთნიკური ჯგუფია ქვეყანაში) მხოლოდ 8% იწონებს აშშ-ის ქმედებებს მაშინ, როცა ხაზარების 53% პროამერიკულადაა განწყობილი (ხაზარები კი 36-მილიონიანი ქვეყნის მოსახლეობის 10-12%-ს შეადგენენ).

მიუხედავად ყველაფრისა, ამ ეტაპზე არ ჩანს რეალური პერსპექტივა, რომ უახლოეს მომავალში ავღანეთში რამე მიმართულებით დადებითად შეიცვალოს არსებული მდგომარეობა.

 

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.