X

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა: გამოცემა 2, 12-18 აგვისტო, 2019

ავტორი: დავით ბატაშვილი

ქართულად თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

 

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა“ არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

ომი უკრაინაში - ყოველდღიური ხასიათი ჰქონდა სროლას დონბასის (უკრაინა) ფრონტის ხაზზე 12-18 აგვისტოს კვირაში. უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის პრეს-ცენტრის განცხადებით, სროლის შედეგად, რუსული ჰიბრიდული ძალების მიერ მოკლულია ერთი და დაჭრილია კიდევ ერთი უკრაინელი ჯარისკაცი.

ომი უკრაინაში - ლონდონურმა კვლევითმა ჯგუფმა, „Forensic Architecture-მა“ შეაგროვა და წარმოადგინა მტკიცებულებები უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში რუსული შეიარაღებული ძალების მონაწილეობის შესახებ. მტკიცებულებები უკავშირდება, კერძოდ, 2014 წლის აგვისტოში მომხდარ ილოვაისკის ბრძოლას.

სირიის ომი - 12-18 აგვისტოს კვირაში რუსეთის სამხედრო ძალები აგრძელებდნენ აქტიურ მონაწილეობას იდლიბის რეგიონში მყოფი ამბოხებულების წინააღმდეგ მიმდინარე ასადის რეჟიმის შეტევაში. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, რომელიც „Live Universal Awareness Map-მა“ შეაგროვა, რუსულმა თვითმფრინავებმა დაბომბეს შემდეგი ქალაქები და სოფლები: მაარათ ალ-ნუმანი (Maarat al-Numan), ალია (Alia), ალ-ჰაასი (al-Haas), ჰაზარინი (Hazarin), ჰიში (Hish), ჯარჯნაზი (Jarjnaz), კაფრ ნაბლი (Kafr Nabl), კაფრ საჯინა (Kafr Sajinah), კარსაა (Karsa’a), ხან შაიხუნი (Khan Shaykhun), ლატმინი (Latmin), მაარათ ჰურმა (Maarat Hurmah), მაარათ ალ-სინი (Maarat al-Sin), მურაკი (Murak), სალიე (Salhieh), შეიხ დამსი (Sheikh Dames) და ალ-ტამანა (al-Tamanah). არსებული ინფორმაციით, ამ თავდასხმას მოყვა მსხვერპლი მშვიდობიან მოქალაქეთა შორის. გარდა ამ მიმართულებისა, რუსეთის საფრენი აპარატები უტევდნენ ლატაკიის პროვინციის ჩრდილოეთში, ქალაქ კაბანისთან, არსებულ ფრონტის ხაზსაც.

არქტიკა - ჩრდილოეთის ფლოტის ხომალდთა ჯგუფი აგრძელებს არქტიკულ ექსპედიციას, რომელიც დაიწყო 5 აგვისტოს, რაზეც წინა გამოცემაში დავწერეთ. 11 აგვისტოს დიკსონის პორტში (კრასნოიარსკის მხარის ჩრდილოეთი ნაპირი) ჩასვლის შემდგომ, გემებმა გზა მდინარე ენისეის გავლით, დუდინკას პორტისკენ გააგრძელეს. 17 აგვისტოს, დუდინკასთან ახლოს, ჯგუფმა ჩაატარა სადესანტო ოპერაციის სწავლება. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ წვრთნაში მონაწილეობდნენ საზღვაო ქვეითები, არქტიკის მექანიზებული და საჰაერო-სადესანტო ძალები. პირველი ორი კატეგორიის ძალები, სავარაუდოდ, ექვემდებარება 61-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადას (განთავსებული სპუტნიკში, მურმანსკის ოლქი) და მე-80 არქტიკულ მექანიზებულ ბრიგადას (ბაზირებული ალაკურტიში, მურმანსკის ოლქი).

არქტიკა - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იყენებს ზაფხულის პერიოდს, რათა მოამარაგოს არქტიკის შორეული ბაზები. აღნიშნულ ბაზებს შორის არის: როგაჩევო, ახალი მიწა; ტიკსი, სახას რესპუბლიკა (იაკუტია); კუნძული ალექსანდრას მიწა, არქიპელაგი ფრანც-იოსების მიწა; კუნძული სრედნი, ჩრდილოეთის მიწა; და კუნძული კოტელნი, ახალი ციმბირის კუნძულები.

არქტიკა - რუსეთი ნერგავს ახალ ტაქტიკას არქტიკაში მოქმედი სამხედრო ძალებისთვის. რუსების ინფორმაციით, ისინი აპირებენ განალაგონ შერეული „სამანევრო (მანევრის) დანაყოფები“, რომელთა შემადგენლობაშიც იქნება “Bastion-ის” ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემები და საზღვაო ქვეითთა ჯგუფები.

მოსკოვში, რუსეთის ფედერაციისა და ვენესუელის თავდაცვის მინისტრებმა, სერგეი შოიგუმ და ვლადიმერ პადრინო ლოპეზმა, ხელი მოაწერეს შეთანხმებას სამხედრო გემების ორმხრივი ვიზიტების შესახებ. აღნიშნულ შეხვედრაზე შოიგუმ განაცხადა, რომ რუსეთი „მხარს უჭერს ვენესუელის დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას და მის წინააღმდეგობას აშშ-ს მიმართ, რომელიც ცდილობს შეცვალოს კანონიერად არჩეული ხელისუფლება.“

შოიგუ და ლოპეზი მოსკოვში. წყარო:რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა გააფორმა კიდევ ერთი ხელშეკრულება, ამჯერად კუბასთან, რომელიც ითვალისწინებს ამ უკანასკნელის სამხედრო ინდუსტრიის მოდერნიზებას. გარდა კუბის არსებული აღჭურვილობის განახლებისა, რუსეთი გეგმავს კუბელი სპეციალისტების მომზადებასა და რიგი სამხედრო ტექნოლოგიების გადაცემას.

CNN-მა გამოაქვეყნა თავისი გამოძიების შედეგები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში (ცარ) რუსეთის აქტივობებთან დაკავშირებით. აღნიშნული აქტივობები მოიცავს „რესპუბლიკის არმიის რეკრუტების მომზადებას დაახლოებით 250 დაქირავებული რუსის მიერ, რომელთა რიცხვიც იზრდება.“ სამაგიეროდ, რუსეთი ღებულობს წვდომას ქვეყნის მინერალურ წიაღისეულზე. CNN-ის ინფორმაციით, „დაქირავებული ჯარისკაცების შტაბი მდებარეობს ყოფილ პრეზიდენტის სასახლეში ქალაქ ბარენგოში, რომელიც 2 საათის სავალ გზაზეა დედაქალაქ ბანგიდან.“ ამასობაში, რუსული სამხედრო-საინფორმაციო ვებსაიტის ცნობით, რუსმა ჯარისკაცებმა ბარენგოში ცარ-ის დაახლოებით 2700 ჯარისკაცი გადაამზადეს. აღნიშნული წყარო იუწყება ცარ-ში 2 რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩაფრენას, რომელიც დატვირთული იყო რუსული იარაღით. რესპუბლიკაში რუსეთის ელჩის თქმით, ცარ-ის არმიის იარაღით მოსამარაგებლად კიდევ არაერთი ასეთი ფრენაა დაგეგმილი.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ,  მხარი დაუჭირა აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთ-რუსეთის ერთობლივ საჰაერო პატრულირებას. შოიგუს განცხადებით, აღნიშნული პატრულირება წარმოადგენს „დაგეგმილ საქმიანობას ორ მეზობელ ქვეყანას შორის, რომლებიც ერთმანეთთან ომს კი არ აპირებენ, არამედ სურთ კოოპერაცია და სტრატეგიული თანამშრომლობა.“ 

რუსეთის საჰაერო ძალების ორი სტრატეგიული ბომბდამშენი ტუ-160 გადაფრინდა ჩუკოტკის ავტონომიურ ოკრუგში, ალასკის მოპირდაპირედ. აღნიშნული ბომბდამშენები, მუდმივი დისლოკაციის ადგილიდან, სარატოვის ოლქის ენგელსის საჰაერო ბაზიდან, გაფრინდნენ უგოლნის საჰაერო ბაზაზე, ჩუკოტკის დედაქალაქ ანადირში, რის შემდეგაც კვლავ ენგელსის საჰაერო ბაზას დაუბრუნდნენ.

 

სტრუქტურული ცვლილებები

რუსეთმა, 318-ე შერეული საავიაციო პოლკის დაქვემდებარებაში, შექმნა უპილოტო საფრენი აპარატ „ფორპოსტის“ (“Forpost”) ახალი ესკადრილია, რომელიც განლაგებულია კაჩას საჰაერო ბაზაზე, ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე. აღნიშნული პოლკი ეკუთვნის შავი ზღვის ფლოტის საზღვაო ავიაციას. უპილოტოების ესკადრილიის მიზანს წარმოადგენს საზღვაო დაზვერვა და სამიზნეების იდენტიფიცირება რუსეთის სამხედრო-საზღვაო ხომალდებისთვის და შავი ზღვის სანაპიროზე განლაგებული ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებისთვის. ესკადრილია ჩამოყალიბდა 2019 წლის გაზაფხულზე, თუმცა ინფორმაცია ამის შესახებ რუსულ მედიაში 14 აგვისტოს გავრცელდა.

როსტოვის ოლქში, უკრაინაში საომარი ზონის - დონბასის რეგიონის - მომიჯნავედ, 150-ე მექანიზებული დივიზიის ჩამოყალიბება თითქმის დასრულებულია. რუსების ინფორმაციით, დივიზიის ინფრასტრუქტურა და ბოლო პოლკის ცოცხალი ძალით დაკომპლექტება მიმდინარე წლის ბოლოსთვის დასრულდება.

 

გადაიარაღება და მოდერნიზაცია

რუსეთის საზღვაო ძალებმა დაიწყო ახალი, 06363 პროექტის, დიზელ-ელექტრული (დიზელ-ელექტრო) ძრავის წყალქვეშა ნავი „პეტროპავლოვსკ-კამჩატსკის“ საზღვაო გამოცდები. მიუხედავად იმისა, რომ წყალქვეშა ნავი შექმნილია წყნარი ოკეანის ფლოტისთვის, ტესტირება ბალტიის ზღვაში მიმდინარეობს.

წყალქვეშა ნავი პეტროპავლოვსკ-კამჩატსკი. წყარო: ილია კურგანოვი/ruspodplav.ru, აღებულია bmpd.livejournal.com-დან.

რუსეთის არმიის საჰაერო ძალების მეთაურმა განაცხადა, რომ 2019 წლის ბოლომდე რუსეთის შეიარაღებული ძალები ახალ ჯავშანსაწინააღმდეგო მოიერიშე შვეულმფრენ Mi-28NM-სა და სატრანსპორტო შვეულმფრენ Mi-38-ს მიიღებენ. 

790-ე საჰაერო პოლკის (განლაგებული ხოტილოვოს საჰაერო ბაზაზე, ტვერის ოლქში) ესკადრილია, რომელიც ამჟამად აღჭურვილია Su-27 ტიპის გამანადგურებლებით, გეგმის თანახმად გადაიარაღდება ახალი Su-35-ის ტიპის საფრენი აპარატებით.

რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის სამხედროებმა შეიარაღებაში მიიღეს დაახლოებით 100 ცალი „ფაგოტის“ ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემის გამშვები მოწყობილობა.

 

სწავლებები*

რუსეთის სამხედრო დანაყოფები ქვეყნის 6 რეგიონში ვარჯიშობენ სწავლება „ცენტრ-2019-ში“ მონაწილეობის მისაღებად. აღნიშნული სწავლება დაგეგმილია მიმდინარე წლის სექტემბერში. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 12-31 აგვისტოს მიმდინარე მოსამზადებელ სწავლებებში დაახლოებით 5000 სამხედრო მონაწილეობს. წვრთნები მიდის ორენბურგის, ჩელიაბინსკის, კემეროვოს, სვერდლოვსკის და სამარას ოლქებსა და ალთაის მხარეში.

დასავლეთის სამხედრო ოლქში ჩატარდა სამობილიზაციო სწავლება, რომელმაც ქვეყნის 26 ადმინისტრაციული ერთეული მოიცვა.

ასევე დასავლეთის სამხედრო ოლქში, სხვა სწავლებაში, მონაწილეობას იღებდა 70 უპილოტო საფრენი აპარატი. აღნიშნული წვრთნა ერთდროულად მიმდინარეობდა მოსკოვის, სანკტ-პეტერბურგის, კალინინგრადის, ვორონეჟის და სმოლენსკის ოლქებში.

დაახლოებით 30 რუსული გემი, „მათ შორის წყალზედა და წყალქვეშა სამხედრო და მომარაგების გემები“, ჩრდილოეთის ფლოტის „უდალოის“ კლასის (პროექტი 1155) საესკადრო ნაღმოსანი „სევერომორსკის“ ფლაგმანობით ჩართული იყო სწავლებაში, რომელიც ჩატარდა ნორვეგიის სანაპიროს სიახლოვეს, ნორვეგიის ზღვაში.

აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის 37-ე მექანიზებული ბრიგადის (განლაგებული ბურიატიის რესპუბლიკის ქალაქ კიახტაში) დაახლოებით 1000-მა სამხედრომ მონაწილეობა მიიღო რუსულ-მონღოლურ ერთობლივ სამხედრო სწავლება „სელენგა 2019-ში“, რომელიც მონღოლეთში 15 აგვისტოს დაიწყო. ასევე, წვრთნაში ჩაერთო 112-ე ცალკეული შვეულმფრენთა პოლკის (განლაგებული იმიერბაიკალეთის მხარეში, ჩერემუშკის ბაზაზე) Mi-24 ტიპის მოიერიშე და Mi-8AMTSh ტიპის სატრანპოსრტო-მოიერიშე შვეულმფრენები.

საქართველოში, კერძოდ, აფხაზეთში განლაგებული რუსული საოკუპაციო ძალების სადაზვერვო დანაყოფებმა ოკუპირებული ტერიტორიის მთიან რელიეფზე სწავლება ჩაატარეს.

რუსული სადაზვერვო დანაყოფის ჯარისკაცი, ოკუპირებული აფხაზეთი, საქართველო. წყარო: რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრეს-სამსახური

 

იარაღის ექსპორტი

რუსულია მედია, თურქეთის თავდაცვის მინისტრ ჰულუსი აკარზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემის S-400-ის მეორე პარტიას თურქეთში 2019 წლის აგვისტო-სექტემბერში ელოდებიან. ამასობაში, თურქეთის შეიარაღებული ძალები აგრძელებს ხსენებული საზენიტო კომპლექსების უკვე მიწოდებული სისტემების აწყობასა და მათ განსათავსებლად ადგილის შერჩევას.

სერბეთის თავდაცვის მინისტრმა, ალექსანდარ ვულინმა, მოიწონა და შეაქო რუსული Mi-35M ტიპის მოიერიშე შვეულმფრენები რუსეთში ვიზიტისას და ამ აპარატს „მფრინავი ტანკი“ უწოდა. სერბეთმა უკვე შეიძინა აღნიშნული ტიპის 7 შვეულმფრენი, რომელთა მიწოდებაც, ვულინის განცხადებით, 2020 წლის პირველ კვარტალშია მოსალოდნელი.

 


* ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.