X

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა: გამოცემა 3, 19-25 აგვისტო, 2019

ავტორი: დავით ბატაშვილი

ქართულად თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

ომი უკრაინაში – 19-25 აგვისტოს კვირაში ყოველდღიური სროლა გაგრძელდა დონბასის ფრონტზე აღმოსავლეთ უკრაინაში. უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის პრეს-ცენტრის ცნობით, რუსული ჰიბრიდული ძალების მოქმედების შედეგად დაღუპულია ერთი, ხოლო დაჭრილია ექვსი უკრაინელი ჯარისკაცი.

სირიის ომი – 19-25 აგვისტოს კვირაში რუსები კვლავ აგრძელებენ ამბოხებულთა წინააღმდეგ ასადის რეჟიმის მიერ წამოწყებულ შეტევაში მონაწილეობას იდლიბის რეგიონის სამხრეთში. ორგანიზაცია „Live Universal Awareness Map-ის“ მიერ შეგროვებული სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, რუსული სამხედრო თვითმფრინავების სამიზნე მიმდინარე კვირაში გახდა ქალაქები და სოფლები -  მაარათ ალ-ნუმანი (Maarat al-Numan), ალ-ადფა (al-Adfah), ბანინი (Banin), ალ-ბაშირია (al-Bashiriya), ბიდამა (Bidama), დარ ბსიდა (Dar Bsidah), დეირ ალ-ღარბი (Deir al-Gharbi), დეირ შარქი (Deir Sharqi), ჰაიში (Haysh), ჰიში (Hish),  ჰორშ ბინინი (Horsh Binin), კაფრ ნაბლი (Kafr Nabl), კაფრ საჯინა (Kafr Sajinah), მაარ შორეენი (Ma'ar Shoreen), მაარათ ჰურმა (Maarat Hurmah), მარშმარინი (Ma'rshmarin), ალ-ტა (al-Tah), ტალ მანისი (Tall Manis) და ალ-ტამანა (al-Tamanah). გავრცელდა ინფორმაცია ზემოხსენებული იერიშების შედეგად მშვიდობიან მოსახლეობაში დანაკარგების შესახებ. რუსების მიერ მხარდაჭერილი ასადის რეჟიმის იერიში რიგ ადგილებზე ამ კვირაში წარმატებით დასრულდა. ასადის სამხედროებმა ალყაში მოაქციეს და დაიკავეს ამბოხებულთა მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები იდლიბის რეგიონის სამხრეთ ნაწილში, მათ შორის ქალაქები კაფრ ზაიტა (Kafr Zayta), ხან შაიხუნი (Khan Shaykhun), ალ-ლატამინა (al-Lataminah) და მურაკი (Murak). რუსულ-ირანულ-ასადური ბოლოდროინდელი იერიშების შემდგომ ამ ტერიტორიის ათობით ათასი მოსახლე თურქეთის საზღვრისკენ დაიძრა.

რუსეთის საჰაერო იერიში მაარათ ალ-ნუმანის სამხრეთ გარეუბანში. წყარო: Omar Albam, syria.liveuamap.com-დან.

რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ, აგრძელებს რუსეთ-ჩინეთის ერთ პოლიტიკურ ორბიტაზე განლაგების მცდელობას. ამჯერად მან განაცხადა, რომ შორეულ  აღმოსავლეთში არის “სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციის გაუარესების ტენდენცია” და აშშ და მისი მოკავშირეები ცდილობენ საკუთარი გავლენის გავრცელებას აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში, რაც ემსახურებოდა რუსეთისა და ჩინეთის პოზიციების დასუსტებას სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.

შოიგუ, ასევე, ესტუმრა მოლდოვას - ქვეყანას, რომელიც პრო-ევროპულ და პრო-რუსულ ბანაკებად არის გაყოფილი. რუსეთის თავდაცვის მინისტრი შეხვდა პრო-რუს პრეზიდენტს, იგორ დოდონს და შესთავაზა რუსეთისა და მოლდოვის თავდაცვის სამინისტროებს შორის სამწლიანი კოოპერაციის გეგმა. გარდა ამისა, შოიგუ ესტუმრა მოლდოვის დნესტრისპირეთის რეგიონს, რომელიც კონტროლდება პრო-რუსი სეპარატისტების მიერ და სადაც ამჟამად იმყოფება 1500 რუსი სამხედრო. ჩასვლისას, შოიგუმ ხოტბა შეასხა რუსეთის “სამშვიდობო” როლს რეგიონში და დადო პირობა, რომ ის უახლოეს მომავალში არ შეწყდება.

შოიგუს საქმიანი კვირა მოიცავდა, ასევე, ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმისთვის ახალი სამხედრო დაფინანსების დამტკიცებასაც.

2019 წლის 19 აგვისტოს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, “დიდი ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების “ტაიფუნებმა”, რომლებიც განლაგებულია ესტონეთში, ნატოს ბალტიის ცაში პატრულირების ფარგლებში, ბალტიის ზღვაზე გადაფრენის მცდელობისას გზა გადაუჭრეს ორ რუსულ გამანადგურებელ Su-30-ს (ნატოს კლასიფიკაცია “Flanker”). გარდა ამისა, 21 აგვისტოს, მუდმივმოქმედმა გაერთიანებულმა შტაბ-ბინამ, რომელიც აკონტროლებს ბრიტანეთის საზღვრებს მიღმა მიმდინარე  ოპერაციებს, ესტონეთში განლაგებულ “ტაიფუნებთან” დაკავშირებით გაავრცელა შემდეგი ინფორმაცია: “უკანასკნელ ინციდენტს გუშინ ჰქონდა ადგილი, როდესაც გამანადგურებლებმა გზა გადაუჭრეს ორ რუსულ სამხედრო თვითმფრინავს, მათ შორის Su-34-ის ტიპის გამანადგურებელს.

 

სტრუქტურული ცვლილებები

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, 2019 წელს რუსეთი აპირებს ერთი ახალი შერეული საჰაერო დივიზიისა და ახალი ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტბრიგადის ჩამოყალიბებას აღმოსავლეთის სამხედრო ოლქში. გაზეთ “იზვესტიაში” დაიბეჭდა სტატია, სავარაუდოდ, იგივე ჰაერსაწინააღმდეგო დივიზიაზე, რომელიც შოიგუმ ახსენა, სადაც ეწერა, რომ დივიზია S-300V4 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემებით აღიჭურვება.

“იზვესტიას” იმავე სტატიის თანახმად, 2019 წელს, S-300V4 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემებით დაკომპლექტდება კიდევ ერთი ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო დანაყოფი არქტიკაში, ჩრდილოეთის ფლოტის დაქვემდებარებაში. ამ ეტაპზე უცნობია, აღნიშნული ინფორმაცია ეხება ჩამოყალიბების პროცესში მყოფ S-300V4-ის დანაყოფს, ქალაქ ტიკსიში, სახას რესპუბლიკაში (იაკუტია) (რომელზეც ამ დაიჯესტის პირველ გამოცემაში ვწერდით), თუ სხვა შენაერთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებ-საიტზე გამოქვეყნდა ინფორმაცია 378-ე საარმიო ავიაციის საჰაერო ბაზად წოდებული სამხედრო ნაწილის (განლაგებული დვოევკას საჰაერო ბაზაზე, სმოლენსკის ოლქის ქალაქ ვიაზმაში) ცალკეულ შვეულმფრენთა პოლკად გადაკეთების შესახებ. დანაყოფი მიეკუთვნება მე-6 საჰაერო და ჰაერსაწინააღმდეგო ძალების არმიას (შტაბ-ბინა სანკტ-პეტერბურგში).

 

გადაიარაღება და მოდერნიზაცია

რუსეთის საზღვაო ძალებში გამოცდას გადის რამდენიმე ახალი ხომალდი, რომლებიც ემზადებიან საზღვაო ფლოტში მოსახვედრად. “Buyan-M” კლასის ( პროექტი 21631) კორვეტი ინგუშეტია გამოცდებისთვის ბუქსირით გადაიყვანეს ზელონოდოლსკიდან, თათრეთის რესპუბლიკა, მდინარეების ვოლგისა და დონის გავლით, შავი ზღვის ფლოტის ნოვოროსიისკის საზღვაო ბაზაზე. “ადმირალ გორშკოვის” კლასის (პროექტი 22350) ფრეგატი “ადმირალი კასატონოვი” გეგმის თანახმად გამოცდებს გააგრძელებს 2019 წლის დეკემბრამდე, რის შემდგომაც შეუერთდება ჩრდილოეთის ფლოტს. “გრემიაშიკლასის ( პროექტი 20385) პირველმა  კორვეტმა “გრემიაშიმდაიწყო საზღვაო ტესტირება ბალტიის ზღვაში. ტესტირების დასრულების შემდგომ, კორვეტი გადავა შორეულ აღმოსავლეთში წყნარი ოკეანის ფლოტთან შესაერთებლად. ბალტიის ზღვაში სხვა ხომალდიც გადის გამოცდებს - “კარაკურტის” კლასის (პროექტი 22800) კორვეტი “სოვეტსკი”. გეგმის თანახმად, გემი ბალტიის ფლოტს 2019 წლის ბოლოს შეუერთდება.

კორვეტ  “ინგუშეტიას”  ბუქსირება  ზელენოდოლსკიდან  ნოვოროსიისკენ. წყარო: RedJak/fleetphoto.ru, bmpd.livejournal.com-დან.

აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის სატანკო დანაყოფები, ოთხი მექანიზებული ბრიგადიდან, გადაიარაღდა T-80BV ტიპის ტანკებით. აღნიშნული ბრიგადებია: 64-ე მექანიზებული ბრიგადა (კნიაზე-ვოლკონსკოე, ხაბარკოვსკის მხარე), 69-ე მხარდამჭერი ბრიგადა (ბაბსტოვო, ებრაელთა ავტონომიური ოლქი), 38-ე მექანიზებული ბრიგადა (ბელოგორსკი, ამურის ოლქი)  და 39-ე მექანიზებული ბრიგადა (ხომუტოვო, სახალინის ოლქი).

რუსული ახლო მოქმედების ბალისტიკური რაკეტების ბრიგადები მომარაგდნენ ორი ტიპის სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატებით - პლანერის ტიპის Orlan 10-ითა  და კვადროკოპტერის ტიპის უპილოტოებით.

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ჩაატარეს ახალი ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების “Altius-U” და “Forpost-R” პირველი სატესტო ფრენები.

 

სწავლებები*

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წლევანდელი წლის მთავარი რუსული სამხედრო სწავლება “ცენტრი-2019-ში” (16-21 სექტემბერი, 2019) ჩართული იქნება 128 000 სამხედრო მოსამსახურე და 600 საფრენი აპარატი. წვრთნა ჩატარდება ორენბურგში, ასტრახანში, ჩელიაბინსკში, კურგანისა და კემეოროვოს ოლქებში, ალტაის მხარეში, დაღესტნის რესპუბლიკასა და კასპიის ზღვაში. სწავლებაში მონაწილეობას მიიღებენ შენაერთები, ცენტრალური და აღმოსავლეთის სამხედრო ოლქიდან, საჰაერო-სადესანტო ძალებიდან და კასპიის ზღვის ფლოტილიიდან. წვრთნაში რუსების გარდა ჩართულები იქნებიან სამხედროები შემდეგი სახელმწიფოებიდან: ჩინე, ინდოე, პაკისტანი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.

რუსეთის 35-ე არმიამ (შტაბ-ბინა ბელოგორსკში, ამურის ოლქში), სამხედრო ნაწილებით ამურის ოლქში, ხაბაროვსკის მხარესა და ებრაელთა ავტონომიურ ოლქში, ჩაატარა სწავლება, რომელშიც მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 5000-მა სამხედრო მოსამსახურემ.

100-ზე მეტი საჰაერო მედესანტე 106-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიიდან (შტაბ-ბინა ტულაში) მონაწილეობას იღებდა არქტიკულ სამხედრო სწავლებაში, დუდინკას არეალში, კრასნოდარის მხარის უკიდურეს ჩრდილოეთში. როგორც დაიჯესტის მეორე გამოცემაში ვწერდით, ხსენებულ რეგიონში მიმდინარე სწავლებაში ასევე ჩართული იყო საზღვაო ქვეითთა და არქტიკული მექანიზებული დანაყოფები 61-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადიდან (სპუტნიკი, მურმანსკის ოლქი) და მე-80 არქტიკული მექანიზებული ბრიგადიდან (ალაკურტი, მურმანსკის ოლქი).

19-28 აგვისტოს პერიოდში რუსეთი საჰაერო-სადესანტო სწავლებას მასპინძლობს, რომელშიც მონაწილეობას იღებს 250 ბელარუსი და 150 ეგვპტელი ჯარისკაცი.

რუსეთის 126-ე სანაპირო დაცვის ბრიგადამ ოკუპირებულ ყირიმში, ნახევარკუნძულის მთიან ნაწილში, წვრთნა ჩაატარა.

რუსი სამხედროების წვრთნა ოკუპირებულ ყირიმში. წყარო: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

 

*ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.

 

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.