X

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა: გამოცემა 8, 23-29 სექტემბერი, 2019

ავტორი: დავით ბატაშვილი

ქართულად თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

ომი უკრაინაში - უკრაინაში, დონბასის ფრონტზე, სროლა გაგრძელდა 23-29 სექტემბრის კვირაშიც. უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის პრეს-ცენტრის ინფორმაციით, რუსული ჰიბრიდული ძალების მოქმედებების შედეგად დაღუპულია 2 და დაჭრილია 7 უკრაინელი ჯარისკაცი.

რუსეთი აგრძელებს სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებას სირიაში, რასაც ემსახურება ხმეიმიმის საჰაერო და ტარტუსის საზღვაო ბაზების განვითარების ახალი ფაზა. ხმეიმიმში შენდება მეორე ასაფრენი ზოლი და დახურული ანგრები, დრონებისგან თავდაცვის უზრუნველსაყოფად. შედეგად, ბაზა მეტი საფრენი აპარატის მომსახურებას შეძლებს. რაც შეეხება ტარტუსის ბაზას, რუსებმა გამოაქვეყნეს ინფორმაცია ახალ სარემონტო და ტექნიკური მომსახურების ქარხანაზე, რომლის ფუნქციონირების დაწყებაც დაგეგმილია 2019 წლის 15 ოქტომბერს.

რუსული ა-50 ტიპის სარადარო დაზვერვის და კონტროლის თვითმფრინავი ხმეიმიმის საჰაერო ბაზაზე. წყარო: diana-mihailova.livejournal.com

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, გამოხატა უკმაყოფილება ბელარუსის უარის გამო, დათანხმდეს ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის საჰაერო ბაზის განთავსებას. ლავროვის შეფასებით ეს იყო "უსიამოვნო ეპიზოდი".

კარაკასში რუსი სამხედრო სპეციალისტების ჯგუფის ორი თვითმფრინავი ჩაფრინდა.  აღნიშნული ჯგუფის ამოცანაა ვენესუელასთვის მიყიდული რუსული სამხედრო აღჭურვილობის ტექნიკური მომსახურება.

ნორვეგიული ინტერნეტ გაზეთ Aldimer.no-ს ინფორმაციით, შემჩნეულია რუსული სპეციალური ოპერაციების ძალების ოპერატიულ ჯგუფთა აქტივობები ნორვეგიაში - როგორც ქვეყნის კონტინენტურ ნაწილში, ისე შპიცბერგენის არქიპელაგზე. გაზეთის ინფორმაციით, რუსებმა დაზვერეს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები და კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა.

Bloomberg-ის ინფორმაციით, 100-ზე მეტი დაქირავებული ჯარისკაცი ვაგნერიდაჯგუფებიდან (რომელიც კრემლს ემორჩილება) ჩავიდა მოწინავე ბაზაზე ლიბიაში, სექტემბრის პირველ კვირაში, აღმოსავლეთი ლიბიის მმართველის ხალიფა ჰაფთარის ტრიპოლიზე თავდასხმის მხარდასაჭერად. გამოცემის ცნობით, დაქირავებული რუსების სამხედრო მეთაურმა დაადასტურა, რომ ვაგნერის წევრები იბრძვიან ლიბიაში და ზოგი მათგანი დაიღუპა.

მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ მოზამბიკში რუსი სამხედრო პერსონალი ჩავიდა, რაზეც ამ დაიჯესტის მეხუთე ნომერში ვწერდით, წინა კვირას An-140-100 სატრანსპორტო თვითმფრინავმა რუსეთის 224-ე საჰაერო დანაყოფიდან აღჭურვილობა ჩაიტანა ქალაქ ნაკალაში. აღსანიშნავია, რომ ეს ერთ-ერთია იმ ორი ჩრდილოეთ მოზამბიკის ქალაქიდან, რომელიც დაიჯესტის ხსენებულ ნომერში ვახსენეთ.

რუსული An-140-100 ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩრდილოეთ მოზამბიკის ქალაქ ნაკალაში. წყარო: https://twitter.com/emorier/status/1177154389771001858

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ 2019 წლის სექტემბერში რუსეთმა მეორეჯერ უფასოდ მიაწოდა სამხედრო აღჭურვილობა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებს.

არქტიკ- რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა პირველად დატესტეს მობილური სანაპირო თავდაცვის სარაკეტო სისტემა Bastion-P ჩუკოტკის ნახევარკუნძულზე. სამიზნე განთავსებული იყო სტრატეგიულად მნიშვნელოვან ჩრდილოეთის საზღვაო მარშრუტზე. Bastion-P სისტემა, რომელიც ჩუკოტკაზე გამოიყენეს, წყნარი ოკეანის ფლოტის ძალებს ეკუთვნის. რუსულმა სამთავრებო გაზეთმა „როსიისკაია გაზეტა“-მ თავის სტატიაში ხაზი გაუსვა, რომ „როდესაც ბასტიონის სისტემა ჩუკოტკაზეა, მას შეუძლია დაარტყას ნებისმიერ სამიზნე წერტილს ჩრდილოეთის საზღვაო მარშრუტის აღმოსავლეთ ნაწილში.

Bastion-P ხომალსაწინააღმდეგო სისტემა ჩუკოტკაზე. წყარო: topwar.ru

არქტიკა - 29 სექტემბერს რუსული ჩრდილოეთის ფლოტის გემების ჯგუფმა დაასრულა მათი არქტიკული ექსპედიცია, რომელზეც დაიჯესტი რამდენიმე წინა ნომერში ვისაუბრეთ, და დაბრუნდა სევერომორსკის საზღვაო ბაზაზე. ჯგუფს ხელმძღვანელობდა „უდალოის“ კლასის (პროექტი 1155) წყალქვეშა ნავ-საწინაღმდეგო საესკადრო ნაღმოსანი „ვიცე-ადმირალი კულაკოვი“.

ესტონეთმა განაცხადა 23 სექტემბერს მომხდარი მისი საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ, რუსული სუ-34 გამანადგურებელ-ბომბდაშენების მიერ.

 

სტრუქტურული ცვლილებები

რუსები აპირებენ დააარსონ ახალი უპილოტო საფრენი აპარატების სადაზვერვო ნაწილი სმოლენსკის ოლქში, შატალოვოს საჰაერო ბაზაზე. ნაწილი აღჭურვილი იქნება Forpost-R ტიპის დრონებით, იმ გეგმებით, რომ მოგვიანებით შეიარაღდეს Altius-U ტიპის უპილოტოებით. შატალოვოს საჰაერო ბაზა მდებარეობს რუსეთისა და ბელარუსის საზღვრიდან 47 კილომეტრში და უკრაინის საზღვრიდან 223 კილომეტრში.

 

შეიარაღება და მოდერნიზაცია

რუსები ასრულებენ მათი მე-2 შერეული საავიაციო პოლკის (შაგოლის საჰაერო ბაზაზე ჩელიაბინსკში, ეკუთვნის მე-14 საჰაერო და საჰაერო თავდაცვის ძალების არმიის 21-ე შერეულ საავიაციო დივიზიას) გადაიარაღებას სუ-34 ტიპის გამანადგურებელ-ბომბდაშენებით.

სუ-34 ტიპის გამანადგურებელ-ბომბდაშენები. წყარო: ცენტრალური სამხედრო ოლქის პრეს-სამსახური

რუსულმა სამხედრო ძალებმა დაიწყო მოდერნიზებული ტ-90მ ტიპის ტანკების შეძენა თავისი მექნაზირებული და სატანკო ნაწილებისთვის.

 

კოსმოსი

რუსულმა კოსმოსურმა ძალებმა გაუშვეს რაკეტა პლასეცკის კოსმოდრომიდან (მირნი, არხანგელსკის ოლქი), რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სატელიტთან ერთად. სატელიტს მიენიჭა ნომერი კოსმოს-2541.

 

სწავლებები*

სამხრეთის სამხედრო ოლქის საარტილერიო ძალების 13,000-მა სამხედრო მოსამსახურემ 19 სხვადასხვა პოლიგონზე სწავლებები ჩაატარა.

102-ე სამხედრო ბაზის (სომხეთის ქალაქ გიუმრიში ბაზირებული მექანიზებული ბრიგადის ძალის შენაერთი) რუსულმა ძალებმა ჩაატარეს ერთობლივი სამხედრო წვრთნა სომეხ ჯარისკაცებთან ერთად.

ოკუპირებულ ყირიმში ბაზირებულმა რუსულმა საჰაერო და საჰაერო-სადესანტო ძალებმა ნახევარკუნძულზე წვრთნები ჩაატარეს.

 

იარაღის ექსპორტი

ინდოეთმა გადაიხადა ორი ადმირალ გრიგოროვიჩ / პროექტი 11356 კლასის ფრეგატის შეკვეთის საფასური. ფრეგატები რუსეთში აშენდება.

 

კატასტროფები

აფეთქებები მოხდა რუსული ჰიბრიდული ძალების საბრძოლო მასალის საცავში უკრაინის ოკუპირებულ ქალაქ დონეცკში.

საბრძოლო მასალის საცავის აფეთქება დონეცკში. წყარო: Censor.NET 

 

*ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.