X

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა: გამოცემა 10, 7 ოქტომბერის - 13 ოქტომბერი , 2019

ავტორი: დავით ბატაშვილი

თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

ომი სირიაში - 7-13 ოქტომბრის კვირაში  რუსეთის ავიაციამ განაახლა ამბოხებულთა მიერ კონტროლირებადი იდლიბის პროვინციის პერიოდული დაბომბვა. სირიის ომში მნიშვნელოვან შემობრუნების წერტილად იქცა  რუსების ჩართულობით 13 ოქტომბერს მიღწეული შეთანხმება ასადის რეჟიმსა და ქურთებს შორის, რითიც ქურთები ფაქტობრივად დანებდნენ ასადის რეჟიმს, სანაცვლოდ კი თურქეთის შეტევისგან დაცვის გარანტია მიიღეს. რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სირიულმა ძალებმა შეთანხმების მიღწევისთანავე დაიწყეს შესვლა ქურთების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. მოვლენების ამგვარი განვითარება შედეგად მოიტანს სირიაში რუსეთისა და ირანის დომინირების გამყარებას, რაც მოიცავს, მათ შორის, მათ მიერ სირიაში მდინარე ევფრატის აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიის დაკავებასა და ზოგადად ახლო აღმოსავლეთში რუსული გეოპოლიტიკური გავლენის გაზრდას. 

ომი სირიაში - „New York Times-ის“  მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ რუსულმა საფრენმა აპარატებმა სირიაში, 2019 წლის 5-6 მაისს, 12 საათის ინტერვალში, 4 საავადმყოფო დაბომბეს. როგორც გამოცემა წერს, „რუსეთს დიდი ხანია ბრალი ედება ამბოხებულთა ტერიტორიაზე განლაგებული საავადმყოფოებისა და კლინიკების სისტემატურ დაბომბვაში, რაც ემსახურებოდა 8-წლიან ომში ბატონი ასადის გამარჯვების უზრუნველყოფას.“  

რუსული თვითმფრინავი ბომბავს იდლიბის პროვინციას 2018 წლის სექტემბერში. წყარო: Anas Al-Dyab/Agence France-Presse, The New York Times-დან.

ომი უკრაინაში - გასულ კვირაში ყოველდღიური სროლა გაგრძელდა დონბასის ფრონტზე, უკრაინაში. უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის პრეს-ცენტრის ინფორმაციით, რუსული ჰიბრიდული ძალების მოქმედებების შედეგად დაღუპულია ერთი და დაჭრილია სამი უკრაინელი სამხედრო. 

აშშ-ის სამხრეთი სარდლობის მეთაურმა, ადმირალმა კრეგ ს. ფოლერმა ისაუბრა რუსეთის გეოსტრატეგიულ აქტივობებზე ამერიკის კონტინენტზე. მათ შორის არის სამხედრო და უსაფრთხოების კუთხით ვენესუელაში მადუროს რეჟიმისთვის აღმოჩენილი დახმარება, სამხედრო გემებისა და საბრძოლო თვითმფრინავების რეგიონში განლაგება და ნიკარაგუაში გახსნილი საწვრთნელი ცენტრი, რასაც „გააჩნია საეჭვო ორმაგი დანიშნულება“.

რუსულ გემთა ჯგუფი იმყოფება აღმოსავლეთ აზიის წყლებში. მათ აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში წვრთნები ჩაატარეს. გემები წყნარი ოკეანის ფლოტს ეკუთვნის. მათ შორის არის პროექტ 1164 „ატლანტის“ (ნატოს კლასიფიკაციით „სლავა”) კლასის სარაკეტო კრეისერი „ვარიაგი“ და  „უდალოის“ კლასის (პროექტი 1155) წყალქვეშა ნავსაწინააღმდეგო საესკადრო ნაღმოსანი „ადმირალი პანტელეევი“. 

რუსეთში ნიგერიის ელჩის განცხადებით, მისი ქვეყნის პრეზიდენტი, მუჰამადუ ბუჰარი იმედოვნებს ახლო მომავალში რუსეთსა და ნიგერიას შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას.

 

გადაიარაღება და მოდერნიზაცია

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, 2019 წელს რუსეთის არმიისა და საზღვაო ძალების გადასაიარაღებლად მიმართულ იქნა 1.5 ტრილიონი რუბლი

 კარაკურტის კლასის (პროექტი 22800) ახალი კორვეტი, „სოვეცკი“, ოფიციალურად შეურთდა ბალტიის ფლოტს ბალტიისკის სამხედრო საზღვაო ბაზაზე, კალინინგრადის ოლქში. „სოვეცკი“ კარაკურტის კლასის მეორე კორვეტია, რომელიც რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების რიგებში ჩადგა. პირველი, „მიტიშჩი“, ბალტიის ფლოტს 2018 წლის დეკემბერში შეუერთდა.

“სოვეცკი“. წყარო: დასავლეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახური

ოკუპირებულ ყირიმში განლაგებული რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 22-ე საარმიო კორპუსის 126-ე სანაპირო დაცვის ბრიგადა და მე-8 საარტილერიო პოლკი  ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „გრადის“ ნაცვლად უფრო ახალ Tornado-G-ს ტიპის სისტემებს იღებენ.

რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის ინფორმაციით, ოლქის დაქვემდებარებაში მყოფმა დანაყოფებმა სექტემბრის თვეში 100-ზე მეტი ერთეული თანამედროვე აღჭურვილობა მიიღო, მთლიანად 2019 წლის განმავლობაში კი 400-მდე.

 

სწავლებები*

სამხედროებმა სომხეთიდან, ბელარუსიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან და ტაჯიკეთიდან, რუს სამხედროებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს სწავლებაში Echelon-2019, რომელიც ლოჯისტიკური შინაარსის იყო და რუსეთის ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში შედგა. წვრთნა ჩატარდა რუსეთის ხელმძღვანელობის ქვეშ არსებული ალიანსის „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ (ოდკბ) ფარგლებში. 

საქართველოში, კერძოდ ოკუპირებულ აფხაზეთში, იქ განლაგებული რუსული საოკუპაციო სამხედრო ნაწილები აგრძელებენ სწავლებათა სერიას. გასულ კვირაში ჩატარებულ წვრთნებში ჩართული იყო 2000-მდე სამხედრო.

 

შეიარაღების ექსპორტი

ნიგერიის საჰაერო ძალებმა რუსეთისგან მიიღო 6  მოიერიშე Mi-35M ტიპის შვეულმფრენი. ორ ქვეყანას შორის დადებული ხელშეკრულება ითვალისწინებს მომავალში დამატებით 6 ანალოგიური შვეულმფრენის მიწოდებას.

 


* ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.