X

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა: გამოცემა 11, 14-20 ოქტომბერი 2019

ავტორი: დავით ბატაშვილი

თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

ომი  უკრაინაში - რუსული ჰიბრიდული ძალების მოქმედებების შედეგად, 14-20 ოქტომბრის კვირაში, დაღუპულია სამი და დაჭრილია რვა უკრაინელი სამხედრო, იტყობინება უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის პრეს-ცენტრი. დონბასის ფრონტზე, კვირის განმავლობაში, სროლა ყოველდღე წარმოებდა.

ომი სირიაში - სირიაში, ამერიკის გავლენის ზონის ნაწილიდან ამერიკელი სამხედროების გასვლის შემდგომ, რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ასადის რეჟიმის ძალებმა დაიწყეს შემდეგი ქალაქების გარშემო ტერიტორიების დაკავება - მანბიჯი, კობანი, არ-რაქა, ალ-ტაბქა, ალ-ჰასაკა და ალ-ქამიშლი.  რამდენიმე ადგილზე, კერძოდ მანბიჯსა და კობანიში, ასადის მოწინავე ძალებთან ერთად იმყოფებოდნენ მცირე რაოდენობით რუსი სამხედროებიც. პარალელურად, რუსეთის საჰაერო ძალები აგრძელებენ ამბოხებულების მიერ კონტროლირებადი სირიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე იდლიბის რეგიონის დაბომბვას.

რუსული დროშები მანბიჯში, 2019 წლის 15 ოქტომბერს. წყარო: ომარ სანადიკი/როიტერსი, The Guardian-დან 

რუსეთის და ასადის სამხედროებთან მიმაგრებული რუსი ჟურნალისტი პოზირებს აშშ-ის მიტოვებულ გამშვებ პუნქტზე, მანბიჯის რეგიონში. წყარო: syria.liveuamap.com

რუსეთსა და სამხრეთ აფრიკას შორის არსებული სამხედრო თანამშრომლობის ფარგლებში, ამ აფრიკულ სახელმწიფოში რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების საჰაერო ჯგუფის ჩასვლა იგეგმება.

 

სამხედრო სტრატეგია

რუსეთი ცვლის საზღვაო ქვეითთა ოფიცრების წვრთნისა და განათლების პროგრამას მათი დანაყოფის დანიშნულების გაფართოებიდან გამომდინარე. ამიერიდან, რუსეთის საზღვაო ქვეითები არა მხოლოდ დაიცავენ რუსეთის ტერიტორიის სანაპიროს და განახორციელებენ ლოკალურ სადესანტო ოპერაციებს, არამედ ასევე გამოყენებულ იქნებიან როგორც საექსპედიციო ძალა, რომელსაც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეეძლება ამოცანების შესრულება.

 

გადაიარაღება და მოდერნიზაცია

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღო კიდევ ერთი საჰაერო თავდაცვის პოლკის სამყოფი S-400 ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემები.

რუსეთის 41-ე არმიის (შტაბ-ბინა ნოვოსიბირსკში) 61-ე ჰაერსაწინააღმდეგო ბრიგადამ (ბიისკი, ალტაის მხარე) მიიღო ახალი BUK-M3 საშუალო მოქმედების ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემის ერთი პარტია.

Buk-M3 სისტემები. წყარო: ცენტრალური სამხედრო ოლქი

42-ე მექანიზებული დივიზიის (შტაბ-ბინა ხანკალაში, ჩეჩნეთის რესპუბლიკა) 245-ე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ბატალიონი გადაიარაღდა თორმეტი TOR-M2 ახლო მოქმედების საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემით.

 

კოსმოსი

რუსულმა TUNDRA ტიპის სარაკეტო თავდასხმის ადრეული აღმოჩენის თანამგზავრმა, რომელიც გაშვებულ იქნა პლესეცკის კოსმოდრომიდან 26 სექტემბერს, დაიწყო ორბიტაზე ფუნქციონირება.

 

სწავლებები* 

რუსეთმა, 15-17 ოქტომბერს, ჩაატარა სტრატეგიული სამეთაურო სწავლება „გრომ-2019“. სწავლებაში მონაწილეობას იღებდა 12000 სამხედრო, სტრატეგიული სარაკეტო ძალების 213 სარაკეტო სისტემა, 105-მდე სამხედრო თვითმფრინავი, 15 გემი და 5 წყალქვეშა ნავი. წვრთნა მოიცავდა ბალისტიკური რაკეტების გაშვებას ჩრდილოეთისა და წყნარი ოკეანის ფლოტების წყალქვეშა ნავებიდან.

ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავი Ryazan, მდებარე პეტროპავლოვსკ-კამჩატსკიში, რომელმაც ვერ გაისროლა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა სწავლება გრომ-2019-ის მიმდინარეობისას. წყარო: Flot.com

რუსეთმა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ოდკბ) სხვა წევრებმა: სომხეთმა, ბელარუსმა, ყაზახეთმა, ყირგიზეთმა და ტაჯიკეთმა ჩაატარეს სამხედრო წვრთნა სახელწოდებით „ვზაიმოძეისტვიე-2019“, ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში. წვრთნაში ჩართულ 3000-მდე სამხედროს მეთაურობდა რუსეთის დასავლეთი სამხედრო ოლქის ხელმძღვანელი.

ოდკბ-ს წევრების კიდევ ერთი სწავლება, „პოისკ-2019“, ბელარუსში ჩატარდა. სწავლებაში ჩართული სადაზვერვო დანაყოფების 2000-მდე სამხედროს შორის იყვნენ რუსეთის პირველი სატანკო არმიის (შტაბ-ბინა ბაკოვკაში, მოსკოვის ოლქი) სადაზვერვო დანაყოფებიც, რომლებიც სავარაუდოდ მიეკუთვნებიან ამ არმიის 96-ე სადაზვერვო ბრიგადას (ნიჟნი ნოვგოროდი).

ბელარუსი ასევე მასპინძლობდა ერთობლივ სწავლებას ბრესტის ოლქში, რომლის ფარგლებშიც მისი (ბელარუსის) სპეციალური ოპერაციების ძალებმა წვრთნა გაიარეს რუსეთის საჰაერო სადესანტო ძალებთან ერთად. სწავლებაში მონაწილე რუსული სამხედრო დანაყოფები მიეკუთვნებიან 106-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის (შტაბ-ბინა ტულაში) 137-ე საჰაერო-სადესანტო პოლკს (რიაზანი).

დაახლოებით 8000-მა სამხედრო მოსამსახურემ სამხრეთი სამხედრო ოლქის საარტილერიო და სარაკეტო დანაყოფებიდან ჩაატარა სწავლება დაახლოებით 30 ლოკაციაზე, რომლებიც განლაგებულია სამხრეთ რუსეთისა და ჩრდილოეთ კავკასიის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში, ასევე სომხეთსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე: აფხაზეთში, ყირიმში და ცხინვალის რეგიონში.

რუსეთმა ასევე ჩაატარა სხვა სწავლებებიც მის მიერ ოკუპირებულ უკრაინისა და საქართველოს რეგიონებში, კერძოდ აფხაზეთში, ყირიმსა და ცხინვალში.

58-ე არმიის (ვლადიკავკაზი, ჩრდილოეთ ოსეთი) მე-19 (სპუტნიკი, ჩრდილოეთ ოსეთი) და 136-ე (ბუინაკსკი, დაღესტნის რასპუბლიკა) მექანიზებული  ბრიგადების 3000-ზე მეტმა სამხედრომ, მე-4 საჰაერო და ჰაერსაწინააღმდეგო ძალების არმიის (შტაბ-ბინა დონის როსტოვში) თვითმფრინავებთან და უპილოტო საფრენ აპარატებთან ერთად, სამხედრო წვრთნა ჩაატარა.

რუსეთის ჩრდილოეთი ფლოტის სახმელეთო ძალების 3000-ზე მეტმა სამხედრომ მონაწილეობა მიიღო მურმანსკის ოლქში გამართულ სწავლებაში. აღნიშნული დანაყოფები სავარაუდოდ მიეკუთვნებია მე-200 მექანიზებულ (ლუოსტარი, პეჩენგა და კორზუნოვო, მურმანსკის ოლქი) და 61-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადებს (სპუტნიკი, მურმანსკის ოლქი).

29-ე არმიის (შტაბ-ბინა ჩიტაში, იმიერბაიკალეთის მხარე) 5000-მა სამხედრომ ჩაატარა სამხედრო სწავლება. დანაყოფები წარმოდგნელი იყვნენ 29-ე არმიის ყველა მთავარი შენაერთიდან, კერძოდ 36-ე მექანიზებული (ბორზია,იმიერბაიკალეთის მხარე), მე-200 საარტილერიო (გორნი,იმიერბაიკალეთის მხარე), მე-3 სარაკეტო (დროვიანია,იმიერბაიკალეთის მხარე) და 140-ე ჰაერსაწინააღმდეგო (დომნა,იმიერბაიკალეთის მხარე) სარაკეტო ბრიგადებიდან.

 

შეიარაღების ექსპორტი

რუსეთმა სერბეთის შეიარაღებულ ძალებს 3 Mi-17 ტიპის შვეულმფრენი მიაწოდა.


*ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.