X

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა: გამოცემა 14, 4 ნოემბერი - 10 ნოემბერი, 2019

ავტორი: დავით ბატაშვილი

თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

 

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.

შენიშვნა მკითხველთათვის: შემდგომ კვირაში გამოცემა არ გამოქვეყნდება. დაიჯესტის მე-15 გამოცემა გამოვა 25 ნოემბრის-1 დეკემბრის კვირაში და მასში ორი კვირის ინფორმაცია გამოქვეყნდება.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

ომი უკრაინაში - უკრაინაში, დონბასის ფრონტზე, 4-10 ნოემბრის კვირაში უწყვეტი ხასიათი ჰქონდა ყოველდღიურ სროლას. უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის პრეს-ცენტრის ინფორმაციით, რუსული ჰიბრიდული ძალების მოქმედებების შედეგად, დაღუპულია 2 და დაჭრილია 13 უკრაინელი სამხედრო.

ომი სირიაში - 4-10 ნოემბრის კვირაში რუსეთის საჰაერო ძალებმა გააგრძელეს ყოველდღიური ინტენსიური დაბომბვა ამბოხებულთა მიერ კონტროლირებადი იდლიბის რეგიონისა, ჩრდილო-დასავლეთ სირიაში. ამასობაში, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით რუსეთმა „განალაგა სამხედრო შვეულმფრენები სირია-თურქეთის საზღვრის სიახლოვეს პატრულირებისთვის, რომლებიც დაიცავენ ხმელეთზე მოქმედ რუსეთის სამხედრო პოლიციის დანაყოფებს“.

რუსეთი აფრიკაში - „ნიუ იორკ ტაიმზში“ დაიბეჭდა სტატია ლიბიის ომში რუსული სამხედრო აქტივობების შესახებ. როგორც სტატიაში წერია, რუსეთი ომში „იყენებს თანამედროვე „სუხოის“ (სუ-ს ხაზი) თვითმფრინავებს, კოორდინირებულ სარაკეტო დარტყმებს, მართვად არტილერიას, ასევე სნაიპერებს“ და „ვაგნერის ჯგუფის“ დაქირავებულ სამხედროებს, იმისათვის რომ ომი ამბოხებულთა ლიდერის, ხალიფა ჰაფთარის სასარგებლოდ და გაეროს მიერ აღიარებული ტრიპოლიში არსებული მთავრობის საწინააღმდეგოდ დასრულდეს. აღიარებული ხელისუფლების ოფიციალური პირების ინფორმაციით, „რუსეთი ყოველკვირეულად ზრდის დაქირავებული მებრძოლების რიცხვს“.

ორი რუსული საზღვაო ხომალდთა დაჯგუფება ამჟამად შორეულ ვოიაჟებში იმყოფება. წყნარი ოკეანის ფლოტის „სლავა“ (პროექტი 1164, ნატოს კლასიფიკაციით „ატლანტი“) კლასის სარაკეტო კრეისერი „Varyag“  და „ფრეგატის“ (პროექტი 1155, ნატოს კლასიფიკაციით „უდალოი I”) კლასის წყალქვეშა ნავსაწინააღმდეგო საესკადრო ნაღმოსანი „Admiral Panteleyev” ამჟამად იმყოფებიან სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, ტანკერის თანხლებით. ამასობაში, ჩრდილოეთის ფლოტის „სლავა“ (პროექტი 1164, ნატოს კლასიფიკაციით „ატლანტი“) კლასის სარაკეტო კრეისერი „Marshal Ustinov”, ორ მხარდამჭერ გემთან ერთად, იმყოფება ატლნტის ოკეანეში და მიცურავს სამხრეთით, აფრიკის სანაპიროს გასწვრივ. 4-10 ნოემბრის კვირაში ის ეკვატორულ გვინეას ეწვია.

წყარო: War vs Peace

 

სტრუქტურული ცვლილებები

გასულ კვირას რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2019 წლის ზაფხულში უპილოტო საფრენი აპარატების (უსა) დანაყოფი შეიქმნა 132-ე შერეული საავიაციო დივიზიის (კალინინგრადის ოლქი) 689-ე  გამანადგურებელთა პოლკში. დანაყოფი აღჭურვილია „Forpost-ის“ ტიპის უსა-ებით.

მე-11 საჰაერო და საჰაერო თავდაცვის ძალების არმიის (შტაბ-ბინა ხაბაროვსკში) მე-18 საარმიო ავიაციის ბრიგადის (ბოლშოის საჰაერო ბაზა, ხაბაროვსკი) Mi-8AMTSh-VA ტიპის სატრანსპორტო და მოიერიშე შვეულმფრენთა ჯგუფი მუდმივი განლაგების მიზნით გადაყვანილ იქნა უგოლნის საჰაერო ბაზაზე ანადირში, ჩუკოტკის ავტონომიურ ოლქში.

 

გადაიარაღება და მოდერნიზაცია

ცენტრალურ სამხედრო ოლქში,  სპეციალური ოპერაციების და სადაზვერვო ძალებს დანაყოფებმა, 2019 წლის განმავლობაში  50 ჯავშანმანქანა მიიღეს. მათ შორისაა Tigr-M SpN ტიპის ქვეითთა ყველგანმავალი ჯავშანმანქანა.

საფრენი აპარატების სადემონსტრაციო ცენტრი (რომლის საჰაერო სადემონსტრაციო ჯგუფის სახელია „Russkiye Vityazi” / „რუსი რაინდები“), რომელიც განლაგებულია კუბინკას საჰაერო ბაზაზე, მოსკოვის ოლქში, აღიჭურვა ოთხი Su-35S-ის ტიპის გამანადგურებლით. აქამდე, გუნდის მთავარი საფრენი აპარატი იყო Su-30SM ტიპის გამანადგურებელი.

კუბინკის საჰაერო ბაზისთვის მიწოდებული ოთხი Su-35S-იდან ერთ-ერთი. წყარო: სვეტლანა ბალაევა, bmpd.livejournal.com-დან.

 

სწავლებები*

რუსეთ-ეგვიპტის ერთობლივი საავიაციო და ჰაერსაწინააღმდეგო ძალების სწავლება დასრულდა 7 ნოემბერს.

ყირიმში განლაგებულმა რუსეთის საჰაერო საფრენმა აპარატებმა 27-ე შერეული საავიაციო დივიზიიდან (შტაბ-ბინა ბელბეკში, ოკუპირებული ყირიმი) შავი ზღვის საჰაერო სივრცეში წვრთნა ჩაატარა.

 

შეიარაღების ექსპორტი

თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის დირექტორატის ხელმძღვანელის ინფორმაციით, „რუსული S-400 ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემების მეორე პარტიის თურქეთისათვის მიწოდება შეიძლება გადაიდოს, დაგეგმილი 2020 წლის პერიოდიდან უფრო გვიან, ტექნოლოგიების გაზიარებასა და ერთობლივი წარმოების შესახებ მოლაპარაკებების გამო.“

 

* ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.