X

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა: გამოცემა 16, 25 ნოემბერი - 1 დეკემბერი, 2019

ავტორი: დავით ბატაშვილი

თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

 

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ  ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

ომი უკრაინაში - 25 ნოემბერი - 1 დეკემბრის კვირაში რუსული ჰიბრიდული ძალების მიერ უკრაინაში, დონბასის ფრონტზე, მოკლულია სამი უკრაინელი ჯარისკაცი და ამდენივეა დაჭრილი. ტრადიციულად, სროლა ფრონტის ხაზზე წარმოებდა ყოველდღიურად.

ომი სირიაში - რუსულმა საფრენმა აპარატებმა, მიმდინარე კვირაში, განახორციელეს ყოველდღიური იერიშები ამბოხებულთა მიერ კონტროლირებად იდლიბის რეგიონში. ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში რუსეთი აგრძელებს თავისი პოზიციების გამყარებას, რის ფარგლებშიც შექმნა სამხედრო შტაბ-ბინა მცირე ქალაქ ამუდაში, მდებარე თურქეთის საზღვართან, ქალაქ ქამიშლის დასავლეთით. ამასობაში, რუსეთის საჰაერო ძალებმა  გააფართოეს საპატრულო არეალი, რათა მოიცვან სირიის ჩრდილოეთი და ჩრდილო-აღმოსავლეთი რეგიონები.

რუსული ავიაციის მიერ დაბომბილი საავადმყოფო ქალაქ კანსაფრაში, იდლიბის პროვინციაში.  წყარო: Twitter, syria.liveuamap.com-დან

რუსეთი აფრიკაში - მოსკოვმა უფასოდ მიაწოდა გაბონს მსუბუქი შეიარაღება, ბრაკონიერებთან მებრძოლი სამთავრობო დანაყოფებისთვის.

რუსეთმა უფასო სამხედრო დახმარება აღმოუჩინა მონღოლეთისა და ყირგიზეთის შეიარაღებულ ძალებს, კერძოდ მონღოლეთს რუსეთმა 2 Mig-29UB ტიპის გამანადგურებელი მიაწოდა. რაც შეეხება ყირგიზეთს, მან მიიღო „სამხედრო აღჭურვილობის ახალი პარტია, რომელიც მოიცავს 2 სამხედრო Mi-8MT მრავალფუნქციურ შვეულმფრენსა და 2 მობილურ P-18-2 [ადრეული შეტყობინების] რადარს.“

იაპონიისა და სამხრეთ კორეის საჰაერო ძალების გამანადგურებლებმა გააცილეს 2 რუსული Tu-95MS ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენი, რომლებიც იაპონიისა და აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვების თავზე დაფრინავდნენ.

Tu-95MS ტიპის ბომბდამშენების სავარაუდო მარშრუტი. წყარო: diana-mihailova.livejournal.com

 

სტრუქტურული ცვლილებები

ბალტიის ფლოტის მეთაურმა, ადმირალმა ალექსანდერ ნოსატოვმა გაასაჯაროვა ინფორმაცია კალინინგრადის ოლქში 2020 წელს კიდევ ერთი მექანიზებული ბრიგადის შექმნის გეგმების შესახებ. დღეისათვის, სამანევრო ძალები, რომლებიც განლაგებულია კალინინგრადის ოლქში, მოიცავს: 79-ე მექანიზებულ ბრიგადას; 336-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადას; მე-7 მექანიზებულ პოლკს; მე-11 სატანკო პოლკს (ეს უკანასკნელი შეიქმნა 2019 წლის იანვარში) და 561-ე საზღვაო სადაზვერვო დანაყოფი, რომელიც რეალურად საზღვაო სპეციალური ოპერაციების ძალების ბატალიონს წარმოადგენს. ოლქში განლაგებულია შემდეგი ცალკეული სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფები: 244-ე საარტილერიო ბრიგადა, 152-ე სარაკეტო ბრიგადა (შეიარაღებული Iskander-M ტიპის ბალისტიკური სარაკეტო სისტემებით) და 25-ე სანაპირო სარაკეტო პოლკი. ბოლო დროს შექმნილი სატანკო პოლკი, ახალი მექანიზებული ბრიგადის დაგეგმილ შექმნასთან ერთად, მეტყველებს ოფიციალური მოსკოვის პრიორიტეტზე - გააძლიეროს კალინინგრადის სტრატეგიულ რეგიონში არსებული ძალების სახმელეთო კომპონენტი.

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ჩამოაყალიბა ახალი ელიტური სპეციალური ოპერაციების ოცეული. ის შედგა დაახლოებით 30 სპეციალური ოპერაციების ძალების ოფიცრისგან, რომლებიც შერჩეულ იქნენ 4 500 კანდიდატიდან.

 

გადაიარაღება და მოდერნიზაცია

ახალი, 636.3 პროექტის (გაუმჯობესებული „კილოს“ კლასი) დიზელზე მომუშავე წყალქვეშა ნავი „პეტროპავლოვსკ-კამჩატსკი“, 25 ნოემბერს წყნარი ოკეანის ფლოტს შეუერთდა.

წყალქვეშა ნავი „პეტროპავლოვსკ-კამჩატსკი“. წყარო: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

რუსული მედიის ცნობით, ნოემბრის შუა პერიოდში არქტიკაში განხორციელდა „კინჟალის“ ტიპის ბირთვულძრავიანი ჰაერი-მიწა კლასის ბალისტიკური რაკეტის საცდელი გასროლა. რაკეტა გაისროლა MiG-31K ტიპის მოიერიშე თვითმფრინავმა.

 

კოსმოსი

რუსული სამხედრო თანამგზავრი, რომელიც გაუშვეს პლესეცკის კოსმოდრომიდან (მირნი, არხანგელსკის ოლქი), გავიდა ორბიტაზე.

 

წვრთნები* 

ჩრდილოეთის ფლოტის 1164 პროექტის „სლავას“ კლასის სარაკეტო კრეისერმა „მარშალ უსტინოვმა“ ჩაატარა ერთობლივი საზღვაო სწავლება ორ ფრეგატთან ერთად, რომლებიც ეკუთვნოდა ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის საზღვაო ძალებს. სწავლება სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა კეთილი იმედის კონცხის სიახლოვეს. აღნიშნულ ღონისძიებას წინ უძღოდა „მარშალ უსტინოვის“ სამხრეთული ვოიაჟი აფრიკის სანაპიროს გასწვრივ, ატლანტის ოკეანეში.

 

შეიარაღების ექსპორტი

ლაოსის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღო რუსული T-72B1 ტიპის ტანკების მეორე პარტია. შეკვეთის პირველი ნაწილი ლაოსს 2018 წლის დეკემბრის შუა პერიოდში მიეწოდა.

 

 

* ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.