X

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა: გამოცემა 17, 2 დეკემბერი - 8 დეკემბერი, 2019

ავტორი: დავით ბატაშვილი

თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ  ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

ომი უკრაინაში - 2-8 დეკემბრის კვირაში, უკრაინაში, რუსული ჰიბრიდული ძალების მოქმედებების შედეგად დაიღუპა ერთი და დაიჭრა ხუთი  უკრაინელი სამხედრო. დონბასის ფრონტზე სროლას ყოველდღიური ხასიათი ჰქონდა.

ომი სირიაში - 2-8 დეკემბრის კვირაში, ამბოხებულთა მიერ კონტროლირებადი იდლიბის რეგიონის დაბომბვა რუსული საჰაერო ძალების მიერ ყოველდღე მიმდინარეობდა. ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში რუსეთის საჰაერო და სახმელეთო ძალები პატრულირებებს ახორციელებდნენ, რომლის ფარგლებშიც ისინი პირველად შევიდნენ ქალაქ რაქაში. სამი რუსი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა 2 დეკემბერს, ქალაქ კობანის სამხრეთ-აღმოსავლეთით მომხდარი შემთხვევისას, სადაც  სამხედროების ჯავშანმანქანა ასაფეთქებელმა მოწყობილობამ დააზიანა.

რუსული სამხედრო კოლონა შედის ქამიშლის საერთაშორისო აეროპორტში. წყარო: Twitter, syria.liveuamap.com- დან. 

რუსული პატრულის მდებარეობა ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედებისას. წყარო: Kommersant.

რუსეთი აფრიკაში - აშშ-ს აფრიკის სარდლობის ინფორმაციით, „გასულ თვეს, ლიბიის დედაქალაქის სიახლოვეს, რუსული საჰაერო თავდაცვის საშუალებით ჩამოაგდეს  შეუიარაღებელი ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატი“. ამერიკის შეფასებით, „უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების მომენტში, 21 ნოემბერს, საჰაერო თავდაცვის სისტემებს მართავდნენ ან რუსი დაქირავებული მებრძოლები, ან გენერალ ჰაფთარის ე.წ. „ლიბიის ეროვნული არმიის“ წევრები.

 

არქტიკა - ჩრდილოეთის ფლოტის გემების ჯგუფმა დატოვა საზღვაო ბაზა სევერომორსკში, კიდევ ერთი შორეული ექსპედიციისთვის. გემები ბარენცის ზღვის გავლით მიემართებიან ატლანტის ოკეანისკენ. ჯგუფი მოიცავს „უდალოი“ კლასის (პროექტი 1155) წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო საესკადრო ნაღმოსან „ვიცე-ადმირალ კულაკოვს“  და „როპუჩას“ კლასის (პროექტი 775) სადესანტო გემ „კონდოპოგას“.

ირანის საზღვაო ძალების ოფიციალური წარმომადგენლის თანახმად, „რუსეთი, ირანი და ჩინეთი 27 დეკემბერს ერთობლივ საზღვაო სწავლებას ჩაატარებენ.“ წინათ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული სამი სახელმწიფო ერთობლივი სწავლების ჩატარებას ინდოეთის ოკეანეში აპირებდა.

 

სტრუქტურული ცვლილებები

რუსული მედიის ცნობით, არსებობს გეგმა, რომლის თანახმადაც მომავალ წელს კალინინგრადის ოლქში ჩამოყალიბდება მექანიზებული დივიზიის შტაბ-ბინა. დივიზია სავარაუდოდ გახდება მე-11 საარმიო კორპუსის ნაწილი, რომელიც ამჟამად ხელმძღვანელობს ოლქში მყოფი რუსულის სახმელეთო ძალებს უმეტეს ნაწილს. როგორც დაიჯესტის მე-16 გამოცემაში ვწერდით, ბალტიის ფლოტის მეთაურმა დააანონსა, 2020 წლისთვის, კალინინგრადის ოლქში კიდევ ერთი მექანიზებული ბრიგადის შექმნა.

ჩრდილოეთის ფლოტის საავიაციო დანაყოფი სახელწოდებით 7050-ე საჰაერო ბაზა, მდებარე ქალაქ მურმანსკის სიახლოვეს არსებულ საჰაერო ბაზაზე დასახელებით სევერომორსკ-1, ორ ნაწილად გაიყო. მის ნაცვლად ჩამოყალიბდა 403-ე ცალკეული შერეული საავიაციო და 830-ე ცალკეული საგემბანო წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო შვეულმფრენთა პოლკები. ორივე ახლად ჩამოყალიბებული პოლკი კვლავ სევერომორსკ-1-ში იქნება განლაგებული. ასევე, 7050-ე საჰაერო ბაზის გაყოფის შედეგად ცალკეული შვეულმფრენთა ესკადრონი შეიქმნა.

IL-38 საზღვაო საპატრულო და წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო ბრძოლის თვითმფრინავი 403-ე ცალკეული შერეული საავიაციო პოლკიდან. წყარო: russianplanes.net, bmpd.livejournal.com-დან.

 

გადაიარაღება და მოდერნიზაცია

მე-11 საჰაერო და საჰაერო თავდაცვის ძალების არმიის (შტაბ-ბინა ხაბაროვსკიში) 25-ე საჰაერო თავდაცვის დივიზიის (შტაბ-ბინა კომსომოლსკში, ხაბაროვსკის მხარე) 1724-ე ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო პოლკმა (ბირობიჯანი, ებრაელთა ავტონომიური ოლქი) შეიარაღებაში მიიღო S-300V4 ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემები.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მიიღო Mi-38T ტიპის პირველი სამხედრო-სატრანსპორტო შვეულმფრენი. ამ ტიპის მეორე შვეულმფრენის მიწოდება დაგეგმილია 2019 წლის ბოლოსთვის.

 

სწავლებები*

რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის მე-3 სპეციალური ოპერაციების ბრიგადის მებრძოლებმა ჩაატარეს ერთობლივი სწავლება უზბეკეთის სპეციალური ოპერაციების ძალებთან.

 

შეიარაღების ექსპორტი

რუსეთმა სერბეთს 4 Mi-35M ტიპის მოერიშე შვეულმფრენი მიაწოდა.

 


* ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.