X

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა: გამოცემა 23, 20-26 იანვარი, 2020

ავტორი: დავით ბატაშვილი

თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

 

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ  ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

ომი უკრაინაში - უკრაინის სამხედრო ძალებმა 20-26 იანვრის კვირაშიც განიცადეს დანაკარგები დონბასის ფრონტზე. გასულ კვირას რუსული ჰიბრიდული ძალების მოქმედებების შედეგად, წინა კვირის მსგავსად დაიღუპა ოთხი უკრაინელი სამხედრო. დაიჭრა ექვსი უკრაინელი. 20-26 იანვრის კვირაში ფრონტზე სროლას ყოველდღიური ხასიათი ჰქონდა.    

ომი სირიში - 20-26 იანვრის კვირაში რუსეთის საჰაერო ძალებმა ყოველდღიური და მასირებული საჰაერო დარტყმები განახორციელეს ამბოხებულთა მიერ კონტროლირებად იდლიბის რეგიონში არსებულ სამიზნეებზე. გავრცელდა ინფორმაცია აღნიშნული თავდასხმების შედეგად მშვიდობიან მოსახლეობაში გამოწვეული მსხვერპლის შესახებ. იდლიბის რეგიონის სამხრეთ-აღმოსავლეთში, რუსეთისა და ირანის მიერ მხარდაჭერილმა ასადის რეჟიმის ძალებმა წარმატებას მიაღწიეს ამბოხებულთა თავდაცვის ზოლის გარღვევითა და მნიშვნელოვანი ტერიტორიის დაკავებით. ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში აშშ-ს სამხედროებმა, წინა კვირის მსგავსად, გააგრძელეს რუსული პატრულებისთვის გადაადგილების შეზღუდვა. მსგავს ინციდენტებს ადგილი ჰქონდა 21, 22 და 25 იანვარს. 25 იანვრის ინციდენტისას, ჰაერში პატრულირებდნენ რუსული შვეულმფრენები და ამერიკული საფრენი აპარატები.

  

ამერიკელ სამხედროებ ბლოკავენ რუსული პატრულის გადაადგილება, 2020 წლის 25 იანვარი. წყარო: syria.liveuamap.com

არქტიკა - რუსეთის გენერალურმა შტაბმა გადაწყვიტა არქტიკაში გააორმაგოს Resonance-N ტიპის სარადარო სადგურების სამომავლო რაოდენობა. დაგეგმილია საბოლოო ჯამში 10 ამგვარი სადგურის დაარსება. ბოლო ასეთმა სადგურმა ფუნქციონირება დაიწყო 2019 წლის ნოემბერში, ახალი მიწის არქიპელაგზე.

201-ე სამხედრო ბაზის (რუსული მექანიზებული დივიზიის ზომის დანაყოფი დუშანბესა და კურგონტეპაში, ტაჯიკეთი) სამხედრო ინსტრუქტორებმა 2020 წელს, გეგმის თანახმად, უნდა გადაამზადონ ტაჯიკეთის შეიარაღებული ძალების ათასი უმცროსი სამხედრო სპეციალისტი.

რუსეთმა ლაოსს სამხედრო დახმარების სახით მიაწოდა T-72 ტიპის ტანკები და BRDM-2M ტიპის სადაზვერვო ჯავშანმანქანები. რუსებმა ლაოსელებს ასევე გადასცეს ადგილობრივი აეროდრომი, რომელსაც მათ მოდერნიზაცია ჩაუტარეს.

   

რუსები ლაოსში. წყარო: bmpd.livejournal.com

 

სწავლებები*

რუსეთისა და ასადის რეჟიმის სამხედროებმა ჩაატარეს ერთობლივი სამხედრო სწავლება ტარტუსის პორტში, სირიაში. რუსების ინფორმაციით, სწავლებაში ჩართული იყო 2000-მდე სამხედრო და შვიდი მცურავი საშუალება. ტარტუსში განლაგებულია რუსეთის საზღვაო ძალების ბაზა.

რუსმა Su-30SM ტიპის გამანადგურებლებისა და Su-24M ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების პილოტებმა ჩაატარეს წვრთნა ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე, უკრაინაში.

 

შეიარაღების ექსპორტი

რუსული მედიის ცნობით, რუსეთმა, S-400 ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემების გამშვებ დანადგარებთან ერთად, თურქეთს მიაწოდა ამ სისტემის 120-ზე მეტი რაკეტა.

რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სერბეთის Pantsir-S1  ტიპის საშუალო მოქმედების ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემის შეკვეთა მოიცავს ერთ ბატარეას, რომელშიც ექვსი გამშვები სისტემა შედის. სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა Pantsir-S1-ის შეძენა 2019 წლის ოქტომბერში დააანონსა. გეგმის თანახმად, სისტემების მიწოდება თებერვლის ბოლოს დაიწყება და წლის განმავლობაში დასრულდება.

 

 

*ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.