X

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა: გამოცემა 26, 10 თებერვალი - 16 თებერვალი, 2020

ავტორი: დავით ბატაშვილი

თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ  ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

ომი სირიაში - რუსეთი-ირანი-ასადის კოალიციის ძალებმა განაგრძეს წარმატებული შეტევითი ოპერაცია თურქების მიერ მხარდაჭერილი სირიელი მეამბოხეების წინააღმდეგ იდლიბის რეგიონში, რაც გამოიხატა დამატებით ტერიტორიის დაკავებაში. 10-16 თებერვლის კვირის განმავლობაში რუსული ავიაცია ამ ოპერაციაში ინტენსიურად იყო ჩართული, კერძოდ მასირებულად ბომბავდა ამბოხებულთა მიერ კონტროლირებად ტერიტორიას.

ომი უკრაინაში - რუსული ჰიბრიდული ძალები უკრაინაში, დონბასის ფრონტზე, 10-16 თებერვლის კვირაში ყოველდღიურ რეჟიმში უხსნიდნენ ცეცხლს უკრაინელ სამხედროებს. შედეგად დაშავდა ერთი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე.

პენტაგონმა „გაასაჯაროვა რუკა, რომელზეც ასახულია რუსეთისა და ჩინეთის გაზრდილი  საზღვაო აქტივობები, და ასევე მასზე ნაჩვენებია წყალქვეშ გამავალი მთავარი კაბელები, მსოფლიოს გარშემო.“

წყარო:  Defense Budget Overview, February 2020

რუსეთი აფრიკაში - გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლიბიის ომში დაიღუპა რუსეთის რეგულარული შეიარაღებული ძალების პირველი ოფიცერი. აღნიშნული ინფორმაცია, დადასტურების შემთხვევაში, მიუთითებს, რომ რუსეთის მოქმედებები ლიბიაში, გაეროს მიერ აღიარებული ტრიპოლის მთავრობის წინააღმდეგ, მოიცავს არა მხოლოდ „ვაგნერის“ დაქირავებულ მებრძოლებს, არამედ უშუალოდ რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედროებსაც.

ბელგიის F-16-ებმა, ბალტიის ზღვის თავზე, გზა გადაუჭრეს რუსეთის შორი მოქმედების ავიაციის სარდლობის Tu-134UBL ტიპის სასწავლო თვითმფრინავს. ბელგიური გამანადგურებლები ლიეტუვაში, კერძოდ შიაულიაიში არსებული ბაზიდან აფრინდნენ.

 

სტრუქტურული ცვლილებები

რუსული მედიის ცნობით, 2020 წლის იანვარში რუსეთის შეიარაღებულ ძალებში შეიქმნა უპილოტო საფრენი აპარატების (უსა) საწინააღმდეგო მობილური დანაყოფები. აღნიშნული დანაყოფები დაიცავენ სამხედრო ბაზებს სამხრეთისა და აღმოსავლეთის სამხედრო ოლქებში. მომავალში მსგავსი ტიპის დანაყოფები ჩამოყალიბდება რუსეთის დანარჩენ სამხედრო ოლქებშიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი გეგმავს ყირგიზეთში ჰაერსაწინააღმდეგო ძალები განათავსოს.

 

კოსმოსი

ამერიკის კოსმოსური ძალების სარდალმა, გენერალმა ჯონ რეიმონდმა, დაადასტურა ორი რუსული  კოსმოსური ობიექტის მიახლოება ამერიკულ სადაზვერვო თანამგზავრთან. „გასულ ნოემბერს, რუსეთის მთავრობამ გაუშვა თანამგზავრი, რომელსაც შემდეგ მეორე თანამგზავრიც გამოეყო.  აღნიშნული თანამგზავრები აქტიურად მანევრირებენ ამერიკის მთავრობის თანამგზავრთან ახლოს,“ განაცხადა გენერალმა რეიმონდმა. მისი თქმით, ამგვარმა მანევრებმა შეიძლება „შექმნას სახიფათო სიტუაცია კოსმოსში.“

 

სწავლებები* 

ბალტიის ფლოტის  20-ზე მეტი გემი, მათ შორის კორვეტები და სადესანტო ხომალდები, ჩართული იყო საზღვაო-საბრძოლო სწავლებაში, რომელიც საზღვაო ქვეითთა დესანტირებასაც მოიცავდა.

სადესანტო გემი „მიჩმანი ლერმონტოვი“ საზღვაო-სადესანტო სწავლებაზე. წყარო: დასავლეთის სამხედრო ოლქი

58-ე არმიის სადაზვერვო დანაყოფების 2 500-მა სამხედრომ რუსეთის სხვადასხვა პოლიგონზე წვრთნა დაიწყო. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორაცია მიუთითებს, რომ დანაყოფები წარმოდგენილნი არიან შემდეგი შენაერთებიდან: 42-ე მექანიზებული დივიზია (შტაბ-ბინა ხანკალაში, ჩეჩნეთის რესპუბლიკა), მე-4 სამხედრო ბაზა (ოკუპირებული ცხინვალი და ჯავა, საქართველო), 136-ე მექანიზებული ბრიგადა (ბუიანაკსკი, დაღესტნის რესპუბლიკა), მე-19 მექანიზებული ბრიგადა (სპუტნიკი, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანია) და მე-100 სადაზვერვო ბრიგადა (მოზდოკი, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანია).

საქართველოს ერთ-ერთ ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში არსებული რუსეთის საოკუპაციო ძალების სადაზვერვო დანაყოფებმა (რომლებიც ეკუთვნიან 49-ე არმიის მე-7 სამხედრო ბაზას) ჩაატარეს სამთო საბრძოლო სწავლება ჩრდილოეთ ოსეთის-ალანიის ტერიტორიაზე, რუსეთში. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, „[სწავლებაში] განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ზღვის დონიდან 1,5-3 კმ. სიმაღლეზე შორ დისტანციაზე გადაადგილებას, უცნობ მარშრუტებზე.“ სწავლების ლეგენდა მტრის ზურგში მოქმედებას მოიცავდა.

 

* ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო. 

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.