X

პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკა

პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა, გამოცემა 1

ავტორი: მამუკა კომახია, ანალიტიკოსი

გამოცემა: N1

მიმოხილვის პერიოდი: 15-31 იანვარი, 2020

 

რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეს საკუთარი გავლენის სფეროდ მიიჩნევს და რეგიონში დასავლეთის პოზიციების გაძლიერებას თავისი ეროვნული ინტერესების საფრთხედ განიხილავს. ჩვენი მიმოხილვის მიზანია მკითხველს პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მიმოხილვა გამოვა ორ კვირაში ერთხელ და გამოადგება ყველას, გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მიმდინარე პროცესები აინტერესებს.

 

ბელარუსი სუვერენიტეტის დათმობას არ აპირებს

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 24 იანვარს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ქ. შკლოვში ქაღალდის მწარმოებელი ქარხნის თანამშრომლების წინაშე სიტყვით გამოვიდა. მისი სიტყვის დიდი ნაწილი რუსეთთან ურთიერთობას მიეძღვნა.

მოვლენა დეტალურად: ლუკაშენკოს განცხადებით, მას არ სურს თავისი ქვეყნის ბოლო პრეზიდენტი იყოს და გამოთქვა ვარაუდი, რომ თუკი ის დათანხმდებოდა ბელარუსის რუსეთთან შეერთებას, ბელარუსები მას ამგვარი გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში „შეჭამდნენ“. ლუკაშენკომ თავის გამოსვლაში მოსკოვს ბელარუსზე ზეწოლაში დასდო ბრალი. მისი თქმით, ნავთობის სფეროში რუსეთის საგადასახადო მანევრი იმიტომ ჩატარდა, რომ მინსკი დააშანტაჟონ. მოსკოვის კრიტიკის მიუხედავად, ლუკაშენკომ რუსეთი მოძმე სახელმწიფოდ და „მთავარ მოკავშირედ“ მოიხსენია და რუსეთთან ურთიერთობაში შექმნილ პრობლემებში მთავარ დამნაშავედ პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის მთავრობა გამოაცხადა, რომელიც 15 იანვარს გადადგა.

მოსკოვმა და მინსკმა სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნის შეთანხმებას 1999 წელს მოაწერეს ხელი, თუმცა, მოსკოვის ხედვით, ამ მხრივ ჯერ არ არის მიღწეული სასურველი შედეგი. გასული წლის დეკემბერში, შეთანხმების ხელმოწერის 20 წლისთავზე, ინტეგრაციის საგზაო რუკის ხელმოწერის იმედი ჰქონდათ, მაგრამ ალექსანდრე ლუკაშენკოსა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. საყურადღებოა, რომ ამ შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე მინსკში რუსეთთან უფრო ღრმა ინტეგრაცია გააპროტესტეს. პროტესტი პოლიციის ჩარევის გარეშე დასრულდა, რაც ბელარუსისთვის უჩვეულო მოვლენაა, სადაც მცირემასშტაბიანი გამოსვლებიც კი დაპატიმრებით სრულდება. ეჭვს გარეშეა, რომ პროტესტი ხელისუფლებისგან ნებადართული იყო და იმის ჩვენებას ისახავდა მიზნად, რომ მოსახლეობას რუსეთთან ინტეგრაციით ბელარუსის დამოუკიდებლობის დაკარგვა არ სურს.

რატომ არის ინტეგრაცია რუსეთისთვის მნიშვნელოვანი: რუსეთი მიიჩნევს, რომ ბელარუსის ეკონომიკური წარმატება რუსეთთან სარფიან ეკონომიკურ ურთიერთობებზე იყო დაფუძნებული. მოსკოვის მოლოდინი, რომ სანაცვლოდ რუსეთ-ბელარუსის ინტეგრაცია გაღრმავდებოდა, არ გამართლდა. ბოლო წლებში მოსკოვის პოზიცია შეიცვალა და ბელარუსში იაფი გაზისა და ნავთობის ექსპორტი მხოლოდ უფრო დიდი პოლიტიკური ინტეგრაციის სანაცვლოდ მიიჩნევა დასაშვებად. რუსეთ-ბელარუსის წარმატებული ინტეგრაცია მოსკოვისთვის მისი, როგორც „ევრაზიული იმპერიის“, სტატუსის გაძლიერებას ნიშნავს. პუტინისთვის პირადად კი - 2024 წლიდან სამოკავშირეო სახელმწიფოს ლიდერად არჩევის შესაძლებლობას ქმნის.

რატომ არ უნდა მეტი ინტეგრაცია ბელარუსს: ლუკაშენკო რუსეთთან ინტეგრაციის დაპირების სანაცვლოდ რუსეთიდან იაფ ენერგორესურსებს იღებდა, რაც ქვეყანაში ეკონომიკურ

სტაბილურობას უზრუნველყოფდა. ლუკაშენკოს ხედვით, რუსეთის შეთავაზებული ინტეგრაციული პროექტი ბელარუსს რუსეთის გუბერნიად გადაქცევას უქადის, რაც 30-წლიანი დამოუკიდებელი ცხოვრების ფონზე აღარ არის მისაღები.

 

უზბეკეთი: რუსეთ-აშშ-ის საგარეო პოლიტიკის სამიზნე

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 16 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ტაშკენტს ესტუმრა და უზბეკეთის პრეზიდენტს შავქათ მირზიაევსა და საკუთარ კოლეგას აბდულაზიზ კამილოვს შეხვდა.

მოვლენა დეტალურად: ოფიციალური ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, მათ შორის, მირზიაევის მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტის დეტალები. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაციის ხელმოწერა იგეგმება. მოსკოვი ასევე დაინტერესებულია უზბეკეთის ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებით. ამის შესახებ გასული წლის სექტემბერში გახდა ცნობილი, მაგრამ უზბეკეთში საბოლოო გადაწყვეტილება გაწევრიანების თაობაზე ჯერ არ არის მიღებული.

ლავროვის ვიზიტის შემდეგ უზბეკეთში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტი იგეგმება. 1 თებერვალს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში პომპეოს ტურნე იწყება. იგი ბელარუსს, უკრაინას, ყაზახეთსა და უზბეკეთს ესტუმრება. ტაშკენტში პომპეო ცენტრალური აზიის ხუთივე სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას დაესწრება, სადაც ცენტრალურ აზიაში აშშ-ის ახალ სტრატეგიას წარადგენს. უზბეკეთში ვიზიტის დროს ლავროვის ინტერესის ერთ-ერთ სფეროს სწორედ ვაშინგტონის ახალი სტრატეგიის შესახებ ტაშკენტის ხედვის გაცნობაც წარმოადგენდა.

რატომ არის ეს მოვლენა მნიშვნელოვანი უზბეკეთისთვის: 2016 წელს, ისლამ კარიმოვის გარდაცვალების შემდეგ, უზბეკეთის იზოლაციონისტური პოლიტიკა შეიცვალა და ახალი პრეზიდენტი საგარეო პოლიტიკის მხრივ უფრო გააქტიურდა. კარიმოვისგან განსხვავებით, რომელიც რუსეთის პოლიტიკურ პროექტებში ინტეგრაციისგან თავს იკავებდა, მისი მემკვიდრე რუსეთის მიმართ უფრო კეთილგანწყობილია. თუმცა ამავე დროს მირზიაევი უარს არ ამბობს დასავლეთთან ურთიერთობის განვითარებაზეც და ცდილობს დაბალანსებული საგარეო პოლიტიკით მაქსიმალური სარგებელი მიიღოს. პომპეოს დაგეგმილი ვიზიტიც ამის დასტურია.

რატომ არის ეს მოვლენა მნიშვნელოვანი რუსეთისთვის: რუსეთი უზბეკეთს ცენტრალური აზიის რეგიონში მნიშვნელოვან ქვეყნად მიიჩნევს და რუსულ პროექტებში, როგორიც ევრაზიის ეკონომიკური კავშირია, ტაშკენტის ჩართვა მოსკოვისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წარმატება იქნებოდა. მოსკოვისთვის მიუღებელია რეგიონში, რომელსაც საკუთარი გავლენის სფეროდ მიიჩნევს, აშშ-ის პოზიციების გაძლიერება და ლავროვის ტაშკენტში პომპეომდე ვიზიტიც ერთგვარი პრევენციაა, რომ უზბეკეთი რუსეთთან მეგობრობის უალტერნატივობაში დაარწმუნონ.

 

„ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ მილსადენის პროექტს „გაზპრომი“ დამოუკიდებლად დაასრულებს

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 28 იანვარს რუსული ენერგოგიგანტის - „გაზპრომის“ - განცხადებით, ბალტიის ზღვის ფსკერზე „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ მილსადენის პროექტს კომპანია საკუთარი რესურსებით დაასრულებს, უცხოური კომპანიების დახმარების გარეშე.

მოვლენა დეტალურად: არსებული მონაცემებით, „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ პროექტის 94% დასრულებულია. პროექტის დასრულებას პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც აშშ-მ სანქციები

დაუწესა იმ უცხოურ კომპანიებს, რომლებიც პროექტში მონაწილეობას მიიღებდნენ. ამერიკული სანქციების გამო პროექტის დასრულების ვადამ 2021 წლისთვის გადაიწია. თუმცა, დასავლეთში ეჭვის თვალით უყურებენ, თუ როგორ დაასრულებს „გაზპრომი“ მილსადენის მშენებლობას საკუთარი რესურსით, საერთაშორისო დახმარების გარეშე. ზღვის ფსკერზე მილსადენის მშენებლობისთვის საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიურ რესურსებს ფლობენ დასავლური კომპანიები, რომლებმაც სანქციების შიშით უარი თქვეს პროექტში მონაწილეობის გაგრძელებაზე.

პროექტის დასრულების შემთხვევაში, „ჩრდილოეთის ნაკადი-1-ის“ წარმადობა გაორმაგდება და წელიწადში 110 მლრდ კუბურ მეტრს მიაღწევს, რაც ევროკავშირის გაზის მოხმარების მეოთხედზე მეტია. „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ რუსეთს ბალტიის ზღვის გავლით პირდაპირ გერმანიას დააკავშირებს და გვერდს აუვლის უკრაინას. „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ მსოფლიოში ყველაზე გრძელი ოფშორული მილსადენი იქნება (1 230 კმ).

რატომ არის პროექტის დასრულება მნიშვნელოვანი რუსეთისთვის: „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ დასრულება რუსეთს საშუალებას მისცემს უკრაინაზე, როგორც სატრანზიტო ქვეყანაზე, დამოკიდებულება უახლოეს წლებში მინიმუმამდე შეამციროს და რუსული გაზის მთავარ მომხმარებელ გერმანიასთან პირდაპირი კავშირი დაამყაროს.

რატომ არის პროექტის დასრულება მნიშვნელოვანი გერმანიისთვის: გერმანია პროექტის განხორციელების შედეგად გაზზე გაზრდილ მოთხოვნილებას უზრუნველყოფს და შეამცირებს არასაიმედო სატრანზიტო ქვეყნებზე დამოკიდებულებას. ვაშინგტონის ზეწოლის მიუხედავად, გერმანიაში მიაჩნიათ, რომ რუსული გაზის იმპორტი პოლიტიკურ რისკებს არ შეიცავს და რუსეთთან პირდაპირი ენერგოკავშირი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას გაზრდის.

„ჩრდილოეთის ნაკადი-2. წყარო: კომპანია „გაზპრომის“ ვებგვერდი

 

ტაჯიკეთში ხუთი ახალი რუსული სკოლა აშენდება

მთავარი მოვლენა: ტაჯიკეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც რუსეთის ფედერაციის მთავრობის დაფინანსებით სამი წლის განმავლობაში ხუთი ახალი რუსული სკოლა აშენდება. 

მოვლენა დეტალურად: საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ტაჯიკეთში რუსულენოვანი მოსახლეობის რაოდენობა მკვეთრად შემცირდა (1979 წელს - 395 000, 2010 წელს - 35 000), თუმცა რუსულენოვან სასწავლებლებზე მოთხოვნა იზრდება როგორც ქალაქებში, ასევე სოფლებში. ამჟამად ტაჯიკეთში, ტაჯიკურ-რუსული ორენოვანი სკოლების გარდა, 32 მხოლოდ რუსულენოვანი სკოლაა, მათგან 10 გასულ ორ წელიწადში დაარსდა.

ტაჯიკეთი პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი სახელმწიფოა, სადაც უმუშევრობის მაღალი დონე და დაბალი ხელფასებია. რუსეთში ასეულ ათასობით ტაჯიკი მიგრანტი ცხოვრობს. მათი ფულადი გზავნილები 2.5 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც ტაჯიკეთის სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობისთვის გადამწყვეტი ფაქტორია. ტაჯიკები რუსულენოვან სკოლებში უკეთესი ხარისხის განათლების მიღების შესაძლებლობას ხედავენ, რაც მათ რუსეთის უნივერსიტეტებში სწავლისა და ღირსეული დასაქმების პერსპექტივას აძლევს.

რატომ არის ეს მოვლენა მნიშვნელოვანი ტაჯიკეთისთვის: ტაჯიკეთის მიერ რუსულენოვანი განათლების მხარდაჭერა რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებით არის განპირობებული, რადგან მოსკოვი ტაჯიკეთის სოციალურ-ეკონომიკური-პოლიტიკური სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტორია.

რატომ არის ეს მოვლენა მნიშვნელოვანი რუსეთისთვის: რუსეთი რუსულ ენას „რბილი ძალის“ ინსტრუმენტად მიიჩნევს, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში გავლენის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვან ბერკეტად განიხილება. იმ ფონზე, როდესაც ბოლო ათწლეულებში ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებში რუსული ენა ნელ-ნელა კარგავს პოზიციებს, რუსეთისთვის ეს პოზიტიური სიგნალია, რომ ცენტრალურ აზიაში რუსული ენა და კულტურა კვლავ მიმზიდველია.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.