X

პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკა

პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა, გამოცემა 2

ავტორი: მამუკა კომახია, ანალიტიკოსი

გამოცემა: N2

მიმოხილვის პერიოდი: 1-15 თებერვალი, 2020

 

რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეს საკუთარი გავლენის სფეროდ მიიჩნევს და რეგიონში დასავლეთის პოზიციების გაძლიერებას თავისი ეროვნული ინტერესების საფრთხედ განიხილავს. ჩვენი მიმოხილვის მიზანია მკითხველს პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მიმოხილვა გამოვა ორ კვირაში ერთხელ და გამოადგება ყველას, გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მიმდინარე პროცესები აინტერესებს.

 

ლუკაშენკოსა და პუტინის შეხვედრა: რაზე შეთანხმდნენ და რაზე ვერ შეთანხმდნენ

 

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 7 თებერვალს ქ. სოჭში, რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაში, ვლადიმერ პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს უმასპინძლა. ორსაათიანი პირისპირ შეხვედრის შემდეგ ორმხრივი გაფართოებული შეხვედრა გაიმართა. მოლაპარაკების მთავარი საკითხი ენერგორესურსების ფასზე და ინტეგრაციის სფეროში შეთანხმების მიღწევა იყო.

ვლადიმერ პუტინისა და ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვედრა სოჭში. წყარო: TASS

 

მოვლენა დეტალურად: პრეზიდენტების შეხვედრას ფონად გასდევდა ორ ქვეყანას შორის ინტეგრაციის ტემპებსა და ენერგორესურსების ფასზე შეუთანხმებლობის გამო წარმოქმნილი დაძაბულობა. 2019 წლის დეკემბრის ბოლოს მინსკი და მოსკოვი ვერ შეთანხმდნენ რუსული ნავთობისა და გაზის ახალ ფასზე. ბელარუსისთვის მიუღებელი აღმოჩნდა რუსეთის მიერ დეკემბერში შეთავაზებული ინტეგრაციის საგზაო რუკაც. თავის მხრივ, რუსეთი ბელარუსის გაზისა და ნავთობის ხელსაყრელ/სუბსიდირებულ ფასებად მიწოდებას მხოლოდ მეტი ინტეგრაციის შემთხვევაში ჰპირდებოდა.

ბელარუსულმა ნავთობგადამამუშავებელმა საწარმოებმა 2020 წლიდან რუსულ ნავთობში საბაზრო ფასის გადახდაზე უარი თქვეს. შედეგად, რუსულმა ნავთობკომპანიებმა 2020 წლის 1 იანვარს ბელარუსს ნავთობის მიწოდება შეუწყვიტეს. რამდენიმე დღეში ბელარუსის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმოებმა მცირე რაოდენობით მაინც მიიღეს რუსული ნავთობი. ამასთან, რუსული ნავთობის ჩასანაცვლებლად მინსკმა ნავთობის მომწოდებელთა წრის გაფართოება აქტიურად დაიწყო. პირველი ალტერნატიული ნავთობი (ნორვეგიული ნავთობი, პირველ ეტაპზე - 80 000 ტონა) „ნაფტანის“ ნავთობგადამამუშავებელმა

საწარმომ კლაიპედის პორტის (ლიეტუვა) გავლით, რკინიგზის ხაზით, 2020 წლის 27 იანვარს მიიღო. ალტერნატიული წყაროების მოძიების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა მინსკში 1 თებერვალს ვიზიტად მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანმა მაიკ პომპეომ. პომპეო ლუკაშენკოს ნავთობის 100%-ით მომარაგებას კონკურენტულ ფასად დაჰპირდა. ეს ამ დონის ამერიკელი მაღალჩინოსნის პირველი ვიზიტი იყო ბელარუსში ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში.

 

რაზე შეთანხმდნენ:

  • 2020 წელს ბელარუსისთვის რუსული გაზის მიწოდება 2019 წლის ფასად მოხდება, რაც ათას კუბურ მეტრზე 127 აშშ დოლარს შეადგენს.
  • გაგრძელდება მოლაპარაკებები მეტი ინტეგრაციისთვის.

 

რაზე ვერ შეთანხმდნენ:

  • ბელარუსისთვის ნავთობის მიწოდება მხოლოდ საბაზრო ფასით მოხდება. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, დიმიტრი კოზაკის განმარტებით: „ბელარუსისთვის ნავთობის მიწოდება კომერციული პირობებით გაგრძელდება, ჩვენ ვერ შევძლებთ ფასდაკლების შეთავაზებას. ფასდაკლების შესათავაზებლად რუსეთმა ნავთობის ბაზრის სახელმწიფო რეგულირება უნდა დაიწყოს, რაზეც რუსეთი ვერ წავა. რუსეთსა და ბელარუსს ნავთობის საერთო ბაზარი აქვთ, ბელარუსული კომპანიები ნავთობს იმავე ფასად ყიდულობენ, რადაც რუსი მომხარებლები“.

 

ბელარუსის გამოწვევა: ბელარუსში ნავთობის იმპორტის დივერსიფიკაციაზე დიდი ხანია საუბრობენ, მაგრამ რუსული ნავთობის ფასი ამ ეტაპზე ეკონომიკურად უფრო მიმზიდველია. მიუხედავად იმისა, რომ ბელარუსისთვის რუსულ ნავთობზე ფასი გაიზარდა, იგი ნავთობის მსოფლიო ფასზე ნაკლებია. აღსანიშნავია, რომ რუსეთში ნავთობის სფეროში საგადასახადო მანევრის შედეგად 2025 წლისთვის რუსული ნავთობის ფასიც ნავთობის მსოფლიო ფასს გაუტოლდება. ლუკაშენკოს განცხადებით, ბელარუსმა ნავთობის იმპორტის დივერსიფიკაცია უნდა მოახდინოს და არ უნდა იყოს ერთ მიმწოდებელზე დამოკიდებული, თუმცა, მისი თქმით, რუსულ ნავთობზე უარის თქმას ბელარუსი არ გეგმავს. ლუკაშენკოს გათვლით, ბელარუსმა რუსეთისგან ნავთობის 30-40% უნდა იყიდოს, დანარჩენი 30%

  • ბალტიისპირეთის ქვეყნების გავლით, 30% კი - უკრაინის გავლით უნდა მიიღოს. ამგვარი დივერსიფიკაციის შემთხვევაში, რუსეთიდან იმპორტირებული ნავთობის რაოდენობა 17.5 მლნ ტონიდან 7 მლნ ტონამდე შემცირდება. 14 თებერვალს ლუკაშენკომ ისიც კი განაცხადა, რომ თუ ბელარუსი საკმარის რუსულ ნავთობს არ მიიღებს, იგი იძულებული გახდება ნავთობი თავის ტერიტორიაზე გამავალი სატრანზიტო ნავთობსადენიდან - „დრუჟბადან“ მიიღოს, რომლითაც რუსეთი ევროპის ქვეყნებს ამარაგებს.

 

რატომ არის ნავთობის იმპორტის დივერსიფიკაცია მნიშვნელოვანი ბელარუსისთვის: ბელარუსის ეკონომიკური წარმატება იაფი ენერგორესურსების იმპორტზე იყო დამოკიდებული. ლუკაშენკო იაფ რუსულ ნავთობს საკუთარ საწარმოებში ამუშავებდა და ნავთობპროდუქტები ექსპორტზე გაჰქონდა. ნავთობპროდუქტების ექსპორტი სავალუტო შემოსავლების მესამედს უზრუნველყოფდა. ნორვეგიული ან სხვა ქვეყნიდან იმპორტირებული ნავთობი უფრო ძვირი დაჯდება, მაგრამ ამ პირობებშიც შესაძლებელია ეკონომიკური სარგებლის მიღება. ბელარუსში იმედოვნებენ, რომ ეკონომიკური სარგებლის შემცირების კომპენსირებას რუსეთისგან დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდით უზრუნველყოფენ.

 

 

ნაკლები რუსეთი ბელარუსის გერბზე

 

მთავარი მოვლენა: ბელარუსის პარლამენტმა სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ კანონში ცვლილების განხორციელების შესახებ მსჯელობა დაიწყო.

მოვლენა დეტალურად: ახალი საკანონმდებლო ინიციატივით, უცვლელი დარჩება ჰიმნი და დროშა, თუმცა ცვლილებები შევა გერბის დიზაინში. ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებით ახალ ემბლემაზე უფრო მეტად გამოჩნდება დასავლეთი ევროპა და ატლანტის ოკეანე და ნაკლებად - რუსეთი და ევრაზია.

ბელარუსის ძველი და ახალი გერბის დიზაინი. წყარო: RFE/RL

ამგვარი რადიკალური ცვლილების განხილვა რუსეთთან გაუარესებული ურთიერთობების ფონზე მიმდინარეობს. ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს უარმა რუსეთის მიერ შეთავაზებულ ინტეგრაციულ პროექტში მონაწილეობაზე ბელარუსისთვის რუსული ნავთობის ფასის გაძვირება გამოიწვია. ეს მაშინ, როდესაც იაფი რუსული ნავთობი ბელარუსის ეკონომიკის წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი იყო.

რატომ იცვლება გერბი: ლუკაშენკოს ეროვნული სიმბოლოების მიმართ დამოკიდებულება 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ შეიცვალა და იგი გახდა უფრო მეტად ნაციონალისტი და ბელარუსის სუვერენიტეტის დამცველი. გერბის ცვლილებაც კიდევ ერთი გზავნილია მოსკოვისათვის, რომ ბელარუსი იაფი ნავთობის ხარჯზე რუსეთთან ინტეგრაციას და ამით სუვერენიტეტის დაკარგვას არ აპირებს. გერბის დიზაინში ევრაზიის ევროპული ნაწილის უფრო მეტად გამოჩენა ბელარუსის ევროპული იდენტობის ძიების მანიშნებელიც შეიძლება იყოს.

 

 

რუსეთში უკრაინის კურატორი შეიცვალა

 

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 11 თებერვალს კრემლში უკრაინის მიმართულების კურატორი ყოფილი ვიცე-პრემიერი და ამჟამად პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე დიმიტრი კოზაკი გახდა. მან პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი ჩაანაცვლა. კოზაკი უკრაინის გარდა მოლდოვის მთავრობასთან ურთიერთობაზეც იქნება პასუხისმგებელი.

დიმიტრი კოზაკი. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვებგვერდი

 

მოვლენა დეტალურად: კურატორის შეცვლა უკრაინის მიმართულებით მოსკოვის პოლიტიკის ცვლილებას უკავშირდება. სურკოვი 2013 წლიდან პრეზიდენტის თანაშემწე და, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების გარდა, აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების კურატორიც იყო. 2014 წლიდან სურკოვი უზრუნველყოფდა რუსეთის ანტიუკრაინული პოლიტიკის ჩამოყალიბებას. მის სახელს უკავშირდება პუტინის „ნოვოროსიის“ პროექტი და დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების შექმნა. სურკოვი პუტინის წარმომადგენელი იყო „ნორმანდიის“ ფორუმის მოსამზადებელ შეხვედრებზე და პუტინის დელეგაციის წევრი იყო „ნორმანდიის“ ბოლო სამიტზე, რომელიც 2019 წლის 9 დეკემბერს გაიმართა.

მიიჩნევა, რომ კოზაკს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მოლაპარაკებების წარმართვის წარმატებული გამოცდილება აქვს. მაგალითად, გასულ წელს კოზაკმა შეძლო მოლდოვაში ოლიგარქ ვლადიმირ პლახოტნიუკის ძალაუფლებიდან ჩამოშორება, როდესაც ანტიოლიგარქიული, უნიკალური კოალიცია შეკრა პროდასავლურ ოპოზიციურ ბლოკსა და პრორუს პრეზიდენტ იგორ დოდონს შორის. კოალიციის ჩამოყალიბების შემდეგ პლახოტნიუკმა ქვეყანა დატოვა. კოზაკის სახელს უკავშირდება დნესტრისპირეთის მოლდოვასთან გაერთიანების გეგმაც, რომელიც კოზაკმა 2003 წელს შეადგინა. გეგმა ბოლო მომენტში დასავლეთის ზეწოლის შედეგად უარყო მოლდოვამ, რადგან იგი მოლდოვაში რუსული სამხედრო ძალების შენარჩუნებას ითვალისწინებდა.

რა შეიცვლება მოლაპარაკების პროცესში: კოზაკი უფრო პრაგმატულ პოლიტიკოსად მიიჩნევა, რომელიც მომხრეა დონბასის ტვირთი უფრო მეტად უკრაინას „გადაულოცოს“ და შედეგად დასავლეთთან პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები გააუმჯობესოს. კოზაკთან შედარებით, სურკოვი ნაკლებად დარდობდა დასავლეთთან ურთიერთობის დალაგებაზე და დონბასელი სეპარატისტების მხარდაჭერის გაგრძელებასა და უკრაინის დასუსტებას უჭერდა მხარს. უკრაინაში სურკოვის ნეგატიური რეპუტაციის ფონზე, კოზაკი უკრაინის ახალ ლიდერთან დაწყებულ მოლაპარაკებებს ხელს შეუწყობს, რამაც შესაძლოა დააჩქაროს დასავლეთის მხრიდან სანქციების შემსუბუქებაც. პოზიტიური გზავნილები უკვე გაისმა კიევშიც, სადაც 11 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახალმა უფროსმა ანდრეი იერმაკმა განაცხადა, რომ კოზაკის დანიშვნით მოლაპარაკებებში კომპრომისის მიღწევის შესაძლებლობა გაჩნდება.

 

რუსეთის მოქალაქე „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ პრემიერ-მინისტრად დაინიშნა

 

მთავარი მოვლენა: დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის „პრემიერ-მინისტრად“ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, ყოფილი საჯარო მოხელე ვლადიმირ პაშკოვი დაინიშნა.

მოვლენა დეტალურად: 2020 წლის 5 თებერვალს დონეცკის სეპარატისტულ რეგიონში გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე ვლადიმირ პაშკოვი წარადგინეს, როგორც „მთავრობის მოქმედი თავმჯდომარე“. პაშკოვი ირკუტსკის ოლქში, ქალაქ ბრატსკში დაიბადა და 2014 წლამდე ოლქის გუბერნატორის მოადგილედაც მუშაობდა. მედიის ინფორმაციით, საჯარო სამსახურიდან წასვლის შემდეგ პაშკოვი უკრაინიდან დევნილ ოლიგარქ სერგეი კურჩენკოსთან დაკავშირებულ კომპანიებში მუშაობდა, რომლებიც დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში საწარმოებს აკონტროლებდნენ. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა დანიშვნასთან კრემლის რაიმე კავშირი უარყო და თქვა, რომ ეს არ არის „ოფიციალური პირის ოფიციალური დელეგირება“.

სეპარატისტულ რეგიონებში რუსეთის მოქალაქეების დანიშვნა გავრცელებული პრაქტიკაა. წლების განმავლობაში, განსაკუთრებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მაღალ თანამდებობაზე, ძირითადად, უსაფრთხოების სფეროში, რუსეთის არაერთი მოქალაქე დაინიშნა.

რატომ დაინიშნა ახალი „პრემიერ-მინისტრი“: სეპარატისტულ რეგიონში ახალი „პრემიერ-მინისტრის“ დანიშვნა შესაძლოა უკრაინის მიმართულებით კრემლში კურატორის ცვლილებას უკავშირდებოდეს. რუსეთში იანვარში განხორციელებული სამთავრობო ცვლილებების შედეგად, ვიცე-პრემიერმა დიმიტრი კოზაკმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაინაცვლა და უკრაინის მიმართულება ჩაიბარა. შესაბამისად, დიდი ალბათობით, დონბასის რეგიონის ყოფილი კურატორის ვლადისლავ სურკოვის კადრების შეცვლასაც უნდა ველოდოთ.

 

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია: ვის რამდენი მრევლი ჰყავს

 

მთავარი მოვლენა: უკრაინაში მოქმედი „რაზუმკოვის ცენტრის“ მიერ თებერვალში გამოქვეყნებული კვლევის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი საკუთარ თავს მოსკოვის გავლენისგან თავისუფალ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას მიაკუთვნებს.

მოვლენა დეტალურად: კვლევის შედეგებით, უკრაინელების 34% საკუთარ თავს მოსკოვის გავლენისგან თავისუფალ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას მიაკუთვნებს, 14% - უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს, 8.2% - უკრაინის ბერძნულ-კათოლიკურ ეკლესიას, 27.6% - თავს მართლმადიდებლად მიიჩნევს, მაგრამ არცერთ ეკლესიას არ მიაკუთვნებს. კონსტანტინოპოლის პატრიარქის მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შემდეგ ერთი წელი გავიდა. ამ ეტაპზე, კონსტანტინოპოლის ეკლესიის გარდა, უკრაინულ მართლმადიდებელ ეკლესიას მხოლოდ საბერძნეთისა და ალექსანდრიის ეკლესიები აღიარებენ. უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას არ აღიარებს რუსეთისა და სხვა ავტოკეფალიური ეკლესიების უმრავლესობა.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტ ეპიფანეს განცხადებით, ერთი წლის განმავლობაში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს შემადგენლობაში არსებული 600-მდე სამრევლო ახალ უკრაინულ ეკლესიას შეუერთდა. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ცნობით, ეკლესიას 12 300 რეგისტრირებული სამრევლო ჰყავს, თუმცა ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ მათი რაოდენობა 10 000-ს არ აღემატება.

რას ნიშნავს ეს მონაცემები: უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის რაოდენობის ზრდა ქვეყნის მასშტაბით მისი გავლენისა და ავტორიტეტის ზრდას შეუწყობს ხელს, რაც უკრაინული იდენტობისა და უკრაინის სახელმწიფოს ჩამოყალიბებისთვის გადამწყვეტი ფაქტორია. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის გაძლიერება ასევე შეასუსტებს რუსეთის ეკლესიის გავლენას შიდა უკრაინულ პროცესებში, რომელსაც კრემლი „რბილი ძალის“ ინსტრუმენტად იყენებს უკრაინის წინააღმდეგ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ეტაპზე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის გავლენის სწრაფ ზრდას შეიძლება რამდენიმე ფაქტორი აფერხებდეს, მათ შორის საპატიო პატრიარქის - ფილარეტის დაპირისპირება უკრაინის

მართლმადიდებელი ეკლესიის ახალ სტრუქტურასთან და წინა პრეზიდენტისგან განსხვავებით, ახალი პრეზიდენტის შედარებით ნაკლები აქტიურობა რელიგიური მიმართულებით.

 

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სამზადისი დაიწყო: რუსეთი დასავლეთის წინააღმდეგ

მთავარი მოვლენა: მოლდოვის პრეზიდენტმა, პრორუსმა იგორ დოდონმა სატელევიზიო გამოსვლაში განაცხადა, რომ თებერვალ-მარტში მოლდოვა რუსეთისგან დაპირებული 500 მლნ აშშ დოლარიდან 200 მილიონს მიიღებს.

მოვლენა დეტალურად: იგორ დოდონის განცხადებით, 200 მლნ აშშ დოლარი საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტებში დაიხარჯება, ერთ-ერთი მათგანი კიშინიოვის შემოვლითი გზის რეაბილიტაცია იქნება. სამუშაოების დაწყება უკვე გაზაფხულზე იგეგმება. თავის მხრივ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პროდასავლური პარტია „მოძრაობა და სოლიდარობის“ ლიდერმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ მისი თხოვნით ევროკავშირი „მოლდავური სოფლის“ პროგრამის მხარდასაჭერად რესურსებს გამოყოფს, რომლის ხარჯვაშიც მთავრობა მონაწილეობას არ მიიღებს.

რას ნიშნავს რუსეთისა და ევროკავშირის დახმარება: მოლდოვაში შემოდგომაზე საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. დიდი ალბათობით, წინა საპრეზიდენტო არჩევნების მსგავსად, მთავარი კონკურენტები მოქმედი პრეზიდენტი იგორ დოდონი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი მაია სანდუ იქნებიან. დოდონი ღიად პრორუსული კანდიდატია, სანდუ კი მოლდოვის პროდასავლურ კურსს უჭერს მხარს. შესაბამისად, რუსეთისა და ევროკავშირის პროექტებიც წინასაარჩევნოდ „საკუთარი“ კანდიდატების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

 

სომხეთში რუსი ჯარისკაცის სასამართლო პროცესი დაიწყო

 

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 4 თებერვალს სომხეთის ქ. გიუმრიში ქალის მკვლელობაში ბრალდებული რუსი ჯარისკაცის სასამართლო პროცესი დაიწყო. სასამართლო პროცესი გასული წლის 6 სექტემბერს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე სამჯერ გადაიდო.

მოვლენა დეტალურად: 24 წლის ანდრეი რაზგილდეევი 2018 წლის დეკემბერში 57 წლის მეეზოვის - ჯულიეტა ღუკასიანის ცემით მოკვლის ბრალდებით დააკავეს. იგი სასამართლო პროცესს არ დაესწრება და ქ. გიუმრიში დისლოცირებული რუსეთის ფედერაციის 102-ე სამხედრო ბაზაზე დარჩება. სომხეთის ხელისუფლებისათვის ჯარისკაცის გადაცემაზე უარმა გარდაცვლილის ოჯახისა და ადამიანის უფლებების დამცველების უკმაყოფილება გამოიწვია. სამხედრო ბაზის წარმომადგენლის განცხადებით, ჯარისკაცის სამხედრო ბაზიდან ტრანსპორტირება ვერ მოხდება მანამ, სანამ სომხეთის ხელისუფლებისგან ჯარისკაცისთვის უსაფრთხოების გარანტიებს არ მიიღებენ. რუსულ მხარეს ასეთი გარანტიები წერილობით ჯერ არ მიუღია.

მსგავსი შემთხვევა გიუმრიში 2015 წლის 12 იანვარსაც მოხდა, როდესაც რუსმა ჯარისკაცმა ვალერი პერმიაკოვმა ავეტისიანების ოჯახის შვიდი წევრი ამოხოცა. 2016 წელს მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. პერმიაკოვიც სასამართლო პროცესის განმავლობაში სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდა და სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ სასჯელის მოსახდელად რუსეთში გადაიყვანეს. ამ შემთხვევამ სომხეთში ანტირუსული საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია. პროტესტანტები რუსეთის სამხედრო ბაზის დახურვასა და რუსეთის ელჩის გაწვევას მოითხოვდნენ.

კრიტიკოსები ორივე შემთხვევაში ჯარისკაცების სასამართლო პროცესზე არდასწრებას რუსეთის მხრიდან სომხეთის სუვერენიტეტისადმი უპატივცემულობის გამოხატულებად მიიჩნევენ.

გავლენა სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებზე: სომხეთში რუსეთის სამხედრო ყოფნას 1995 წელს ხელმოწერილი შეთანხმება უზრუნველყოფს. ამ ხელშეკრულების ვადა, რომელიც 25 წელზე იყო გათვლილი, 2010 წელს 2044 წლამდე გაგრძელდა. გიუმრიში დატრიალებული მორიგი ტრაგედია მოსახლეობაში ანტირუსული განწყობების გაღვივებასა და რუსეთის სამხედრო ბაზის დახურვის

მოთხოვნების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. თუმცა, სომხეთის უსაფრთხოების გამოწვევებიდან გამომდინარე, მსგავსი მოვლენა მოკლევადიან პერიოდში რუსეთ-სომხეთის სტრატეგიულ პარტნიორობაზე გავლენას ვერ მოახდენს.

 

აშშ-ის ახალი სტრატეგია ცენტრალურ აზიაში და რუსეთი

 

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 3 თებერვალს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ მონაწილეობა მიიღო ცენტრალური აზიის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში, „ც5+1“ ფორმატში, რომელიც ტაშკენტში, უზბეკეთში, გაიმართა. ამ ვიზიტით პომპეომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ტურნე დაასრულა, რომელიც ბელარუსს, უკრაინას, ყაზახეთსა და უზბეკეთს მოიცავდა. პომპეომ ტაშკენტში აშშ-ის ახალი სტრატეგიაც წარადგინა.

მაიკ პომპეოს შეხვედრა ცენტრალური აზიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ტაშკენტში, Reuters

 

მოვლენა დეტალურად: მრავალმხრივი ფორუმი „ც5+1“ ცენტრალური აზიის რეგიონის ხუთი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მონაწილეობით 2015 წლის ნოემბერში სამარყანდში, უზბეკეთში, დაფუძნდა. ფორუმის მიზანია უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვითი საერთო გამოწვევების მოგვარება, შიდა რეგიონული თანამშრომლობის განვითარება და რეგიონსა და აშშ-ს შორის სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების განვითარება.

სტრატეგიის განახლებისა და რეგიონში ვაშინგტონის გააქტიურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ბოლო ხუთ წელიწადში ცენტრალურ აზიაში შეცვლილი ვითარებაა. უზბეკეთში, ისლამ კარიმოვის გარდაცვალების შემდეგ, ახალი პრეზიდენტის შავქათ მირზიაევის პირობებში გაუმჯობესდა რეგიონის ქვეყნებს შორის ურთიერთობები და ვაშინგტონთან კავშირებიც გაძლიერდა. პომპეომ ვიზიტის დროს არ დაიშურა საქებარი სიტყვები უზბეკეთის მისამართით და ტაშკენტს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაში დახმარებასაც კი დაჰპირდა.

ვაშინგტონის გააქტიურება შეუმჩნეველი არ დარჩენიათ რუსეთშიც, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი პომპეოს ვიზიტამდე, 16 იანვარს, ტაშკენტს ესტუმრა. ლავროვის უზბეკეთში ვიზიტის დროს მისი ინტერესის ერთ-ერთ საკითხს სწორედ ვაშინგტონის ახალი სტრატეგიის შესახებ ტაშკენტის ხედვის გაცნობა წარმოადგენდა. ლავროვის ვიზიტი პრევენციული ნაბიჯი იყო, რომ უზბეკეთმა საგარეო-პოლიტიკური ვექტორი ვაშინგტონის სასარგებლოდ არ შეცვალოს.

რატომ არის ახალი სტრატეგია მნიშვნელოვანი აშშ-თვის: ვაშინგტონის განახლებული სტრატეგიის მიზანია ეკონომიკის, ენერგეტიკისა თუ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გააქტიურების გზით ცენტრალური აზიის რეგიონთან ბოლო წლებში შესუსტებული კავშირების აღდგენა. სტრატეგიის წარმატებულმა განხორციელებამ ენერგორესურსებით მდიდარ რეგიონში, უპირველეს ყოვლისა, ჩინეთის სულ უფრო მზარდი ეკონომიკური გავლენა უნდა დააბალანსოს და რეგიონზე რუსეთის ტრადიციული სამხედრო-პოლიტიკური გავლენა შეასუსტოს.

რატომ არის ახალი სტრატეგია მნიშვნელოვანი რეგიონისთვის: ცენტრალური აზიის ქვეყნები რუსეთთან კარგ ურთიერთობებს ინარჩუნებენ. თუმცა, რეგიონის წამყვან ქვეყნებს, უზბეკეთსა და ყაზახეთს, არ სურთ მხოლოდ რუსულ საგარეო-პოლიტიკურ ვექტორზე იყვნენ დამოკიდებული და ცდილობენ დაბალანსებული საგარეო პოლიტიკით მაქსიმალური სარგებელი მიიღონ. პომპეოს ყაზახეთსა და უზბეკეთში ვიზიტიც ყაზახეთისა და უზბეკეთის მრავალვექტორული საგარეო-პოლიტიკის განვითარების მცდელობის დასტურად შეიძლება მივიჩნიოთ.

 

ყირგიზეთში რუსეთის სამხედრო ბაზა გაძლიერდება

 

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 13 თებერვალს ყირგიზეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის მოადგილის, ნურლან კირიშეევის განცხადებით, კანტის საჰაერო ბაზაზე ასაფრენი ბილიკების რეაბილიტაცია განხორციელდება, რაც „რეგიონში უსაფრთხოებას გააუმჯობესებს“.

მოვლენა დეტალურად: ყირგიზეთის გენშტაბის წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთი კანტის ბაზის ინფრასტრუქტურის განახლებას, ბაზის ახალი საჰაერო-თავდაცვის სისტემითა და უპილოტო საფრენი აპარატებით აღჭურვას გეგმავს. ამავე დღეს კანტის ბაზაზე საჰაერო-თავდაცვის სისტემის განთავსების გეგმების შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნიკოლაი პანკოვმა რუს დეპუტატებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

რუსეთის საჰაერო ბაზა კანტში 2003 წლიდან ფუნქციონირებს. 2001 წლიდან ყირგიზეთში, ავღანეთის სამხედრო კამპანიის ფარგლებში, აშშ-ის საჰაერო ბაზაც ფუნქციონირებდა, მაგრამ 2014 წელს, რუსეთის ზეწოლის შედეგად, ამერიკული ბაზა დაიხურა. 2017 წელს კანტის საჰაერო ბაზა და რუსეთის სამი სამხედრო ინფრასტრუქტურა ყირგიზეთში გაერთიანებულ სამხედრო ბაზად ჩამოყალიბდა. 12 თებერვალს რუსეთის ფედერაციის საბჭომ უკვე არსებული შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა, რაც რუსულ მხარეს კანტის სამხედრო ბაზაზე უპილოტო საფრენი აპარატების დანაყოფის განთავსებისა და გამოყენების შესაძლებლობას მისცემს.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ყირგიზეთისთვის: ყირგიზეთ-რუსეთის სამხედრო კავშირების გაღრმავება ცენტრალურ აზიაში ყირგიზეთის, როგორც რუსეთის საიმედო მოკავშირის სტატუსს აამაღლებს. გაუმჯობესებული სამხედრო თანამშრომლობით ყირგიზეთი უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სფეროში რუსეთისგან მეტი სარგებელის მიღებასაც იმედოვნებს.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი რუსეთისთვის: ცენტრალური აზიის რეგიონისადმი აშშ-ისა და ჩინეთის მზარდი ინტერესის გათვალისწინებით, ყირგიზეთში რუსეთის სამხედრო გაძლიერება რეგიონში მოსკოვის გავლენის გაზრდას შეუწყობს ხელს და გარე ძალების სამხედრო და პოლიტიკური გააქტიურების პროცესს შეაფერხებს.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.