X

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა: გამოცემა 27, 17-23 თებერვალი, 2020

ავტორი: დავით ბატაშვილი

თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ  ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

ომი უკრაინაში - 18 თებერვალს რუსულმა ჰიბრიდულმა ძალებმა განახორციელეს შეტევა უკრაინელთა პოზიციებზე ლუგანსკის ოლქში. შეტევის მიზანს წარმოადგენდა დაბებთან ორიხოვე და ნოვოტოშკივსკოე არსებულ ფრონტზე უპირატესობის მოპოვება და დამატებითი ტერიტორიის დაკავება. ბრძოლა გაგრძელდა რამდენიმე საათის განმავლობაში და ფრონტის ხაზის ცვლილების გარეშე დასრულდა. დონბასის ფრონტზე, 17-23 თებერვლის კვირაში, სროლას ყოველდღიური ხასიათი ჰქონდა. შედეგად, დაიღუპა ერთი და დაიჭრა ცხრა უკრაინელი სამხედრო, რომელთაგან ყველა, სამის დაჭრილის გარდა, დაშავდა ორიხოვესთან მომხდარ შეტაკებაში.

ამჟამინდელი ფრონტის ხაზი დონბასში და 18 თებერვლის ბრძოლის ადგილმდებარეობა

ომი სირიაში - ასადის რეჟიმისა და პრო-ირანული ძალების სახმელეთო შეტევის მხარდასაჭერად, 17-23 თებერვლის კვირაში რუსეთის საჰაერო ძალებმა ყოველდღიური ინტენსიური საჰაერო იერიშები მიიტანეს იდლიბის რეგიონში მეამბოხეების კონტროლირებად ტერიტორიაზე. ამჯერადაც გავრცელდა ინფორმაცია, აღნიშნული იერიშებით მშვიდობიან მოსახლეობაში გამოწვეული მსხვერპლის შესახებ.  ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში, ახალი ინციდენტი მოხდა ამერიკელ და რუს სამხედროებს შორის, რომლის დროსაც, ქალაქ ქამიშლისთან,  ამერიკელთა სამხედრო მანქანამ გზიდან იძულებით გადაიყვანა რუსი სამხედროების მანქანა. გავრცელდა ინფორმაცია კიდევ ერთი ინციდენტის შესახებაც, სადაც ამერიკელმა სამხედროებმა რუსების გადაადგილება დაბლოკეს.

ბალტიის ფლოტის „სტერეგუშჩის“ კლასის (პროექტი 20380) კორვეტმა „სტოიკი“ და „როპუჩას“ კლასის (პროექტი 775/III) სადესანტო ხომალდმა „კოროლიოვ“, ბორტზე საზღვაო ქვეითებით, დატოვეს კალინინგრადის ოლქში არსებული ბალტიისკის ბაზა და გაემართნენ ექსპედიციაში ატლანტის ოკეანეში.

კორვეტი „სტოიკი“. წყარო: Rossiyskaya Gazeta

 

კოსმოსი

პლესეცკის კოსმოდრომიდან გაშვებული რუსული Meridian-M ტიპის სამხედრო საკომუნიკაციო თანამგზავრი ორბიტაზე გავიდა.

 

სწავლებები* 

ჩრდილოეთ კავკასიასა და საქართველოს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში განთავსებულმა 58-ე არმიის (შტაბ-ბინა ვლადიკავკაზში, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანია) მექანიზებულმა დანაყოფებმა სწავლებათა სერიები ჩაატარეს. წვრთნებში მონაწილეობდა 1 700 სამხედრო, ასევე უპილოტო საფრენი აპარატები და შვეულმფრენები.

რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი სწავლება გაიმართა რუსეთში, ფსკოვის ოლქში. მასში ჩართულები იყვნენ სამხედროები რუსეთის 76-ე სადესანტო-მოიერიშე დივიზიიდან და ბელარუსის სპეციალური ოპერაციების ძალებიდან.

რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის საარტილერიო და სარაკეტო დანაყოფებმა ჩაატარეს წვრთნა, რომელიც ოლქის მასშტაბით 13 პოლიგონზე მიმდინარეობდა. მასში ჩართული იყო 11 ათასი სამხედრო.

შავი ზღვის ფლოტის 22-ე საარმიო კორპუსის (შტაბ-ბინა სიმფეროპოლში, ოკუპირებული ყირიმი, უკრაინა) სამხედროებმა საზღვაო-სადესანტო ოპერაციის სწავლება გამართეს. ასევე ყირიმში ჩატარდა წვრთნა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მე-7 სადესანტო-მოიერიშე (სამთო) დივიზიის (შტაბ-ბინა ნოვოროსიისკში, კრასნოდარის მხარე) საარტილერიო დანაყოფებმა.

 

შეიარაღების ექსპორტი

სერბეთმა მიიღო Pantsir-S1 ტიპის საშუალო მოქმედების ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემების პირველი პარტია. სერბეთის პრეზიდენტმა აღნიშნული სისტემების შეძენის შესახებ 2019 წლის ოქტომბერში განაცხადა.

 

*ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.