X

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა: გამოცემა 28, 24 თებერვალი - 1 მარტი, 2020

ავტორი: დავით ბატაშვილი

თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ  ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

ომი სირიაში - გასულ კვირაში, იდლიბის რეგიონში მიმდინარე ბრძოლა დინამიურად წარიმართა, რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა კი, ასადის რეჟიმის მხარდასაჭერად, სხვადასხვა მიზნებზე ინტენსიური დარტყმები განახორციელეს. გავრცელდა ინფორმაცია ხსენებული საჰაერო დარტყმებით, მშვიდობიან მოსახლეობაში გამოწვეული მსხვერპლის შესახებ. 28 თებერვალს თურქეთის არმიის დანაყოფების დაბომბვის შედეგად თურქეთსა და ასადის რეჟიმს შორის დაპირისპირების ესკალაციის შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთს არ შეუძლია „უზრუნველყოს სირიაში თურქეთის ავიაციის უსაფრთხოება.“

ომი სირიაში - გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა ასადის რეჟიმის საჰაერო ძალებს Mi-17 ტიპის მინიმუმ ერთი შვეულმფრენი მიაწოდა.

ომი უკრაინაში -  24 თებერვალი-1 მარტის კვირაში, დონბასის ფრონტზე, სროლა ყოველდღიურად მიმდინარეობდა. რუსები, განსაკუთრებით, კვირის მეორე ნახევარში გააქტიურდნენ. რუსული ჰიბრიდული ძალების მოქმედებების შედეგად, დაიღუპა სამი და დაიჭრა 14 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე.

ევროპაში აშშ-ს ძალებისა და ევროპაში ნატოს გაერთიანებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, გენერალმა ტოდ ვოლტერსმა, განაცხადა, რომ „მნიშვნელოვნად არის გაზრდილი რუსული წყალქვეშა ნავების აქტივობა გასული წლიდან დღემდე, რაც გაგრძელებაა მოსკოვის ძალისხმევისა, გაავრცელოს სამხედრო გავლენა ატლანტის ოკეანეში.“ გენერალ ვოლტერსის თქმით, 2018-დან 2019 წლამდე, რუსეთის მხრიდან „ჩვენ ვნახეთ წყალქვეშა რესურსების 50%-იანი ზრდა.“

ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების ტაიფუნის ტიპის ორი გამანადგურებელი აფრინდა ბაზიდან მას შემდეგ, რაც მიიღეს ინფორმაცია რუსული Tu-95 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენის ნორვეგიის დასავლეთით ზღვის თავზე შემჩნევის შესახებ. ამავე ინციდენტთან დაკავშირებით გამოჩნდნენ ცაში ორი ნორვეგიული და ერთი ნიდერლანდების გამანადგურებელი. მოგვიანებით, რუსეთმა განაცხადა, რომ რეგიონში ხსენებული გაფრენა განახორციელა ორმა Tu-142 ტიპის საზღვაო სადაზვერვო და წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო (ASW) თვითმფრინავმა.

 

სტრუქტურული ცვლილებები

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, საჰაერო თავდაცვის ახალი დივიზია ჩამოყალიბდა არქტიკაში, ჩრდილოეთის ფლოტის სარდლობის ქვეშ. შესაძლებელია, შოიგუ გულისხმობდეს 45-ე საჰაერო და ჰაერსაწინააღმდეგო ძალების არმიის მე-3 საჰაერო თავდაცვის დივიზიას, რომელიც 2019 წლის დასაწყისში შეიქმნა. მე-3 დივიზია მოიცავს მანამდე არსებულ 33-ე ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო პოლკსა (როგაჩევო, ახალი მიწა, არხანგელსკის ოლქი) და, ასევე, ახალ პოლკს, რომელიც 2019 წელს ჩამოყალიბდა ტიკსიში, სახას რესპუბლიკაში (იაკუტია).

ცენტრალური სამხედრო ოლქი 2020 წლის ბოლომდე სპეციალური ოპერაციების ძალების ორი ცალკეული ასეულის ჩამოყალიბებას გეგმავს. ასეულები შეიქმნება სამარასა (სამარას ოლქი) და შილოვოში (ნოვოსიბრისკის ოლქი).

რუსეთის სამხედრო ძალების ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატების (უსა) დანაყოფი შეიქმნა რუსეთის კანტის საჰაერო ბაზაზე, ყირგიზეთში. დანაყოფს გააჩნია Forpost  და Orlan-10 ტიპის უსა-ები.

 

გადაიარაღება და მოდერნიზაცია

მე-6 საჰაერო და ჰაერსაწინააღმდეგო ძალების არმიის (შტაბ-ბინა სანქტ-პეტერბურგში), მე-2 საჰაერო თავდაცვის დივიზიის (შტაბ-ბინა სანქტ-პეტერბურგში) 1490-ე ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო პოლკი (ულიანოვკა, ლენინგრადის ოლქი) სრულად დაკომპლექტდა S-400 ტიპის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემებით. პოლკი ატიპიური ზომისაა, ვინაიდან გააჩნია S-400 სისტემების ოთხი ბატალიონი, ნაცვლად სტანდარტული ორი ბატალიონისა.

1490-ე პოლკის S-400 ტიპის სისტემები. წყარო: bmpd.livejournal.com

გავრცელებული ცნობით, 2020 წლის იანვრის დასაწყისში რუსეთის სამხედრო ძალებმა Tsirkon ტიპის ჰიპერბგერითი ფრთოსანი რაკეტა გამოსცადეს. სატესტო სროლა განხორციელდა ბარენცის ზღვაში არსებული „ადმირალ გორშკოვის“ კლასის (პროექტი 22350) ფრეგატიდან „ადმირალ გორშკოვ“.

 

სწავლებები*

რუსეთის არმიის დაახლოებით 7 000 სამხედრო მოსამსახურე, დასავლეთ და აღმოსავლეთ კავკასიაში განლაგებული საარტილერიო და სარაკეტო დანაყოფებიდან, ფართომასშტაბიანი წვრთნიების ფარგლებში პოლიგონებზე გავიდა. სწავლებაში ჩართულია საქართველოში, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში განლაგებული რუსეთის საარტილერიო ძალებიც.

 

*ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.