X

პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკა

პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა, გამოცემა 3

ავტორი: მამუკა კომახია, ანალიტიკოსი
მიმოხილვის პერიოდი: 16-29 თებერვალი, 2020
 
რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეს საკუთარი გავლენის სფეროდ მიიჩნევს და რეგიონში დასავლეთის პოზიციების გაძლიერებას თავისი ეროვნული ინტერესების საფრთხედ განიხილავს. ჩვენი მიმოხილვის მიზანია მკითხველს პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მიმოხილვა გამოვა ორ კვირაში ერთხელ და გამოადგება ყველას, გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მიმდინარე პროცესები აინტერესებს.
 
მთავარი მოვლენები:
 
• რუსეთის პრეზიდენტი უკრაინელების ისტორიის განსხვავებულ ინტერპრეტაციას აკეთებს.
• რუსეთი უკრაინელი მეთევზეების დაკავებით აზოვის ზღვის შიდა რუსულ ზღვად
გადაქცევას ცდილობს.
• უკრაინამ მორიგი რუსული კიბერთავდასხმა გამოავლინა.
• უკრაინის პრეზიდენტმა სიმბოლური გადაწყვეტილება მიიღო და 26 თებერვალი ყირიმისა და სევასტოპოლის ოკუპაციის წინააღმდეგობის დღედ გამოაცხადა.
• რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის ვლადისლავ სურკოვის გადადგომის შემდეგ
კრემლის უკრაინულ პოლიტიკაში ცვლილებებს ელოდებიან.
• რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდაჭერით იორდანიაში პრორუსული ეკლესიების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა.
• ყირგიზეთის პრეზიდენტის რუსეთში ვიზიტი ცენტრალურ აზიაში რუსეთის გავლენის
ზრდას შეუწყობს ხელს.
 
 
უკრაინელების ისტორია პუტინის ხედვით
 
მთავარი მოვლენა: 2020 წლის 21 თებერვალს რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო
„ТАСС“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსები და უკრაინელები ერთი ხალხია, რაც მტკიცდება იმით, რომ XIII საუკუნემდე ამ ორი ხალხის ენაში არ იყო განსხვავება, XV საუკუნემდე კი აღმოსავლეთ სლავები საკუთარ თავს რუსებად მოიხსენიებდნენ.
 
მოვლენა დეტალურად: ინტერვიუს დროს პუტინმა რამდენიმე საინტერესო მოსაზრება გამოთქვა უკრაინელების შესახებ:
• XI, XII, XIII საუკუნეებამდე ჩვენ არ გვქონდა განსხვავება ენაში და პოლონიზაციის
შედეგად, XVI საუკუნეში გაჩნდა პირველი ენობრივი განსხვავებები.
• უკრაინელებს ეძახდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც რუსეთის სახელმწიფოს საზღვრის პირას ცხოვრობდნენ. უკრაინელები იყვნენ ფსკოვში, ურალში, უკრაინელებს ეძახდნენ იმათაც, ვინც სამხრეთით ყირიმის ხანის შემოტევებს იგერიებდნენ. ირგვლივ სულ უკრაინელები იყვნენ.
 
• XIV-XV საუკუნეებამდე ადამიანები, რომლებიც რუსეთის, პოლონეთისა და რეჩ- პოსპოლიტას (პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობა) ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ, რუსებად მოიხსენიებოდნენ.
• უკრაინული ფაქტორის გათამაშება პირველ მსოფლიო ომამდე ავსტრიულმა
სპეცსამსახურებმა დაიწყეს.
• არსებობს მხარეები, რომელთა ინტერესში უკრაინისა და რუსეთის გაყოფაა.
• უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოსგან გამოყოფა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანობის დანგრევაა.
 
როგორ აფასებენ პუტინის ხედვას: ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ პუტინის ხედვა ფსევდოისტორიული, პარანოიდალური და კონსპიროლოგიური წარმოდგენების ნაზავია, რომელსაც საერთო არ აქვს ისტორიულ ფაქტებთან. მათი აზრით, 2012 წლამდე რუსეთში ისტორიის საბჭოთა ხედვა იყო გავრცელებული, რომლის მიხედვითაც, უკრაინელები ცალკე ხალხი იყო, რომელიც რუსებთან გაერთიანდა. 2012 წლის შემდეგ კი კრემლი დაუბრუნდა ძველ იმპერიულ ხედვას, რომლის მიხედვითაც ველიკორუსები, მალორუსები და ბელორუსები ერთი რუსი ხალხის ნაწილია.
 
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი პუტინისთვის: პუტინისთვის უკრაინა, როგორც სახელმწიფო, არ არსებობს. გავრცელებული მოსაზრებით, 2008 წელს პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს უთხრა, რომ „უკრაინა სახელმწიფოც კი არ არის“. პუტინისთვის ისეთი უკრაინაა მისაღები, რომელიც ფორმალურად შეიძლება იყოს დამოუკიდებელი, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა რუსული სამყაროს ნაწილი იქნება. პუტინს სჯერა, რომ რუსები და უკრაინელები ერთი ხალხია და მათი განცალკევება დასავლეთის სტრატეგიის ნაწილია, რომელიც რუსეთის მეორეხარისხოვან სახელმწიფოდ გადაქცევას ისახავს მიზნად.
 
 
რუსეთმა აზოვის ზღვაში უკრაინელი მეთევზეები დააკავა
 
მთავარი მოვლენა: 2020 წლის 16 თებერვალს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის სასამართლომ აზოვის ზღვაში „უკანონო თევზაობისთვის“ დაკავებულ ოთხ უკრაინელ მეთევზეს 10-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
 
მოვლენა დეტალურად: რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, 15 თებერვალს ოთხი უკრაინელი ყირიმის სანაპიროსთან
„არალეგალური თევზაობის“ გამო დააკავეს. უკრაინული მხარის ცნობით, დაკავების დროს მეთევზეთა გემი ყირიმის სანაპიროდან 50 კილომეტრის მანძილზე იმყოფებოდა.
 
2018 წლის 25 ნოემბერს რუსეთის სასაზღვრო სამსახური 3 უკრაინულ გემს თავს დაესხა, ეკიპაჟის 24 წევრი კი დააპატიმრა. მოგვიანებით რუსეთმა დაზიანებული გემები უკრაინას დაუბრუნა, ეკიპაჟის წევრების განთავისუფლება კი 2019 წლის სექტემბერში მოხერხდა, როდესაც უკრაინამ და რუსეთმა პატიმრები გაცვალეს.
 
რუსეთ-უკრაინის 2003 წლის შეთანხმება სანაპირო ქვეყნებისთვის ქერჩის სრუტესა და აზოვის ზღვაში დაუბრკოლებელ გადაადგილებას ითვალისწინებს, მაგრამ 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ უკრაინული გემებისთვის გადაადგილება უსაფრთხო აღარ არის.
 
რატომ დააკავეს მეთევზეები: 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთი ცდილობს აზოვის ზღვა შიდა რუსულ ზღვად გადააქციოს. უკრაინის სამხედრო თუ სამოქალაქო გემების გადაადგილების შეზღუდვაც რუსული პოლიტიკის ნაწილია, რომელიც აზოვის ზღვაზე სრული კონტროლის დამყარებას ისახავს მიზნად.
აზოვის ზღვა წყარო wikipedia
 
 
უკრაინამ რუსული „ბოტების ფერმა“ გამოავლინა
 
მთავარი მოვლენა: 2020 წლის 17 თებერვალს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ უკრაინის ხუთ ქალაქში რუსეთის ონლაინსერვისების მიერ მხარდაჭერილი „ბოტების ფერმის“ ქსელის მოქმედება გამოავლინა.
 
მოვლენა დეტალურად: უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, სატელეკომუნიკაციო პლატფორმები სოციალურ მედიაში 8000 ყალბი ანგარიშისა და ჯგუფის შექმნისა და პოპულარიზაციისთვის იყო გამოყენებული. ანგარიშების შექმნის მიზანი იყო „უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელება, პროტესტის წახალისება, საზოგადოების დაშინება, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებისათვის ნაღმის შეტყობინების გაგზავნა და მაღალი რანგის ოფიციალური პირების ანგარიშების ტროლინგი“. უსაფრთხოების სამსახურის ოპერაცია უკრაინის ხუთ ქალაქში ჩატარდა, მათ შორის, კიევსა და ხარკოვში.
 
ყალბი ანგარიშები ინტერნეტში რუსული ონლაინსერვისების საშუალებით იყო დარეგისტრირებული. სქემის მოქმედებაში ორი „უკანონოდ შექმნილი“ მობილური
 
ოპერატორიც იყო ჩართული, რომლებიც უკრაინაში სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოპერირებდნენ. უსაფრთხოების სამსახურმა ხუთ ქალაქში აღმოაჩინა კომპიუტერული მოწყობილობა და მასთან დაკავშირებული აპარატურა, ასევე უკრაინული მობილური ოპერატორების 22 ათასზე მეტი სიმბარათი.
 
ამ ეტაპზე ჯერ არ არის დადასტურებული რუსეთის სპეცსამსახურების ჩართულობა „ბოტების ფერმის“ ორგანიზებაში.
 
უკრაინა რუსეთის კიბერთავდასხმების სამიზნე ადრეც გამხდარა. 2015 წელს ქვეყნის ენერგოსისტემაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, 230 ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. 2016 წელს კომპიუტერულმა ვირუსმა კიევში ელექტროენერგიის მომარაგება შეაფერხა. 2017 წელს სამიზნე სახელმწიფო, საფინანსო და ენერგეტიკული ორგანიზაციები გახდნენ.
 
სხვა სამიზნეები: 2020 წლის 20 თებერვალს რუსეთი 2000-ზე მეტ სახელმწიფო, კერძო და მედია ვებგვერდზე, ასევე ორ კერძო სატელევიზიო სადგურზე განხორციელებულ კიბერთავდასხმაში საქართველომაც დაადანაშაულა. 2019 წლის 28 ოქტომბერს განხორციელებული კიბერთავდასხმის ორგანიზატორად და განმხორციელებლად რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველო დასახელდა. 28 ოქტომბრის კიბერთავდასხმაში რუსეთი აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმაც დაადანაშაულეს, რომლებიც კიბერთავდასხმის გამოძიებაშიც მონაწილეობდნენ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მთავარ დამნაშავედ კონკრეტული სამხედრო დანაყოფი - N74455 დაასახელა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ, რომელიც ამავე დროს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორიც არის, რუსეთის ჩარევის ფაქტი უარყო.
 
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ბოლო წლებში კიბერთავდასხმები რუსეთის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტად ჩამოყალიბდა და კრემლის ჰიბრიდული ომის ტაქტიკის ნაწილი გახდა. დასავლეთის ქვეყნების გარდა, რუსეთის განსაკუთრებულ სამიზნედ პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთისადმი არამეგობრულად განწყობილი უკრაინა და საქართველოც იქცა. კრემლის მიზანი უკრაინისა და საქართველოს შიდა პოლიტიკაზე გავლენის მოხდენაა. ბოლო წლებში განხორციელებული კიბერთავდასხმები ადასტურებს, პირველი, უკრაინა და საქართველო მოწყვლადები არიან მსგავსი კიბერთავდასხმების მიმართ, რამაც შესაძლოა ამ ქვეყნების სასიცოცხლო ინფრასტრუქტურაც გამოიყვანოს მწყობრიდან, მეორე, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე ამ ქვეყნების კიბერუსაფრთხოება ვერ გაუმჯობესდება.
 
26 თებერვალი ყირიმისა და სევასტოპოლის ოკუპაციის წინააღმდეგობის დღედ გამოცხადდა
 
მთავარი მოვლენა: უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებით 26 თებერვალი ყირიმისა და სევასტოპოლის ოკუპაციის წინააღმდეგობის დღედ გამოცხადდა.
 
მოვლენა დეტალურად: რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წლის მარტში განახორციელა, როდესაც ნახევარკუნძულზე ჯერ სამხედროები გააგზავნა, შემდეგ კი, არალეგიტიმური რეფერენდუმის საფუძველზე, რეგიონის ანექსია მოახდინა.
 
26 თებერვალი ყირიმისა და სევასტოპოლის ოკუპაციის წინააღმდეგობის დღედ გამოცხადდა, რადგან ამ დღეს, 2014 წელს, ყირიმის დედაქალაქ სიმფეროპოლში რუსეთის ინტერვენციის წინააღმდეგ უკრაინელების უდიდესი საპროტესტო აქცია გაიმართა. კრემლის შეფასებით, ზელენსკის გადაწყვეტილება „ყირიმში არსებულ რეალურ ვითარებას არ შეესაბამება“.
 
ზელენსკის გადაწყვეტილებამდე ერთი დღით ადრე, 25 თებერვალს, აშშ-მ რუსეთს, ყირიმის ანექსიისა და უკრაინის აღმოსავლეთში სეპარატისტების მხარდაჭერის გამო, სანქციები ერთი წლით გაუხანგრძლივა. სანქციები პირველად 2014 წლის 6 მარტს დაწესდა. 27 თებერვალს ყირიმის საკითხში უკრაინას ღიად დაუჭირა მხარი აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომაც.
 
რატომ მიიღეს მსგავსი გადაწყვეტილება: უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას სიმბოლური დატვირთვა აქვს და მიზნად ისახავს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის  საკითხმა შიდა და საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალობა შეინარჩუნოს.
 
 
სურკოვი გადადგა - რა შეიცვლება უკრაინის მიმართულებით
 
მთავარი მოვლენა: 2020 წლის 18 თებერვალს, ხანგრძლივი გაურკვევლობის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ ვლადისლავ სურკოვმა თანამდებობა ოფიციალურად დატოვა.
 
მოვლენა დეტალურად: სურკოვის გადადგომის შესახებ ხმები ბოლო წლებში არაერთხელ გავრცელდა. 2020 წლის 21 იანვარს ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგ სურკოვის გადადგომის შესახებ არაოფიციალურად განაცხადეს, თუმცა გადადგომა მხოლოდ 18 თებერვალს დადასტურდა.
 
სურკოვი უკრაინის აღმოსავლეთში მოქმედი სეპარატისტების კურატორი და კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში რუსეთის მთავარი წარმომადგენელი იყო. სურკოვის პასუხისმგებლობის სფეროში პოსტსაბჭოთა სივრცე, მათ შორის, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონიც, შედიოდა. იგი 2013 წლიდან პრეზიდენტის თანაშემწე იყო.
 
რა შეიცვლება სურკოვის წასვლით: სურკოვის მიერ კრემლის დატოვების მთავარ მიზეზად უკრაინის მიმართულებით რუსეთის პოლიტიკის ცვლილება სახელდება. სურკოვი უკრაინასთან მიმართებაში ხისტი პოლიტიკის მომხრე იყო, რაც დასავლეთთან რუსეთის ურთიერთობების გაუარესებას უწყობდა ხელს. სურკოვს უკრაინის მიმართულებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ახალი მოადგილე დიმიტრი კოზაკი ჩაანაცვლებს, რომელსაც კარგი საქმიანი ურთიერთობები აქვს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახალ უფროს ანდრეი იერმაკთან. უკრაინის საქმეებიდან სურკოვის ჩამოშორებით კრემლი დასავლეთის მხრიდან უკრაინის გამო ზეწოლის შემცირებას იმედოვნებს.
 
 
ამანის შეხვედრა და უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია
 
მთავარი მოვლენა: 2020 წლის 26 თებერვალს იორდანიის დედაქალაქ ამანში რუსეთის პატრიარქ კირილისა და რამდენიმე მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლის
 
მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია ერთ- ერთი მთავარი საკითხი იყო.
 
ამანის შეხვედრა. წყარო: უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ინფორმაციისა და განათლების დეპარტამენტი
 
 
მოვლენა დეტალურად: ამანის შეხვედრაში რამდენიმე მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი მონაწილეობდა, მათ შორის: რუსეთის პატრიარქი კირილი, იერუსალიმის პატრიარქი თეოფილე III, სერბეთის პატრიარქი ირინეოსი, ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტი როსტისლავი და რუმინეთისა და პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლები. სერბეთისა და ჩეხეთის ეკლესიები რუსული ეკლესიის სატელიტებად მოიაზრებიან. შეხვედრაში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მიტროპოლიტი ონოფრიც მონაწილეობდა.
 
ფორმალურად შეხვედრის ინიციატორი იერუსალიმის პატრიარქი იყო, თუმცა მიიჩნევა, რომ შეხვედრის ორგანიზება რუსეთის პატრიარქის სურვილი იყო. თეოფილე III რუსეთისადმი სიმპათიით არის განწყობილი. 2019 წლის ნოემბერში იგი მოსკოვში იმყოფებოდა, რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა და მისგან მართლმადიდებელი ხალხების ერთობის საერთაშორისო ფონდის პრემიაც მიიღო. ამანის შეხვედრის ინიციატივაც ამ ვიზიტის ფარგლებში გაჟღერდა.
 
შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი თქვა მართლმადიდებელი ეკლესიების უმრავლესობამ, მათ შორის საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ.
 
რატომ გაიმართა ამანის შეხვედრა: ამანის შეხვედრა ერთმნიშვნელოვნად რუსული ეკლესიის პროექტად მიიჩნევა, რომლის მიზანიც უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე მხარდამჭერების
 
მობილიზება და კონსტანტინოპოლის პატრიარქის გავლენის შემცირებაა, რომელმაც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებით, რუსულ ეკლესიას და ზოგადად რუსულ პოლიტიკას სერიოზული დარტყმა მიაყენა.
 
რაზე შეთანხმდნენ: ამანის შეხვედრაზე რამდენიმე საკითხზე შეთანხმდნენ, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას უკავშირდება:
• ეკლესიებისათვის ავტოკეფალიის მინიჭება კონსენსუსის საფუძველზე უნდა მოხდეს.
• უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საჭიროა მართლმადიდებელთა საერთო დიალოგი.
• წლის ბოლომდე კიდევ ერთი შეხვედრა უნდა ჩატარდეს.
 
რა გავლენას მოახდენს შეხვედრა მართლმადიდებელ სამყაროზე: რუსეთის სურვილის საწინააღმდეგოდ, ამანის შეხვედრის გადაწყვეტილებებს ვერ  ექნება  გავლენა მართლმადიდებელ სამყაროში, რადგან მასში არ მონაწილეობდა მართლმადიდებელი ეკლესიების უმრავლესობა.
 
 
ყირგიზეთისა და რუსეთის მეგობრობა ძლიერდება
 
მთავარი მოვლენა: 2020 წლის 27-28 თებერვალს ყირგიზეთის პრეზიდენტი სოორონბაი ჟეენბეკოვი ოფიციალური ვიზიტით რუსეთს ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში ოფიციალურად დაიწყო ყირგიზეთის წელი რუსეთში და რუსეთის წელი ყირგიზეთში.
 
მოვლენა დეტალურად: 2020 წლის განმავლობაში ორივე ქვეყანაში არაერთი ღონისძიება გაიმართება, რომელიც კულტურული, საგანმანათლებლო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებისკენ  იქნება  მიმართული.  აღნიშნული  ინიციატივა  რუსეთის  პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ეკუთვნის, რომელიც ბიშკეკს 2019 წლის მარტში ეწვია.
 
2017 წელს პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ჟეენბეკოვმა რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავებისთვის ბევრი გააკეთა და სამართლიანად ითვლება რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე პრორუს პოლიტიკოსად. მისი მმართველობის პერიოდში  გაფართოვდა  ეკონომიკური  კავშირები რუსეთთან, ყირგიზეთის ენერგოსექტორში გააქტიურდა რუსული ენერგოგიგანტი
„გაზპრომი“. კიდევ უფრო გაძლიერდა რუსეთის სამხედრო  გავლენა.  მოსკოვში  ვიზიტამდე  ორი კვირით ადრე ყირგიზეთში, კანტის საჰაერო ბაზაზე, ასაფრენი ბილიკების  რეაბილიტაციისა და საჰაერო-თავდაცვითი სისტემების განვითარების შესახებ განაცხადეს. გასული წლის მარტში მხარეებმა სამხედრო თანამშრომლობის ახალ შეთანხმებასაც მოაწერეს ხელი, რომელიც გაერთიანებული რუსული სამხედრო  ბაზისთვის  დამატებით  60  ჰექტარი მიწის გადაცემას ითვალისწინებს. ჟეენბეკოვმა უარი თქვა ანბანის შეცვლაზე და ყაზახეთისგან განსხვავებით, ყირგიზეთი კირილიცას გამოყენებას განაგრძობს, რაც მის პრორუსულ განწყობებზე მეტყველებს.
 
რატომ არის ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი რუსეთისთვის: რუსეთი ცენტრალურ აზიას საკუთარი გავლენის სფეროდ განიხილავს და პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სამხედრო სფეროში გარე ძალების გააქტიურებას საკუთარი რეგიონული ინტერესების საფრთხედ მიიჩნევს. კრემლი ეჭვის თვალით უყურებს ცენტრალური აზიის რეგიონში სამი მთავარი კონკურენტის: აშშ-ის, ევროკავშირისა და ჩინეთის გააქტიურებას:
 
• ევროკავშირი ცდილობს თანამშრომლობის პროგრამა, რომელიც რუსეთის ინტერესების გაუთვალისწინებლად შემუშავდა, ცენტრალურ აზიაშიც გაავრცელოს.
• აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე
რუსეთის აგრესიული ქმედებებისგან დაცვა არა მარტო მოკავშირე უკრაინასა და საქართველოს, არამედ ცენტრალური აზიის ქვეყნებსაც დაჰპირდა. პომპეო  3 თებერვალს უზბეკეთში ცენტრალური აზიის საგარეო საქმეთა  მინისტრების შეხვედრაშიც მონაწილეობდა, სადაც რეგიონში ვაშინგტონის ახალი სტრატეგია წარადგინა.
• ჩინეთი პოლიტიკურად არა, მაგრამ ეკონომიკური კუთხით რეგიონის ქვეყნების მთავარ
დონორად ყალიბდება. ყირგიზეთში მიმდინარე პროექტებიც ჩინური კომპანიებისა და ინვესტიციების მონაწილეობით მიმდინარეობს.
 
ზემოჩამოთვლილის გათვალისწინებით, ყირგიზული მიმართულებით მოსკოვის გააქტიურებაც რეგიონის ერთ-ერთ პრორუსულ ქვეყანაში გავლენის გაძლიერებას და კონკურენტების გავლენის ზრდის პრევენციას ისახავს მიზნად.
 
რატომ არის ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი ყირგიზეთისთვის: ყირგიზეთი, რომელიც რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი სახელმწიფოა, რუსეთთან მოკავშირეობის გაძლიერებით უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესებასა და ეკონომიკური სარგებელის მიღებას იმედოვნებს. ასევე, შიდა პოლიტიკური კუთხით, ჟეენბეკოვს იმედი აქვს, რომ ოქტომბრისთვის დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის მხარდაჭერა მის პოლიტიკურ წარმატებასაც შეუწყობს ხელს.
დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.