X

პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკა

პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა, გამოცემა 4

ავტორი: მამუკა კომახია, ანალიტიკოსი
მიმოხილვის პერიოდი: 1-15 მარტი, 2020
 
რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეს საკუთარი გავლენის სფეროდ მიიჩნევს და რეგიონში დასავლეთის პოზიციების გაძლიერებას თავისი ეროვნული ინტერესების საფრთხედ განიხილავს. ჩვენი მიმოხილვის მიზანია მკითხველს პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მიმოხილვა გამოვა ორ კვირაში ერთხელ და გამოადგება ყველას, გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მიმდინარე პროცესები აინტერესებს.
 
მთავარი მოვლენები:
 
• უკრაინა ყირიმსა და სეპარატისტების მიერ კონტროლირებად დონეცკისა და ლუგანსკის რაიონებში რუსული პროპაგანდის გავლენის შესუსტებას ცდილობს.
 
• უკრაინა და რუსეთი პატიმრების გაცვლისთვის ემზადებიან.
 
• უკრაინა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მილსადენის პროექტის წინააღმდეგ ვაშინგტონში ლობირებს.
 
• ბელარუსი რუსეთთან ურთიერთობის გართულების ფონზე ნავთობის ალტერნატიული წყაროებიდან მიღებას ცდილობს.
 
• სომხეთის ექსპრეზიდენტის სასამართლო პროცესი სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.
 
• უზბეკეთი პრორუსულ ორგანიზაციაში გაწევრიანებას არ ჩქარობს.
 
• რუსეთისა და ყაზახეთის „მარადიული პრეზიდენტები“ კრემლში შეხვდნენ.
 
 
უკრაინა რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ
 
მთავარი მოვლენა: 2020 წლის 1 მარტს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების იმ ნაწილში, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება ვერ აკონტროლებს, ორენოვანმა სახელმწიფო სატელევიზიო არხმა „სახლი“ დაიწყო მაუწყებლობა. რუსულენოვანი არხის შექმნის დაპირება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის დროს გასცა.
 
მოვლენა დეტალურად: არსებული ინფორმაციით, ოკუპირებულ ყირიმსა და სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მოსახლეობის 54%-ს არ აქვს წვდომა უკრაინულ სატელევიზიო არხებზე, 43%- ს კი – უკრაინულ ვებგვერდებზე. ახალი არხი წამყვანი უკრაინული სატელევიზიო არხების პროგრამებს გააშუქებს. მაუწყებლობა ორენოვანი, უკრაინული და რუსული იქნება, რომელიც ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში ძირითადი სალაპარაკო ენაა. ახალი არხის ლოგოტიპზე ორივე ენაზე იქნება წარწერა (რუსულად-"Дом", უკრაინულად - "Дім").
 
ახალი არხის მთავარი მისიაა ყირიმსა და დონბასში მცხოვრები ადამიანების უკრაინის საინფორმაციო სივრცეში დაბრუნება, რუსული პროპაგანდის გავლენის შესუსტება და რუსული პროპაგანდის მიერ შექმნილი მითების
 
გაქარწყლება. ამჟამად ამ ტერიტორიებზე ყველაზე ცნობილი სატელევიზიო არხები რუსულია: „Россия-1“, „НТВ/НТВ Мир“, „Россия-24“, „Первый канал“. ყველაზე სანდო ავტორიტეტებად კი ვლადიმერ პუტინს და რუსული ტელევიზიის მთავარ პროპაგანდისტებს – ვლადიმერ სოლოვიოვსა და ოლგა სკაბეევას მიიჩნევენ. აღნიშნული ტერიტორიის მცხოვრებები უკრაინულ არხებს ან არ უყურებენ, ან ტექნიკური საშუალებების არარსებობის გამო მათ ყურებას ვერ ახერხებენ. ტელევიზიის დამფუძნებლების განცხადებით, შესაბამისი ტექნიკური საშუალების გამოყენებით სიგნალის ამ ტერიტორიებზე გავრცელება შესაძლებელი იქნება, თუმცა ყირიმის მთელი ტერიტორიის დაფარვა მაინც ვერ მოხერხდება.
 
ახალი არხის გამოწვევა: ახალი არხის მთავარი გამოწვევაა, თუ რა ლექსიკონს გამოიყენებს ტელევიზია აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესების გაშუქებისას. უკრაინული არხები იყენებენ ტერმინებს, როგორებიცაა „რუსული-ტერორისტული ჯარები“ ან „ოკუპირებული ტერიტორიები“, რაც არ იქნება მისაღები ამ ტერიტორიების მცხოვრებთათვის. ალტერნატიული ტერმინოლოგია კი, უკრაინული ნაციონალისტური ჯგუფების მიერ ღალატად შეფასდება. სავარაუდოდ, დონბასში სიტუაციის აღსაწერად საერთაშორისო დოკუმენტებში ასახულ ტერმინოლოგიას გამოიყენებენ.
 
რას ამბობენ რუსეთში: არხის შექმნის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას რუსული პროპაგანდისტული არხის „ღთ“-ის მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა კრახი უწინასწარმეტყველა, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ კი „სიგიჟე“ უწოდა.
 
რატომ არის ორენოვანი ტელევიზიის შექმნა მნიშვნელოვანი უკრაინისთვის: ორენოვანი ტელევიზიის შექმნის მიზანია ყირიმსა და სეპარატისტების მიერ კონტროლირებად რეგიონებში მცხოვრები ადამიანების, მაქსიმუმ, უკრაინის საინფორმაციო სივრცეში დაბრუნება და, მინიმუმ, ამ რეგიონებში რუსული პროპაგანდის გავლენის შესუსტება და მოსახლეობისათვის ალტერნატიული ინფორმაციის შეთავაზება.
 
 
უკრაინა-რუსეთი პატიმრების მორიგი გაცვლისთვის ემზადებიან
 
მთავარი მოვლენა: 2020 წლის 1 მარტს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი იერმაკი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს, დიმიტრი კოზაკს მინსკში შეხვდა.
 
მოვლენა დეტალურად: 2019 წელს გაპრეზიდენტების შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირობა დადო, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წელს დაწყებული ომი დასრულდებოდა. კიევში მიაჩნიათ, რომ მშვიდობის დამყარებისთვის პატიმრების გაცვლა მნიშვნელოვანია. იერმაკის განცხადებით, პატიმრების მორიგი (მესამე) გაცვლა შეიძლება თვის ბოლოს შედგეს. ზელენსკის პრეზიდენტობის პერიოდში ეს უკვე პატიმართა მესამე გაცვლა იქნება. პირველი, 2019 წლის სექტემბერში იყო, როდესაც ორივე მხარემ 35 პატიმარი გაცვალა. 2019 წლის დეკემბერში უკრაინამ 124 პატიმარი გადასცა სეპარატისტებს, სანაცვლოდ კი, 76 მიიღო.
 
რატომ არის პატიმრების გაცვლა მნიშვნელოვანი: თებერვალში სამშვიდობო მოლაპარაკებების მთავარი უკრაინელი და რუსი მონაწილეები შეიცვალნენ. უკრაინაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი იერმაკი გახდა, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ახალმა მოადგილემ დიმიტრი კოზაკმა კი, პუტინის თანაშემწე, უკრაინასთან მიმართებაში ხისტი პოლიტიკის მომხრე, ვლადისლავ სურკოვი ჩაანაცვლა. იერმაკსა და კოზაკს შორის პოზიტიური დამოკიდებულება არსებობს, რაც მოლაპარაკების პროცესში პროგრესის მიღწევის პერსპექტივას ქმნის. კიევის ხედვით, პატიმრების გაცვლა ნდობის აღდგენასა და სამშვიდობო მოლაპარაკებებში გარკვეულ წინსვლას შეუწყობს ხელს.
 
 
უკრაინა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტის წინააღმდეგ ლობირებს
 
მთავარი მოვლენა: მარტის დასაწყისში უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანია „ნაფტოგაზის“ დირექტორი ანდრეი კობოლევი აშშ-ს ესტუმრა. ვიზიტის მიზანი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მილსადენის პროექტის წინააღმდეგ ლობირება იყო.
 
მოვლენა დეტალურად: „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მილსადენი რუსეთს ბალტიის ზღვის გავლით პირდაპირ გერმანიას დააკავშირებს და გვერდს აუვლის უკრაინას. „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ მსოფლიოში ყველაზე გრძელი ოფშორული მილსადენი იქნება (1 230 კმ). პროექტის დასრულების შემთხვევაში, „ჩრდილოეთის ნაკადი-1-ის“ წარმადობა გაორმაგდება და წელიწადში 110 მლრდ კუბურ მეტრს მიაღწევს, რაც ევროკავშირის გაზის მოხმარების მეოთხედზე მეტია. პროექტის განხორციელებას განსაკუთრებით ეწინააღმდეგება უკრაინა და აშშ.
 
გასული წლის დეკემბერში აშშ-მ იმ უცხოურ კომპანიებს, რომლებიც პროექტში მონაწილეობას მიიღებდნენ, სანქციები დაუწესა. სანქციების პასუხად 2020 წლის 28 იანვარს რუსულმა ენერგოგიგანტმა „გაზპრომმა“ განაცხადა, რომ ბალტიის ზღვის ფსკერზე „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მილსადენის პროექტს კომპანია საკუთარი რესურსებით დაასრულებდა, უცხოური კომპანიების დახმარების გარეშე. არსებული მონაცემებით, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის პროექტის 94% დასრულებულია. ასაშენებელია მილსადენის 160-კილომეტრიანი მონაკვეთი. რუსეთს პროექტის დასასრულებლად პოტენციურად მისი ორი გემის გამოყენება შეუძლია. მაგრამ ამისთვის დანიისგან მის წყლებში მუშაობისთვის ნებართვა უნდა მიიღოს, რაც შეიძლება სირთულეებთან იყოს დაკავშირებული.
 
უკრაინელების ვაშინგტონში ვიზიტი „გაზპრომის“ მიერ პროექტის დასრულების მცდელობის შეფერხებას ისახავს მიზნად. მიზნის მისაღწევად კობოლევი 3 მარტს ვაშინგტონში კონგრესმენებსაც შეხვდა, მათ შორის, გავლენიან რესპუბლიკელ ტედ კრუზს, რომელიც ანტირუსული სანქციების მთავარი მხარდამჭერია.
 
რატომ არის პროექტის შეფერხება მნიშვნელოვანი უკრაინისთვის: „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტის განხორციელების შედეგად უკრაინის სატრანზიტო ფუნქცია შესუსტდება და იგი რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მიმართ მოწყვლადი გახდება.
 
რატომ არის პროექტის შეფერხება მნიშვნელოვანი აშშ-ისთვის: ვაშინგტონი მილსადენის პროექტის განხორციელებას ეწინააღმდეგება, რადგან იგი ევროპის რუსულ ენერგოწყაროებზე დამოკიდებულებას გაზრდის და რუსეთს აღმოსავლეთ ევროპის სატრანზიტო ქვეყნებზე გავლენის ბერკეტს მისცემს მათთვის სატრანზიტო შემოსავლების შემცირების კუთხით.
 
რატომ არის პროექტის დასრულება მნიშვნელოვანი რუსეთისთვის: „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის დასრულება რუსეთს საშუალებას მისცემს უკრაინაზე, როგორც სატრანზიტო ქვეყანაზე, დამოკიდებულება უახლოეს წლებში მინიმუმამდე შეამციროს და რუსული გაზის მთავარ მომხმარებელ გერმანიასთან პირდაპირი კავშირი დაამყაროს.
 
„ჩრდილოეთის ნაკადი-2“. წყარო: კომპანია „გაზპრომის“ ვებგვერდი
 
ბელარუსი ალტერნატიული ნავთობის ძიებაში
 
მთავარი მოვლენა: 2020 წლის 11 მარტს ბელარუსის პრემიერ-მინისტრი სერგეი რუმასი თავის რუს კოლეგას მიხეილ მიშუსტინს მოსკოვში შეხვდა. რუმასის განცხადებით, მსოფლიოში ნავთობზე ფასის ვარდნა უახლოეს მომავალში რუსული ნავთობის ფასზე შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას ქმნის.
 
მოვლენა დეტალურად: 2020 წლის იანვრიდან რუსეთმა უარი თქვა ბელარუსისთვის ნავთობის შეღავათიან ფასად მიყიდვაზე, რასაც 1990-იანი წლებიდან მოყოლებული აკეთებდა. თუმცა, მსოფლიოში ნავთობის ფასის
 
მკვეთრი ვარდნის შედეგად ვითარება შეიძლება შეიცვალოს. ამიტომაც რუმასმა რუსულ ნავთობკომპანიებს ახალი რამ შესთავაზა, რაც რუსულმა მხარემ განსახილველად მიიღო. ნავთობზე ფასები 6 მარტის შემდეგ დაეცა, როდესაც OPEჩ და რუსეთი ნავთობის წარმოების შემცირებაზე ვერ შეთანხმდნენ. 9 მარტს ფასების ვარდნამ 30% შეადგინა.
 
ამერიკული ნავთობი ბელარუსისთვის
 
რუსეთთან გართულებული ურთიერთობის ფონზე ბელარუსს მხარდაჭერა აშშ-მ გამოუცხადა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ამერიკული კომპანიები მზად არიან ბელარუსს კონკურენტულ საბაზრო ფასში დაუყონებლივ მიყიდონ ნავთობი. 13 მარტს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრ ვლადიმირ მაკეისთან სატელეფონო საუბარში ბელარუსის სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა დაადასტურა და ორმხრივი საქმიანი კავშირების გაზრდის პოტენციალიც განიხილა.
 
ალტერნატიული ნავთობი
 
რუსული ნავთობის ჩასანაცვლებლად ბელარუსმა პარტნიორების მოძიება ყველა მიმართულებით დაიწყო. ბელარუსმა ალტერნატიული ნავთობი იანვარში უკვე მიიღო ნორვეგიიდან. შეთანხმება მიღწეულია აზერბაიჯანთანაც. 2020 წლის განმავლობაში აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის კომპანია (შOჩAღ) ბელარუსს 1 მლნ ტონა ნავთობს მიაწვდის. აზერბაიჯანული ნავთობის საკითხზე მოლაპარაკებები რამუსსა და შOჩAღ-ის პრეზიდენტ როვნაგ აბდულაევს შორის 2 მარტს მინსკში გაიმართა. ბელარუსმა აზერბაიჯანული ნავთობი 2011 და 2016 წლებშიც შეიძინა. 85 000 ტონა ნავთობით დატვირთული პირველი ტანკერი ბელარუსში თურქეთის ჯეიჰანის პორტიდან 6 მარტს გაემართა. 85 000 ტონა ნავთობის შეტანა 20 მარტისთვის საქართველოს სუფსის პორტიდანაც არის დაგეგმილი. აზერბაიჯანული ნავთობი ბელარუსში, უკრაინის გავლით, ოდესა-ბროდის მილსადენით ჩავა.
 
რატომ არის ალტერნატიული ნავთობი მნიშვნელოვანი ბელარუსისთვის: მსოფლიოში ნავთობზე არსებული დაბალი ფასი ბელარუსს საშუალებას აძლევს რუსეთიდან ნავთობის იმპორტის შესაძლებლობა კვლავ განიხილოს. თუმცა, სანამ რუსულ მხარესთან სასურველი შეთანხმება შედგება, ბელარუსი ნავთობის იმპორტის დივერსიფიკაციით რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს. ნავთობის ალტერნატიული წყაროებიდან მიღება ბელარუსს შედარებით ნაკლებ შემოსავალს მოუტანს, მაგრამ სანაცვლოდ რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებას შეამცირებს და მინსკს საგარეო პოლიტიკაში მეტი მანევრირების შესაძლებლობასაც მისცემს.
 
ქოჩარიანის პროცესი და სომხეთ-რუსეთის ურთიერთობა
 
მთავარი მოვლენა: 2020 წლის 3 მარტს ერევნის სასამართლომ ვერ მიიღო გადაწყვეტილება სომხეთის ექსპრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის ადვოკატების მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომ სისხლის სამართლის საქმე დაიხუროს. მოსამართლემ გარკვეული პერიოდი ითხოვა საქმის ყველა გარემოებისა და მტკიცებულებების შესასწავლად. ქოჩარიანს, რომელთან მეგობრობის შესახებ ღიად განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, სომხეთ-რუსეთის ურთიერთობაში დაძაბულობის მუხტი შეაქვს.
 
მოვლენა დეტალურად: ერევანში პირველი ინსტანციის სასამართლოში კონსტიტუციური წყობის დამხობის შესახებ სისხლის სამართლის საქმეს განიხილავენ. სასამართლო 2018 წელს დაიწყო. საქმე აღძრულია ქოჩარიანის, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ყოფილი გენმდივნის იური ხაჩატუროვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის სეირან ოჰანიანისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის არმენ გევორგიანის წინააღმდეგ. საქმე 2008 წლის მარტის მოვლენებს ეხება, როდესაც ხელისუფლებამ ოპოზიციის მიტინგი ძალის გამოყენებით დაშალა, რის შედეგადაც დაიღუპნენ ადამიანები, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი კი დააპატიმრეს.
 
საპატიმროდან საავადმყოფოში და ახალი ბრალდებები
 
8 მარტს ქოჩარიანი საპატიმროდან საავადმყოფოში გადაიყვანეს. 2018 წლის ივლისში მისი პირველი დაკავების შემდეგ იგი სასამართლოს გადაწყვეტილებით წინასწარი პატიმრობიდან ორჯერ გაათავისუფლეს, მაგრამ პროკურორის მოთხოვნით ორივეჯერ საპატიმროში დააბრუნეს.
 
10 მარტს ფაშინიანმა ყოფილ პრეზიდენტებს, ქოჩარიანსა და სერჟ სარქისიანს, რომლებსაც რუსეთთან მჭიდრო კავშირები ჰქონდათ, „არმიის გაქურდვაში“ დასდო ბრალი და მოპარული ფულის დაბრუნების პირობა დადო.
 
რუსეთის პოზიცია: კრემლი ქოჩარიანის წინააღმდეგ სასამართლო პროცესს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს, რის შესახებაც მოსკოვმა სხვადასხვა ფორმით აცნობა მოქმედ ხელისუფლებას. მაგალითად, 2018 წელს, როდესაც სასამართლო პროცესი დაიწყო, საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მსგავსი ქმედებები სომხეთის ხელისუფლების განცხადებებს ეწინააღმდეგებოდა, რომ ისინი არ აპირებდნენ პოლიტიკური მოტივებით წინამორბედების დევნას. სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემდეგ პუტინმა ქოჩარიანს დაბადების დღეც კი მიულოცა. 2019 წლის ოქტომბერში კი, ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, რომელიც ერევანში გაიმართა, პუტინი ქოჩარიანის მეუღლეს და შვილს შეხვდა.
 
რატომ არის ქოჩარიანის თავისუფლება რუსეთისთვის მნიშვნელოვანი: ქოჩარიანი პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთ ყველაზე პრორუსულ პრეზიდენტად ითვლებოდა და მისი პატიმრობა კრემლის რეპუტაციას აზიანებს, რადგან ეს ფაქტი აჩვენებს, რომ მოსკოვს საკუთარი მოკავშირეების დაცვა არ შეუძლია.
 
რატომ არის ქოჩარიანის პატიმრობა სომხეთის ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი: მოქმედი პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ქოჩარიანს 2008 წლის მარტის სისხლისღვრაში სდებს ბრალს, როდესაც ანტისამთავრობო გამოსვლებს ადამიანების სიცოცხლე შეეწირა და ფაშინიანის პატიმრობაც მოჰყვა. 2008 წლის მოვლენების ორგანიზებაში ეჭვმიტანილების გასამართლება ფაშინიანს სამართლიანობის აღდგენისა და ძველი პოლიტიკური ელიტის დასუსტების შესაძლებობას აძლევს.
 
 
უზბეკეთი ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას არ ჩქარობს
 
მთავარი მოვლენა: 2020 წლის 7 მარტს ტაშკენტმა ოფიციალურად განაცხადა, რომ უზბეკეთი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანების გადაწყვეტილების მიღებამდე ორგანიზაციაში მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით დაკმაყოფილდება.
 
მოვლენა დეტალურად: ევრაზიის ეკონომიკური კავშირი 2015 წელს რუსეთისა და მისი მოკავშირეების – ბელარუსისა და ყაზახეთის მონაწილეობით დაფუძნდა. მოგვიანებით კავშირს სომხეთი და ყირგიზეთიც შეუერთდნენ. მოლდოვა ამ ეტაპზე მხოლოდ დამკვირვებელია. ევრაზიის ეკონომიკური კავშირი პოსტსაბჭოთა სივრცეში ევროკავშირის საპირწონე ორგანიზაციაა, რომლის წევრებიც ერთმანეთთან ეკონომიკურ ურთიერთობაში განსაკუთრებული შეღავათებით სარგებლობენ. ორგანიზაციის წევრები პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე პრორუსულ სახელმწიფოებად ითვლებიან.
 
რატომ არის რუსეთისთვის უზბეკეთის გაწევრიანება მნიშვნელოვანი: რუსეთი უზბეკეთს ცენტრალური აზიის რეგიონში მნიშვნელოვან ქვეყნად მიიჩნევს და რუსულ პროექტებში, როგორიც ევრაზიის ეკონომიკური კავშირია, ტაშკენტის ჩართვა მოსკოვისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წარმატება იქნებოდა. რუსეთისთვის უზბეკეთი დიდი ხანია სამიზნეა, მაგრამ უზბეკეთის ჩართვა ისლამ კარიმოვის პრეზიდენტობის პერიოდში ვერ ხერხდებოდა, რადგან კარიმოვი საგარეო პოლიტიკაში დაბალანსებულ მიდგომას ანიჭებდა უპირატესობას. 2016 წელს კარიმოვის გარდაცვალების შემდეგ შავქათ მირზიაევის გაპრეზიდენტების შემდეგ ვითარება შეიცვალა. ახალმა პრეზიდენტმა უარი თქვა კარიმოვის იზოლაციონისტურ პოლიტიკაზე და საგარეო კავშირების გაფართოება დაიწყო. ამიტომაც კრემლი ახალი გარემოების თავის სასარგებლოდ გამოყენებას და უზბეკეთის ორგანიზაციაში გაწევრიანებას ცდილობს.
 
რატომ არ ჩქარობს უზბეკეთი ორგანიზაციაში გაწევრიანებს: უზბეკეთი 34 მლნ მაცხოვრებლებით ცენტრალური აზიის ყველაზე მრავალრიცხოვანი ქვეყანაა და შეუძლია რუსეთის შემდეგ ორგანიზაციაში სიდიდით მეორე სამომხმარებლო ბაზარი გახდეს. ცოტა ხნით ადრე, 24 იანვარს, მირზიაევმა პარლამენტის წინაშე გამოსვლის დროს განაცხადა, რომ მისი მთავრობა ორგანიზაციასთან თანამშრომლობის გზებს სწავლობდა. უზბეკეთის ექსპორტის დიდი ნაწილი ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში გადის, განსაკუთრებით, რუსეთში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში. 2018 წლისთვის რუსეთიდან უზბეკეთში ფულადმა გზავნილებმა ქვეყნის მშპ-ის 15% შეადგინა. თუმცა, როგორც ჩანს, ტაშკენტი რუსულ ორბიტაზე დაბრუნებას მაინც არ ჩქარობს და ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანების დადებითი მხარეების შესასწავლად მეტ დროს ითხოვს. უზბეკეთის ყოყმანი, შესაძლოა,
 
 
ორი ფაქტორით იყოს განპირობებული, პირველი, კავშირში გაწევრიანება ეკონომიკის გარკვეულ სექტორებს დაასუსტებს და, მეორე, პრორუსულ ორგანიზაციაში გაწევრიანება ტაშკენტს საგარეო-პოლიტიკური მანევრის შესაძლებლობას შეუზღუდავს.
 
 
„მარადიული პრეზიდენტების“ შეხვედრა
 
 
ვლადიმერ პუტინისა და ნურსულთან ნაზარბაევის შეხვედრა. წყარო: რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდი
 
მთავარი მოვლენა: 2020 წლის 10 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყაზახეთის პირველ პრეზიდენტს, ნურსულთან ნაზარბაევს კრემლში უმასპინძლა.
 
მოვლენა დეტალურად: ნაზარბაევის რუსეთში ვიზიტის მთავარი მიზანი ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოსვლა იყო. ევრაზიული კავშირის იდეა, რომლის საფუძველზეც 2015 წელს ევრაზიის ეკონომიკური კავშირი ჩამოყალიბდა, პირველად სწორედ ამ უნივერსიტეტში გააჟღერა ნაზარბაევმა. საინტერესოა, რომ მოსკოვში ვიზიტამდე, 6 მარტს, ნაზარბაევმა ნურ-სულთანში რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს დიმიტრი მედვედევს უმასპინძლა.
 
ძალაუფლების შენარჩუნების „ყაზახური მოდელი“
 
ნაზარბაევი, რომელსაც „ელბასის“ (ერის ლიდერი) სტატუსი აქვს, 1991 წლიდან, ყაზახეთის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან, 2019 წლამდე უცვლელი პრეზიდენტი იყო. 1999 წელს ყაზახეთში მეორე საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, სადაც ნაზარბაევმა გაიმარჯვა. 2000 წელს აღნიშნული საპრეზიდენტო ვადა საკონსტიტუციო საბჭომ ნაზარბაევისთვის პირველ ვადად ჩათვალა, რადგან წინა არჩევნები ძველი კონსტიტუციის ფარგლებში ჩატარდა. 2007 წელს განხორციელებული ახალი ცვლილებებით ნაზარბაევისთვის გამონაკლისი დაუშვეს და ორ საპრეზიდენტო ვადაზე არსებული ლიმიტი გაუქმდა. 2019 წელს ნაზარბაევმა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა, თუმცა ახალ პრეზიდენტსა და ქვეყანაზე ძალაუფლება განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად შეინარჩუნა.
 
ნაზარბაევთან ვიზიტის შემდეგ, 14 მარტს, პუტინმა ხელი მოაწერა საკონსტიტუციო ცლვილებების კანონს, რომელიც მას საშუალებას აძლევს ხელახლა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. საკონსტიტუციო ცვლილებებზე თანხმობა საკონტიტუციო სასამართლომაც განაცხადა. შემდეგი ეტაპია რეფერენდუმი, რომელიც აპრილში ჩატარდება. შედეგად პუტინი, ჯერ 2024 წელში შეძლებს მეხუთეჯერ იყაროს კენჭი, შემდეგ კი, 2030 წელს, - მეექვსეჯერ.
 
რატომ არის ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი: პუტინის და ნაზარბაევის შეხვედრას სიმბოლური დატვირთვა აქვს. 2019 წელს, როდესაც ნაზარბაევმა პრეზიდენტის პოსტი დატოვა, რეალურად შეინარჩუნა ძალაუფლება. პუტინისთვის „ყაზახური მოდელი“ 2024 წლის შემდეგ ძალაუფლების შენარჩუნების ერთ-ერთ გზად განიხილებოდა, რომელზეც საბოლოო ჯამში პუტინმა უარი თქვა. მან ამ ეტაპზე ექსპერიმენტებისგან თავი შეიკავა და მარადიული პრეზიდენტობის ლეგიტიმაციისთვის საკონსტიტუციო ცვლილებებისა და რეფერენდუმზე „ხალხის მხარდაჭერის“ საიმედო გზა აირჩია. 
დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.