X

პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკა

პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა, გამოცემა 7

ავტორი: მამუკა კომახია, ანალიტიკოსი

მიმოხილვის პერიოდი: 16-30 აპრილი, 2020

 

რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეს საკუთარი გავლენის სფეროდ მიიჩნევს და რეგიონში დასავლეთის პოზიციების გაძლიერებას თავისი ეროვნული ინტერესების საფრთხედ განიხილავს. ჩვენი მიმოხილვის მიზანია მკითხველს პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მიმოხილვა გამოდის ორ კვირაში ერთხელ  და გამოადგება ყველას, გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მიმდინარე პროცესები აინტერესებს.

მთავარი მოვლენები:  

                                                  

  • უზბეკეთი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში დამკვირვებლის სტატუსის მოპოვებას ცდილობს.
  • ტაჯიკეთი გვარებში რუსული სუფიქსების გამოყენებაზე უარს ამბობს.
  • რუსეთთან ურთიერთობის გაუარესების ფონზე ბელარუსში 12-წლიანი პაუზის შემდეგ აშშ-ის ახალი ელჩი ინიშნება.
  • ნავთობზე ფასის ვარდნისა და ნავთობპროდუქტებზე მოთხოვნის შემცირების მიუხედავად, ბელარუსი ნავთობის იმპორტის წყაროების დივერსიფიკაციას აგრძელებს.
  • მოლდოვის პრორუსი პრეზიდენტი შიდაპოლიტიკური წინააღმდეგობის გამო რუსული კრედიტის მიღებას ვერ ახერხებს.
  • უკრაინაში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს კუთვნილი ეკლესიები იწვის.
  • უკრაინაში საბჭოთა სიმბოლოების წინააღმდეგ იბრძვიან.
  • ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო აფხაზეთის ახალი „პრეზიდენტის“ ინაუგურაციას რუსეთიდან სტუმრები ვერ დაესწრნენ.

 

უზბეკეთი ევრაზიულ კავშირში დამკვირვებლის სტატუსს ითხოვს

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 28 აპრილს უზბეკეთის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა მთავრობის წინადადებას ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში უზბეკეთის დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობის შესახებ.

მოვლენა დეტალურად: ევრაზიის ეკონომიკური კავშირი 2015 წელს რუსეთისა და მისი მოკავშირეების – ბელარუსისა და ყაზახეთის მონაწილეობით დაფუძნდა. მოგვიანებით კავშირს სომხეთი და ყირგიზეთიც შეუერთდნენ. მოლდოვამ ორგანიზაციაში დამკვირვებლის სტატუსი პრორუსი პრეზიდენტის იგორ დოდონის არჩევის შემდეგ მოიპოვა. ევრაზიის ეკონომიკური კავშირი პოსტსაბჭოთა სივრცეში ევროკავშირის საპირწონე ორგანიზაციაა, რომლის წევრებიც ერთმანეთთან ეკონომიკურ ურთიერთობაში განსაკუთრებული შეღავათებით სარგებლობენ. ორგანიზაციის წევრები პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე პრორუსულ სახელმწიფოებად ითვლებიან.

ორგანიზაციაში დამკვირვებლის სტატუსის მოთხოვნის შემდგომი ნაბიჯი შესაძლოა უზბეკეთსა და კავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის ზონის ფორმირება იყოს. შეთანხმება ამ საკითხზე ივნისში, უზბეკეთის პრეზიდენტის მოსკოვში ვიზიტის დროსაც, შეიძლება შედგეს.

უზბეკეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა. ფოტო: რუსეთის პრეზიდენტის ვებგვერდი

რატომ არის რუსეთისთვის უზბეკეთის გაწევრიანება მნიშვნელოვანი: რუსეთი უზბეკეთს ცენტრალური აზიის რეგიონში მნიშვნელოვან ქვეყნად მიიჩნევს და რუსულ პროექტებში, როგორიც ევრაზიის ეკონომიკური კავშირია, ტაშკენტის ჩართვა მოსკოვისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წარმატება იქნებოდა. რუსეთისთვის უზბეკეთი დიდი ხანია სამიზნეა, მაგრამ უზბეკეთის ჩართვა ისლამ კარიმოვის პრეზიდენტობის პერიოდში ვერ ხერხდებოდა, რადგან კარიმოვი საგარეო პოლიტიკაში დაბალანსებულ მიდგომას ანიჭებდა უპირატესობას. 2016 წელს კარიმოვის გარდაცვალებისა და შავქათ მირზიაევის გაპრეზიდენტების შემდეგ ვითარება შეიცვალა. ახალმა პრეზიდენტმა უარი თქვა კარიმოვის იზოლაციონისტურ პოლიტიკაზე და საგარეო კავშირების გაფართოება დაიწყო. ამის გამო კრემლიც ცდილობს ახალი გარემოების თავის სასარგებლოდ გამოყენებას და ორგანიზაციაში უზბეკეთის  გაწევრიანებას.

რატომ არ ჩქარობს უზბეკეთი ორგანიზაციაში გაწევრიანებ: უზბეკეთი, 34 მლნ მაცხოვრებლით, ცენტრალური აზიის ყველაზე მრავალრიცხოვანი ქვეყანაა და შეუძლია რუსეთის შემდეგ ორგანიზაციაში სიდიდით მეორე სამომხმარებლო ბაზარი გახდეს. უზბეკეთის ექსპორტის დიდი ნაწილი ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში გადის, განსაკუთრებით, რუსეთში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში. 2018 წლისთვის რუსეთიდან უზბეკეთში ფულადმა გზავნილებმა ქვეყნის მშპ-ის 15% შეადგინა. რუსეთში დაახლოებით 2 მლნ უზბეკი მიგრანტია. თუმცა, როგორც ჩანს, ტაშკენტი რუსულ ორბიტაზე დაბრუნებას მაინც არ ჩქარობს და ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებამდე სხვადასხვა ეტაპის გავლას ცდილობს, რაც ტაშკენტს კავშირის წევრობის დადებითი და უარყოფითი მხარეების შეფასებისთვის მეტ დროს მისცემს.

 

ტაჯიკეთი უარს ამბობს გვარებში რუსულ სუფიქსებზე

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 29 აპრილს ტაჯიკეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა „სამოქალაქო მდგომარეობის აქტების სახელმწიფო რეგისტრაციის“ კანონში ცვლილებების განხორციელებას. ცვლილებების მიღების შემდეგ ახალ საიდენტიფიკაციო დოკუმენტებსა და დაბადების მოწმობებში ეთნიკური ტაჯიკებისთვის გვარების რუსული დაბოლოებით ჩაწერა აიკრძალება. ადრე ტაჯიკებს მხოლოდ რეკომენდაციის დონეზე ურჩევდნენ გვარების რეგისტრაციის დროს  სლავური სუფიქსები არ აერჩიეთ. იუსტიციის მინისტრმა კანონში ცვლილებები „ეროვნული სახელების აღორძინებით“ ახსნა.

მოვლენა დეტალურად: ახალი კანონპროექტის მიხედვით, ეთნიკურად ტაჯიკი ბავშვები, რომელთა მშობლების გვარები საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული კაცებისთვის – „ов“ და „ев“ და ქალებისთვის – „ова“ და „ева“ რუსული დაბოლოებით სრულდება, მიიღებენ დაბადების მოწმობებს, სადაც გვარების ჩაწერის დროს ტრადიციული ტაჯიკური სუფიქსები („и“, „зод“, „зода“, „он“, „ён“, „ёр“, „ниё“, „фар“) იქნება გამოყენებული. რეგისტრაციის დროს ასევე აიკრძალება მამის სახელის მითითების დროს რუსული სუფიქსების („ович“, „овна“, „евич“ და „евна“) გამოყენება. ახალი კანონი შეეხება ახალ დაბადებულ ეთნიკურად ტაჯიკ ბაშვებს ან ეთნიკურად ტაჯიკ ბავშვებს, რომლებიც პირველად აიღებენ საიდენტიფიკაციო მოწმობებს. კანონის მოთხოვნები არ გავრცელდება ქვეყანაში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებზე.

ბოლო წლებში ტაჯიკეთში გახშირდა რუსული დაბოლოებით გვარების ტრადიციული ტაჯიკური გვარებით შეცვლის შემთხვევები. ბევრმა საჯარო მოხელემ მიბაძა ქვეყნის პრეზიდენტს იმომალი რაჰმონოვს, რომელიც 2007 წელს ემომალი რაჰმონი გახდა. ტაჯიკი ინტელიგენციის წინაშე გამოსვლისას რაჰმონმა განაცხადა, რომ „აუცილებელია ჩვენს კულტურულ ფესვებთან დაბრუნება და ეროვნული ტოპონიმიკის გამოყენება“. პრეზიდენტის გადაწყვეტილების შემდეგ ტაჯიკებს ბავშვებისთვის ეროვნული სახელების დარქმევის რეკომენდაციას აძლევდნენ. თუმცა, არაერთი საკანონმდებლო მოთხოვნის მიუხედავად, ბევრი ტაჯიკი უარს არ ამბობდა რუსიფიცირებულ გვარებზე, რადგან ეს მათ რუსეთში შრომით მიგრაციაში ყოფნას უადვილებდა.

გვარების შეცვლის პარალელურად რუსული გავლენის შესუსტება ქვეყნის ცხოვრების სხვადასხვა სფეროშიც შეიმჩნევა. 2009 წელს პარლამენტმა მიიღო კანონი „სახელმწიფო ენის“ შესახებ, რის შედეგადაც ტაჯიკური სახელისუფლო ორგანოებთან ურთიერთობის ერთადერთ ენად გამოცხადდა. მოგვიანებით რუსული ენა საქმის წარმოებიდანაც განიდევნა. 2016 წლისთვის ქვეყანაში აღარ დარჩა გეოგრაფიული პუნქტი, რომელსაც რუსულთან დაკავშირებული  სახელი ექნებოდა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ტაჯიკეთისთვის: გვარებში რუსულ სუფიქსებზე უარის თქმა პრეზიდენტის მიერ დაწყებული დერუსიფიკაციის პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყანაში სუსტად განვითარებული ეროვნული იდენტობის განვითარებას ისახავს მიზნად. თუმცა, განხორციელებული ცვლილებების მიუხედავად, ტაჯიკეთში რუსული ინარჩუნებს ეთნოსებს შორის საკომუნიკაციო ენის სტატუსს, კვლავ პოპულარულია რუსულ ენაზე განათლების მიღება, დამწერლობად გამოიყენება კირილიცა. ამავე დროს, ტაჯიკებისთვის რუსეთი, შრომითი მიგრაციის თვალსაზრისით, ყველაზე სასურველ ქვეყანად რჩება.

რატომ არის ეს ყურადსაღები რუსეთისთვის: გვარებში რუსულ სუფიქსებზე, კირილიცაზე, რუსულ ტოპონიმიკაზე უარის თქმას რუსეთში ანტირუსული პოლიტიკის გამოხატულებად აფასებენ. განსაკუთრებით მტკივნეულად აღიქმება ეს ცენტრალური აზიის ქვეყნების შემთხვევაში, რომლებიც პოლიტიკური და ეკონომიკური კუთხით რუსეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებული. მოსკოვის შეფასებით, ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერების დეკლარირებული პრორუსული განწყობების მიუხედავად, ეს ქვეყნები ყოველდღიურ ცხოვრებაში რუსული ფაქტორის შემცირებას და გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთის პოლიტიკური გავლენის შემცირებას ცდილობენ.

 

12-წლიანი ინტერვალის შემდეგ აშშ-ს ბელარუსში ელჩი ეყოლება

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 20 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას ბელარუსში აშშ-ის ელჩად სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის ჯული ფიშერის დანიშვნა სურს.

მოვლენა დეტალურად: ჯული ფიშერი 12-წლიანი ინტერვალის შემდეგ ბელარუსში აშშ-ის პირველი ელჩი იქნება. იგი გამოცდილი დიპლომატია და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მუშაობის გამოცდილება აქვს, მათ შორის, რუსეთში, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს – საქართველოში და ვიქტორ იუშჩენკოს პრეზიდენტობის პერიოდში – უკრაინაში. იგი რუსეთის სპეციალისტია. მან კარგად იცის რუსული და ასევე შეუძლია ქართულად ლაპარაკიც. ამჟამად სახელმწიფო დეპარტამენტში მისი პასუხისმგებლობის სფეროში შედის ბელარუსი, პოლონეთი, უკრაინა და საქართველო. ფიშერის კანდიდატურის შესახებ ჯერ კიდევ თებერვალში გახდა ცნობილი, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო მინსკს ესტუმრა. მისი კანდიდატურა სენატმა უნდა დაამტკიცოს.

ბელარუსი აშშ-ის ელჩმა 2008 წელს დატოვა. ეს იყო ორმხრივი ურთიერთობების გაუარესების ლოგიკური გაგრძელება. მანამდე ვაშინგტონმა ეკონომიკური სანქციები დააწესა ბელარუსის და პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ახლო გარემოცვის წინააღმდეგ. ბელარუს-აშშ-ის ურთიერთობების გაუარესების ხარჯზე მინსკი და მოსკოვი გარკვეული პერიოდით დაახლოვდნენ, მაგრამ ამჟამად რუსეთთან ურთიერთობის გაუარესების ფონზე მინსკის ვაშინგტონთან ურთიერთობა ეტაპობრივად კვლავ უმჯობესდება.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ბელარუსისთვის: აშშ-თან ურთიერთობის განვითარება, რუსეთთან ურთიერთობის გაუარესების ფონზე, ბელარუსისთვის დასავლეთთან პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების აღდგენისა და რუსეთზე დამოკიდებულების შემცირების შესაძლებლობას შექმნის.

რატომ არის ეს ყურადსაღები რუსეთისთვის: დასავლეთთან ბელარუსის პოლიტიკური ურთიერთობის დათბობა და ეკონომიკური კავშირების განვითარება მოსკოვის გავლენის ბერკეტებს ბელარუსზე შეასუსტებს და პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის ეგიდით მიმდინარე ინტეგრაციულ პროცესებს შეაფერხებს.

 

ბელარუსი ნავთობის იმპორტის წყაროების დივერსიფიკაციას აგრძელებს

მთავარი მოვლენა: ბელარუსის სახელმწიფო კონცერნ „ბელნეფტეხიმის“ ცნობით, ბელარუსი საუდის არაბეთიდან პირველად შეიძენს ნავთობს.

მოვლენა დეტალურად: ბელარუსის სახელმწიფო კონცერნსა და საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობის კომპანია „საუდი არამკოს“ შორის ნავთობის შესყიდვაზე პირველი გარიგება შედგა. ბელარუსი 80 000 ტონა არაბულ ნავთობს კლაიპედის პორტის (ლიეტუვა) გავლით, სავარაუდოდ, 11 მაისისთვის მიიღებს. პირველი ტანკერი არაბული ნავთობით 27 აპრილს დაიძრა.

ბელარუსმა ნავთობის იმპორტის წყაროების დივერსიფიკაცია 2020 წლის იანვრიდან დაიწყო, როდესაც ნავთობის ფასზე შეუთანხმებლობის გამო რუსული ნავთობის იმპორტი შეწყდა. მარტში, მსოფლიოში ნავთობზე ფასების ვარდნის ვითარებაში, რუსეთთან განახლებული პირობებით შეთანხმება აპრილში კვლავ მოხერხდა, თუმცა პარალელურად ბელარუსს ალტერნატიული წყაროების ძიება არ შეუწყვეტია.

ბელარუსმა აპრილში სულ 2 მლნ ტონა ნავთობი მიიღო, მათ შორის 1.56 მლნ ტონა – რუსეთიდან მილსადენებისა და სარკინიგზო მარშრუტის საშუალებით. დანარჩენი რაოდენობა სხვა ქვეყნებიდან ტანკერებით მიიღო ან თავად ბელარუსში მოიპოვა. აპრილში ყველა ძირითადმა რუსულმა კომპანიამ განაახლა ბელარუსში ექსპორტი. გარდა ამისა, ბელარუსმა აპრილში 80 000 ტონა აზერბაიჯანული ნავთობი ოდესის პორტის გავლით მიიღო, 80 000 ტონა ნორვეგიული ნავთობი კი – კლაიპედის პორტის გავლით.

კონცერნის განცხადებით, მაისში ბელარუსი რუსეთიდან 1.13 მლნ ტონა ნავთობის იმპორტს გეგმავს. თუმცა ალტერნატიულ წყაროებზე მუშაობა გაგრძელდება. იმპორტირებული ნავთობის რაოდენობა კი დამოკიდებული იქნება შიდა  და საგარეო ბაზარზე არსებულ ვითარებაზე. 

გარდა ამისა, ბელარუსი პოლონეთთან შეთანხმებასაც ცდილობს, რათა ივნისიდან ყოველთვიურად მინიმუმ 100 000 ტონა ნავთობი რევერსული სისტემით მიიღოს. საუბარია რუსული ნავთობის რევერსზე, რომლის ტრანსპორტირებაც ევროპაში ნავთობსადენ „დრუჟბით“ ხორციელდება.

რატომ არის ნავთობის იმპორტის დივერსიფიკაცია მნიშვნელოვანი ბელარუსისთვის: ნავთობის ფასის ვარდნისა და ნავთობპროდუქტებზე მოთხოვნის შემცირების პირობებში, ბელარუსს შესაძლოა აღარ დასჭირდეს ყოველთვიურად 2 მლნ ტონა ნავთობის იმპორტი. არსებულ ვითარებაში ბელარუსისთვის რუსული ნავთობის ფასი მისაღები და საკმარისიც არის, მაგრამ მინსკი წარსული გამოცდილებიდნ გამომდინარე ნავთობის იმპორტის წყაროების დივერსიფიკაციის პოლიტიკას აგრძელებს, რაც რუსეთზე დამოკიდებულების 30-40%-მდე შემცირებას ითვალისწინებს. დივერსიფიკაციის პოლიტიკის მიზანია ბელარუსზე რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის შესუსტება.

 

მოლდოვა: რუსული კრედიტი და საპრეზიდენტო არჩევნები

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 23 აპრილს მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ 200 მლნ ევროს ოდენობის რუსული კრედიტის შეთანხმების მოქმედება შეაჩერა.

მოვლენა დეტალურად: 17 აპრილს მოლდოვის პრორუსმა პრეზიდენტმა იგორ დოდონმა განაცხადა, რომ რუსეთმა და მოლდოვამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც მოლდოვისთვის 200 მლნ ევროს ოდენობის კრედიტის გამოყოფას ითვალისწინებს. დოდონის განცხადებით, კრედიტზე შეთანხმებას დეკემბერში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მიაღწია. მისი თქმით, რუსული კრედიტი ახალი კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული კრიზისის პერიოდში უცხოელი პარტნიორებისგან მიღებული პირველი კონკრეტული ფინანსური დახმარება იქნება, რაც მოხმარდება ქვეყნის წინაშე მდგარი საჭიროებების გადაწყვეტას და ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

ქვეყნის პროდასავლურმა ოპოზიციამ გააკრიტიკა რუსეთის მიერ გამოყოფილი 10-წლიანი კრედიტი, რომელიც, მათი აზრით, გრძელვადიან საფრთხეს წარმოადგენს, რადგან შესაძლებლობას ქმნის ფული რუსული კომპანიების სასარგებლოდ არააუცილებელ პროექტებზე დაიხარჯოს. გარდა ამისა, ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ კრედიტის გამოყოფას პოლიტიკური მიზნები აქვს. მათი აზრით, რუსეთის მოტივაციაა მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებში პრორუსმა დოდონმა გაიმარჯვოს.

ოპოზიციის კრიტიკის მიუხედავად, 23 აპრილს, დილით, შეთანხმებას მხარი დაუჭირა პარლამენტმა, 101 დეპუტატიდან 56-მა. თუმცა, ამავე დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ პროდასავლური ოპოზიციონერი დეპუტატის მიმართვის საფუძველზე კრედიტის შეთანხმების მოქმედება შეაჩერა. საინტერესოა, რომ ამ დღეს დილით შეიცვალა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. ახალი თავმჯდომარე დომნიკა მანოლე გახდა, რომელიც პროდასავლური კურსის მომხრედ არის ცნობილი.

დოდონის შეფასებით, კრედიტის მიღების დაბლოკვით პროდასავლურ ძალებს ეკონომიკური კრიზისის გამოწვევა, ხალხის ქუჩაში გამოყვანა და ამ ტალღაზე ხელისუფლებაში დაბრუნება სურთ.

მოლდოვის პრორუსი პრეზიდენტი იგორ დოდონი და ვლადიმერ პუტინი. ფოტო: Sputnik Moldova

რატომ არის რუსული კრედიტი მნიშვნელოვანი იგორ დოდონისთვის: მოლდოვაში შემოდგომაზე საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი და დოდონი მეორე ვადით არჩევას გეგმავს. მისი მთავარი კონკურენტი, სავარაუდოდ, პროდასავლურად განწყობილი ყოფილი პრემიერ-მინისტრი მაია სანდუ იქნება. ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის პირობებში დოდონისთვის მნიშვნელოვანია რუსეთის მხრიდან არა მარტო პოლიტიკური, არამედ ფინანსური დახმარების მიღებაც. ამ მხრივ, რუსული კრედიტი მას წინასაარჩევნო პერიოდში ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში და, შესაბამისად, საარჩევნოდ რეიტინგის გაზრდაშიც დაეხმარებოდა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი რუსეთისთვის: პოსტსაბჭოთა სივრცეში იშვიათია რუსეთისადმი ისეთი კეთილგანწყობით გამორჩეული პრეზიდენტი, როგორიც დოდონია. იგი ღიად უჭერს მხარს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებას. სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს მიიღო მოლდოვამ პრორუსულ ორგანიზაციაში დამკვირვებლის სტატუსი. არსებული მონაცემებით, ამჟამად ქვეყნის მთავარ პოლიტიკურ ძალას - სოციალისტურ პარტიას და მის არაფორმალურ ლიდერს – დოდონს პროდასავლურ პოლიტიკურ ჯგუფებზე მეტი მხარდაჭერა აქვთ. კრიზისის პერიოდში მათი ფინანსური მხარდაჭერა კი პრორუსული ჯგუფების საარჩევნო რეიტინგს კიდევ უფრი გაზრდიდა, რაც საბოლოო ჯამში დოდონის მეორე ვადით არჩევასა და მოლდოვაზე პოლიტიკური გავლენის გაზრდას შეუწყობდა ხელს.

 

უკრაინა: ბრძოლა რელიგიური გავლენისთვის

მთავარი მოვლენა: სააღდგომოდ რუსული ეკლესიის გავლენის ქვეშ მყოფი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს კუთვნილი ოთხი ეკლესიის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.

მოვლენა დეტალურად: 12 აპრილს ცეცხლი გაუჩნდა როვენის ოლქში, წმინდა უსპენსკის მამათა მონასტერის ტერიტორიაზე მდებარე ინფრასტრუქტურას. 15 აპრილს ჩერნოვიცკის ოლქში წმინდა მოწამე პარასკევას ხის 120 წლის ეკლესია დაიწვა. 21 აპრილს სუმის ოლქში გამალიევსკის დედათა მონასტერი დაიწვა. 24 აპრილს ცეცხლი გაჩნდა ოდესაში მდებარე წმინდა უსპენსკის მამათა მონასტერში.

2019 წლის იანვრის შემდეგ, როდესაც უკრაინაში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოსგან დამოუკიდებელი ავტოკეფალიური ეკლესია შეიქმნა (ამ ეტაპზე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას მხოლოდ სამი ავტოკეფალიური  ეკლესია აღიარებს), უკრაინის ტერიტორიაზე გახშირდა პრორუსული ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოსა და კრემლის შეფასებით, ანტირუსულ ქმედებებს ხელს უწყობს უკრაინის ხელისუფლებაც, რომელიც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის გავლენის გაზრდით არის დაინტერესებული.

რას შეიძლება ნიშნავდეს ეკლესიებში ხანძარი: რუსული ეკლესიის გავლენის ქვეშ მყოფი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქო უკრაინაში მოქმედი ნაციონალისტური ჯგუფების მიერ არაეროვნულ და მტრულ ეკლესიად განიხილება, რომელსაც კრემლი უკრაინაზე გავლენის შესანარჩუნებლად იყენებს. 2014 წლის ყირიმისა და დონბასის მოვლენების შემდეგ ანტირუსული განწყობები ქვეყნის მასშტაბით კიდევ უფრო გაძლიერდა. 2019 წლიდან პრორუსული ეკლესიის წინააღმდეგ გახშირებული ქმედებებიც სწორედ რუსეთ-უკრაინის დაპირისპირების კონტექსტში უნდა განვიხილოთ, როდესაც უკრაინაში მოქმედი რუსული ეკლესია უკრაინის კონტროლისათვის ბრძოლაში კრემლის მოკავშირედ მიიჩნევა.

 

უკრაინა: ბრძოლა სიმბოლოებისთვის

მთავარი მოვლენა: უკრაინის ქ. ლვოვის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა რუსეთის მხარეს უარი უთხრა ლეგენდარული მზვერავის, საბჭოთა კავშირის გმირის ნიკოლაი კუზნეცოვის ნეშტის გადაცემაზე.

მოვლენა დეტალურად: საბჭოთა მზვერავი ნიკოლაი კუზნეცოვი უკრაინაში, სოფ. ბორატინში, 1944 წლის 9 მარტს გარდაიცვალა. მისი ნეშტის მშობლიურ ეკატერინბურგში გადასვენებას კუზნეცოვის დისშვილი ითხოვს. ამ მოთხოვნაზე ლვოვის მერმა განაცხადა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება კუზნეცოვის ნეშტის რუსეთისთვის გადაცემის საკითხს მხოლოდ მას შემდეგ განიხილავს, რაც რუსეთში დაკავებულ უკრაინელებს სამშობლოში დააბრუნებენ. ლვოველ დეპუტატებს კუზნეცოვის ნეშტის გადაცემის თხოვნაზე უარის თქმა ურჩია კულტურის სამინისტრომაც - „არასასურველი საზოგადოებრივი რეზონანსის“ გამო.

კუზნეცოვის დისშვილის თხოვნის ერთ-ერთი მიზეზი მის სახელთან დაკავშირებული სიმბოლოების წინააღმდეგ დაფიქსირებული ფაქტებია. 1990-იანი წლებიდან მოყოლებული საფლავი არაერთხელ გამხდარა ადგილობრივი ნაციონალისტების სამიზნე, დახურეს მისი სახელობის მუზეუმები, აიღეს მისი ძეგლი, სახელი გადაარქვეს მის საპატივსაცემოდ დარქმეულ გეოგრაფიულ პუნქტს, პეტრო პოროშენკოს პრეზიდენტობის დროს მისი სახელი იმ პირთა სიაში შეიყვანეს, რომელზეც „დეკომუნიზაციის კანონი“ ვრცელდება.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: უკრაინის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყანაში გაძლიერდა საბჭოთა სიმბოლოების წინააღმდეგ ბრძოლა, განსაკუთრებით ვიქტორ იუშჩენკოს პრეზიდენტობის პერიოდიდან. ისტორიის გადაფასების პროცესში გმირები მოღალატეებად იქცნენ, მოღალატეებად ცნობილი ისტორიული ფიგურები კი გმირებად მოგვევლინენ. 2014 წლის შემდეგ საბჭოთა სიმბოლოების წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ ნაციონალისტური განწყობებით ცნობილი დასავლეთი უკრაინით აღარ შემოიფარგლება. ეს ბრძოლა უკრაინელების მხრიდან საბჭოთა წარსულის გადაფასებისა და ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბებისკენ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევა, რომლის მიზანიც რუსეთის გავლენის შესუსტებაა. თავის მხრივ, რუსეთი ყოველ მსგავს შემთხვევას მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის როლის შესახებ ისტორიის გადაწერის მცდელობად და ანტირუსულ ისტერიად აფასებს.

 

აფხაზეთის „პრეზიდენტის“ ინაუგურაცია და რუსეთი

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 23 აპრილს აფხაზეთის ახალი დე ფაქტო პრეზიდენტის ინაუგურაციას რუსეთიდან მხოლოდ აფხაზეთში რუსეთის „ელჩი“ დაესწრო.

აფხაზეთში რუსეთის „ელჩის“ პირველი შეხვედრა აფხაზეთის ახალ დე ფაქტო პრეზიდენტთან, 23 აპრილი, 2020. ფოტო: Абхазия-Информ

მოვლენა დეტალურად:  აფხაზეთში არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულის ასლან ბჟანიას ინაუგურაციაზე გავლენა მოახდინა ახალ კორონავირუსთან დაკავშირებულმა გამოწვევებმა. მსგავს ღონისძიებებს აფხაზეთში ტრადიციულად ესწრებოდნენ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის, მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები. თუმცა, ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, ღონისძიებას რუსეთის სახელით მხოლოდ აფხაზეთში რუსეთის „ელჩი“ ალექსეი დვინიანინი დაესწრო. დვინიანინმა მისალოცი სიტყვა რუსულ და აფხაზურ ენებზე წარმოთქვა და ბჟანიას ახალ ამპლუაში ერთ-ერთი პირველი შეხვდა.

რა შეიცვლება რუსეთისთვის: აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას შეცვლით, რომელიც აფხაზეთის მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტებიდან მოსკოვისადმი ყველაზე ლოიალურად იყო განწყობილი, არსებითად არაფერი შეიცვლება. ახალი დე ფაქტო ხელისუფლების პრორუსული საგარეო-პოლიტიკური ვექტორის შენარჩუნების გარანტი აფხაზეთში განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზები და საქართველოს დე ფაქტო ადმინისტრაციულ საზღვარზე განლაგებული რუსი მესაზღვრეებიც არიან. გარდა ამისა, პანდემიის შედეგად წარმოქმნილი ეკონომიკური გამოწვევების დაძლევა შესაძლებელი იქნება მხოლოდ რუსეთიდან ფინანსურ-ეკონომიკური დახმარებით, რაც მოსკოვზე დამოკიდებულების ხარისხს კიდევ უფრო გაზრდის.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.