X

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა: გამოცემა 37, 27 აპრილი - 3 მაისი, 2020

ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

 

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვის ყველა გამოცემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. დაიჯესტის გამოყენება უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, ჩვენ დავამატეთ ძიების ფუნქცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იპოვოს ის გამოცემები, სადაც არის მისთვის საინტერესო ინფორმაცია საკვანძო სიტყვებითა და ფრაზებით.

რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ  ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

ომი უკრაინაში - რუსული ჰიბრიდული ძალების მოქმედებების შედეგად, გასულ კვირას, დონბასში, დაიღუპა 1 და დაიჭრა 12 უკრაინელი სამხედრო. ფრონტზე სროლას ყოველდღიური ხასიათი ჰქონდა.

ომი სირიაში - 2 მაისს ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში რუსეთისა და აშშ-ის სამხედრო ძალების წარმომადგენლებს შორის მოხდა კიდევ ერთი ინციდენტი.

არქტიკა - რუსეთის სამხედრო ძალების ინფორმაციით, რუსეთის უკიდურესი ჩრდილოეთით არსებული ნაგურსკოეს საჰაერო ბაზა, რომელიც ფრანც-იოსების მიწის არქიპელაგის ალექსანდრეს მიწის კუნძულზე მდებარეობს, ამიერიდან მოქმედი იქნება მთელი წლის მანძილზე.

29 აპრილს, შოტლანდიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, რუსეთის ორ Tu-142 ტიპის საზღვაო-სადაზვერვო და წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო საბრძოლო თვითმფრინავს გზა გადაუჭრეს ბრიტანეთის Typhoon ტიპის გამანადგურებლებმა. ასევე, ნორვეგიის F-16 და F-35 ტიპის გამანადგურებლები ჩრდილავდნენ Tu-142 ტიპის თვითმფრინავთა წყვილს, ბრიტანეთისკენ და შემდგომ უკან მოძრაობისას. The Barents Observer-ის ინფორმაციით, „ბოლო ორი თვის განმავლობაში, Tu-142-ებმა რამდენჯერმე განახორციელეს ფრენები ჩრდილოეთის ზღვის სამხრეთით, რაც „ახალი ხილია“ ჩრდილოეთის ფლოტის წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო თვითმფრინავებისთვის, რომლებიც, როგორც წესი, ბარენცის ზღვის რეგიონში დაფრინავდნენ.“

ბელგიის საჰაერო ძალების 27 აპრილის განცხადებით, აღნიშნულ დღეს, ბელგიურმა F-16 ტიპის გამანადგურებლებმა გზა გადაუჭრეს რუსულ An-26 ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავს, ხოლო 25 აპრილს, ანალოგიური ინციდენტის ობიექტს წარმოადგენდა რუსული A-50 ტიპის ადრეული გაფრთხილებისა და კონტროლის თვითმფრინავი. ორივე შემთხვევაში, გზის გადაჭრა ესტონეთის სანაპიროსთან განხორციელდა. 30 აპრილს, ბელგიის საჰაერო ძალებმა, ნატოს ბალტიის ცის საპოლიციო მისიის ხელმძღვანელობა ესპანეთს გადააბარეს. ბელგიელების ცნობით, მათი 8-თვიანი ხელმძღვანელობის პერიოდში ბელგიური F-16 ტიპის გამანადგურებლები „38-ჯერ აფრინდნენ ცაში განგაშზე რეაგირებისას და 64-ჯერ გადაუჭრეს თვითმფრინავებს გზა.“

რუსული A-50 ტიპის თვითმფრინავი, რომელსაც ბელგიელებმა ესტონეთის სიახლოვეს გადაუჭრეს გზა. წყარო: ბელგიის საჰაერო ძალები

 

გადაიარაღება და მოდერნიზაცია

რუსებმა უარყვეს ინფორმაცია მათ მიერ პროექტ 22350M კლასის ფრეგატზე მუშაობის შეწყვეტის შესახებ. როგორც დაიჯესტის 36-ე გამოცემაში ვწერდით, გავრცელდა ცნობები, რომლის მიხედვით რუსეთში შეჩერდა „ლიდერის“ კლასის (პროექტი 23560) საესკადრო ნაღმოსნისა და პროექტ 22350M კლასის ფრეგატის პროექტების განვითარება.

მე-7 სადესანტო-მოიერიშე (სამთო) დივიზიის (შტაბ-ბინა ნოვოროსიისკში) 108-ე სადესანტო-მოიერიშე პოლკმა შეიარაღებაში მიიღო ახალი BMD-4M ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანები.

 

სწავლებები*

ბალტიის ფლოტმა კალინინგრადის ოლქში ფართომასშტაბიანი წვრთნა ჩაატარა. მასში ჩართული იყო შემდეგი დანაყოფები: 11-ე საარმიო კორპუსი (შტაბ-ბინა კალინინგრადში), 336-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადა (ბალტიისკი, კალინინგრადის ოლქი) და ბალტიის ფლოტის საზღვაო ავიაციის 132-ე შერეული საავიაციო დივიზია. წვრთნაში მონაწილეობა მიიღეს ოლქში არსებულმა S-400  ტიპის სისტემებმა. რაც შეეხება მცურავ საშუალებებს - სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს: „კარაკურტის“ კლასის (პროექტი 22800) კორვეტებმა „მიტიშჩი“ და „სოვეტსკი“; „სტერაგუშჩი“ კლასის (პროექტი 20380) კორვეტებმა „სოობრაზიწელნი“, „სტერაგუშჩი“ და „სტოიკი“; “ნანუჩკა III” (პროექტი 12341 „ოვოდ-1“) კლასის კორვეტემა „ლივენი“ და „პასატი“; „ტარანტულის“ კლასის (პროექტი 12411) კორვეტებმა „მორშანსკი“ და „R-257”; წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო კორვეტებმა (ბალტიის ფლოტში ირიცხება ექვსი ასეთი კორვეტი, თუმცა უცნობია სწავლებაში რამდენმა მიიღო მონაწილეობა); ტრალერებმა, მათ შორის უახლესმა - „ალექსანდრიტის“ კლასის (პროექტი 12700) გემმა „ალეკსანდრ ობუხოვი“; „როპუჩას“ კლასის (პროექტი 775/III) სადესანტო გემებმა „კალინინგრადი“ და „კოროლიოვი“; ასევე „პომორნიკის“ კლასის (პროექტი 1232.2 „ზუბრ“) საჰაერო ბალიშიანმა სადესანტო გემმა „ევგენი კოჩეშკოვი“. სწავლებისთვის ბალტიის ფლოტს დაემატა გარკვეული საშუალებები, მათ შორის: A-50 ტიპის ადრეული შეტყობინებისა და კონტროლის თვითმფრინავი და ორი Tu-160 ტიპის მძიმე სტრატეგიული ბომბდამშენი.

 

COVID-19

გავრცელებული ცნობით, რუსეთის გარკვეული სამხედრო საწარმოები „ანელებენ წარმოებას, COVID-19-ის პანდემიის გამო.“

3 მაისს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ოფიციალური მონაცემებით, რუსეთის შეიარაღებულ ძალებსა და სამხედრო სასწავლებლებში დადასტურებულია 3 000-ზე მეტი COVID-19 შემთხვევა. 

 

* ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.

 
დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.