X

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა: გამოცემა 39, 11-17 მაისი, 2020

ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

 

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვის ყველა გამოცემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. დაიჯესტის გამოყენება უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, ჩვენ დავამატეთ ძიების ფუნქცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იპოვოს ის გამოცემები, სადაც არის მისთვის საინტერესო ინფორმაცია საკვანძო სიტყვებითა და ფრაზებით.

რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ  ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

ომი უკრაინაში - რუსული ჰიბრიდული ძალების მოქმედებების შედეგად, გასულ კვირას, დონბასის ფრონტზე, დაიღუპა 1 და დაიჭრა 8 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე. ფრონტზე სროლას ყოველდღიური ხასიათი ჰქონდა.

რუსეთი განიხილავს ყირგიზეთისათვის, სამხედრო დახმარების სახით, ორი საჰაერო თავდაცვის ბატალიონის სამყოფი Buk-M1 ტიპის საშუალო მოქმედების ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებისა და გარკვეული რაოდენობით Mi-8 ტიპის შვეულმფრენების მიწოდებას.

წყნარი ოკეანის ფლოტის „სტერაგუშჩის“ კლასის (პროექტი 20380) კორვეტები „გრომკი“ და „სოვერშენი“, რომლებმაც ვლადივოსტოკის ბაზა ხანგრძლივი ექსპედიციისთვის 1 აპრილს დატოვეს, ხოლო შემდგომ აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში შევიდნენ, მაისის შუა რიცხვებში წყნარ ოკეანეში ოპერირებდნენ.

 

სამხედრო სტრატეგია

15 მაისს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მაიკლ მერფიმ, არქტიკაში რუსული სამხედრო ძალების ზრდაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთის „სამხედრო გაძლიერება სცდება ტერიტორიულ თავდაცვას და იგი მიმართულია ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთით ძალის წარმოსაჩენად, რათა შესაძლო კრიზისისას აღკვეთოს აშშ-სა და კანადის პასუხი და გაძლიერება, შედეგად, გრენლანდია-ისლანდია-გაერთიანებული სამეფოს ნაპრალს საფრთხე ექმნება.“

 

გადაიარაღება და მოდერნიზაცია

პირველი მოდერნიზებული „ბორეი-ა“ კლასის (პროექტი 955A) ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავი „კნიაზ ვლადიმირი“ წყალქვეშა გამოცდებს თეთრ ზღვაში გადის. გეგმის თანახმად, წყალქვეშა ნავი რუსეთის საზღვაო ძალებს, კერძოდ ჩრდილოეთის ფლოტს, უახლოეს მომავალში შეუერთდება.

„კნიაზ ვლადიმირი“. წყარო: RIA Novosti, Izvestia-დან.

რუსების ინფორმაციით, მათ ახლახან გამოსცადეს ახალი ჰიპერბგერითი საავიაციო რაკეტა, რომელიც გაშვებულ იქნა Tu-22M3 ტიპის შორი მოქმედების სტრატეგიული ბომბდამშენიდან. რაკეტა დაპროექტებულია პერსპექტიული რუსული Tu-22M3M  ტიპის ბომბდამშენისთვის.

 

შეიარაღების ექსპორტი

რუსული წყაროების მტკიცებით, რუსეთმა, 2018 წლის მარტში, ეგვიპტესთან გაფორმებული კონტრაქტის ფარგლებში, Su-35 ტიპის გამანადგურებლების წარმოება დაიწყო. რუსული მედიის მიერ გავრცელებული არაოფიციალური ცნობით, ეგვიპტე გეგმავს შეიძინოს 24 ან 26 აპარატი, კონტრაქტის 2023 წლისთვის შესრულებით.

 

COVID-19

17 მაისს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, რუსეთის შეიარაღებულ ძალებსა და სამხედრო სასწავლებლებში კოვიდ-19-ის 3 300 შემთხვევა დასტურდება.

 

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.