X

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა: გამოცემა 42, 1-7 ივნისი, 2020

ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

 

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვის ყველა გამოცემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. დაიჯესტის გამოყენება უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, ჩვენ დავამატეთ ძიების ფუნქცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იპოვოს ის გამოცემები, სადაც არის მისთვის საინტერესო ინფორმაცია საკვანძო სიტყვებითა და ფრაზებით.

რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ  ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

ომი უკრაინაში - გასულ კვირას დონბასის ფრონტზე, უკრაინაში, სროლას ყოველდღიური ხასიათი ჰქონდა. რუსული ჰიბრიდული ძალების მოქმედებების შედეგად დაიჭრა 11 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე.

ომი სირიაში -  2-3 ივნისს რუსეთმა საჰაერო დარტყმები განახორციელა სირიაში, ამბოხებულთა მიერ კონტროლირებად იდლიბის რეგიონში. ამასობაში, აშშ-ს სამხედროებმა დაბლოკეს რუსი სამხედრო პატრულის გადაადგილება ქალაქ ალ-მალიკიასკენ (დერიკი), ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში. სხვა წყაროების ვერსიით, რუსი სამხედროები უკან ქურთებმა გააბრუნეს.

ომი ლიბიაში - 1-7 ივნისის კვირაში გაგრძელდა რუსეთის მხარდაჭერილი მეამბოხეთა ლიდერის ხალიფა ჰაფთარის დამარცხებათა სერია დასავლეთ ლიბიაში. ჰაფთარის ძალები, რუსული „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლების მსგავსად, უკან იხევდნენ.

ომი ლიბიაში - „როიტერსის“ ცნობით „რუსეთის ძალისხმევის შედეგად, დაექირავებინა სირიელი მებრძოლები ლიბიაში, ხალიფა ჰაფთარის მხარეს საბრძოლველად, მაისში ასეულობით დაქირავებული მებრძოლი მოგროვდა.“ ამავე წყაროს ინფორმაციით, „„ვაგნერის“ ჯგუფი ახორციელებს მებრძოლების შერჩევას, რუსეთის არმიის ზედამხედველობით.“ სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის შეფასებით, „მაისში რუსების მიერ 900-ზე მეტი სირიელი იქნა შერჩეული ლიბიაში საბრძოლველად.“ ამასობაში, რუსეთი აგრძელებს ლიბიაში არსებული საკუთარი ძალების იარაღით მომარაგებას - სამხედრო ტვირთი ლიბიაში სატვირთო გემ „ალექსანდერ ტვარდოვსკით“ იქნა ჩატანილი ბენღაზიში. გარდა ამისა, რუსული წარმოების Buk-ის ტიპის საშუალო მოქმედების ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები იქნა შემჩნეული ჯუფრას საჰაერო ბაზაზე, რომელიც აღნიშნული გამოცემის წერის მომენტში ჰაფთარის ძალების კონტროლქვეშაა. ხსენებული Buk-ის სისტემების წარმომავლობა ამ დროისთვის დაკონკრეტებული არაა.  




ISWNews.com-ის რუკები, სადაც ასახულია ლიბიაში რუსების მიერ მხარდაჭერილი ძალების უკანასკნელი დანაკარგები

2 და 4 ივნისს დიდი ბრიტანეთის Typhoon ტიპის გამანადგურებლებმა, რომლებიც NATO-ს ბალტიის ცის საპოლიციო მისიის ფარგლებში ლიეტუვაში არიან განლაგებულნი, განგაშზე აფრენა განახორციელეს, ბალტიის ზღვის თავზე რუსული თვითმფრინავებისთვის გზის გადასაჭრელად. 2 ივნისის ინციდენტში რუსეთის მხრიდან ფიგურირებდა Il-20 ტიპის სადაზვერვო თვითმფრინავი, ხოლო 4 ივნისის ინციდენტში - Il-20 ტიპის თვითმფრინავთან ერთად, ორი Su-27 ტიპის გამანადგურებელიც.

შავი ზღვის ფლოტის „ადმირალ გრიგოროვიჩის“ კლასის (პროექტი 11356P/M) სარაკეტო ფრეგატი „ადმირალ გრიგოროვიჩი“, რომელიც ამჟამად ინდოეთის ოკეანეში შორეულ ექსპედიციაში იმყოფება, 1-7 ივნისის კვირაში შრი-ლანკას დედაქალაქ კოლომბოში ჩავიდა.

 

სტრუქტურული ცვლილებები

ჩრდილოეთის ფლოტის სტატუსი იცვლება - ის ყალიბდება ისეთივე ცალკეულ სარდლობად, როგორიც რუსეთის სამხედრო ოლქებია. აღნიშნულის შესახებ ვლადიმერ პუტინმა 5 ივნისს გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ცვლილება ოფიციალურად ძალაში 2021 წლის 1 იანვარს შევა. ჩრდილოეთის ფლოტის სარდლობაში შევა არხანგელსკის და მურმანსკის ოლქები, კომის რესპუბლიკა და ნენთა ავტონომიური ოკრუგი.

დასავლეთის სამხედრო ოლქის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მექანიზებული ბრიგადა შეუერთდა პირველ სატანკო არმიას (შტაბ-ბინა ბაკოვკაში, მოსკოვის ოლქი). ბრიგადის მითითებული ლოკაცია და რუსული ფორმალური ტიტულატურა მიანიშნებს, რომ საუბარია 27-ე მექანიზებულ ბრიგადაზე (მდებარე მოსკოვის სამხრეთ-დასავლეთ გარეუბანში). ბრიგადა დიდი ხანია რაც არსებობს და ღია წყაროებში წინათ არსებული ინფორმაციით, აქამდეც პირველ სატანკო არმიას ეკუთვნოდა. მიუხედავად იმისა, 27-ე მექანიზებული ბრიგადა აქამდე ოფიციალურად შედიოდა პირველ სატანკო არმიაში თუ არა, რუსების ოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციით ამ ბრიგადის არც სტრუქტურა და არც მდებარეობა არ შეცვლილა. მიუხედავად ამისა, სხვადასხვა რუსული წყაროს (მათ შორის მთავრობის მიერ მართული საინფორმაციო სააგენტო TASS-ის)  შეცდომაში შემყვანი მტკიცებით, „რუსეთი ზრდის თავდაცვით ძალებს დასავლეთის სტრატეგიული მიმართულებით“ [რუსულად: Россия наращивает силы для обеспечения обороны на западном стратегическом направлении]. ზოგ დასავლურ გამოცემაში, მაგალითად „Newsweek-ის“ სტატიაში, გაზიარებულ იქნა აღნიშნული მოსაზრება, თითქოს „რუსეთი დასავლეთით დამატებით ძალებს გზავნის“, რაც, ამჟამად არსებული ინფორმაციით, 27-ე ბრიგადის კონტექსტში სიმართლეს არ შეესაბამება.

 

გადაიარაღება და მოდერნიზაცია

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიეწოდა მოდერნიზებული 2S19M1 Msta-S ტიპის თვითმავალი ჰაუბიცების პარტია.

Msta-S  ტიპის თვითმავალი ჰაუბიცა

აღმოსავლეთის სამხედრო ოლქში არსებული 36-ე არმიის (შტაბ-ბინა ულან-უდეში, ბურიატეთი) 37-ე მექანიზებული ბრიგადის (კიახტა, ბურიატეთი) ორი საჰაერო თავდაცვის ბატალიონი გაივლის მომზადებას ახალი რუსული 9K333 Verba ტიპის ხელით გადასატანი ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების გამოყენებაში, ვინაიდან მომავალში იგეგმება აღნიშნული სისტემების შეიარაღებული ძალებისთვის მიწოდება.

 

კოსმოსი

რუსების ინფორმაციით, მათ შექმნეს სარაკეტო თავდასხმის ადრეული შეტყობინების სისტემის კოსმოსური კომპონენტი, რომელიც Tundra ტიპის ოთხი თანამგაზვრისგან შედგება.

 

სწავლებები*

შავი ზღვის ფლოტმა გაავრცელა ინფორმაცია 2 ივნისს ფართომასშტაბიანი საზღვაო სწავლების დაწყების შესახებ, რომელშიც ჩართული იქნება 37 მცურავი საშუალება.

 


*ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.