X

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა: გამოცემა 43, 8-28 ივნისი, 2020

ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

 

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვის ყველა გამოცემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. დაიჯესტის გამოყენება უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, ჩვენ დავამატეთ ძიების ფუნქცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იპოვოს ის გამოცემები, სადაც არის მისთვის საინტერესო ინფორმაცია საკვანძო სიტყვებითა და ფრაზებით.

რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ  ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.

შენიშვნა მკითხველთათვის: როგორც წესი, მიმოხილვა ყოველკვირეულია, თუმცა აღნიშნული გამოცემა სამ კვირას მოიცავს.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

ომი უკრაინაში - 22-28 ივნისის კვირაში, დონბასის ფრონტზე, რუსული ჰიბრიდული ძალების მოქმედებების შედეგად, დაიღუპა 1 და დაიჭრა 6 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე. უკრაინის მხარეს მსხვერპლი იყო 15-21 ივნისის კვირაშიც, რა დროსაც დაიღუპა 2 და დაიჭრა 14 უკრაინელი სამხედრო, ხოლო 8-14 ივნისის კვირაში რუსული ჰიბრიდული ძალების აქტივობებმა იმსხვერპლა 1 უკრაინელი სამხედრო, ხოლო 11 დაიჭრა.  გასული სამი კვირის განმავლობაში, დონბასის ფრონტზე სროლას ყოველდღიური ხასიათი ჰქონდა.  

რუსული ნაღმტყორცნების ნამოქმედარი უკრაინელების მიერ კონტროლირებად ქალაქ ავდეევკაში, დონეცკის ოლქში

ომი სირიაში - რუსეთის საჰაერო ძალებმა გასული სამი კვირის განმავლობაში პერიოდული საჰაერო დარტყმები განახორციელეს ამბოხებულთა კონტროლირებად იდლიბის რეგიონში, თუმცა ზემოხსენებული პერიოდის განმავლობაში ფართომასშტაბიან საჰაერო შეტევას ადგილი არ ჰქონია.  რამდენიმე ახალი ინციდენტი მოხდა აშშ-ს და რუს სამხედროებს შორის ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში, რა დროსაც ამერიკელები ცდილობდნენ ხსენებულ ტერიტორიაზე დაებლოკათ რუსული კოლონების გადაადგილება.

ომი ლიბიაში -  ლიბიაში, მთავარ ფრონტებზე არსებული შედარებით მშვიდი სიტუაციის პარალელურად, რუსული „ვაგნერის“  დაქირავებული მებრძოლები 25 ივნისს შევიდნენ შარარას ნავთობ-ობიექტსა და რამდენიმე სხვა ლოკაციაზე სამხრეთ-დასავლეთ ლიბიაში.

ომი ლიბიაში - 18 ივნისს, აშშ-ს აფრიკის სარდლობამ განაახლა ინფორმაცია ლიბიაში რუსული საბრძოლო თვითმფრინავების არსებობის შესახებ. მათი ცნობით, თვითმფრინავები „აქტიურად დაფრინავდნენ“ ქვეყანაში და „გამოიყენებოდნენ რუსეთის ხელისუფლების მიერ დაფინანსებული კერძო სამხედრო კომპანიების მხარდასაჭერად.“ ასევე, აფრიკის სარდლობამ გამოააშკარავა ადრეული გაფრთხილების რადარი, რომელიც განთავსებულია ჯუფრას საჰაერო ბაზაზე. ამ უკანასკნელს ამჟამად რუსული თვითმფრინავები იყენებენ.

რამდენიმე საჰაერო გადაჭერის შემთხვევას ჰქონდა ადგილი აშშ-სა და რუსეთის საჰაერო ძალებს შორის.  ამერიკულმა სამხედრო თვითმფრინავებმა გადაიჭირეს რუსული საფრენი აპარატები ალასკის საჰაერო სივრცის სიახლოვეს 10, 16, 24 და 27 ივნისს. აღნიშნულ ინციდენტებში ფიგურირებდა რამდენიმე სახის რუსული თვითმფრინავი - Tu-95 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენები, Tu-142 და IL-38 ტიპის საზღვაო-სადაზვერვო და წყლაქვეშა ნავ-საწინააღმდეგო თვითმფრინავები, Su-35 ტიპის გამანადგურებლები და A-50 ტიპის საჰაერო ადრეული გაფრთხილებისა და კონტროლის თვითმფრინავები.  რუსებმა გადაიჭირეს ამერიკული თვითმფრინავები 15 ივნისს ბალტიის ზღვის თავზე, 18 ივნისს (ზოგი ვერსიით 19-ში) ოხოცკის ზღვის თავზე და 26 ივნისს შავი ზღვის თავზე.  რაც შეეხება ამ ინციდენტებს, მათში რუსული მხრიდან მონაწილეობდა Su-35, Su-30  და Su-27 ტიპის გამანადგურებლები, ასევე MiG-31 ტიპის გზაგადამჭრელი.

აშშ-ს თვითმფრინავების მიერ „გზაგადაჭრილი“ რუსული Tu-95, 10 ივნისი

რამდენიმე რუსული გემი ხანგრძლივი ექსპედიციიდან დაბრუნდა. წყნარი ოკეანის ფლოტის გაუმჯობესებული „იუგ“ კლასის (პროექტი 862.2) სადაზვერვო გემი „მარშალ გელოვანი“ წყნარ ოკეანესა და ანტარქტიდის რეგიონში შესრულებული მისიების შემდგომ ვლადივოსტოკის საზღვაო ბაზაზე დაბრუნდა. იგივე ფლოტის „სტერაგუშჩის“ კლასის (პროექტი 20380) კორვეტები „გრომკი“ და „სოვერშენი“ ანალოგიურად, დაბრუნდნენ ვლადივოსტოკში, აღმოსავლეთ აზიის წყლებსა და წყნარ ოკეანეში ოპერირების შემდგომ. შავი ზღვის ფლოტის „ადმირალ გრიგოროვიჩის“ კლასის (პროექტი 11356P/M) სარაკეტო ფრეგატი „ადმირალ გრიგოროვიჩი“ ინდოეთის ოკეანეში ექსპედიციის შემდგომ ხმელთაშუა ზღვაში დაბრუნდა და დაიძრა სევასტოპოლისკენ.

 

სტრუქტურული ცვლილებები

რუსეთი ასრულებს ყაზახეთში, კერძოდ გულშათში არსებული „Dnepr-ისტიპის სარაკეტო თავდასხმის ადრეული გაფრთხილების რადარის გამოყენებას. მისი ფუნქცია შეითავსა ახალმა “Voronezh-M” ტიპის რადარმა, რომელიც ორსკში, ორენბურგის ოლქშია განთავსებული.

 

გადაიარაღება და მოდერნიზაცია

76-ე საჰაერო-მოიერიშე დივიზიის (შტაბ-ბინა ფსკოვში) 234-ე საჰაერო-მოიერიშე პოლკმა (ფსკოვი) ბატალიონის სამყოფი BMD-4M ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანებისა და BTR-MDM ტიპის ჯავშანტრანსპორტიორების მეორე პარტია მიიღო. 234-ე პოლკმა ხსენებული ტექნიკის პირველი პარტია 2020 წლის იანვარში მიიღო.

 

სწავლებები*

ნატოს სწავლების - BALTOPS 2020 - საპასუხოდ რუსებმა ბალტიის ზღვის არეალში საჰაერო ძალების საკუთარი სწავლება ჩაატარეს. მასში ჩართული იყო ბალტიის ფლოტის საზღვაო ავიაციის 10-ზე მეტი თვითმფრინავი.

შავი ზღვის ფლოტმა გამართა სწავლება Bastion-P  და Bal ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო მობილური სარაკეტო სისტემების გამოყენებით, მათ შორის, ოკუპირებულ ყირიმში (უკრაინა) არსებული დანადგარებით.

საქართველოში, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე, რუსი სნაიპერები უპილოტო საფრენი აპარატების (უსა) ჩამოგდებაში ვარჯიშობდნენ.

 

შეიარაღების ექსპორტი

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი და თურქეთი შეთანხმდნენS-400 ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემების მეორე პარტიის მიწოდებაზე.“

არსებული ცნობით, რუსეთმა დაიწყო უსა-საწინააღმდეგო სისტემების მიწოდება უცნობი ქვეყნ(ებ)ისთვის „ცენტრალურ აზიაში.

რუსეთმა ყაზახეთს ოთხი Mi-35M ტიპის მოიერიშე შვეულმფრენი მიაწოდა.

ყაზახეთისთვის მიწოდებული ოთხი Mi-35M-დან ერთ-ერთი

 

*ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.