X

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა: გამოცემა 45, 13-19 ივლისი, 2020

ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

 

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვის ყველა გამოცემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. დაიჯესტის გამოყენება უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, ჩვენ დავამატეთ ძიების ფუნქცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იპოვოს ის გამოცემები, სადაც არის მისთვის საინტერესო ინფორმაცია საკვანძო სიტყვებითა და ფრაზებით.

რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ  ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

ომი უკრაინაში - 13-19 ივლისის კვირაში, რუსული ჰიბრიდული ძალების მოქმედებების შედეგად, დონბასის ფრონტზე დაიღუპა 3 და დაიჭრა 14 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე. ფრონტზე სროლას, გასული კვირის განმავლობაში, ყოველდღიური ხასიათი ჰქონდა.

ომი სირიაში - 14 ივლისს, იდლიბის რეგიონში, რუსებისა და თურქების ერთობლივი პატრულის ნაღმზე აფეთქების შედეგად, სამი რუსი სამხედრო დაშავდა.  ინციდენტის შემდეგ, რუსეთის საჰაერო ძალებმა, რეგიონში საპასუხო დარტყმები განახორციელეს. გავრცელებული ინფორმაციით, 16 ივლისს, თურქულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა (უსა) დაბომბა ქურთების მიერ კონტროლირებადი ქალაქი ად-დარბასია, რა დროსაც დაშავდა ორი რუსი სამხედრო მოსამსახურე. ინციდენტის შემდეგ, საჰაერო იერიშები მიტანილ იქნა ქალაქ ალ-ბაბზე, რომელიც თურქეთის გავლენის ზონაში მდებარეობს. ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში, სირია-თურქეთის საზღვართან, რუსმა სამხედროებმა ახალი ბაზა შექმნეს. სირიის ამ ნაწილში არსებულ საავტომობილო გზებზე ახალ ინციდენტებს ჰქონდა ადგილი რუსეთისა და აშშ-ს სამხედროებს შორის.

ომი ლიბიაში - აშშ  რუსულ „ვაგნერის“ დაჯგუფებას ადანაშაულებს „დანაღმული ველებისა და მახე-ნაღმების“ განურჩევლად მოწყობაში ქალაქ ტრიპოლის გარშემო, რაც იწვევს „არასაჭირო ზიანსა და მსხვერპლს მშვიდობიან მოსახლეობაში.“

აშშ-ს აფრიკის სარდლობა: ავთენტური ფოტო ქვეითსაწინააღმდეგო მახე-ნაღმისა, განთავსებული ვაგნერის დაჯგუფების მიერ საცხოვრებელ სივრცეში, ქალაქ ტრიპოლიში

რუსულმა გამანადგურებლებმა აშშ-ს თვითმფრინავებს გზა გადაუჭრეს შავი ზღვის, ხოლო ნორვეგიულ თვითმფრინავს ბარენცის ზღვის თავზე. ორივე ინციდენტი 14 ივლისს მოხდა.

 

გადაიარაღება და მოდერნიზაცია

რუსეთის საზღვაო ძალებმა შეიარაღებაში მიიღო ახალი „ადმირალ გორშკოვის“ კლასის (პროექტი 22350) ფრეგატი „ადმირალ კასატონოვი“. ის ჩრდილოეთის ფლოტის შემადგენლობაში შევიდა.

ადმირალ კასატონოვი

რუსეთის საზღვაო ძალებს გადაეცა პირველი Be-200 ტიპის თვითმფრინავი-ამფიბია. 2020 წელს კიდევ ორის გადაცემაა დაგეგმილი.

 

კოსმოსი

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ჩაატარა ტესტირება საკუთარი ე.წ. „ინსპექტორი თანამგზავრისა“, რომელმაც განახორციელა სხვა რუსული თანამგზავრის დაზვერვა/დაკვირვება. რუსულ „ინსპექტორ თანამგზავრს“ სავარაუდოდ აქვს შესაძლებლობა კოსმოსში (ორბიტაზე) განახორციელოს მანევრი და ახლოს მივიდეს სხვა ობიექტთან დაზვერვის ან სხვა სამხედრო მიზნით.

 

სწავლებები*

17 ივლისს, ვლადიმერ პუტინის ბრძანებით რუსეთის სამხედრო ძალებში ფართომასშტაბიანი არაგეგმიური სწავლებები დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წვრთნებში ჩართულია 149 755 სამხედრო, 414 საფრენი აპარატი და 106 გემი, რომლებიც წარმოადგენენ დასავლეთის და სამხრეთის სამხედრო ოლქებს, რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალებს, ჩრდილოეთის, წყნარი ოკეანის, შავი ზღვისა და ბალტიის ფლოტებს, კასპიის ფლოტილიასა და სამხედრო სატრანსპორტო ავიაციის სარდლობას, ასევე ცალკეულ დანაყოფებს, რომლებიც უშუალოდ ცენტრალურ რუსულ სარდლობას ექვემდებარება. ოკუპირებულ აფხაზეთში (საქართველო) განთავსებული 3000-ზე მეტი რუსი სამხედროც ჩაერთო ზემოხსენებულ არაგეგმიურ სწავლებებში.

არაგეგმიურ სწავლებებამდე ცოტა ხნით ადრე, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში (საქართველო) რუსეთის საოკუპაციო ძალების 800-მა სამხედრომ, საარტილერიო დანაყოფებიდან, ჩაატარა სწავლება, ადგილობრივი მარიონეტული რეჟიმის სამხედრო ჯგუფებთან ერთად.

 

*ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.