X

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა: გამოცემა 47, 27 ივლისი - 2 აგვისტო, 2020

ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

 

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვის ყველა გამოცემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. დაიჯესტის გამოყენება უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, ჩვენ დავამატეთ ძიების ფუნქცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იპოვოს ის გამოცემები, სადაც არის მისთვის საინტერესო ინფორმაცია საკვანძო სიტყვებითა და ფრაზებით.

რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ  ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

ომი უკრაინაში - 27 ივლისს, დონბასის ფრონტზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ძალაში შესვლასთან ერთად,  ფრონტზე შეიარაღებული დაპირისპირებების რიცხვმა იკლო. მიუხედავად ამისა, ამგვარ ინციდენტებს 27 ივლისი - 2 აგვისტოს კვირაში ყოველდღე ჰქონდა ადგილი. 2 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა ფრონტზე 1 აგვისტოს, რისი მიზეზიც, სავარაუდოდ, რუსული ჰიბრიდული ძალების მიერ გახსნილი ცეცხლის არ ყოფილა.

გასულ კვირას, ლიეტუვაში განთავსებულმა დიდი ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების თვითმფრინავებმა ორჯერ გადაუჭრეს გზა რუსულ საფრენ აპარატებს ბალტიის ზღვის თავზე.  რუსეთის მხრიდან პირველ ინციდენტში მონაწილეობდნენ Su-27 ტიპის გამანადგურებლები, ხოლო მეორე ინციდენტში Il-38 ტიპის საზღვაო-საპატრულო და წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო თვითმფრინავი, რომელსაც აცილებდა ორი Su-27 ტიპის გამანადგურებელი. რუსულმა თვითმფრინავებმა გზა გადაუჭრეს აშშ-ს საფრენ აპარატებს შავი ზღვის თავზე 27, 30 და 31 ივლისს.  სამივე შემთხვევაში გადაჭერა Su-27 ტიპის გამანადგურებლებმა განახორციელეს.

ფინეთის თავდაცვის სამინისტროს 28 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, ორმა რუსულმა Su-27 ტიპის გამანადგურებელმა დაარღვია ფინეთის საჰაერო სივრცე ფინეთის ყურის თავზე, ჰელსინკისთან ახლოს.

რუსული Il-38, რომელსაც ბრიტანულმა თვითმფრინავებმა ბალტიის ზღვის თავზე გზა გადაუჭრეს

1 აგვისტოს, წყნარი ოკეანის ფლოტის „უდალოი I” კლასის (პროექტი 1155 „ფრეგატი“) წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო საესკადრო ნაღმოსნებმა „ადმირალ ტრიბუცი“ და „ადმირალ ვინოგრადოვიდატოვეს ვლადივოსტოკი შორეული ექსპედიციისთვის. გავრცელებული ცნობით, აღნიშნული სამხედრო გემები აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში იმოქმედებენ.

 

სტრუქტურული ცვლილებები

მაჰაჩყალას აეროპორტში (დაღესტანი) 2021 წელს დაგეგმილია „სამხედრო სექტორის“ მშენებლობის დაწყება. გავრცელებული ცნობით, აეროპორტში უკვე განთავსებულია გამანადგურებლები.

 

გადაიარაღება და მოდერნიზაცია

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყო ახალი Typhoon-VDV ტიპის ჯავშანმანქანების გამოსაცდელად მიღება. ჯავშამანქანები, არსებული ცნობით, სპეციალურადაა დაპროექტებული საპარაშუტოდ და განკუთვნილია რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალებისთვის.

Typhoon-VDV ტიპის ჯავშანმანქანა

 

სწავლებები*

დასავლეთის სამხედრო ოლქის  14 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის ბალტიის ფლოტიდან, ჩაერთო სწავლებათა სერიაში, რომელიც წარმოებს დასავლეთი და ცენტრალური რუსეთის რვა ადმინისტრაციულ ერთეულში. აღნიშნული რეგიონები მოიცავს მოსკოვის, ლენინგრადის, კალინინგრადის, ნიჟნი-ნოვგოროდის, ვორონეჟის, ბრიანსკის, ბელგოროდისა და სმოლენსკის ოლქებს.

სამხრეთის სამხედრო ოლქის  5000-ზე მეტი სამხედრო ახორციელებს სწავლებებს როგორც რუსეთის რეგიონებში - დაღესტანში, ჩეჩნეთსა და ჩრდილოეთ ოსეთი-ალანიაში, ისევე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - ცხინვალსა და აფხაზეთში.  ამავე ოლქის მე-8 არმიის (შტაბ-ბინა ნოვოჩერკასკში, როსტოვის ოლქი)  სამხედროები ჩაერთვნენ არაგეგმიურ წვრთნაში როსტოვის და ვოლგოგრადის ოლქებში.

შავი ზღვის ფლოტის  20-ზე მეტმა გემმა საზღვაო სწავლება ჩაატარა. მონაწილე გემებს შორის იყო: „გრიგოროვიჩის“ კლასის (პროექტი 11356P/M) ფრეგატი „ადმირალ ესენი“, „კრივაკ II” კლასის (პროექტი 1135M “ბურევესტნიკი მ“) ფრეგატი „პიტლივი“, „ბუიან-მ“ კლასის (პროექტი 21631) სარაკეტო კორვეტები „ინგუშეტია“ და „ორეხოვო-ზუიევო“, პროექტი 22160 კლასის დიდი საპატრულო გემი „დმიტრი როგაჩევი“, „ალიგატორის“ კლასის (პროექტი 1171 „ტაპირ“ ) სადესანტო გემი „სარატოვი“ და „როპუჩა-I” კლასის (პროექტი 775) სადესანტო გემი „ცეზარ კუნიკოვი“.

სომხეთში  განთავსებულმა რუსულმა სამხედრო კონტინგენტმა სახმელეთო და საჰაერო სწავლება გამართა.  მასში ჩართული იყო 1500-ზე მეტი რუსი სამხედრო, MiG-29 ტიპის გამანადგურებლები, სამხედრო შვეულმფრენები და უპილოტო საფრენი აპარატები.

ოკუპირებულ ყირიმსა (უკრაინა) და რუსეთის კრასნოდარის მხარეში განლაგებულმა გამანადგურებლებმა  საჰაერო ძალების სწავლება ჩაატარეს.

 

*ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.