X

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა: გამოცემა 48, 3 – 9 აგვისტო, 2020

ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

 

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვის ყველა გამოცემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. დაიჯესტის გამოყენება უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, ჩვენ დავამატეთ ძიების ფუნქცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იპოვოს ის გამოცემები, სადაც არის მისთვის საინტერესო ინფორმაცია საკვანძო სიტყვებითა და ფრაზებით.

რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ  ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

ომი უკრაინაში - 3-9 აგვისტოს კვირაში დონბასის ფრონტზე, 6 აგვისტოს გარდა, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას ყოველდღიურად ჰქონდა ადგილი. აღნიშნულ პერიოდში, უკრაინულ ძალებს დანაკარგი არ ჰქონიათ.

ომი სირიაში - 3 აგვისტოს, ამბოხებულთა მიერ კონტროლირებად იდლიბის რეგიონში, რუსეთის საჰაერო ძალებმა რამდენიმე საჰაერო იერიში განახორციელეს.

რუსეთის საჰაერო იერიში ბინიშში, იდლიბის რეგიონი

არქტიკა - 5 აგვისტოს, ჩრდილოეთის ფლოტის გემების ჯგუფმა დატოვა სევერომორსკის საზღვაო ბაზა, საიდანაც მათ დაიწყეს შორეული ექსპედიცია არქტიკის ჩრდილოეთის საზღვაო მარშრუტის გასწვრივ.  ჯგუფი შედგება 8 გემისგან, ესენია: „უდალოი I” კლასის (პროექტი 1155 „ფრეგატი“) წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო საესკადრო ნაღმოსანი „სევერომორსკი“, „როპუჩას“ კლასის (პროექტი 775) სადესანტო გემები „ალექსანდრ ოტრაკოვსკი“ და „კონდოპოგა“, ასევე ტრალერი, ყინულმჭრელი და 3 მხარდამჭერი გემი. ორივე სადესანტო გემს ბორტზე ჰყავს საზღვაო ქვეითთა დანაყოფები.  8 აგვისტოს, ჯგუფი შევიდა კარის ზღვაში და გაემართა დიკსონის პორტისკენ, ტაიმირის ნახევარკუნძულზე.

რუსულმა Su-27 ტიპის გამანადგურებლებმა გზა გადაუჭრეს აშშ-ს სადაზვერვო თვითმფრინავებს შავი ზღვის თავზე 5, 7 და 9 აგვისტოს. 7 აგვისტოს, 3-მა რუსულმა Su-35S ტიპის გამანადგურებლებმა გზა გადაუჭრა აშშ-ს მძიმე ბომბდამშენს ოხოტის ზღვის თავზე.  კიდევ ერთი გადაჭერა განხორციელდა რუსული მხარის მიერ 4 აგვისტოს, რომლის დროსაც რუსულმა MiG-31 ტიპის გზაგადამჭრელმა ბარენცის ზღვის თავზე ნორვეგიული სადაზვერვო თვითმფრინავი გადაიჭირა.

3 აგვისტოს, დიდი ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების P-8A “პოსეიდონის“ საზღვაო-საპატრულო თვითმფრინავი აცილებდა პროექტი 22160 კლასის რუსულ საპატრულო გემს „ვასილი ბუკოვს“, რომელიც ჩრდილოეთის ზღვაში მოძრაობდა.

„პოსეიდონი“ დასცქერის „ვასილი ბუკოვს“

 

გადაიარაღება და მოდერნიზაცია

მე-11 საჰაერო და ჰაერსაწინააღმდეგო არმიის (შტაბ-ბინა ხაბაროვსკში) 25-ე საჰაერო თავდაცვის დივიზიის (შტაბ-ბინა კომსომოლსკში, ხაბაროვსკის მხარე) 1529-ე ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო პოლკი (ხაბაროვსკი) გადაიარაღდა S-400 ტიპის მიწა-ჰაერის ტიპის სარაკეტო სისტემებით. მანამდე პოლკს შეიარაღებაში გააჩნდა S-300PS ტიპის სისტემები.

ჩრდილოეთის ფლოტის „აკულა II” კლასის (პროექტი 971U) ატომური წყალქვეშა ნავი „ვეპრი“ აღიჭურვაკალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტებით.

მე-7 სადესანტო-მოიერიშე (სამთო) დივიზიამ (შტაბ-ბინა ნოვოროსიისკში) დაიწყო T-72B3 ტიპის ტანკების მიღება.

მიმდინარეობს 1-ლი სატანკო არმიის (შტაბ-ბინა ბაკოვკაში, მოსკოვის ოლქი) მე-4 სატანკო დივიზიის (შტაბ-ბინა ნარო-ფომინსკში, მოსკოვის ოლქი) გადაიარაღება T-80BMV ტიპის ტანკებით.

მე-4 სატანკო დივიზიის მიერ მიღებული ერთ-ერთი T-80BMV ტიპის ტანკი

 

სწავლებები*

მე-20 არმიის (შტაბ-ბინა ვორონეჟში) 3000-ზე მეტი სამხედრო ჩაერთო სწავლებაში რუსეთის დასავლეთში, ბელარუსისა და უკრაინის საზღვრის სიახლოვეს.

რუსეთის საზღვაო ძალებმა ბალტიის ზღვაში ჩაატარა სწავლება „ოკეანის ფარი 2020“. მასში, 30-ზე მეტ გემთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ბალტიის ფლოტის სახმელეთო, საჰაერო თავდაცვისა და საზღვაო ავიაციის დანაყოფებმა. რუსული წყაროების ინფორმაციით, სწავლებაში ჩართული გემების ნაწილი მიეკუთვნება ჩრდილოეთის ფლოტს, შავი ზღვის ფლოტსა და კასპიის ფლოტილიას.

ოკუპირებულ აფხაზეთში (საქართველო) რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სწავლებათა სერია გამართა. წვრთნები მოიცავდა მექანიზებულ და საარტილერიო დანაყოფებს, ასევე შვეულმფრენიდან დესანტირებებსა და უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოგდებას.

სწავლება გაიმართა საქართველოს მეორე ოკუპირებულ რეგიონში - ცხინვალში, რომელშიც 1000-ზე მეტი რუსი სამხედრო მონაწილეობდა.

რუსმა სამხედროებმა ოკუპირებულ ყირიმში (უკრაინა) სატანკო წვრთნები ჩაატარეს.

 

*ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.