X

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა: გამოცემა 54, 14 - 20 სექტემბერი, 2020

ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

 

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვის ყველა გამოცემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. დაიჯესტის გამოყენება უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, ჩვენ დავამატეთ ძიების ფუნქცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იპოვოს ის გამოცემები, სადაც არის მისთვის საინტერესო ინფორმაცია საკვანძო სიტყვებითა და ფრაზებით.

რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ  ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

კვლევითმა ორგანიზაციამ CSIS გამოსცა ანგარიში, რომელიც ეხება მოსკოვის მიერ დაქირავებული მებრძოლების, „ვაგნერის“ ჯგუფის ჩათვლით, გამოყენებას საკუთარი გეოსტრატეგიული ამოცანებისთვის. CSIS-ის შეფასებით, ბოლო წლებში, რუსი დაქირავებული მებრძოლები ფიგურირებდნენ „სავარაუდო ან დადასტურებულ ოპერაციებში 30 ქვეყანაში, ოთხ კონტინენტზე.“

ომი სირიაში - 14-20 სექტემბრის კვირაში, რუსეთის საჰაერო ძალებმა საჰაერო იერიშები განახორციელა სირიელი მეამბოხეების მიერ კონტროლირებად იდლიბის რეგიონში. რუსული წყაროების მტკიცებით, იერიშებში გამოყენებულ იქნა Iskander-M ტიპის ახლო მოქმედების ბალისტიკური სარაკეტო სისტემაც. სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში, სადაც დაანონსდა აშშ-ს კონტინგენტის გაძლიერება, რუსებმა გაგზავნეს დამატებითი ძალები საკუთარ ბაზაზე ქამიშლიში.

ომი ლიბიაში - თურქული წყაროების ცნობით, 14-20 სექტემბრის კვირის ბოლოს, რუსებმა, მათ მიერვე გაწვრთნილი 400 სირიელი დაქირავებული მებრძოლი გაგზავნეს ლიბიაში, რუსების მიერ მხარდაჭერილი ხალიფა ჰაფთარის მხარეს საბრძოლველად.

ომი უკრაინაში - 14-20 სექტემბრის კვირაში, დონბასის ფრონტზე 5 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა.  4-მა მათგანმა ასაფეთქებელი მოწყობილობის შედეგად მიიღო დაზიანებები, ხოლო მეხუთე რუსული ჰიბრიდული ძალების მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევისას დაიჭრა.

რუსებმა გაავრცელეს ინფორმაცია მათ მიერ დასავლური თვითმფრინავების გადაჭერის შესახებ შავი ზღვის თავზე 14, 15, 16, 17 და 18 სექტემბერს. გადაჭერილი თვითმფრინავები ეკუთვნოდა აშშ-სა და ბრიტანეთს. რუსების მხრიდან ინციდენტებში მონაწილეობდნენ Su-27 და Su-30 ტიპის გამანადგურებლები. ანალოგიურ შემთხვევებს ადგილი ჰქონდა ბალტიის ზღვის თავზეც 15 და 17 სექტემბერს, რომლებშიც ფიგურირებდნენ აშშ-სა და შვედეთის საფრენი აპარატები, რუსეთის მხრიდან კი Su-27-ები. რუსებმა აშშ-ს ბომბდამშენებს გადაუჭრეს გზა ბერინგისა და ოხოტის ზღვების თავზე 15 და 17 სექტემბერს, საკუთარი MiG-31 გზაგადამჭრელებისა და Su-35S გამანადგურებლების საშუალებით. ბრიტანულმა გამანადგურებლებმა გადაიჭირეს ორი რუსული Tu-142 ტიპის საზღვაო-სადაზვერვო და წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო თვითმფრინავი ჩრდილოეთის ზღვის თავზე 17 სექტემბერს. ლიეტუვაში, კერძოდ შიაულიაიში განლაგებულმა იტალიის გამანადგურებლებმა, ბალტიის ზღვის თავზე, გზა გადაუჭრეს რუსულ Il-20M ტიპის სადაზვერვო თვითმფრინავს, რომელსაც Su-27 ტიპის გამანადგურებელი აცილებდა.

ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების მიერ გადაღებული Tu-142-ის ფოტო

არქტიკა - 5 აგვისტოდან არქტიკულ ექსპედიციაში მყოფმა ჩრდილოეთის ფლოტის გემებმა, მათ შორის „უდალოი I” კლასის (პროექტი 1155 „ფრეგატი“) წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო საესკადრო ნაღმოსანმა „სევერომორსკმა“ და „როპუჩას“ კლასის (პროექტი 775) სადესანტო გემმა „კონდოპოგამ“, დატოვეს ლაპტევების ზღვაზე არსებული ტიკსის პორტი და აღმოსავლეთ ციმბირის ზღვის გავლით, ჩუკოტკის ზღვაში გავიდნენ, ჩუკოტკის ნახევარკუნძულსა და ალასკას შორის.

რუსული გემები არქტიკულ ექსპედიციაში

 

გადაიარაღება და მოდერნიზაცია

გავრცელებული ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გააუქმა კონტრაქტები, რომლებიც ითვალისწინებდა „კარაკურტისკლასის  (პროექტი 22800)  ორი კორვეტის აგებას. აღნიშნული გემები განკუთვნილი იყო წყნარი ოკეანის ფლოტისთვის.

გავრცელებული ცნობით, ოკუპირებულ ყირიმში (უკრაინა) ბაზირებულმა შავი ზღვის ფლოტის 22-ე საარმიო კორპუსის (შტაბ-ბინა სიმფეროპოლში) მე-8 საარტილერიო პოლკმა  (სიმფეროპოლი და პერევალნოე) მიიღო Msta-B ტიპის ბუქსირებადი ჰაუბიცები.

 

სწავლებები*

სომხეთის, ბელარუსის, ჩინეთის, მიანმარისა (ბირმა) და პაკისტანის სამხედროები ჩავიდნენ რუსეთში, „კავკაზ-2020-ში“ მონაწილეობის მისაღებად. აღნიშნული სწავლება გაიმართება 21-26 სექტემბრის განმავლობაში.

14 სექტემბერს, დასავლეთ ბელარუსში მდებარე ბრესტის ოლქში, დაიწყო რუსულ-ბელარუსული ერთობლივი სწავლება „სლავური ძმობა 2020“. მასში მონაწილეობს რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების 76-ე სადესანტო-მოიერიშე დივიზია (შტაბ-ბინა ფსკოვში) და ბელარუსის სპეციალური ოპერაციების ძალები. ბელარუსში რუსეთის ელჩმა სწავლებას უწოდა პასუხი ბელარუსის დესტაბილიზაციის საგარეო მცდელობებზე.

საჰაერო დესანტირება სწავლება „სლავური ძმობა 2020-ისას“

დასავლეთისა და ცენტრალურ სამხედრო ოლქებში ფართომასშტაბიანი წვრთნები ჩაატარეს რუსეთის კავშირგაბმულობის დანაყოფებმა. ცენტრალური და დასავლეთი რუსეთის 8 რეგიონის 2000 სამხედროსთან ერთად, მასში ჩართულ იყო 6000 სამხედრო ვოლგისპირეთიდან, ურალიდან, ციმბირიდან და ტაჯიკეთიდან.

ოკუპირებულ აფხაზეთში (საქართველო) ბაზირებულმა S-400 ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებმა, წვრთნა გამართეს რუსეთის ასტრახანის ოლქში. რუსეთის სხვა საჰაერო თავდაცვის ძალების სამხედროებმა უპილოტო საფრენი აპარატების (უსა) საწინააღმდეგო ვარჯიშები აფხაზეთში გამართეს. რუსმა სნაიპერებმა  საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, ცხინვალში, ასევე ჩაატარეს უსა-საწინააღმდეგო წვრთნები. კიდევ ერთი ცხინვალის რეგიონში გამართული რუსული სწავლება საარტილერიო ძალებს მოიცავდა.

 

შეიარაღების ექსპორტი

გავრცელებული ცნობით, ჩინეთმა  მიიღო რუსული Mi-8AMTSh ტიპის სატრანსპორტო და მოიერიშე შვეულმფრენების პარტია.

 

*ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.