X

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა: გამოცემა 58, 12 - 18 ოქტომბერი, 2020

ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

 

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვის ყველა გამოცემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. დაიჯესტის გამოყენება უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, ჩვენ დავამატეთ ძიების ფუნქცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იპოვოს ის გამოცემები, სადაც არის მისთვის საინტერესო ინფორმაცია საკვანძო სიტყვებითა და ფრაზებით.

რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ  ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

ომი სირიაში - 14 ოქტომბერს, რუსეთის საჰაერო ძალებმა იერიში მიიტანა იდლიბის რეგიონის ქალაქ ჯისრ ალ-შუღურის სიახლოვეს.

რუსეთმა და ყაზახეთმა ხელი მოაწერეს ორმხრივ ხელშეკრულებას სამხედრო თანამშრომლობის შესახებ.

რუსეთი აფრიკაში - რუსეთმა ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკას (ცარ) საჩუქრად გადასცა 20 BRDM-2 ტიპის სადაზვერვო ჯავშანმანქანა. 10 ერთეული უკვე მიეწოდა ცარ-ს, 10-ის გადაცემა მოკლე ხანში იგეგმება.

რუსული BRDM-2-ები ცარ-ში

არქტიკა - ჩრდილოეთის ფლოტმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ რომ 2020 წლის ზაფხულისა და შემოდგომის პერიოდში, ფლოტის „გაუმჯობესებული იუგ“  კლასის (პროექტი 862.2) სადაზვერვო გემებმა „გორიზონტმა“ და „ვიზირმა“  40-დღიანი მისიები შეასრულეს ბარენცის ზღვაში.

2020 წელს, რუსებმა მოამზადეს 600 საზღვაო ქვეითი, რათა იმსახურონ შორეულ საზღვაო ექსპედიციებში, რუსულ სამხედრო გემებზე. მომზადებული საზღვაო ქვეითები მიეკუთვნებიან რუსეთის საზღვაო ძალების ოთხივე ფლოტსა და ერთ ფლოტილიას.

ორმა რუსულმა Tu-160 ტიპის მძიმე სტრატეგიულმა ბომბდამშენმა განახორციელა ფრენა, რომლის ფარგლებშიც გადაუფრინეს ბარენცის, ნორვეგიისა და ჩრდილოეთის ზღვებს. რუსების ცნობით, ფრენის ცალკეულ ეპიზოდებში ბომბდამშენებს მიყვებოდნენ ბრიტანეთისა და ნორვეგიის  საჰაერო ძალების თვითმფრინავები.

 

გადაიარაღება და მოდერნიზაცია

რუსები გეგმავენ თითოეულ საზღვაო ქვეითთა ბრიგადაში ერთი ბატალიონი აღჭურვონ BMP-3 ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანით.

რუსეთის საჰაერო ძალები ამატებს საჰაერო ბრძოლის სწავლებას Su-34 ტიპის ბომბდამშენ-გამანადგურებლის პილოტებისთვის. აქამდე, Su-34 გამოიყენებოდა მხოლოდ როგორც მოიერიშე თვითმფრინავი.

რუსეთმა დაასრულა ტაჯიკეთსა და ყირგიზეთში საკუთარი სამხედრო ბაზების გადაიარაღება Mi-8MTV5-1 ტიპის მრავალფუნქციური შვეულმფრენებით. გადაიარაღებამდე ბაზებს ემსახურებოდა Mi-8MTV ტიპის მოდელები.

41-ე არმიის (შტაბ-ბინა ნოვოსიბირსკში) 90-ე სატანკო დივიზიამ (შტაბ-ბინა ჩებარკულში, ჩელიაბინსკის ოლქი) მიმდინარე წლის სექტემბერსა და ოქტომბერში მიიღო T-72B3M ტიპის ტანკების პარტიები.

T-72B3M ტიპის ტანკი

 

სწავლებები*

კასპიის ფლოტილიამ საზღვაო სწავლება გამართა კასპიის ზღვის ცენტრალურ ნაწილში, აზერბაიჯანის აფშერონის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით. მასში ჩართული იყო ორი ფრეგატი, ორი კორვეტი და 7 სამხედრო თვითმფრინავი.

ცენტრალური სამხედრო ოლქის 140 სამხედრომ მონაწილეობა მიიღო ჩრდილო-აღმოსავლეთ ბელარუსში ჩატარებულ სწავლებაში. აღნიშნული წვრთნა გაიმართა რუსეთის ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფი „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ (ოდკბ) სამხედრო თანამშრომლობის ფარგლებში.

სამხრეთის სამხედრო ოლქის 1500 სამხედრომ სწავლება ჩაატარა ოკუპირებულ აფხაზეთში (საქართველო). წვრთნაში მონაწილეობა მიიღო ადგილობრივი მარიონეტული რეჟიმის სამხედრო დაჯგუფებებმაც. საქართველოს მეორე ოკუპირებულ რეგიონში - ცხინვალში, რუსმა სამხედროებმა სნაიპერის ვარჯიშები გამართეს

ოკუპირებულ ყირიმში (უკრაინა), კერძოდ სევასტოპოლში, განთავსებულმა რუსულმა უტიოსის ტიპის უძრავმა სანაპირო დაცვის სარაკეტო სისტემამ, „ადმირალ გრიგოროვიჩის“ კლასის (პროექტი 11356P/M) სარაკეტო ფრეგატ „ადმირალ გრიგოროვიჩთანერთად, სწავლება გამართა.

 

შეიარაღების ექსპორტი

გავრცელებული ცნობით, რუსეთი აგრძელებს ყაზახეთისთვის Su-30SM ტიპის გამანადგურებლების მიწოდებას.

ყაზახეთისთვის ბოლოს მიწოდებული Su-30SM ტიპის გამანადგურებელი

 

*ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.