X

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა: გამოცემა 59, 19 – 25 ოქტომბერი, 2020

ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

 

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვის ყველა გამოცემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. დაიჯესტის გამოყენება უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, ჩვენ დავამატეთ ძიების ფუნქცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იპოვოს ის გამოცემები, სადაც არის მისთვის საინტერესო ინფორმაცია საკვანძო სიტყვებითა და ფრაზებით.

რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ  ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

ომი სირიაში - 19-25 ოქტომბრის კვირის დასაწყისში, რუსეთის საჰაერო ძალებმა იერიშები მიიტანეს სირიელი მეამბოხეების მიერ კონტროლირებადი იდლიბის რეგიონის სამხრეთში.

ომი უკრაინაში - 20 ოქტომბერს, დონბასის ფრონტზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ერთ-ერთი დარღვევისას, რუსული ჰიბრიდული ძალების მიერ გახსნილი ცეცხლით, დაიჭრა ერთი უკრაინელი სამხედრო.

გავრცელებული ცნობით, რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის „უდალოი I” კლასის (პროექტი 1155 „ფრეგატი“) წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო საესკადრო ნაღმოსანმა „ვიცე-ადმირალი კულაკოვი“, სირიისთვის განკუთვნილი ირანული ნავთობის ტანკერი გააცილა წითელი ზღვიდან ხმელთაშუა ზღვაში გადასვლისას.

ვიცე-ადმირალი კულაკოვი

რუსმა სამხედროებმა გაშალეს სავალე ბანაკები სომხეთის სამხრეთ ნაწილში, აზერბაიჯანთან საზღვრის იმ ნაწილის სიახლოვეს, რომელიც აზერბაიჯანულმა მხარემ დაიბრუნა მთიან ყარაბაღში მიმდინარე ომის დროს.

რუსული სამხედრო ბანაკი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის სიახლოვეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო გეგმავს წარმომადგენლობის გახსნას სერბეთში, რომლის ფუნქციაც იქნება „რუსეთ-სერბეთის თანამშრომლობის ფარგლებში სამხედრო და ტექნიკური საკითხების გადაჭრაში დახმარება.“

რუსეთი აფრიკაში - რუსეთმა უკვე გახსნა საკუთარი თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლობა ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში (ცარ). რუსი სამხედრო ოფიცერი, რომელიც მას ხელმძღვანელობს, ასევე დაიკავებს ცარ-ის თავდაცვის სამინისტროში მრჩევლის პოსტს. პარალელურად, ცარ-ში რუსეთის ელჩის განცხადებით, „მოსკოვი განიხილავს დამატებით სამხედრო ინსტრუქტორების გაგზავნას“ ამ ქვეყნისთვის.

არქტიკა - რუსებმა „ონიქსის“ ტიპის ზებგერითი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტის სატესტო გაშვება განახორციელეს Bastion-P ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემიდან, რომელიც განლაგებულია ალექსანდრეს მიწის კუნძულზე, ფრანც-იოსების მიწის არქიპელაგზე.

არქტიკა - ჩრდილოეთის ფლოტის გემების ჯგუფმა, მათ შორის „უდალოი I” კლასის (პროექტი 1155 „ფრეგატი“) წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო საესკადრო ნაღმოსანმა სევერომორსკ“  და „როპუჩას“ კლასის (პროექტი 775)  სადესანტო გემმა „კონდოპოგა“, დაასრულა შორეული ექსპედიცია, რომელიც 5 აგვისტოს დაიწყო, და 20 ოქტომბერს დაუბრუნა სევერომორსკის საზღვაო ბაზას.

აშშ-ს გამანადგურებლებმა გზა გადაუჭრეს რუსული თვითმფრინავების ჯგუფს, რომელსაც შეადგენდა ორი Tu-95MS ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენი, ორი Su-35 ტიპის გამანადგურებელი და A-50 ტიპის საჰაერო ადრეული გაფრთხილებისა და კონტროლის თვითმფრინავი. გავრცელებული ცნობით, ინციდენტს ადგილი ჰქონდა 19 ოქტომბერს, ალასკის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში. რუსულმა MiG-31 და Su-35 ტიპის გამანადგურებლებმა გადაიჭირეს აშშ-ს ორი ბომბდამშენი ბერინგის ზღვის თავზე 21 ოქტომბერს. კიდევ ერთი ამერიკული თვითმფრინავი იქნა გადაჭერილი ბერინგის ზღვის თავზე 22 ოქტომბერს, რუსული MiG-31-ის მიერ.

 

სამხედრო სტრატეგია

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კატეგორიული უარი განაცხადა ფინანსთა სამინისტროს წინადადებაზე, ფინანსური სირთულეების პირობებში 10 პროცენტით შეემცირებინათ სამხედრო პერსონალი. ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთის შეიარაღებულ ძალებში რაიმე შემცირება არ იგეგმება.

 

გადაიარაღება და მოდერნიზაცია

24 ოქტომბერს, „გაუმჯობესებული კილოს“ კლასის (პროექტი 636.3) დიზელის წყალქვეშა ნავი „ვოლხოვი“  შეუერთდა რუსეთის საზღვაო ძალებს. წყალქვეშა ნავი იმსახურებს წყნარი ოკეანის ფლოტში.

ვოლხოვი

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო გეგმავს მე-14 საჰაერო და საჰაერო თავდაცვის ძალების არმიის (შტაბ-ბინა ეკატერინბურგში) 76-ე ჰაერსაწინააღმდეგო დივიზია (შტაბ-ბინა სამარაში) სრულად მოამარაგოს Nebo-M ტიპის მობილური საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის რადარებით.  დივიზიას პირველი რადარი უკვე მიეწოდა.

58-ე არმიის (შტაბ-ბინა ვლადიკავკაზში, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა-ალანია) მე-100 სადაზვერვო ბრიგადამ (მოზდოკი, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა-ალანია) მიიღო Tigr-M ტიპის ქვეითთა ყველგანმავალი ჯავშანმანქანები.

 

კოსმოსი

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 25 ოქტომბერს, პლესეცკის კოსმოდრომიდან განხორციელდა Soyuz-2.1b ტიპის რაკეტის გაშვება, რომელმაც GLONASS-K ტიპის სანავიგაციო თანამგზავრი ორბიტაზე გაიყვანა.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.