X

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა: გამოცემა 65, 30 ნოემბერი - 6 დეკემბერი, 2020

ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

 

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვის ყველა გამოცემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. დაიჯესტის გამოყენება უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, ჩვენ დავამატეთ ძიების ფუნქცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იპოვოს ის გამოცემები, სადაც არის მისთვის საინტერესო ინფორმაცია საკვანძო სიტყვებითა და ფრაზებით.

რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ  ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა


გეოსტრატეგიული აქტივობები

მოლდოვის ახალი არჩეული პრეზიდენტის, მაია სანდუს ბოლოდროინდელ მოთხოვნას ქვეყნის სეპარატისტული რეგიონიდან , დნესტრისპირეთიდან, რუსეთის ჯარების გაყვანის თაობაზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა შემდეგნაირად უპასუხა: „ჩვენ გაგვიჭირდება ასეთი უპასუხისმგებლო მოთხოვნის შესრულება.“ რუსეთს მოლდოვის დნესტრისპირეთის რეგიონში დაახლოებით 1500 ჯარისკაცი ჰყავს განლაგებული.

რუსეთის მიერ მთიან ყარაბაღში განლაგებულმა სამხედროებმა ოფიციალურად მოიპოვეს კონტროლი 5 კილომეტრის სიგანის ლაჩინის დერეფანზე, რომელიც წარმოადგენს ერთადერთ დამაკავშირებელ სატრანსპორტო დერეფანს სომხეთსა და 2020 წლის ომის შემდეგ სომხური კონტროლის ქვეშ დარჩენილ ყარაბაღის ნაწილზე.

ომი ლიბიაში - აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის გენერალური ინსპექტორის ინფორმაციით, არაბთა გაერთიანებული საამიროები აფინანსებს რუსული სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ მებრძოლების აქტივობებს ლიბიაში.

ომი სირიაში - გავრცელდა ინფორმაცია, 1 დეკემბერს იდლიბის რეგიონში რუსეთის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების შესახებ. პარალელურად, გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ს არმიის მიერ M2 Bradley ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანების ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში განლაგების შედეგად, იკლო დაძაბულობამ ამერიკელ და რუს სამხედროებს შორის აღნიშნულ არეალში, რომელიც მანამდე მუდმივი საგზაო ინციდენტების სცენას წარმოადგენდა ხსენებული ორი ქვეყნის სამხედროებს შორის.

ომი უკრაინაში - დონბასის ფრონტზე, რუსული ჰიბრიდული ძალების მოქმედებების შედეგად, 4 დეკემბერს დაიჭრა ერთი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე.

დიდი ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ბრიტანეთის სანაპიროსთან იმატა რუსული სამხედრო მცურავი საშუალებების აქტივობამ. აღნიშნულ განცხადებაში იგულისხმება ჩრდილოეთის ფლოტის  „უდალოი I”  კლასის (პროექტი 1155 „ფრეგატი“) წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო საესკადრო ნაღმოსანი „ვიცე-ადმირალი კულაკოვი“, შავი ზღვის ფლოტის „გაუმჯობესებული კილო“  კლასის (პროექტი 636.3) დიზელის წყალქვეშა ნავი „სტარი ოსკოლი“ და „პროექტი 22160“ კლასის დიდი ზომის საპატრულო კატარღა „ვასილი ბიკოვი“, ასევე ბალტიის ფლოტის „სტერაგუშჩის“ კლასის (პროექტი 20380) კორვეტი „ბოიკი“ და რამდენიმე მხარდამჭერი გემი.

ბრიტანული ფრეგატი „ლანკასტერი“ აცილებს რუსულ კორვეტს „ბოიკი“

წყნარი ოკეანის ფლოტის ფლაგმანი, „სლავას“ კლასის (პროექტი 1164 „ატლანტი“) სარაკეტო კრეისერი „ვარიაგი“ და „უდალოი I” კლასის (პროექტი 1155 „ფრეგატი) წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო საესკადრო ნაღმოსანი „ადმირალ პანტელეევი“, რომლებიც იმყოფებიან ხანგრძლივ ექსპედიციაში ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონში, 30 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე იმყოფებოდნენ შრი-ლანკაში, რის შემდეგაც ბენგალის ყურისკენ დაიძრნენ.

 

სტრუქტურული ცვლილებები

2021 წელს, კალინინგრადის ოლქში, ბალტიის ფლოტის მე-11 საარმიო კორპუსი დაქვემდებარებაში ჩამოყალიბდება მექანიზებული დივიზია. რუსულ მედიაში არსებული ინფორმაცია მიანიშნებს იმაზე, რომ ახალი დივიზია პირველ რიგში,  კორპუსის უკვე არსებული ძალებით დაკომპლექტება, თუმცა მითითებულია, რომ მე-11 კორპუსის სამანევრო ბატალიონების რიცხვი გაიზრდება.

რუსეთმა, სადავო კურილიის კუნძულებიდან ერთ-ერთზე - იტურუფის კუნძულზე, განათავსა S-300V4 ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემები. იაპონიამ საპასუხოდ პროტესტი გამოხატა. მიუხედავად იმისა, რომ არ დაზუსტებულა ინფორმაცია კონკრეტულად რომელ დანაყოფს მიეკუთვნება აღნიშნული სისტემები, სავარაუდოდ ისინი აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის 38-ე ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო ბრიგადას (ბირობიჯანი, ებრაელთა ავტონომიური ოლქი) ეკუთვნის.

რუსეთმა MiG-31BM ტიპის გზაგადამჭრელები განალაგა ანადირის საჰაერო ბაზაზე, ჩუკოტკის ავტონომიურ ოკრუგში. თვითმფრინავები მიეკუთვნება წყნარი ოკეანის ფლოტის საზღვაო ავიაციას და, სავარაუდოდ, მასში შემავალ 317-ე შერეულ საავიაციო პოლკს (ელიზოვოს საჰაერო ბაზა, კამჩატკის მხარე).

1 დეკემბერს, სევერნის საჰაერო ბაზაზე (ივანოვო) ახალი, 81-ე სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის პოლკი ჩამოყალიბდა. ახალი პოლკი მიეკუთვნება სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის სარდლობის (შტაბ-ბინა მოსკოვში) მე-12 სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის დივიზიას (შტაბ-ბინა ტვერში). აღნიშნული პოლკი დაკომპლექტებულია Il-76MD ტიპის სტრატეგიული სატვირთო თვითმფრინავებით. ამასთან, დაგეგმილია რომ მომავალში პოლკს გადაეცემა Il-76MD-90A ტიპის თვითმფრინავები.

პოლკის ჩამოყალიბებისადმი მიძღვნილი ცერემონია ივანოვოში

ასევე 1 დეკემბერს, ახალი, შერეული საავიაციო ესკადრილია ჩამოყალიბდა პლესეცკის საჰაერო ბაზაზე მირნიში, არხანგელსკის ოლქში. ესკადრილია დაექვემდებარა სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის სარდლობის მე-12 სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის დივიზიის 566-ე სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის პოლკს. ესკადრილიაში ირიცხება An-26 ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავები, Mi-8 ტიპის შვეულმფრენები და Orlan ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები.

 

გადაიარაღება და მოდერნიზაცია

41-ე არმიის (შტაბ-ბინა ნოვოსიბირსკში) 90-ე სატანკო დივიზიას (შტაბ-ბინა ჩებარკულში, ჩელიაბინსკის ოლქი), Terminator-ის ტიპის შეჯავშნული საბრძოლო მანქანების 8 ერთეულისგან შემდგარი პირველი პარტია გადაეცა.

შეჯავშნული საბრძოლო მანქანა Terminatior

მე-14 საჰაერო და საჰაერო თავდაცვის არმიის (შტაბ-ბინა ეკატერინბურგში) 76-ე საჰაერო თავდაცვის დივიზიის (შტაბ-ბინა სამარაში) 185-ე ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო პოლკმა (ბერიოზოვსკი, სვერდლოვსკის ოლქი) დაასრულა S-300PS სისტემებიდან S-400 ტიპის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემებზე გადაიარაღება.

რუსების განცხადებით, ისინი S-70 Okhotnik-ის ტიპის უპილოტო საფრენ აპარატს გზაგადამჭრელის როლში ცდიან.

49-ე არმიის (შტაბ-ბინა სტავროპოლში) 205-ე მექანიზებულმა ბრიგადამ (ბუდიონოვსკი, სტავროპოლის მხარე) მიიღო 30 ერთეული ახალი, 9K33 Verba ტიპის ხელით გადასატანი სარაკეტო სისტემა და 10 ერთეული Strela-10MN ტიპის ახლო მოქმედების ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა.

 

კოსმოსი

3 დეკემბერს, პლესეცკის კოსმოდრომიდან გაეშვა Soyuz-2.1b ტიპის რაკეტა, რომელმაც ორბიტაზე გაიტანა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი „ნანო-ზომის“ სამხედრო თანამგზავრი ERA-1, იგივე Cosmos-2548.

 

სწავლებები*

შავი ზღვისა და ბალტიის ფლოტების საზღვაო ძალებმა, საკუთარ სამოქმედო არეალებში ფართომასშტაბიანი წვრთნები გამართეს. რუსების ინფორმაციით, სწავლებაში მონაწილეობა მიიღო მისი დაწყების დროს შავი ზღვის ფლოტის ბაზებზე მყოფმა ყველა მცურავმა საშუალებამ. რაც შეეხება ბალტიის ფლოტს, გავრცელებული ინფორმაციით, მათი მხრიდან წვრთნაში ჩართული იყო 50 გემი.

წყნარი ოკეანის ფლოტის ფლაგმანმა, „სლავას“ კლასის (პროექტი 1164 „ატლანტი“) სარაკეტო კრეისერმა „ვარიაგმა“ და „უდალოი I” კლასის (პროექტი 1155 „ფრეგატი) წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო საესკადრო ნაღმოსანმა „ადმირალ პანტელეევმა“, რომლებიც 1 ნოემბრიდან იმყოფებიან ხანგრძლივ ექსპედიციაში ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონში, ბენგალის ყურეში ინდოეთის საზღვაო ძალებთან ერთად, ერთობლივი სწავლება ჩაატარეს.

 

*ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.