X

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა: გამოცემა 66, 7–13 დეკემბერი, 2020

ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

 

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვის ყველა გამოცემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. დაიჯესტის გამოყენება უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, ჩვენ დავამატეთ ძიების ფუნქცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იპოვოს ის გამოცემები, სადაც არის მისთვის საინტერესო ინფორმაცია საკვანძო სიტყვებითა და ფრაზებით.

რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ  ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

ომი სირიაში - 7-13 დეკემბრის კვირაში, ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიიდან გავრცელებული ცნობებით, რუსებმა განათავსეს პოსტი ქურთების მიერ კონტროლირებად ქალაქ აინ ისასთან. გარდა ამისა, აღინიშნა რუსი სამხედროების ყოფნა ასადის რეჟიმის მიერ კონტროლირებად ქალაქ ალ-ბუკამალში. რუსეთის საჰაერო ძალებმა, კვირის განმავლობაში, რამდენიმე იერიში განახორციელა იდლიბის რეგიონში.

ომი უკრაინაში - 12 დეკემბერს, დონბასის ფრონტზე, რუსული ჰიბრიდული ძალების მოქმედებების შედეგად, 2 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა.

რუსეთი აფრიკაში - როგორც დაიჯესტის 62-ე გამოცემაში ვწერდით, სუდანმა რუსეთს გადასცა სამხედრო საზღვაო ბაზა პორტ-სუდანში. ბოლო ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული ბაზით რუსეთი 25 წლით ისარგებლებს, რისი გახანგრძლივებაც, მხარეთა თანხმობით, დამატებით 10-წლიანი პერიოდებით იქნება შესაძლებელი.

7 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაციით, 5 დეკემბერს გერმანულმა გამანადგურებლებმა ესტონეთის ტერიტორიიდან ჩრდილოეთით გზა გადაუჭრეს რუსულ Il-20 ტიპის სადაზვერვო თვითმფრინავს. რუსულმა Su-30 ტიპის გამანადგურებელმა, 7 დეკემბერს, შავი ზღვის თავზე გადაიჭირა აშშ-სა და საფრანგეთის მფრინავი აპარატები. 11 დეკემბერს კი, MiG-31 ტიპის გამანადგურებელმა ბერინგის ზღვის თავზე,  ამერიკულ თვითმფრინავს გადაუჭრა გზა.

გერმანული გამანადგურებელი და რუსული Il-20

 

სტრუქტურული ცვლილებები

41-ე არმიის (შტაბ-ბინა ნოვოსიბირსკში) სარდლობის ქვეშ, ახალი სპეციალური ოპერაციების ძალების დანაყოფი ჩამოყალიბდა.

ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის კვალდაკვალ, რომელიც მომავალ წელს კალინინგრადის ოლქში მექანიზებული დივიზიის ჩამოყალიბების გეგმებს უკავშირდებოდა, რის შესახებაც წინა გამოცემაში ვწერდით, რუსებმა განაცხადეს, რომ 2021 წელს ასევე აპირებენ კალინინგრადში Bastion-P ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემების ბატალიონის განთავსებას.  

2021 წელს, რუსები ასევე გეგმავენ Bal ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებით დაკომპლექტებული ბატალიონის ჩამოყალიბებას, რომელიც დაიცავს რუსეთის სამხედრო საზღვაო ბაზებს კრონშტადტსა და სანქტ-პეტერბურგში.

ახალი საინჟინრო პოლკი შეიქმნა 41-ე არმიის (შტაბ-ბინა ნოვოსიბირსკში) შემადგენლობაში. პოლკის დისლოკაციის ადგილი არის იშიმი, ტიუმენის ოლქში.

 

გადაიარაღება და მოდერნიზაცია

მე-14 საჰაერო და საჰაერო თავდაცვის ძალების არმიის (შტაბ-ბინა ეკატერინბურგში) 76-ე საჰაერო თავდაცვის დივიზიის (შტაბ-ბინა სამარაში) 568-ე ჰაერსაწინააღმდეგო პოლკმა (სამარა) S-300PS ტიპის სისტემების ნაცვლად S-400 ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემები მიიღო.

 

სწავლებები*

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სტრატეგიული სწავლება ჩაატარა, რომელმაც მოიცვა ბალისტიკური რაკეტების გაშვება პლესეცკის კოსმოდრომიდან და ჩრდილოეთის ფლოტის „Delta IV” კლასის (პროექტი 667BDRM “Delfin) ბირთვული სარაკეტო წყალქვეშა ნავიდან „კარელია“. სწავლებაში ასევე ჩართულ იქნა Tu-160 ტიპის მძიმე სტრატეგიული ბომბდამშენი ენგელსის საჰაერო ბაზიდან (სარატოვის ოლქი) და Tu-95MS ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენი უკრაინკას საჰაერო ბაზიდან (ამურის ოლქი).

მე-11 საჰაერო და საჰაერო თავდაცვის ძალების არმიის (შტაბ-ბინა ხაბაროვსკში) თვითმფრინავებმა, სწავლების ფარგლებში ერთდროული დაბომბვა განახორციელეს პრიმორიეს, ხაბაროვსკისა და იმიერბაიკალეთის მხარეებში. მასში ჩართული იყო Su-34 ტიპის ბომბდამშენ-გამანადგურებლები, Su-24 ტიპის მოიერიშეები და Su-25 ტიპის თვითმფრინავები.

22-ე საარმიო კორპუსის (სიმფეროპოლი, ყირიმი, უკრაინა) 500-მდე სამხედრომ მონაწილეობა მიიღო რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმის (უკრაინა) ტერიტორიაზე გამართულ ქვეითთა სწავლებაში.

უზბეკეთის სპეციალური ოპერაციების ძალებისა და რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის ერთობლივი სწავლება გაიმართა უზბეკეთში.

უზბეკეთის სპეციალური ოპერაციების ძალების მებრძოლები ერთობლივი სწავლების გახსნის ცერემონიაზე

 

შეიარაღების ექსპორტი

რუსების მიერ გავრცელებული ცნობით, თურქეთმა სრულად გადაიხადა S-400 ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემის ღირებულება და ასევე, აღნიშნული სისტემების, კონტრაქტით გათვალისწინებული მიწოდება, რუსეთის მხრიდანაც შესრულებულია.

 

*ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.