X

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა: გამოცემა 79, 15 - 21 მარტი, 2021

ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

 

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვის ყველა გამოცემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. დაიჯესტის გამოყენება უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, ჩვენ დავამატეთ ძიების ფუნქცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იპოვოს ის გამოცემები, სადაც არის მისთვის საინტერესო ინფორმაცია საკვანძო სიტყვებითა და ფრაზებით.

რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ  ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

ომი სირიაში - რუსეთის საჰაერო ძალებმა 20 და 21 მარტს, საჰაერო დარტყმები განახორციელეს სირიაში, კერძოდ, მეამბოხეთა კონტროლირებად იდლიბის რეგიონში.

ომი უკრაინაში - 15-21 მარტის კვირაში, რუსულმა ჰიბრიდულმა ძალებმა, უკრაინაში, დონბასის ფრონტზე, მოკლეს 3 და დაჭრეს 1 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე. სროლას ფრონტზე ყოველდღიური ხასიათი ჰქონდა.

16 მარტს, რუსულმა Mi-8 ტიპის შვეულმფრენმა, სუმის ოლქში, დაარღვია უკრაინის საჰაერო სივრცე,

ერთობლივი სამხედრო-სასწავლო ცენტრი, რომლის ჩამოყალიბებაც დაგეგმილია რუსეთისა და ბელარუსის მიერ, ამ უკანასკნელის დასავლეთ, გროდნოს ოლქში, ამჟამინდელი ინფორმაციით, საჰაერო და საჰაერო თავდაცვის ძალების სასწავლო ცენტრი იქნება. ის მოიცავს „ერთობლივ სწავლებებს Su-30SM ტიპის თვითმფრინავების ეკიპაჟებისთვის“ და „ბელარუსი სპეციალისტების მომზადებას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებთან სამუშაოდ“. ერთობლივი ცენტრის პროექტი იმსახურებს ახლო დაკვირვებას მის განვითარებასთან ერთად, იმ შემთხვევისთვის თუ იგი ბელარუსში რუსეთის სამხედრო ბაზის ნაირსახეობა აღმოჩნდება.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსებმა „არაერთხელ სცადეს სიგნალების დაბრკოლება, ელექტრონული ბრძოლის ფარგლებში“ ბრიტანული თვითმფრინავების წინააღმდეგ, რომელიც ახორციელებდა აფრენას კვიპროსში არსებული დიდი ბრიტანეთის ბაზიდან. არსებული ცნობებით, აღნიშნული მცდელობები წარუმატებელი გამოდგა.

ბალტიის ფლოტის სტერაგუშჩისკლასის (პროექტი 20380) კორვეტი „სტოიკი“, რომელიც 16 დეკემბრიდან ხანგრძლივ ექსპედიციაში იმყოფება, 18 მარტს შევიდა პორტ სუდანში, ხოლო 19 მარტს ისევ ზღვაში დაბრუნდა.

ბალტიის ფლოტის სამი სადესანტო გემისგან შემდგარმა დაჯგუფებამ, რომელსაც ესკორტირებას უწევს სტერაგუშჩის კლასის (პროექტი 20380) კორვეტი „ბოიკი“, 20 მარტს გაიარა ლა-მანშს სრუტე დასავლეთის მიმართულებით და სამხრეთით გააგრძელა მოძრაობა. აღნიშნული ჯგუფი მოიცავს როპუჩა II”  კლასის (პროექტი 775.2) სადესანტო ხომალდებს „კალინინგრადი“ და „მინსკი“, ასევე, როპუჩა III”  კლასის (პროექტი 775.3) სადესანტო გემს „კოროლიოვი“.

ბალტიის ფლოტის გემების მარშრუტი 20 მარტს

 

სწავლებები*

რუსეთის საჰაერო-კოსმოსურმა ძალებმა, ბელარუსის შეიარაღებულ ძალებთან ერთად, განახორციელეს ერთობლივი ვარჯიშები საკუთარი აღჭურვილობის ბელარუსის აეროდრომებზე გადასროლაში.

მე-7 სადესანტო-მოიერიშე (სამთო) დივიზიის (შტაბ-ბინა ნოვოროსიისკი, კრასნოდარის მხარე) 247- სადესანტო-მოიერიშე (სტავროპოლი) და 1141- საარტილერიო (ანაპა, კრასნოდარის მხარე) პოლკებმა სწავლება გამართეს ოკუპირებულ ყირიმში (უკრაინა). მასში ჩართული იყო 2000-ზე მეტი სამხედრო, რუსეთის სამხედრო ავიაციასთან ერთად.

 

შეიარაღების ექსპორტი

გავრცელებული ინფორმაციით, ალჟირმა, 300 ერთეული რუსული BMPT-72 ტერმინატორ 2 ტიპის ჯავშნიანი საბრძოლო მანქანა შეუკვეთა.

 

*ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.