X

პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკა

პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა, გამოცემა 32

ავტორი: მამუკა კომახია, ანალიტიკოსი

მიმოხილვის პერიოდი: 1-15 მაისი, 2021

 

რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეს საკუთარი გავლენის სფეროდ მიიჩნევს და რეგიონში დასავლეთის პოზიციების გაძლიერებას თავისი ეროვნული ინტერესების საფრთხედ განიხილავს. ჩვენი მიმოხილვის მიზანია მკითხველს პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მიმოხილვა გამოდის ორ კვირაში ერთხელ  და გამოადგება ყველას, გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მიმდინარე პროცესები აინტერესებს.

 

  • რუსეთის ჰიბრიდული ომის ფარგლებში უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში უკრაინის ნახევარ მილიონზე მეტმა  მოქალაქემ რუსეთის მოქალაქეობა მიიღო.
  • უკრაინაში ვლადიმერ პუტინის მეგობარი პრორუსი პოლიტიკოსი სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დააკავეს.
  • აზერბაიჯანმა რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“-ის პირველი პარტია მიიღო.
  • სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისგან დახმარებას ითხოვს.
  • ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანის ფონზე ტაჯიკეთის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა.
  • რუსეთი „ჩრდილოეთ ნაკადი-2-ის“ გაზსადენის დასრულებას წლის ბოლოსთვის იმედოვნებს.

 

რუსეთის პასპორტები უკრაინის მოქალაქეებისთვის

მთავარი მოვლენა: 2021 წლის 2 მაისს რუსეთის შს სამინისტრომ განაცხადა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში აღმოსავლეთ უკრაინაში მცხოვრებმა 527 ათასზე მეტმა ადამიანმა რუსეთის მოქალაქეობა მიიღო.

მოვლენა დეტალურად: 2019 წლის 24 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული პროცედურით მინიჭების შესაძლებლობის შესახებ. პირველი პასპორტები 2019 წლის 14 ივლისს გაიცა. რუსეთის პასპორტების მიღება როსტოვის ოლქში შეიძლება, რომელიც უკრაინის სასაზღვრო რეგიონია.

24 აპრილს რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ვიქტორ ვოდოლაცკის განცხადებით, 2021 წლის ბოლომდე დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული პროცედურით მიღების მსურველთა რაოდენობა შესაძლოა ერთ მილიონამდე გაიზარდოს.

2014 წლიდან აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილი ვითარების ფონზე, რუსეთის ოფიციალური პირები ღიად საუბრობენ სეპარატისტული რეგიონების ინტერესების დაცვის შესახებ. 8 აპრილს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გავლენიანმა მოადგილემ დიმიტრი კოზაკმა, რომელიც უკრაინის მიმართულებას კურირებს, ღიად განაცხადა, რომ რუსეთი შეიძლება აიძულონ დაიცვას საკუთარი მოქალაქეები დონბასში და რუსეთი ამას გააკეთებს.

რუსეთის მოქალაქეობის მინიჭება კრემლის ნაცადი მეთოდია, რომელიც თავის დროზე რუსეთმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გამოიყენა. 2008 წლის ომამდე ცოტა ხნით ადრე მოსკოვმა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში მაცხოვრებლების პასპორტიზაცია დაიწყო. დღეს ამ რეგიონების მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეა. საქართველოს წინააღმდეგ ომის ლეგიტიმაციისთვის რუსეთმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში თანამოქალაქეების დაცვის არგუმენტიც გამოიყენა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი უკრაინისთვის: უკრაინის მოქალაქეებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭება რუსეთის ჰიბრიდული ომის ნაწილია, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში უკრაინის სუვერენიტეტს ხელყოფს და დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ნაწილში რუსეთის ანექსიისთვის წინაპირობას ქმნის.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი რუსეთისთვის: დონბასისა და ლუგანსკის ოლქებში მცხოვრები ადამიანებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭება მოსკოვს ამ რეგიონების ინტეგრაციისა და, აუცილებლობის შემთხვევაში, აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო ჩარევის ლეგიტიმაციის შესაძლებლობას მისცემს.

 

პუტინის მოკავშირე უკრაინელი ტყვეების სანაცვლოდ

მთავარი მოვლენა: 2021 წლის 14 მაისს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსეი დანილოვმა განაცხადა, რომ უკრაინა განიხილავს შესაძლებლობას, რომ პრორუსი დეპუტატი ვიქტორ მედვედჩუკი, რომელსაც სახელმწიფო ღალატში სდებენ ბრალს, რუსეთში გასამართლებულ უკრაინის მოქალაქეებზე გაცვალონ. დანილოვის თქმით, მსგავსი გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტს შეუძლია.

მოვლენა დეტალურად: 11 მაისს უკრაინის უშიშროების სამსახურმა ვიქტორ მედვედჩუკის პარტიის ოფისში, მის კაბინეტებსა და ორ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩაატარა. მოგვიანებით კიევის სასამართლომ მედვედჩუკს 9 ივლისამდე შინაპატიმრობა მიუსაჯა.

ვიქტორ მედვედჩუკი და ვლადიმერ პუტინი. წყარო: FT.com

მედვედჩუკის საქმე

ვიქტორ მედვედჩუკი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირია. არსებული ინფორმაციით, მისი ქალიშვილის დარიას ნათლია პუტინია. მედვედჩუკი პრორუსული ოპოზიციური პარტიის - „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისათვის“ ლიდერი და უკრაინის პარლამენტის წევრია. იგი ხშირად ჩადის რუსეთში და ხვდება, როგორც რუსეთის მაღალჩინოსნებს, ასევე პირადად პუტინს.

გენპროკურორ ირინა ვენედიკტოვას თქმით, მედვედჩუკის საქმეში სამი  ეპიზოდია: პირველი, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქერჩთან ახლოს გაზის საბადოს ეხება, რომლის განვითარების საქმეშიც მედვედჩუკთან დაკავშირებული უკრაინული კომპანია - „ახალი პროექტები“ რუსეთის მთავრობის მაღალჩინოსნებს გაურიგდა; მეორე, მედვედჩუკმა 2020 წელს რუსეთში მყოფ უკრაინელ დეპუტატს ტარას კოზაკს უკრაინის შეიარაღებული ძალების საიდუმლო დანაყოფის განლაგების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა; მესამე, მედვედჩუკს ბრალს სდებენ ანტიუკრაინულ ქმედებებში, კერძოდ, შრომითი მიგრანტების ჩართულობით, რომლებიც უკრაინიდან რუსეთში მიდიან, რუსეთის სასარგებლოდ შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნაში.

მედვედჩუკი მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს „პოლიტიკურ ანგარიშსწორებას“ უწოდებს. საინტერესოა, რომ თებერვალში მედვედჩუკთან დაკავშირებულ მედიასაშუალებებს ლიცენზიებიც ჩამოართვეს.

რუსეთის შეფასება

პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ უკრაინა „რუსეთის ანტიპოდი და ანტირუსეთი ხდება“, უკრაინაში „ხურავენ ფედერალურ მედიასაშუალებებს“ და „სუფთავდება პოლიტიკური ველი“. პუტინის შეფასებით, „არსებული ტენდენციის გათვალისწინებით, უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთი მუდმივად მიიღებს ისეთ სიახლეებს, რომლებიც რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მხრივ ყურადღებას მოითხოვს“.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: რუსეთის პრეზიდენტის ახლო მეგობრისა და უკრაინაში ყველაზე პრორუსი პოლიტიკოსის დაკავება რუსეთ-უკრაინის ურთიერთობაში არსებულ ღრმა კრიზისზე მიუთითებს, როდესაც მხარეები ორმხრივ ურთიერთობებში არსებული პრობლემების გადაწყვეტაში ვერანაირ პროგრესს ვეღარ აღწევენ და ურთიერთობის გარკვევის ფორმად მხოლოდ სამხედრო მანევრები და მსგავსი დაკავებები რჩება.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი უკრაინისთვის: ვიქტორ მედვედჩუკის დაკავებით უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შესაძლოა პოლიტიკური სარგებელის მიღებასაც იმედოვნებდეს: პირველი, პუტინის მეგობარს რუსეთში პოლიტიკური ნიშნით დაკავებულ უკრაინის მოქალაქეებში გაცვლის, მეორე, გავლენიანი პრორუსი პოლიტიკოსის დაკავებით ქვეყნის შიგნით შერყეულ პოლიტიკურ რეიტინგს აიმაღლებს.

 

აზერბაიჯანმა რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“-ის პირველი პარტია მიიღო

მთავარი მოვლენა: 2021 წლის 5 მაისს აზერბაიჯანმა რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“-ის პირველი პარტია - 40 ათასი დოზა მიიღო.

მოვლენა დეტალურად: სპეციალურ ტვირთს ბაქოს აეროპორტში აზერბაიჯანის ჯანდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და რუსეთის ელჩი მიხაილ ბოჩარნიკოვი დახვდნენ. რუსი დიპლომატის განცხადებით, ტვირთის 2 მაისს მიღება განსაკუთრებით სასიხარულო მოვლენაა, რადგან ვაქცინა აზერბაიჯანულ მიწაზე აღდგომის დღეს ჩავიდა.

აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტრომ რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“ 12 მარტს დაარეგისტრირა. ჯანდაცვის სამინისტროს შეფასებით, რუსულმა ვაქცინამ „კორონავირუსის ინფექციის წინააღმდეგ თავისი მაღალი ეფექტურობა დაამტკიცა“. რუსული ვაქცინის პარალელურად აზერბაიჯანი ჩინური კომპანიის წარმოებულ ვაქცინასაც იყენებს.

პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან რუსული ვაქცინა უკვე დარეგისტრირებული აქვს ბელარუსს, თურქმენეთს, ყაზახეთს, უზბეკეთს, ყირგიზეთს, სომხეთს. ამ ქვეყნებს 26 თებერვალს მოლდოვაც შეუერთდა, სადაც რუსული ვაქცინის რეგისტრაცია შიდა პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზიც გახდა. მოლდოვის ყოფილი პრორუსი პრეზიდენტი იგორ დოდონი ახალარჩეულ პროდასავლურ პრეზიდენტ მაია სანდუს რუსული ვაქცინის დაბლოკვაში ადანაშაულებდა. საბოლოო ჯამში, რუსულმა ვაქცინამ რეგისტრაცია გაიარა. თუმცა, ამავე დღეს რეგისტრაცია გაიარეს სხვა კომპანიების წარმოებულმა ვაქცინებმაც.

ამ ქვეყნებისგან განსხვავებით, რუსულ ვაქცინაზე უარს ამბობს უკრაინა. უკრაინის პარლამენტმა რუსული ვაქცინის რეგისტრაცია აკრძალა. რუსული ვაქცინის გამოყენებას არც საქართველო აპირებს.

რუსული ვაქცინა და სომხეთი

2021 წლის 8 აპრილს ერევანში ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში რუსული სატვირთო თვითმფრინავი ჩაფრინდა, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის - „სპუტნიკ V“-ის პირველი 15 ათასი დოზა ჩაიტანა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს 7 აპრილს, მოსკოვში შეხვედრის დროს, დამატებით 1 მლნ დოზა ვაქცინა სთხოვა. ამ საკითხზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 5-6 მაისს სომხეთში ვიზიტის დროსაც ისაუბრა.

რუსული ვაქცინა

კორონავირუსის წინააღმდეგ „მსოფლიოში პირველი ვაქცინის“ რეგისტრაციის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2020 წლის 11 აგვისტოს განაცხადა. რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V-ის“ შექმნა პირდაპირი ინვესტიციების რუსულმა ფონდმა დააფინანსა, წარმოება კი გამალეის სახელობის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ნაციონალურმა კვლევითმა ცენტრმა და უმსხვილესმა ბიოფარმაცევტულმა კომპანია „ბინოფარმმა“ უზრუნველყვეს. ვაქცინის წარმოება 2020 წლის 15 აგვისტოს დაიწყო.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: რუსული ვაქცინის ფართო გამოყენება და ვაქცინის ეფექტურობა რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე მოწინავე სამეცნიერო ქვეყნად წარმოაჩენს და საგარეო პოლიტიკაში ვაქცინის, როგორც „რბილი ძალის“ ინსტრუმენტად გამოყენების შესაძლებლობას მისცემს. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რუსული ვაქცინის ფართო გამოყენებით კი, რუსეთი დასავლეთთან შედარებით კონკურენტულ უპირატესობას  მიიღებს იმ რეგიონში, რომელსაც თავისი ტრადიციული გავლენის სფეროდ მიიჩნევს.

 

სომხეთი კუხოსგან და რუსეთისგან დახმარებას ითხოვს

მთავარი მოვლენა: 2021 წლის 14 მაისს სომხეთმა, ქვეყნის სამხრეთში მდებარე სიუნიკის რაიონში შექმნილი ვითარების გამო, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (კუხო) ოფიციალურად მიმართა.

მოვლენა დეტალურად: სომხური მხარის ცნობით, 12 მაისს აზერბაიჯანულმა სამხედროებმა სიუნიკის რაიონში სასაზღვრო პუნქტი გადაკვეთეს, თითქოსდა, საზღვრის დადგენის მიზნით. ერევანმა ბაქო სომხეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის სიღრმეში სამ-ნახევარი კილომეტრით შეჭრასა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაში დაადანაშაულა. კუხოს გარდა, სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა ორმხრივი შეთანხმების ფარგლებში დახმარების, მათ შორის, სამხედრო დახმარების თხოვნით, რუსეთის ლიდერსაც მიმართა. შექმნილი ვითარების შესახებ ინფორმაცია გაეგზავნათ კუხოს წევრ ქვეყნებსაც.

ამ შემთხვევაში სომხეთმა კუხოს წესდების მეორე მუხლი აამოქმედა, რაც იმ საფრთხეზე, რომელიც ორგანიზაციის ერთ-ერთ წევრს ემუქრება, კოლექტიური რეაგირებისათვის „ერთობლივი კონსულტაციების მექანიზმის დაუყოვნებლივ ამოქმედებას“ ითვალისწინებს.

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარი. წყარო: asbarez.com

აზერბაიჯანის პასუხი

აზერბაიჯანმა უარყო სომხეთის ბრალდებები და განაცხადა, რომ აზერბაიჯანულმა სამხედრო ძალებმა ორ სახელმწიფოს შორის საზღვარზე, რომელიც მაღალმთიან რეგიონში მდებარეობს, თავისი პოზიციები ამინდის გამოსვლის შემდეგ დაიკავა და სომხეთის ხელისუფლება ცდილობს საკითხი წინასაარჩევნო პერიოდში (სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ივნისში გაიმართება) პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს.

სომხეთი რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობის გაფართოებას ითხოვს

მთიანი ყარაბაღის მეორე ომში მარცხის შემდეგ სომხეთის უსაფრთხოების გარემო გაუარესდა, რის გაუმჯობესებას ერევანში რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებით ფიქრობენ. ფაშინიანის ცნობით, სომხეთი და რუსეთი განიხილავენ ქ. გიუმრიში განლაგებული 102-ე რუსული სამხედრო ბაზის გაფართოებისა და სიუნიქის ოლქში სამხედრო ბაზის ფილიალის გახსნის შესაძლებლობას. სიუნიქის რაიონში უკვე ჩამოყალიბდა 102-ე სამხედრო ბაზის ორი ახალი სამხედრო პოსტი. სიუნიქი სომხეთის სამხრეთში მდებარეობს და მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ რეგიონი უსაფრთხოების ახალი გამოწვევების წინაშე დადგა. მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის პირველ ომში დაკარგული რაიონები დაიბრუნა, სიუნიქის დასახლებული პუნქტების სიახლოვეს აზერბაიჯანული სამხედრო პოსტები განთავსდა. სიუნუქის ოლქში რუსი მესაზღვრეები უკვე იცავენ სახელმწიფო საზღვარს.

სამხედრო თანამშრომლობა

სომხეთი და რუსეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები არიან, სადაც რუსეთის მოკავშირე სახელმწიფოები (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და ბელარუსი) არიან გაერთიანებული. სომხეთი ერთადერთი ქვეყანაა სამხრეთ კავკასიაში, სადაც ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე განთავსებულია სამხედრო ბაზა (უკანონო რუსული სამხედრო ბაზებია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. მთიან ყარაბაღში კი 2020 წლის 9 ნოემბრიდან 2000-მდე სამშვიდობო ძალაა განთავსებული). 1995 წლის შეთანხმების საფუძველზე, ქ. გიუმრიში განთავსებულია 102-ე სამხედრო ბაზა, სადაც 5 ათასამდე სამხედრო მოსამსახურეა. 2010 წელს ბაზის მოქმედების ვადა 25 წლიდან 49 წლამდე (2044 წლამდე) გახანგრძლივდა. 2016 წლის 30 ნოემბერს ხელი მოეწერა შეთანხმებას ორი ქვეყნის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის შესახებ.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შედეგად, როდესაც სომხეთს მთიანი ყარაბაღის ნაწილისა და შვიდი ოკუპირებული რაიონის აზერბაიჯანისთვის დათმობა მოუწია, აზერბაიჯანის სამხედრო პოზიციების გაძლიერების პირობებში, სომხეთის უსაფრთხოება მოწყვლადი გახდა. სამხედრო მარცხისა და ამით გამოწვეული შიდა პოლიტიკური კრიზისის ფონზე, სომხეთისთვის აზერბაიჯანის შემაკავებელი ფაქტორი მხოლოდ რუსეთი და კუხოს მსგავსი პრორუსული სამხედრო ალიანსი შეიძლება იყოს.

 

რუსეთის პრეზიდენტმა ტაჯიკ კოლეგას უმასპინძლა

მთავარი მოვლენა: 2021 წლის 8 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში ტაჯიკეთის პრეზიდენტ ემომალი რაჰმონს  უმასპინძლა.

მოვლენა დეტალურად: ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანის ფონზე ტაჯიკეთისთვის უსაფრთხოების რისკები იზრდება. ტაჯიკეთის ლიდერის პუტინთან შეხვედრაც ამ კონტექსტის გათვალისწინებით არის მნიშვნელოვანი. პუტინის განცხადებით, ავღანეთში არსებული ვითარება ტაჯიკური მხარის წუხილის საფუძველს იძლევა. პუტინის თქმით, რუსეთი ყველაფერს აკეთებს ტაჯიკეთის მხარდასაჭერად, სადაც ცდილობს ტაჯიკეთში განლაგებული რუსეთის 201-ე სამხედრო ბაზისა და ტაჯიკური შეიარაღებული ძალების გაძლიერებას.

პრეზიდენტების შეხვედრა. წყარო: რუსეთის პრეზიდენტის ვებგვერდი

რაჰმონის მოსკოვში ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე, ტაჯიკეთში რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ იმყოფებოდა. ვიზიტის შედეგად მხარეები ერთობლივი ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნაზე შეთანხმდნენ. ეს გადაწყვეტილება ტაჯიკეთის საჰაერო სივრცეში სახელმწიფო საზღვრის დაცვის საიმედოობის გაზრდით არის განპირობებული.

დსთ-ის ქვეყნების ანტისაჰაერო თავდაცვის ერთიანი სისტემა 1995 წლის 10 თებერვალს შეიქმნა. ამ ეტაპზე სისტემაში რუსეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი მონაწილეობენ. სისტემის მთავარი მიზანია საჰაერო სივრცეში დსთ-ის ქვეყნების საზღვრების დაცვა, მის გამოყენებაზე ერთობლივი კონტროლი და ინფორმაციის გაცვლა საჰაერო-კოსმოსურ ვითარებაზე.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ტაჯიკეთი ავღანეთის მეზობელია, რომელსაც უახლოეს პერიოდში აშშ-ის ჯარები დატოვებენ. ამ ფონზე რუსეთში რეგიონში ვითარების გაუარესებას ელოდებიან, რაც რუსეთის მოკავშირე ცენტრალური აზიის ქვეყნებზეც მოახდენს გავლენას. შესაძლო დესტაბილიზაციის პრევენციის მიზნით კი, რუსეთი მოკავშირეებთან სამხედრო თანამშრომლობის გამყარებას ცდილობს.

 

რუსეთი „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ დასრულებას ცდილობს

მთავარი მოვლენა: 2021 წლის 8 მაისს გერმანიაში რუსეთის ელჩმა სერგეი ნეჩაევმა გერმანული რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ გაზსადენის მშენებლობა შესაძლოა ბუნდესტაგში დანიშნულ არჩევნებამდე (ჩატარდება სექტემბერში) დასრულდეს.

მოვლენა დეტალურად: ელჩის განცხადებით, მილსადენის მშენებლობის დასრულებისთვის მნიშვნელოვანია, თუ როგორი ამინდი იქნება. თუ ამინდი გაუმჯობესდება, სამუშაოები შესაძლოა უფრო სწრაფად შესრულდეს. ნეჩაევის თქმით, რუსეთი გერმანიასთან გაზის სფეროში ორმოცდაათ წელზეა მეტია თანამშრომლობს, მათ შორის, „ცივი ომის“ პერიოდში და „ახლა წარმოიშვა კითხვა: გვსურს თუ არა ოკეანის ფსკერზე დავმარხოთ 10 მლრდ ევრო?“, - რიტორიკულად იკითხა ელჩმა.

გერმანიაში მხარს უჭერდნენ პროექტის განხორციელებას, თუმცა ამერიკული სანქციების გამო პროექტს არაერთი დასავლური კომპანია ჩამოშორდა, რამაც ხელი შეუშალა პროექტის დროულ დასრულებას. „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ წინააღმდეგ პირველი სანქციები 2019 წლის დეკემბერში დაწესდა. სანქციების გამო შვეიცარიულმა კომპანიამ (Allseas) პროექტის გაგრძელებაზე უარი თქვა. ამის შემდეგ სანქციები გაფართოვდა და მილსადენის მშენებლობასთან დაკავშირებულმა სხვადასხვა პროფილის კომპანიებმა ამერიკული სანქციების შიშით უარი თქვეს პროექტში მონაწილეობაზე. ვაშინგტონის პოზიციის საპასუხოდ რუსეთში განაცხადეს, რომ ისინი თავისი ტექნიკური რესურსებით დაასრულებდნენ პროექტს. ამ ეტაპზე, რუსეთი პროექტის საკუთარი რესურსით დასრულებას ცდილობს, თუმცა ჯერ კონკრეტული ვადები არ არის ცნობილი.

პროექტის შესახებ

„ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ მილსადენი რუსეთს, ბალტიის ზღვის გავლით, პირდაპირ გერმანიას დაუკავშირებს და გვერდს აუვლის უკრაინას. „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ მსოფლიოში ყველაზე გრძელი ოფშორული მილსადენი იქნება (1 230 კმ). პროექტის დასრულების შემთხვევაში, „ჩრდილოეთის ნაკადი-1-ის“ წარმადობა გაორმაგდება და წელიწადში 110 მლრდ კუბურ მეტრს მიაღწევს, რაც ევროკავშირის გაზის მოხმარების მეოთხედზე მეტია. პროექტის განხორციელებას განსაკუთრებით ეწინააღმდეგება უკრაინა და აშშ. არსებული მონაცემებით, „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ პროექტის 94% დასრულებულია. ასაშენებელია მილსადენის 160-კილომეტრიანი მონაკვეთი.

რატომ არის პროექტის დასრულება მნიშვნელოვანი რუსეთისთვის: „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ დასრულება რუსეთს საშუალებას მისცემს უკრაინაზე, როგორც სატრანზიტო ქვეყანაზე, დამოკიდებულება უახლოეს წლებში მინიმუმამდე შეამციროს და რუსული გაზის მთავარ მომხმარებელ გერმანიასთან პირდაპირი კავშირი დაამყაროს. რუსეთში ასევე მიაჩნიათ, რომ რუსული მილსადენის გაზს აშშ კონკურენტად აღიქვამს, რადგან თავად ცდილობს ევროპაში თხევადი გაზის ექსპორტი გააფართოოს.

რატომ არის პროექტის შეჩერება მნიშვნელოვანი აშშ-ისთვის: ვაშინგტონის შეფასებით, პროექტის განხორციელება საფრთხეს უქმნის აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს, ძირს უთხრის უკრაინის სატრანზიტო როლს და აძლიერებს რუსეთის გავლენას ევროპის ენერგოსფეროზე.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.