თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი
რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში. რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვის ყველა გამოცემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. დაიჯესტის გამოყენება უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, ჩვენ დავამატეთ ძიების ფუნქცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იპოვოს ის გამოცემები, სადაც არის მისთვის საინტერესო ინფორმაცია საკვანძო სიტყვებითა და ფრაზებით. რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა. შენიშვნა მკითხველთათვის: აღნიშნული გამოცემა მოიცავს ორ კვირას.
გეოსტრატეგიული აქტივობები ომი უკრაინაში - 17-23 მაისის კვირაში, დონბასის ფრონტზე, 6 უკრაინელი სამხედრო დაიჭრა რუსული ჰიბრიდული ძალების მოქმედებების შედეგად. 1 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა და კიდევ ერთი დაიჭრა 10-16 მაისის კვირაში. ომი სირიაში - 12 და 16 მაისს, რუსეთის საჰაერო ძალებმა საჰარო იერიშები განახორციელა სირიელი მეამბოხეების კონტროლირებად იდლიბის რეგიონში. სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, რუსული წყაროების ცნობით, 13 მაისს რუსმა სამხედროებმა დაბლოკეს 6 მანქანისგან შემდგარი აშშ-ს სამხედროების კოლონის გადაადგილება. რუსეთი აფრიკაში - რუსეთმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას (ცარ) მიაწოდა ცეცხლსასროლი იარაღის მესამე პარტია, მათ შორის 5000 ერთეული AK ტიპის საიერიშო შაშხანა. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, 21 მაისს, რუსეთმა ცარ-ში ასევე გაგზავნა Mi-24V და Mi-8MT ტიპის შვეულმფრენები. რუსეთის მთავრობამ დაამტკიცა ტაჯიკეთთან ერთობლივი საჰაერო თავდაცვის სისტემის პროექტი. რუსულმა გამანადგურებლებმა, შავი ზღვის თავზე, 10, 11 და 12 მაისს საფრანგეთის სამხედრო თვითმფრინავები გადაიჭირეს. აღნიშნულ ინციდენტებში რუსეთის მხრიდან მონაწილეობა მიიღო Su-27 და Su-30 ტიპის გამანადგურებლებმა. 11 მაისს, რუსულმა MiG-31-მა ნორვეგიული თვითმფრინავი გადაიჭირა. 19 მაისს, რუსულმა Su-27-მა, ბალტიის ზღვის თავზე გზა გადაუჭრა აშშ-ს ბომბდამშენს. 14 მაისს ესტონეთიდან აფრენილმა იტალიურმა გამანადგურებელმა, ბალტიის ზღვის თავზე, გზა გადაუჭრა რუსულ An-12 ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავს. წყნარი ოკეანის ფლოტის „უდალოი I” (პროექტი 1155 „ფრეგატი“) კლასის წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო საესკადრო ნაღმოსანი „ადმირალ ტრიბუცი“, რომელიც ხანგრძლივ ექსპედიციაში იმყოფება ინდოეთისა და წყნარი ოკეანეების რეგიონში, 11-13 მაისს სინგაპურში შევიდა. როგორც დაიჯესტის წინა გამოცემაში ვწერდით, მაისის მდგომარეობით, აღნიშნულ რეგიონში წყნარი ოკეანის ფლოტის გემების კიდევ ორი ჯგუფი მოქმედებს. შავი ზღვის ფლოტის „ადმირალ გრიგოროვიჩის“ (პროექტი 11356P/M) კლასის სარაკეტო ფრეგატი „ადმირალ გრიგოროვიჩი“, რომელიც თებერვალში ინდოეთის ოკეანის აუზში მოქმედებდა, მაისისთვის შავ ზღვაში დაბრუნდა. სერბეთისთვის მიწოდებული T-72B1MS ტიპის ტანკები და BRDM-2MS ტიპის ამფიბიური საპატრულო ჯავშანმანქანები (30 ერთეული თითოეული), რომელზეც დაიჯესტის წინა გამოცემაში, შეიარაღების ექსპორტის სექციაში ვწერდით, სამხედრო დახმარების ფარგლებში განხორციელებული დონაცია აღმოჩნდა.
სტრუქტურული ცვლილებები რუსულმა წყაროებმა დამატებითი დეტალები გაავრცელეს 2020 წლის 1 დეკემბერს კალინინგრადის ოლქში შექმნილი მე-18 მექანიზებული დივიზიის სტრუქტურის შესახებ. ბოლო ინფორმაციით, ყოფილი 79-ე მექანიზებული ბრიგადა გარდაიქმნა 79-ე მექანიზებულ პოლკად და რამდენიმე დამატებით დანაყოფად, მათ შორის ცალკეულ სადაზვერვო ბატალიონად. ამავდროულად შეიქმნა 275-ე და 280-ე მექანიზებული პოლკები. გარდა ხსენებული ფორმაციებისა, მე-18 დივიზიაში შედის მე-11 სატანკო პოლკი (გუსევი) და 22-ე ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო პოლკი (კალინინგრადი). ამასთან, მე-7 მექანიზებული პოლკი (კალინინგრადი)მე-18 დივიზიას არ დაექვემდებარება. 49-ე არმიის (შტაბ-ბინა სტავროპოლში) შემადგენლობაში ჩამოყალიბდა ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური დაცვის (ბბქდ) ახალი პოლკი. გავრცელებული ცნობით, პოლკი მოიცავს ცეცხლისმფრქვეველთა დანაყოფსაც. როგორც წესი, რუსულ ბბქ დაცვის პოლკში ირიცხება ცეცხლისმფრქვეველთა ბატალიონი, რომელსაც სხვა შეიარაღებასთან ერთად გააჩნია 3 ერთეული თერმობარული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა. უპილოტო საფრენი აპარატების (უსა) საწინააღმდეგო დანაყოფები ჩამოყალიბდა რუსეთის საზღვაო ქვეითთა ნაწილებში. გავრცელებული ცნობით, აღნიშნული დანაყოფები აღჭურვილია ელექტრონული ბრძოლის საშუალებებითა და სნაიპერული შაშხანებით.
გადაიარაღება და მოდერნიზაცია კრასნოდარის მხარეში, ერთ-ერთმა ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო პოლკმა დაიწყო გადაიარაღება ახალ S-350 ტიპის მიწა-ჰაერი ტიპის სარაკეტო სისტემებით. შესაძლებელია აღნიშნული დანაყოფი იყოს მე-4 საჰაერო და საჰაერო თავდაცვის ძალების არმიის (შტაბ-ბინა დონის როსტოვში) 51-ე საჰაერო თავდაცვის დივიზიის (შტაბ-ბინა დონის როსტოვში) 1721-ე ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო პოლკი (სოჭი, კრასნოდარის მხარე), რომელიც შეიარაღებულია Buk-M1 ტიპის საშუალო მოქმედების საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემებით. ბალტიის ფლოტის მე-11 საარმიო კორპუსის (შტაბ-ბინა კალინინგრადში) მე-7 მექანიზებულმა პოლკმა (კალინინგრადი) 30 ერთეულზე მეტი BMP-3 ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანა მიიღო. რუსეთის შეიარაღებულ ძალებს მოდერნიზებული 2S3M2 Akatsiya-ს ტიპის 152.4 მმ-იანი თვითმავალი ქვემეხების პირველი პარტია გადაეცა.
სწავლებები* რუსეთისა და სერბეთის სპეციალური ოპერაციების ძალებმა ერთობლივი წვრთნა გამართეს სერბეთში. სწავლებაში მონაწილეობა მიიღო 200-მა რუსმა სამხედრომ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ფოტო, სერბეთში გამართული სწავლებიდან ყაზახეთის საზღვაო ძალებმა და რუსეთის კასპიის ფლოტილიამ ერთობლივი სწავლება გამართეს კასპიის ზღვაში. აფხაზეთში (საქართველო) რუსეთის საოკუპაციო ძალების სადაზვერვო დანაყოფებმა წვრთნა ჩაატარეს.
შეიარაღების ექსპორტი გეგმის თანახმად, ინდოეთისთვის რუსული S-400 ტიპის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემების მიწოდება 2021 წლის ოქტომბერ-დეკემბერში დაიწყება. *ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო. |