X

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა: გამოცემა 85, 7 – 13 ივნისი, 2021

ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

 

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვის ყველა გამოცემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. დაიჯესტის გამოყენება უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, ჩვენ დავამატეთ ძიების ფუნქცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იპოვოს ის გამოცემები, სადაც არის მისთვის საინტერესო ინფორმაცია საკვანძო სიტყვებითა და ფრაზებით.

რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ  ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

რუსეთის საზღვაო ძალების მთავარი შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის, ადმირალ ვიქტორ კრავჩენკოს ცნობით, წყნარი ოკეანის ცენტრალურ ნაწილში ფართომასშტაბიანი რუსული საზღვაო სწავლება (რომელზეც გამოცემის ქვედა - სწავლებების ნაწილში ვწერთ) გეოპოლიტიკურ სვლას წარმოადგენს. კრავჩენკომ აღნიშნა, რომ არეალი, რომელშიც სწავლება გაიმართა „მდებარეობს წყნარი ოკეანის შუა ნაწილში  და წარმოადგენს ავიამზიდთა [დამრტყმელი] ჯგუფების გადაადგილების მარშრუტს“. მან ასევე დაამატა: „ჩვენ ვაჩვენებთ წყნარი ოკეანის ფლოტის შესაძლებლობებს აშშ-ს, იაპონიას და ყველას, მათ შორის NATO-ს, რომელიც დაინტერესდა აზიის სამხედრო თეატრით.“

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი ემზადება „ირანისთვის მძლავრი თანამგზავრული სისტემის მიწოდებისთვის, რაც თეირანს უპრეცედენტო საშუალებას მისცემს თვალი ადევნოს პოტენციურ სამხედრო სამიზნეებს ახლო აღმოსავლეთსა და მის მიღმა.“ ხსენებულ სისტემაში იგულისხმება Kanopus-V ტიპის თანამგზავრი. ვლადიმერ პუტინმა აღნიშნული ცნობები უარყო.

ომი უკრაინაში - 7-13 ივნისის კვირაში, დონბასის ფრონტზე, რუსული ჰიბრიდული ძალების მოქმედებების შედეგად დაიღუპა ერთი და დაიჭრა კიდევ ერთი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე.

ომი სირიაში - რუსეთის საჰაერო ძალებმა 10 ივნისს საჰაერო დარტყმები განახორციელა სირიელი მეამბოხეების კონტროლირებად იდლიბის რეგიონში.

11 ივნისს რუსულმა თვითმფრინავებმა ორჯერ დაარღვიეს დანიის საჰაერო სივრცე. ინციდენტებს ადგილი ჰქონდა ბალტიის ზღვაში, დანიის ბორნჰოლმის კუნძულის სიახლოვეს.

10 ივნისს, რუსულმა Su-35 ტიპის გამანადგურებელმა გზა გადაუჭრა აშშ-ს თვითმფრინავს წყნარ ოკეანეში.

9 ივნისს გავრცელებული ცნობით, ორმა იტალიურმა გამანადგურებელმა გადაიჭირა რუსული Su-30SM ტიპის გამანადგურებელი და An-12 ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავი ბალტიის ზღვის თავზე, ესტონეთის სანაპიროს სიახლოვეს.

რუსული Su-30SM და იტალიური F-35A ტიპის გამანადგურებლები გზის გადაჭრისას

 

გადაიარაღება და მოდერნიზაცია

რუსეთის საჰაერო ძალებმა დაიწყო საკუთარი MiG-31BM ტიპის გზაგადამჭრელი გამანადგურებლების აღჭურვა ახალი, R-74M ტიპის ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტებით.

მე-7 სადესანტო-მოიერიშე (სამთო) დივიზიის (შტაბ-ბინა ნოვოროსიისკში, კრასნოდარის მხარე) 247- საჰაერო-მოიერიშე პოლკმა (სტავროპოლი) მიიღო BMD-4M ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანებისა და BTR-MD Rakushka ტიპის ამფიბიური ჯავშანტრანსპორტიორების პარტია.

247- საჰაერო-მოიერიშე პოლკისთვის გადაცემული ჯავშანტექნიკა

 

სწავლებები*

რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტმა ფართომასშტაბიანი სწავლება გამართა წყნარი ოკეანის ცენტრალურ ნაწილში. სწავლებაში მონაწილეობა მიიღო 20-მდე წყალზედა მცურავმა საშუალებამ, წყალქვეშა ნავებთან და 20-მდე საფრენ აპარატთან ერთად. მონაწილე გემებს შორის იყო წყნარი ოკეანის ფლოტის სლავას კლასის (პროექტი 1164 „ატლანტი“) სარაკეტო კრეისერი „ვარიაგი“, უდალოი I”  კლასის (პროექტი 1155 „ფრეგატი“) წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო საესკადრო ნაღმოსნები „ადმირალ პანტელეევი“ და „მარშალ შაპოშნიკოვი“, ასევე სტერაგუშჩის კლასის (პროექტი 20380) კორვეტები „ალდარ ციდენჟაპოვი“, „გრომკი“ და „სოვერშენი“ და მარშალ ნედელინის კლასის (პროექტი 1914) სარაკეტო დისტანციის აპარატურის გემი (missile range instrumentation ship/корабль измерительного комплекса) „მარშალ კრილოვი“. წვრთნაში ჩართული თვითმფრინავები მოიცავდა: Tu-142M3 ტიპის საზღვაო-სადაზვერვო და  წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო თვითმფრინავს, MiG-31BM ტიპის გამანადგურებლებს და Ka-27PL ტიპის წყალქვეშა ნავებთან ბრძოლის შვეულმფრენებს.

20-მდე მცურავმა საშუალებამ, მათ შორის წყალქვეშა ნავებმა, მონაწილეობა მიიღეს ჩრდილოეთის ფლოტის სწავლებაში, რომელსაც უძღვებოდა ფლაგმანი, კიროვის კლასის (პროექტი 1144 „ორლან“) მძიმე სარაკეტო კრეისერი „პიოტრ ველიკი.

რუსეთმა, ბელარუსმა და სერბეთმა ერთობლივი საჰაერო-სადესანტო სწავლება ჩაატარეს ნოვოროსიისკში, კრასნოდარის მხარეში. ბელარუსისა და სერბეთის მხრიდან, წვრთნაში მონაწილეობა მიიღეს სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედროებმა.

რუსეთის საინჟინრო დანაყოფებმა, სერბეთის შეიარაღებულ ძალებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს სწავლებაში, რომელიც ჩატარდა სერბეთში, 26 მაისიდან 11 ივნისამდე.

უზბეკეთისა და რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის სპეციალური ოპერაციების ძალებმა ერთობლივი სწავლება ჩაატარეს კრასნოიარსკის მხარეში.

58- არმიის (შტაბ-ბინა ვლადიკავკაზში) სხვადასხვა დანაყოფის 4000-მდე სამხედრომ მონაწილეობა მიიღო სწავლებებში, რომლებიც ჩატარდა ჩრდილოეთ კავკასიასა და საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში. რუსეთის 100-მდე სამხედრო სადაზვერვო დანაყოფიდან მონაწილეობდა საქართველოს კიდევ ერთ ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში გამართულ წვრთნაში.

შავი ზღვის ფლოტის საჰაერო თავდაცვისა და საზღვაო ავიაციის დანაყოფებმა ჰაერსაწინააღმდეგო სწავლებები გამართეს ოკუპირებულ ყირიმში (უკრაინა).

 

შეიარაღების ექსპორტი

გავრცელებული ცნობით, რუსეთმა ბოლო პერიოდში სამხედრო აღჭურვილობა მიჰყიდა სუბსაჰარული აფრიკის 17 ქვეყანას.

 

*ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.