X

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა: გამოცემა 91, 19 – 25 ივლისი, 2021

ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

 

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვის ყველა გამოცემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. დაიჯესტის გამოყენება უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, ჩვენ დავამატეთ ძიების ფუნქცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იპოვოს ის გამოცემები, სადაც არის მისთვის საინტერესო ინფორმაცია საკვანძო სიტყვებითა და ფრაზებით.

რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ  ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

ომი უკრაინაში - 19-25 ივლისის კვირაში, დონბასის ფრონტზე, რუსული ჰიბრიდული ძალების მოქმედებების შედეგად დაიჭრა 4 უკრაინელი სამხედრო და 1 სამოქალაქო პირი. ჰოსპიტალში გარდაიცვალა წინა პერიოდში დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცი.

ომი სირიაში - 20, 22 და 23 ივლისს, რუსეთის საჰაერო ძალებმა დარტყმები განახორციელეს სირიელი მეამბოხეების მიერ კონტროლირებად იდლიბის რეგიონში.

რუსული საჰაერო იერიში სირიაში, 22 ივლისს

10-16 სექტემბერს ბელარუსში გასამართი სწავლება „ზაპად-2021-ის“ მომზადების ფარგლებში, რუსეთმა დაიწყო სამხედროებისა და სამხედრო აღჭურვილობის ბელარუსში გაგზავნა.

არქტიკა - რუსული წყაროების ცნობით, იგეგმება A-50U ტიპის საჰაერო ადრეული გაფრთხილებისა და კონტროლის თვითმფრინავების არქტიკის რეგიონში გადასროლა. აღნიშნული თვითმფრინავების განლაგება შესაძლებელია განხორციელდეს ნაგურსკოეს საჰაერო ბაზასა (ალექსანდრეს მიწის კუნძული, არქიპელაგი ფრანც-იოსების მიწა)  ან ტემპის საჰაერო ბაზაზე  (კოტელნის კუნძული, ახალი ციმბირის კუნძულები).

A-50U ტიპის თვითმფრინავი

ნორვეგიის გამანადგურებლებმა გზა გადაუჭრეს ორ რუსულ Tu-160 ტიპის მძიმე სტრატეგიულ ბომბდამშენს, რომელთაც MiG-31BM ტიპის გზაგადამჭრელი აცილებდა. ინციდენტს ადგილი ჰქონდა 21 ივლისს, ბარენცისა და ნორვეგიის ზღვების თავზე.

22 ივლისს, რუსულმა Su-27 ტიპის გამანადგურებელმა გერმანული სამხედრო თვითმფრინავი ბალტიის ზღვის თავზე გადაიჭირა.

 

გადაიარაღება და მოდერნიზაცია

რუსებმა გამოაქვეყნეს S-500 ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემის საცდელი სროლის ამსახველი კადრები. არსებული ცნობებით, პირველი S-500 ტიპის სისტემები მომავალში გადაეცემა 1-ელ საჰაერო თავდაცვისა და სარაკეტო თავდაცვის არმიას (შტაბ-ბინა ბალაშიხაში, მოსკოვის ოლქი).

S-500

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 17 ერთეული BMP-2M ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანა გადასცა 201- სამხედრო ბაზის (მექანიზებული დივიზია შტაბით დუშანბეში, ტაჯიკეთი) მექანიზებულ დანაყოფებს.

 

სწავლებები*

Su-30M2 და Su-27SM ტიპის გამანადგურებლებმა ბელბეკის საჰაერო ბაზიდან (ოკუპირებული ყირიმი, უკრაინა) სწავლება გამართეს. კიდევ ერთი რუსული სწავლება, ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე, საინჟინრო ძალების მიერ ჩატარდა.

 

შეიარაღების ექსპორტი

რუსეთის სახელმწიფო შეიარაღების ექსპორტიორის, როსობორონექსპორტის, ხელმძღვანელმა 21 ივლისს განაცხადა, რომ მოსკოვი მჭიდროდ თანამშრომლობს მიანმარის (ბირმა) მმართველ რეჟიმთან „მათთვის სამხედრო აღჭურვილობის, მათ შორის თვითმფრინავების, მიწოდების თაობაზე“.

 

*ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.