X

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა: გამოცემა 93, 2 - 8 აგვისტო, 2021

ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

 

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვის ყველა გამოცემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. დაიჯესტის გამოყენება უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, ჩვენ დავამატეთ ძიების ფუნქცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იპოვოს ის გამოცემები, სადაც არის მისთვის საინტერესო ინფორმაცია საკვანძო სიტყვებითა და ფრაზებით.

რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ  ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

ომი უკრაინაში - 2-8 აგვისტოს კვირაში, დონბასის ფრონტზე, რუსული ჰიბრიდული ძალების მოქმედებების შედეგად დაიღუპა 1 და დაიჭრა 3 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე.

ომი სირიაში - 5 აგვისტოს რუსეთის საჰაერო ძალებმა იერიშები განახორციელეს სირიელი მეამბოხეების მიერ კონტროლირებად იდლიბის რეგიონში.

ბრიტანულმა გამანადგურებლებმა, 6 აგვისტოს, ჩრდილოეთის ზღვაში გადაიჭირეს ორი რუსული Tu-142 ტიპის საზღვაო დაზვერვისა და წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო ბრძოლის თვითმფრინავი.

სამეფო საჰაერო ძალების პილოტებმა გადაუღეს ფოტო რუსულ თვითმფრინავს, რომელსაც გადაუჭრეს გზა

სირიაში, რუსმა სამხედრო ინსტრუქტორებმა გაწვრთნეს ასადის რეჟიმის ჯარისკაცები ცეცხლისმფრქვეველის გამოყენებაში.

ინსტრუქტაჟის პროცესი

 

გადაიარაღება და მოდერნიზაცია

1-ლი სატანკო არმიის (შტაბ-ბინა ბაკოვკაში, მოსკოვის ოლქი) მე-2 მექანიზებულ დივიზიას (შტაბ-ბინა კალინინეცში, მოსკოვის ოლქი) 8 ერთეულისგან შემდგარი BMP-2M ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანების პარტია გადაეცა.

 

სწავლებები*

ჩრდილოეთის ფლოტის ერთიანმა სტრატეგიულმა სარდლობამ დაიწყო საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო ძალების სწავლებები, რომელშიც, გავრცელებული ცნობით, 10 000-მდე სამხედრო ჩაერთო.

რუსეთის მე-2 არმიის (შტაბ-ბინა სამარაში) მე-15 მექანიზებული ბრიგადისა (როშჩინსკი, სამარას ოლქი) და მე-3 სპეციალური ოპერაციების ძალების ბრიგადის (ტოლიატი, სამარას ოლქი) სამხედროებმა, ერთობლივი სწავლება გამართეს უზბეკეთის შეიარაღებულ ძალებთან ერთად, ამავე ქვეყნის ავღანეთთან საზღვრის სიახლოვეს. სწავლებაში მონაწილეობა ასევე მიიღო 4-მა ერთეულმა Tu-22M3 ტიპის შორი მოქმედების სტრატეგიულმა ბომბდამშენმა.

ავღანეთის საზღვართან კიდევ ერთი ერთობლივი წვრთნა ტაჯიკეთის ტერიტორიაზე დაიწყო. ამ უკანასკნელის შეიარაღებულ ძალებთან ერთად, წვრთნაში მონაწილეობა მიიღეს რუსეთისა და უზბეკეთის სამხედროებმა. სწავლებაში ჩართული იყო სამივე ქვეყნის 2 500-მდე სამხედრო, მათ შორის 1 800 რუსეთიდან.

რუსეთში, ვოლგოგრადის ოლქში, დაიწყო რუსულ-ინდური ერთობლივი სწავლება „ინდრა-2021“, რომელშიც თითოეული ქვეყნიდან 250 სამხედროა წარმოდგენილი.

შავი ზღვის ფლოტის 22-ე საარმიო კორპუსის (შტაბ-ბინა სიმფეროპოლში, ოკუპირებული ყირიმი, უკრაინა) 1096-ე ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო პოლკმა (სევასტოპოლი) ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე საჰაერო თავდაცვის სწავლება გამართა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ფოტო ყირიმში გამართული სწავლებიდან

 

*ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.