X

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა: გამოცემა 99, 13 - 19 სექტემბერი, 2021

ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

 

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვის ყველა გამოცემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. დაიჯესტის გამოყენება უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, ჩვენ დავამატეთ ძიების ფუნქცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იპოვოს ის გამოცემები, სადაც არის მისთვის საინტერესო ინფორმაცია საკვანძო სიტყვებითა და ფრაზებით.

რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ  ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

ომი უკრაინაში - 13-19 სექტემბრის კვირაში, დონბასის ფრონტზე, რუსული ჰიბრიდული ძალების მოქმედებების შედეგად, დაიღუპა 1 და დაიჭრა 4 უკრაინელი სამხედრო.

ომი სირიაში - 13-15 და 18-19 სექტემბერს, რუსეთის საჰაერო ძალებმა საჰაერო დარტყმები განახორციელა სირიელი მეამბოხეების მიერ კონტროლირებად იდლიბის რეგიონში.

რუსეთი აფრიკაში - რუსეთი და მალი ახლოს არიან შეთანხმების მიღწევასთან, რაც ითვალისწინებს რუსული სამხედრო დაჯგუფებავაგნერის 1000-მდე მებრძოლის გაგზავნას დასავლეთ აფრიკის ხსენებულ ქვეყანაში. აღნიშნულთან დაკავშირებით საფრანგეთისა და სხვა დასავლური სახელმწიფოების შეშფოთების საპასუხოდ, მალის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „მალის უფლება აქვს სამხედრო მხარდაჭერა მიიღოს იმისგან, ვისგანაც მოისურვებს.“ ზოგი წყაროს მტკიცებით, მალიში „ვაგნერის“ მებრძოლები უკვე იმყოფებიან.

არქტიკა - ჩრდილოეთის ფლოტის გემების ჯგუფი, რომელიც 10 აგვისტოდან არქტიკის რეგიონში ხანგრძლივ ექსპედიციაში იმყოფება, 15 სექტემბერს პორტ დუდინკას დატოვების შემდგომ, 18 სექტემბერს ლაპტევების ზღვაში შევიდა. ჯგუფში შედიან უდალოი I“ კლასის (პროექტი 1155 „ფრეგატი“) წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო საესკადრო ნაღმოსანი „სევერომორსკსი“ და როპუჩაკლასის (პროექტი 775) სადესანტო გემი „გიორგი პომედონოსეცი“.

არქტიკა - რუსებს გადაწყვეტილი აქვთ უგოლნის საჰაერო ბაზის (ანადირი, ჩუკოტკის ავტონომიური ოკრუგი) მოდერნიზება.

 

სტრუქტურული ცვლილებები

მე-8 არმიის (შტაბ-ბინა ნოვოჩერკასკში, როსტოვის ოლქი) შემადგენლობაში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა, ყოფილი მე-20 მექანიზებული ბრიგადის (ვოლგოგრადი) ბაზაზე, ჩამოაყალიბა მე-20 მექანიზებული დივიზია. რუსული წყაროები მიუთითებენ, რომ აღნიშნული დივიზიის ძირითადი ძალები იქნება: 242-ე მექანიზებული პოლკი (კამიშინი, ვოლგოგრადის ოლქი), 255-ე მექანიზებული პოლკი (ვოლგოგრადი), 944-ე თვითმავალი არტილერიის პოლკი, 358-ე ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო პოლკი, 428-ე ცალკეული სატანკო ბატალიონი (ვოლგოგრადის სიახლოვეს) და 487-ე ცალკეული ტანკსაწინააღმდეგო არტილერიის ბატალიონი.

ახლად ჩამოყალიბებული მე-20 მექანიზებული დივიზიის ჯავშანტექნიკა სწავლებაზე, 2021 წლის აგვისტო

 

სამხედრო სტრატეგია

ბოლო თვეებში, რუსებმა ჩამოაყალიბეს რეზერვისტების მომზადებისა და მობილიზაციის ახალი სტრუქტურა - ქვეყნის საბრძოლო საარმიო რეზერვი (БАРС). პირველი ხელშეკრულებები ახალ რეზერვისტებთან უკვე გაფორმდა. როგორც დაიჯესტის წინა გამოცემაში ვწერდით, 6 სექტემბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ საჯაროდ განაცხადა სამხედრო რეზერვისტების რაოდენობის გაზრდის გადაწყვეტილების შესახებ.

 

გადაიარაღება და მოდერნიზაცია

გავრცელებული ცნობით, დაიწყო პირველი S-500 ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემების მიწოდება რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის. აქამდე არსებული ინფორმაციით, S-500 ტიპის სისტემების მიწოდება დაგეგმილი იყო 1-ლი საჰაერო თავდაცვისა და სარაკეტო თავდაცვის არმიისთვის (შტაბ-ბინა ბალაშიხაში, მოსკოვის ოლქი).

TOS-1A ტიპის თერმობარული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების პარტია გადაეცა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს.

 

სწავლებები*

სამხრეთის სამხედრო ოლქის 12 სექტემბერს დაწყებული სწავლებების ფარგლებში, მე-4 სამხედრო ბაზის (მექანიზებული ბრიგადა ცხინვალსა და ჯავაში, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი, საქართველო) სამხედროებმა წვრთნების სერიები ჩაატარეს 13-19 სექტემბრის კვირაში.

შავი ზღვის ფლოტის 22- საარმიო კორპუსის სადაზვერვო და საარტილერიო ძალებმა სწავლება გამართეს ოკუპირებულ ყირიმში (უკრაინა).

მოლდოვის სეპარატისტულ დნესტრისპირეთის რეგიონში განლაგებული რუსეთის სამხედრო ძალების ოპერატიული ჯგუფის მექანიზებულმა ბატალიონმა წვრთნა ჩაატარა.

რუსული სწავლება დნესტრისპირეთის რეგიონში, მოლდოვა

 

*ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.