X

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა: გამოცემა 101, 27 სექტემბერი - 3 ოქტომბერი, 2021

ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

 

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვის ყველა გამოცემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. დაიჯესტის გამოყენება უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, ჩვენ დავამატეთ ძიების ფუნქცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იპოვოს ის გამოცემები, სადაც არის მისთვის საინტერესო ინფორმაცია საკვანძო სიტყვებითა და ფრაზებით.

რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ  ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

ომი უკრაინაში - 27 სექტემბერი-3 ოქტომბრის კვირაში, დონბასის ფრონტზე, რუსული ჰიბრიდული ძალების მოქმედებების შედეგად დაიღუპა 1 და დაიჭრა 7 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე.

ომი სირიაში - 1 ოქტომბერს რუსეთის საჰაერო ძალებმა დარტყმები განახორციელა სირიელი მეამბოხეების კონტროლირებად იდლიბის რეგიონში.

რუსეთი აფრიკაში -  30 სექტემბერს  4 სამხედრო შვეულმფრენი და სხვადასხვა ტიპის შეიარაღება მიეწოდა მალის რუსეთის მიერ. გავრცელებული ინფორმაციით, შვეულმფრენები მალის ხელისუფლებამ შეიძინა, დანარჩენი აღჭურვილობა კი ოფიციალური მოსკოვის საჩუქარს წარმოადგენს. შვეულმფრენებიდან 2, Mi-8AMTSh  სატრანსპორტო და მოიერიშე ტიპისაა, ხოლო დანარჩენი 2 – Mi-17V-5 სატრანსპორტო დანიშნულების.

გავრცელებული მარშრუტი რუსული სატვირთო თვითმფრინავისა, რომელმაც მალიში შეიარაღება ჩაიტანა

ჩრდილოეთის ფლოტის „უდალოი I” კლასის (პროექტი 1155 „ფრეგატი“) წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო საესკადრო ნაღმოსანი „ვიცე-ადმირალი კულაკოვი“, რომელიც 23 სექტემბრიდან, ხმელთაშუა ზღვიდან გადასვლის შემდგომ, ატლანტის ოკეანეში ოპერირებს, 29 სექტემბერი - 1 ოქტომბრის პერიოდში, კაბო ვერდეს დედაქალაქ პრაიაში იყო გაჩერებული. გავრცელებული ინფორმაციით, ნაღმოსნის შემდგომ ამოცანას „ცენტრალურ და აღმოსავლეთ ატლანტის ოკეანეში“ ოპერირება წარმოადგენს.

არქტიკა - ჩრდილოეთის ფლოტის გემების ჯგუფმა (მათ შორის „უდალოი I“  კლასის (პროექტი 1155 „ფრეგატი“) წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო საესკადრო ნაღმოსანი „სევერომორსკი“ და „როპუჩა“ კლასის (პროექტი 775) სადესანტო გემი „გიორგი პობედონოსეცი“), რომელიც არქტიკაში შორეულ ექსპედიციაში იმყოფება 10 აგვისტოდან, გეზი უკან დისლოკაციის ადგილებისკენ აიღო. 1 ოქტომბრისთვის ჯგუფი ლაპტევების ზღვიდან კარის ზღვაში გადავიდა.

28 სექტემბერს, რუსულმა Su-27 ტიპის გამანადგურებელმა შავი ზღვის თავზე გზა გადაუჭრა ამერიკულ თვითმფრინავს.

 

სტრუქტურული ცვლილებები

რუსული ცნობების თანახმად, წყნარი ოკეანის ფლოტის ახალი, „გრემიაშჩი” კლასის (პროექტი 20385) კორვეტი „გრემიაშჩი“, სავარაუდოდ იმსახურებს ვლადივოსტოკის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე, ნაცვლად პეტროპავლოვსკ-კამჩატსკის სამხედრო-საზღვაო ბაზისა, სადაც აქამდე იყო დაგეგმილი მისი განთავსება.

 

გადაიარაღება და მოდერნიზაცია

რუსული ცნობების თანახმად, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს Mi-28NM ტიპის ჯავშანსაწინააღმდეგო მოიერიშე შვეულმფრენებისა და Msta-SM ტიპის თვითმავალი ჰაუბიცების პარტიები გადაეცა.

მე-6 არმიის (შტაბ-ბინა აგალატოვოში, ლენინგრადის ოლქი) 138-ე მექანიზებულ ბრიგადას (შტაბ-ბინა კამენკაში, ლენინგრადის ოლქი) მიეწოდა 30-ზე მეტი ერთეული 9K333 Verba ტიპის ხელით გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსი (მანპადი).

მე-2 არმიის (შტაბ-ბინა სამარაში) მე-15 მექანიზებული ბრიგადა (როშჩინსკი, სამარას ოლქი) სრულად გადაიარაღდა AK-12 ტიპის საიერიშო შაშხანებით. მე-15 ბრიგადას მიეკუთვნებიან რუსეთის სამშვიდობო მისიის სამხედროები მთიან ყარაბაღში (აზერბაიჯანი).

 

სწავლებები*

მე-7 სადესანტო-მოიერიშე (სამთო) დივიზიის (შტაბ-ბინა ნოვოროსიისკში, კრასნოდარის მხარე) 2 000 სამხედროს მონაწილეობით, სწავლება გაიმართა ოკუპირებულ ყირიმში (უკრაინა). იგივე პერიოდში, წვრთნები ჩაატარეს ყირიმში განლაგებულმა რუსეთის საჰაერო და საზღვაო ძალებმა.

პაკისტანის სპეციალური ოპერაციების ძალების მებრძოლებმა რუსეთის 49-ე არმიის (შტაბ-ბინა სტავროპოლში) სამხედროებთან ერთად, ერთობლივი სწავლება გამართეს კრასნოდარის მხარეში, კერძოდ მოლკინოში.

პაკისტანის სპეციალური ოპერაციების ძალების მებრძოლები რუსეთში

1 500-მა რუსმა და მონღოლმა სამხედრომ სწავლება გამართა მონღოლეთში. წვრთნაში ჩართული რუსი მებრძოლები მიეკუთვნებიან 36-ე არმიას (შტაბ-ბინა ულან-უდეში, ბურიატეთის რესპუბლიკა).

3 ოქტომბერს, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა-ალანიაში, დაიწყო პირველი რუსულ-ალჟირული ერთობლივი სწავლება.

 

შეიარაღების ექსპორტი

რუსული BTR-82A ტიპის ჯავშანტრანსპორტიორების პირველი პარტია მიეწოდა ბელარუსს.

 

*ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.